ლევან სუხიტაშვილი არც გონიერ მხარჯველად მიიჩნევს თავს და არც - მფლანგველად. მცირე ასაკიდან შრომობს და შემოსავლის საკუთარი წყარო აქვს. საზოგადოებამ რეალითი შოუდან - "ამტანი" გაიცნო და შეიყვარა. დღემდე სწორედ რეალით შოუში გაცნობილ გოგოსთან ერთად შექმნილი ოჯახი აქვს. მიაჩნია, რომ ჩაკეტილ სივრცეში, ადამიანის სულის წაკითხვაა შესაძლებელი. შესაბამისად, მეორე ნახევრის შერჩევისას არ შემცდარა...
- ფულის მნიშვნელობა გაცნობიერებული ახლაც არ მაქვს, რადგან ჩემთვის ფული საგროვებელი რამე არ არის. როცა მაქვს, ყოველთვის აუცილებლად რაღაცაში ვხარჯავ: ან ტანსაცმელში, ან - ოჯახს ვახმარ, ან - საქმეს... ძალიან გამიკვირდება, ვიღაცამ რომ დამირეკოს და მითხრას, - ერთი, ათასი ლარი ხომ არ "გიგდიაო"? არ "მიგდია"...
- მაშინ გვითხარი - ფულის საჭიროება როდის გააცნობიერე?
- მოსწავლეობის პერიოდიდან ფულის საჭიროება სულ მქონდა, მაგალითად - ვინმეს სადმე დასაპატიჟებლად... მერე, ცხოვრების ფართოდ გაცნობასთან ერთად, მოთხოვნილებებიც იზრდება. ასევე, გვერდით გყავს ადამიანები, რომლებზე პასუხისმგებელიც თავად ხარ... მომხვეჭელობა არ მახასიათებს. არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი. უბრალოდ, ფულს ვერ ვაგროვებ. ფულის მოგროვებას მირჩევნია, რომ მაგალითად, კრედიტი ავიღო და პატიოსნად გადავიხადო... რომ ვთქვა, ფული არასოდეს მაქვს-მეთქი, ასეც არაა.
- როდის გაგიჩნდა სურვილი, შემოსავლის საკუთარი წყარო გქონოდა?
- მგონი - ძალიან ახალგაზრდას. მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა ერთ-ერთ კაფესა და რესტორანში ვმღეროდი - პატარა ბენდი გვყავდა... მანამდე, 17 წლისას მუსიკალური ჯგუფი მქონდა. საარჩევნო ტურნეზე ("მოქალაქეთა კავშირის" დროს) ბლომად ფული ვიშოვე. ჩემი შრომით, პატიოსნად გამომუშავებული თანხის მნიშვნელობას პირველად მაშინ მივხვდი. ფულთან ურთიერთობაში ეს ჩემთვის, 17 წლის ბავშვისთვის გარდამტეხი ეპიზოდი იყო. შემეძლო, იმ გამომუშავებული თანხით ავტომობილი მეყიდა, თუმცა ისე დავხარჯე, მხოლოდ 1 ტელეფონი დამრჩა (მაშინ მობილური ტელეფონები ახალი შემოსული იყო), დანარჩენი "გულაობაში" დაიხარჯა...
- რეალითი შოუში - "ამტანი" მონაწილეობისას ცხოვრების რა ეტაპზე იყავი და პროექტში რა მიზნით შეხვედი?
- მაშინ თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. შეყვარებული მყავდა. ისიც თეატრალურში სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ "ამტანის" წინა სეზონი ახალი დასრულებული იყო, ეკრანზე მხოლოდ რამდენჯერმე მქონდა თვალი მოკრული - მაგრად "მეკიდა". სხვანაირი ტიპი ვიყავი: ჩემი ცხოვრება მიყვარდა, ჩემი "გარეკვები" მქონდა, არაფერი მიჭირდა, არაფერი მაგიჟებდა... "ამტანის" მეორე სეზონი (რომელშიც გავიმარჯვე) რომ დაიწყო, ჩემი დიდი ხნის ძმაკაცი გადამეკიდა - კასტინგზე გავიდეთ, უშენოდ არ წავალო. რაღაცებს გეგმავდა... 3 დღის განმავლობაში რომ არ მომეშვა, დავთანხმდი. ისე მოხდა, რომ კასტინგი გავიარე, ჩემმა ძმაკაცმა კი - ვერა... პროექტის დასრულების მერე, ეგვიპტის საგზურებიც მომცეს. ეგვიპტიდან დაბრუნებულს აქ ვალები დამხვდა, მოგებული თანხის ნაწილი ეკლესიას ვაჩუქე... ჩემს ძმაკაცს განსაკუთრებულად ღირებული რომ არაფერი შეხვდა, მაგრად "გაუტყდა", რაც ძალიან მეწყინა - ეს თავადაც იცის. ასეთი რაღაცები არ "მევასება"... წლების მერე, ჩემთან თავად მოვიდა. შესარიგებელი არც არაფერი გვქონია. უბრალოდ, მაშინ ის ახალგაზრდული "პონტი" ცუდად მოხდა. ეგ იყო და ეგ... ძალიან კარგი ადამიანია.
- უშუალოდ, პროექტში მონაწილეობის შესახებაც გვითხარი - როგორ განვითარდა მოვლენები?
- პროექტის სპეციფიკა ასეთი იყო: ყოველკვირა თითო მონაწილეს აგდებდნენ და ახლით ანაცვლებდნენ. პირველი მონაწილე ბიჭი "გავარდა" თუ არა, დამირეკეს. ყაზბეგში ვიყავი. ჩემი უარის გასამართლებლად, ხან რა მიზეზი ვთქვი, ხან - რა, მაგრამ კონტრაქტზე ხელი მოწერილი მქონდა (ჯარიმა საკმაოდ დიდი თანხა იყო). ამიტომ იძულებული გავხდი, ყაზბეგიდან ავბარგებულიყავი გაბუტული და პროექტში შევსულიყავი... პრომო ვიდეოში ვამბობდი, - დაკეტილ სივრცეს და უქალობას ვერ ავიტან-მეთქი (
იცინის). ერთი სული მქონდა, მონაწილეებს "აუთსაიდერად" დავესახელებინე და შოუ დამეტოვებინა. საერთოდ არ მაინტერესებდა, ვინ იყვნენ. სხვა მონაწილეები პროექტში რომ შედიოდნენ, ცდილობდნენ, ერთმანეთის კეთილგანწყობა დაემსახურებინათ, ერთმანეთის ქება-დიდებაში იყვნენ, მე კი შესვლისას რომ მკითხეს, გარეთ რა ხდებოდა, ყველას ყველაფერი გულწრფელად ვუთხარი, მაყურებლები რას ფიქრობდნენ. შედეგად, საერთოდ ყველა დამებოღმა. სამაგიეროდ, მათი თამაშის ფონზე, მაყურებლებმა ჩემი გულწრფელობა ისე დადებითად აღიქვა, რომ ხალხის სატელეფონო ზარების დიდი რაოდენობის გამო, იმუნიტეტი მქონდა - პროექტს ვერ მატოვებინებდნენ. პირველ კვირას პროექტიდან გასაგდებად ყველა მონაწილემ მე დამასახელა (გრეტას და ჩემი ახლა უკვე მეუღლის - მაკას გარდა)... გეგმავდნენ, "ამტანიდან" როგორ გავეგდე. მეც ეს მინდოდა, მაგრამ პროექტის დასრულებამდე 2 კვირა რომ დარჩა, ვიფიქრე, ბარემ მოვიგებ-მეთქი. ბოლოს "ამტანში" ბუხუნძელასთან ერთად დავრჩი. უსაყვარლესი გოგოა. მაშინ ძალიან ვაწვალებდი. ახლა ვუხდი ბოდიშს (
იცინის)... მაკა ძალიან მომწონდა. როცა 4 კედელშუა ხარ, 1 დღე 5-6 თვეს უდრის - ყველაფერს სხვაგვარად ხედავ, ადამიანის სულის წაკითხვას შეძლებ... ჩაკეტილ სივრცეში, 15-20 დღეში ყველა "გაიშიფრება" - ვერ ითამაშებ. "ამტანში" ყველა "გაიშიფრა". იქიდან შემომრჩა მაკა (რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა), ლეკინო, რომელიც დღემდე ჩემი ძმაკაცია (მისი ბავშვის ნათლია ვარ) და კიდევ, 1-2 ადამიანი, ვისთანაც ვმეგობრობ და პატივს ვცემ... პროექტის დასრულებიდან მალევე მე და მაკა შევუღლდით. სამწუხაროდ, იმ გოგონას, ვისთანაც "ამტანში" შესვლამდე ურთიერთობა მქონდა, დავშორდი. ჩემი საქციელის შემრცხვა, რადგან სხვა შემიყვარდა...
განაგრძეთ კითხვა