ოჯახურ ცხოვრებაში ბავშვის აღზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია და, რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, ფსიქოლოგიურად სტაბილური და ძლიერი პიროვნება გახდეს. ამიტომაც, სპეციალისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა აღზარდოს მშობელმა ბავშვი ისე, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული იყოს და წარმატებას მიაღწიოს.
ჯანსაღი ურთიერთობები ოჯახში
ძირითადად, ჩვენ დაკვირვებით ვსწავლობთ და ეს სამყაროს შეცნობის ყველაზე მარტივი და ძირითადი გზაა. ბავშვების უმეტესობა სწორედ ამას იყენებს. ზუსტად იმეორებენ მშობლების ქცევას, სიტყვებს, რეაქციებსა თუ დამოკიდებულებებს. ამიტომ, ბავშვის ქცევა ხშირად ოჯახში მიღებულ ნორმებს ასახავს, რა თქმა უნდა, კონკრეტული ასაკის ფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით. ბავშვს საკუთარი მაგალითით უნდა ასწავლოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, პატივისცემა, სიყვარულისა და გრძნობების გამოვლენა, სიკეთე, ზრუნვა. ეს ჩვეულებრივ სიტყვებზე გაცილებით უკეთ იმუშავებს.
უშუალო კონტაქტი ბავშვთან
ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სოციალური არსებები არიან და მათთვის ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია. ეს ეხება როგორც სიტყვებით გამოხატვას, ასევე თვალით კონტაქტს, ჩახუტებას, მოფერებას. ინფორმაციის უმეტესობა არავერბალურად გადაიცემა, ამიტომ მარტივი სიტყვები საკმარისი არ იქნება, საჭიროა მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური კავშირის დამყარება, რათა ბავშვი გაიზარდოს განვითარებული როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობების, ასევე ემოციების გამოხატვის უნარის თვალსაზრისით.
ყურადღება ორივე მშობლის მხრიდან
დიდი პრობლემაა, როდესაც ბავშვს ერთი ან ორივე მშობლის ყურადღება აკლია. ეს აიძულებს მას იმოქმედოს არა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი ყურადღების მიპყრობის სურვილით. ასეთი ბავშვები ნათესავებისა და სხვების მოსაზრებებზე ძალიან დამოკიდებულები ხდებიან, ცდილობენ, იყვნენ სრულყოფილები ისე, რომ ყველას უყვარდეს.
შექება და მოტივაცია
ბავშვის შექება აუცილებელია, როგორც გამარჯვებისთვის, ასევე წახალისება - წარუმატებლობის დროის, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ის თავის ძალას, დროს ხარჯავს, ფიქრობს და შრომობს. შექებამ შეიძლება შთააგონოს, რომ წინ წავიდეს, იმუშაოს საკუთარ თავზე და ამით ახალ სიმაღლეებს მიაღწიოს. დააკონკრეტეთ, ზუსტად წარმოთქვით ის, რისთვისაც ბავშვს აქებთ, რათა მან ქცევასა და რეაქციას შორის კავშირი დაინახოს. უთხარით თქვენს შვილს, რომ შედეგის მიუხედავად, მაინც გეყვარებათ და ახალი რაღაცების აღმოჩენის არ უნდა შეეშინდეს. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველაფერში ზომიერების დაცვაა აუცილებელი.
ბავშვის ძალებისა და შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება
გადაჭარბებულმა შექებამ შეიძლება ბავშვი ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანად გადააქციოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ბალანსის დაცვა აუცილებელოა. შეაქეთ წარმატებისთვის, ძალისხმევისთვის, მონდომებისთვის და ასე მისი მოტივაცია უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, აუცილებელია მშობელმა ასაკისა და უნარების მიხედვით სწორად შეაფასოს ბავშვის შესაძლებლობები. მიეცით რჩევები და რეკომენდაციები, სადაც მიიჩნევთ, რომ უკეთესად შეუძლია და გამოუვა. ნუ მოსთხოვთ ზედმეტს, რადგან ეს მის თავდაჯერებულობაზე უარყოფითად აისახება. დაეხმარეთ, რომ გააცნობიეროს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. ნაკლოვანებებზე საუბრისას იყავით მოზომილი, პოზიტიური კომენტარებით და შედეგის გაუმჯობესება ზედმეტი კრიტიკის გარეშე სცადეთ.