საზაფხულო ბაღები არც წელს გაიხსნება - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტეს:
"2022 წლის ზაფხულში, ისევე როგორც გასული ორი წლის მანძილზე, საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება, რადგანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის კვლავ ძალაშია. ასევე გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ პროექტის ფარგლებში, არსებული 187 ბაღის ნაცვლად, დატვირთვას იღებს 40 ბაღი, სადაც მოთხოვნა მაღალია, შესაბამისად, მაღალია ინფიცირების რისკებიც", - ამბობენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მშობელთა უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "Happy Kids" მანიფესტიც შექმნა, რომლითაც საზაფხულო ბაღების აღდგენას ითხოვენ. სწორედ ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, ია დუდაშვილი უფრო ზუსტად გვიყვება, რატომ არის მშობლებისთვის და მათი შვილებისთვის საზაფხულო ბაღები აუცილებელი და რა ზიანი ადგებათ აღნიშნული გადაწყვეტილებით:
- მოგეხსენებათ, რომ უკვე მესამე წელია, რაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, "საზაფხულო ბაღების" პროექტს აღარ ახორციელებს. გასული ორი ზაფხულის გადაწყვეტილება იყო სრულებით ადეკვატური, რასაც იგივეს ვერ ვიტყვით წლევანდელ განცხადებაზე. ლოგიკას მოკლებულია ის ფაქტი, რომ პირბადის ტარების წესი ყველგან გაუქმებულია, შრომის ინსპექციასაც კი აღარ აქვს დავალებული შეზღუდვების შემოწმება და ამავდროულად ძალაში რჩება პანდემიის დროს დადგენილი რეგულაციები საჯარო ბაღებში, რომლის თანახმადაც, მშობელს ეკრძალება საბავშვო ბაღის შენობაში შესვლა, ასევე გაუქმებულია მშობელთა საბჭო. მშობლის ჩართულობა სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდა-განათლებაში, ფაქტობრივად, 0-ის ტოლია, რაც დაუშვებელია. მოგეხსენებათ, პანდემიის გავლენა ბავშვების ფსიქიკაზე და ამას კიდევ ემატება მშობლის გარეშე ბაღთან ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იძულებით ადაპტაცია, რაც ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე. მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია საბავშვო ბაღის აქტივობებში და საგანმანათლებლო პროცესებში მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები - ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა ბაღსა და მშობელს შორის კომუნიკაციასაც, რომელიც ამ ეტაპზე ასევე 0-ის ტოლია, სამწუხაროდ. ასევე აკრძალულია "ზეიმზე" დასწრება, რასაც ანალოგიურად აპროტესტებს მშობლების გარკვეული ნაწილი. რეალურად, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მშობლებს უჭირთ დროის დელეგირება და ბავშვთან ნაყოფიერად გატარება და ძალიან კარგი იქნება, თუ ამას ბაღიც შეუწყობს ხელს და ერთობლივ აქტივობებს დაგეგმავენ, ამისათვის კი აუცილებელია მოიხსნას კოვიდ-რეგულაციები. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაყვეტილებით, სადაც საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული მშობლების ინტერესი, უამრავი ადამიანი ჩააგდეს გამოუვალ მდგომარეობაში. პანდემიის პერიოდში არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღები და ძირითადად სახლში იყვნენ ბავშვები გამოკეტილები, გახდნენ ეკრანდამოკიდებულები, რამაც გამოიწვია განვითარების შეფერხება. როგორც ტიპური, ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბაღში სიარულს. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ ბავშვებთან კომუნიკაცია და დაკავდნენ იმ განმავითარებელი აქტივობებით რასაც ბაღი სთავაზობს აღსაზრდელს. ჩვენს ორგანიზაციაში ყოველდღიურად შემოდის უამრავი წერილი, სადაც მშობლები ითხოვენ დახმარებას - სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პეტიცია და დავხმარებოდით მშობლებს, ამ უსამართლობასთან ბრძოლაში. წერილების რაოდენობიდან გამომდინარე, ვიყავით ინფორმირებული იმის შესახებ, რომ უამრავ ადამიანს სჭირდებოდა საზაფხულო ბაღი, მაგრამ შედეგმა ჩვენს მოლოდინს გადაჭარბა. სამ დღეში შეგროვდა ათასზე მეტი ხელმოწერა, რაც იმის მაუწყებელია, რომ რეალურად ბევრ მშობელს და ბავშვს სჭირდება "საზაფხულო ბაღის" ფუნქციონირება. აუცილებელია ჩატარდეს ხოლმე გამოკითხვები იმისათვის, რომ მშობლის აზრი იყოს გათვალისწინებული. ასეთი გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია მშობლის და ბავშვის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ოფიციალური უწყებებიდან, ამ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის შეცვალოს რეკომენდაციები, თუკი მიმართავს ბაღების მართვის სააგენტო, ან ჯანდაცვის სამინისტრო. იმედი გვაქვს, რომ ამდენი მშობლის სურვილი და ინტერესი არ დარჩება უგულველყოფილი.
შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ბაღი არის სოციალური პროექტი იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას. იგი, როგორც წესი, მოქმედებს ივლისის განმავლობაში და სრულიად უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბავშვი საჯარო ბაღის აღსაზრდელი. თუმცა, ბოლო ორი წელია, პანდემიიდან გამომდინარე, საზაფხულო ბაღები აღარ გახსნილა. თამარ იაკობაშვილი