"ომიკრონის ქვე-ვარიანტის სიმპტომებია ხველა, ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა... უფრო სწრაფად ვრცელდება და შეიძლება პნევმონიით გართულდეს..." - მაკა ბულეიშვილი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე - მშობლები
ბოლო დღეებია ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს და ეს დადებითობის მაჩვენებელზეც აისახება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, ომიკრონის ახალი ქვე-ვარიანტი ცირკულირებს, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. კლინიკური ექსპერტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, თერაპევტი, პულმონოლოგი მაკა ბულეიშვილი გვესაუბრება, რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის ახალ ქვე-ვარიანტს და როგორია მისი მიმდინარეობა:
- კოვიდინფიცირებულთა რიცხვი როგორც წინა კვირას, ასევე მიმდინარე კვირაში შედარებით გაიზარდა. ეს მომართვიანობის თვალსაზრისით მაშინვე აისახება ხოლმე როგორც ონლაინ კონსულტაციის რაოდენობაზე, ასევე კლინიკაში ვიზიტზე. კოვიდპაციენტების მიმღებ კლინიკაში 12-15 პაციენტი შემოდის, მაშინ, როდესაც წინა კვირებში 1 ან 2 მოგვმართავდა. ეს, რა თქმა უნდა, ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. ხშირ შემთხვევაში, აქამდე, ელემენტარული სიმპტომების არსებობის დროსაც მოსახლეობა ტესტირებას აღარ იკეთებდა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მაისისა და ივნისის თვეში დიდი რაოდენობით რინოვირუსები, ადენოვირუსები ცირკულირებდა. ამ დროს ტესტირებები ჩატარებული იყო და კორონავირუსი გამორიცხული იყო, თუმცა მათი არსებობა ამ თვეებში გასაკვირი იყო. ეს არ არის ის სეზონი, როდესაც მსგავსი ვირუსები ასეთი ტემპით ვრცელდება, მაგრამ დაცვითმა ღონისძიებებმა, რეგულაციებმა, ვირუსები ამ ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეაკავა. როგორ კი მოიხსნა ყველა რეგულაცია, სეზონური ვირუსებიც დაგვემატა. ივნისის ბოლოსკენ უკვე ომიკრონის შემთხვევების გაორმაგებული რაოდენობა შეინიშნება. დადებითობის მაჩვენებელიც გაზრდილია. ქვეყანაში BA.2 ქვე-ვარიანტი ტრიალებს, მაგრამ, ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დადასტურებულია ომიკრონის კიდევ ერთი ქვევარიანტის BA.5-ის შემთხვევები. ფაქტობრივად, ორი შტამი ცირკულირებს. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ქვეყანაში უკვე შემთხვევების ნახევარი ომიკრონის ახალ ვარიანტს, BA.5-ს უკავშირდება.
- როგორ მიმდინარეობს ომიკრონის ქვე-ვარიანტები?
- როგორც გითხარით, ბოლო შემთხვევები ომიკრონის ქვე-ვარიანტს, BA.5-ს უკავშირდება. შედარებით გაზრდილი მაჩვენებელი კი რეგულაციების, პირბადის გამოყენების გაუქმებასაც უკავშირდება. რაც შეეხება მიმდინარეობას, მათ იგივე სიმტპომები ახასიათებთ, ეს შეიძლება იყოს მწვავე რესპირატორული სიმპტომები, ხველა, ტემპერატურა, რინორია, ჰაერის უკმარისობა. რასაც ვაკვირდებით, რთული მიმდინარეობით არ ხასიათდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც დაბალი იმუნური სისტემა აქვთ, ასევე აქვთ ქრონიკული დაავადებები და არიან 60 წელს გადაცილებულები.
- რამდენად ეფექტურია ახალი შტამების მიმართ ვაქცინა?
- არის გარკვეული კვლევები, რომლის მიხედვითაც, ომიკრონის BA.2-ისაგან განსხვავებით, BA.5-ის შემთხვევაში 3-ჯერაა შემცირებული მანეიტრალიზებელი ანტისხეულების ტიტრი. ეს იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდვაქცინების ეფექტი თუნდაც ომიკრონის წინა ვარიანტების დროს, BA.1-სა და BA.2-ის შემთხვევაშიც საგრძნობლად იყო შემცირებული. ვაქცინების მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს იმაზე მუშაობა, რომ ბუსტერი ომიკრონის ახალ შტამზეც იყოს მორგებული. ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) უახლოესი დღეების მონაცემების მიხედვით, ისინი კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ბივალენტური ბუსტერის დამტკიცებას განიხილავენ. ომიკრონის BA.5 ვარიანტი კიდევ უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და ამავე დროს შესაძლებელია, უფრო მეტი ადამიანიც დაავადდეს. ამიტომ, აუცილებელი მცირე სიმპტომების დროსაც ტესტირება ჩაიტაროთ და თუ ვირუსი აღმოგვაჩნდება, იზოლაციაში ვიყოთ. რეკომენდაციად დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ისევ პირბადის გამოყენება და სხვა რეგულაციების დაცვა განიხილება. თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ეს რეგულაციები მოხსნილია. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა მოხდეს დაკვირვება, დინამიკაში შევხედოთ, როდორ მივდივართ, თუ გაჩერდა, შესაძლოა მასიური ტალღა არც იყოს. წინასწარ შიშის შექმნა, რომ ეს აუცილებლად ძალიან ბევრ შემთხვევას გამოიწვევს, არ შეიძლება. ჩვენი მოსახლეობა ისედაც დაიღალა და არ მინდა, რომ ამით შევაშინოთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაღწიოთ ისეთ შემთხვევას, რომელიც თუნდაც ერთი წლის წინ, ზაფხულში გვქონდა, როცა აგვისტოს თვეში ათასობით შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში დიდი გამოცდილებაც მივიღეთ და ომიკრონის ახალ ვარიანტს ვაკვირდებით. შეიძლება ითქვას, რომ მართვადია, მაგრამ ექიმთან დროული მიმართვიანობა აუცილებელია. განსაკუთრებით დაბალ იმუნურ ფენაში შესაძლოა არა მხოლოდ ომიკრონი, არამედ სხვა ვირუსებიც გართულდეს და ჯობს, ექიმთან კონსულტაცია დროულად გაიაროთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ რაიმე ტიპის რეგულაცია, თუნდაც დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში პირბადის ტარების აუცილებლობა უნდა აღდგეს?
- ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ იქნებოდა. თუმცა, ტრანსპორტში ადამიანები იქამდე აღარ ატარებდნენ პირბადეს, ვიდრე რეგულაცია ოფიციალურად მოიხსნებოდა. ვფიქრობ, ეპიდსიტუაცია უნდა შეფასდეს და დავაკვირდეთ. მოსახლეობისთვის კიდევ ახალი რეგულაციების დაწესება ძალიან რთული იქნება. ეს დროშიც გაიწელება და არც მარტივი იქნება. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
- კონკრეტულად ახალი ქვე-ვარიანტი, BA.5 წინა შტამებთან შედარებით როგორი სიმძიმით მიმდინარეობს?
- როგორც გითხარით, მას ზუსტად იგივე სიმპტომები ახასიათებს, რაც წინა ვარიანტებს. ეს შეიძლება იყოს: ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, რინორია, ჰაერის უკმარისობა, ტემპერატურის მატება, ხველა და თუკი ის 5-10 დღის განმავლობაში გაგრძელდა, შესაძლებელია პნევმონიით გართულდეს. ომიკრონის ძირითადი შტამის შემთხვევაში, დაავადება უხშირესად ზედა სასუნთქ გზებში მიმდინარეობდა, თუმცა ამ ქვე-ვარიანტის დროს რასაც ვაკვირდებით, რამდენიმე შემთხვევა პნევმონიითაც გართულდა. მაგრამ, უფრო მეტად რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებში. განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებსაც კორონავირუსი 2-ჯერ ან მეტჯერ გადაიტანეს. ამის კვლევა და მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს.