დღეიდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთაო საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge მიმდინარეობს. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება.
დილის 9 საათიდან მშობლები შვილების სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას ცდილობენ, ზოგიერთი ახერხებს ამას, ზოგი კი აღნიშნავს, რომ ადგილები სწრაფადვე შეივსო და არჩვანის შეცვლა მოუწია. ამიტომ, სხვადასხვა ჯგუფში ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და ხშირად აკონკრეტებენ, იმ სკოლას, სადაც შვილის დარეგისტრირება შეძლეს.
ამასთან დაკავშირებით დღეს ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელმა დირექტორმა მეგი კავთუაშვილმა დაწერა:
"გთხოვთ, ნუ დაწერთ ფეისბუკზე, რომელ სკოლაში დაარეგისტირეთ ბავშვი. საჯარო სივრცეში ამის ტირაჟირება საფრთხის შემცველია ბავშვისთვის."
ჩვენ მეგის დამატებითი კომენტარისთვის დავუკავშირდით, სადაც მან კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ უნდა გამოაქვეყნოს მშობელმა, რომელ სკოლაში სწავლობს მისი შვილი და რა განრიგი აქვს:
"დღეს სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო, რაც მშობლებისთვის საკმაოდ სტრესული მომენტია. მეგობრებთან ერთად, ტელეფონებთან და კომპიუტერებთან მობილიზებულნი იყვნენ, რათა ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირება მოესწროთ. ბევრმა მათგანმა, მას შემდეგ, რაც ეს შეძლო, სოციალურ ქსელში სიხარული გამოხატა და საკუთარ ემოციასთან ერთად, გააზიარა ის ინფორმაციაც, თუ რომელ სკოლაში ისწავლის მისი შვილი. მესმის და აბსოლუტურად ვიზიარებ მშობლების სიხარულს, უბრალოდ ამ პროცესში ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს: ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს - ეს მისი პერსონალური მონაცემია, რომელიც შესაძლოა გამოიყენონ და დაამუშაონ არასასურველმა პირებმა ისევ ბავშვისთვის დამაზიანებელი მიზნებისთვის. ამიტომ, მშობლებს შევახსენებ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი შვილის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გავცეთ და მით უმეტეს, ისეთ სივრცეში, როგორიც სოციალური ქსელია. გარდა იმისა, თუ რომელ სკოლასა და კლასში სწავლობს ჩვენი შვილი, ასევე ჩვენთვის და ძალიან ახლო მეგობრებისთვის უნდა შევინახოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად: როგორია ჩვენი ოჯახური მდგომარეობა, სად, რა მისამართზე ვცხოვრობთ, რა არის ბავშვის პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები და როდის აქვს შესვენება, რა დამატებით საგანსა და წრეზე დადის და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა მშობელი ბავშვის ინტერესების დამცველი უნდა იყოს და აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, როდესაც შვილის შესახებ სოციალურ ქსელში პერსონალური ინფორმაცია გამოგვაქვს."- ამბობს მეგი კავთუაშვილი.
თამარ იაკობაშვილი