ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"
ავტორი: სვეტა კვარაცხელია
დასაწყისიდარწმუნებული ვარ, ჩემს თაობაში ბევრი ადამიანია, ვისაც თამამად შეუძლია თქვას, ბედნიერი ბავშვობა მქონდაო. სწორედ მათ შორის მოვიაზრები მეც. დიახ, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ მართლაც ბედნიერი, უდარდელი და ლაღი ბავშვობა გამოვიარე. უზრუნველად ვიზრდებოდი გიორგი თეთრაძისა და სოფიო გურულის მშვიდ ოჯახში. მამას პატარა ბიზნესი ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოკრძალებული. თურქეთიდან უცხოური ხილი შემოჰქონდა და მაღაზიებში აბარებდა. "ვაჭრული ტერმინით" რომ ვთქვათ, თავისი წერტილები ჰქონდა, ძირითადად, პატარა მარკეტები და სასურსათო მაღაზიები. "შეუმჩნევლად" აკეთებდა ფულს, თვალში რომ არავის მოხვედროდა. არც ძალიან მდიდარი ეთქმოდა და არც ძალიან ღარიბი. თუმცა ამ ორი კატეგორიიდან მაინცდამაინც რომელიმეს თუ მიაკუთვნებდით, მდიდარი უფრო ეთქმოდა. ამბობდა, ბევრი ფული სხვისთვის მექნება გასაყოფი და რა ძალა მადგასო.
დედაჩემი ცალკე თავისთვის ერთობოდა. საკუთარ სილამაზის სალონს ფლობდა და ამით თავს იწონებდა. ისეთი ზარ-ზეიმით გახსნა თავის დროზე ეს სალონი, რომ მთელი ტელევიზია და პრესა სამი დღე აშუქებდა. ყველაფერი უმაღლეს დონეზე მოაწყო და კლიენტურაც "უმაღლესი" მოიზიდა - ძირითადად თბილისის ელიტას ემსახურებოდა. ელვის უსწრაფესად გაიცნო უამრავი ცნობილი ადამიანი. ზოგს დაუდაქალდა, ზოგს დაუძმაკაცდა, ზოგსაც შეუამხანაგდა და თვითონაც მალე გაუვარდა სახელი, როგორც პრესტიჟული სალონის მფლობელს.
ასე რომ, მართლა არაფერი მაკლდა. ჩიტის რძის რა მოგახსენოთ, მაგრამ რასაც ვისურვებდი, ფაქტობრივად, უარს არაფერზე მეუბნებოდნენ. მთავარია, ერთი "ნეტავ" მეთქვა და ოცნება წამში მისრულდებოდა.
ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს მამაჩემის საქმეები უკან-უკან არ წავიდა. ბაზარზე უამრავი ვეშაპი კომპანია გამოჩნდა, რომლებიც მამაჩემისნაირ "მოკრძალებულ" შემომტანებს კბილის გაკვრის გარეშე ყლაპავდნენ. ჰოდა, მამაც ჩაყლაპეს. საბოლოოდ იმდენი ვალი დაედო, გადახდას ვერ აუდიოდა. სესხს სესხზე იღებდა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ვეღარ იხდიდა.
როცა მიხვდა, ვეღარაფერს გააწყობდა, დედას შეუჩნდა, შენი ბიზნესი გავყიდოთ, ვალები გავისტუმროთ და რამე სხვა საქმე დავიწყოთო.
დედამ, უკვე გაელიტებულმა სოფიო გურულმა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ოჯახში უთანხმოება ჩამოვარდა. ჩემი ლაღი ცხოვრებაც სწორედ მაშინ დამთავრდა. მესამე კურსზე ვიყავი. სახლში შესვლა არ მინდოდა. ჭირის დღესავით მეზარებოდა მშობლების გამუდმებული ჩხუბისა და ლანძღვა-გინების მოსმენა. სიჩუმე მხოლოდ მაშინ ისადგურებდა, როცა მამაჩემი მორიგ თეფშს, ლარნაკს ან ჭიქას კედელზე მიამსხვრევდა, რომელსაც დედის შეკივლება აგვირგვინებდა.
ჩემი, ნენე თეთრაძის სამყარო კი საბოლოოდ მაშინ დაიმსხვრა, როცა ერთ არამშვენიერ - წვიმიან, ქარიან და ჭექა-ქუხილიან დღეს დედამ წინ დამისვა და გამომიცხადა, გტოვებთ და მივდივარო. ამ ცნობით იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ მისი ნათქვამის არსს ხეირიანად ვერ ჩავწვდი.
- ეს რას ნიშნავს, დე? - ნიკაპი მკერდს მივაბჯინე და ქვემოდან ავხედე ჩემ პირდაპირ მჯდომს.
- ეს იმას ნიშნავს, ჩემო ნენე, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. - გაუჭირდა ამის ახსნა, მაგრამ მაინც ამოთქვა.
- ანუ?
ამოიოხრა, თითები ერთმანეთს გადააჭდო და მეოცნებე მზერით ჭერს ახედა.
- მას სიმონი ჰქვია, სიმონ მახარობლიძე.
- მოიცა, ვერ გავიგე... - თავი შევაბრუნე და ყური მივუშვირე, მეგონა მომესმა, - მერედა, მამა?
- მე და მამაშენმა უკვე ვილაპარაკეთ და საერთო გადაწყვეტილებამდეც მივედით. შენ პატარა გოგო აღარ ხარ, ამიტომ ყველაფერს გაიგებ. ხომ ხედავ, რომ ჩვენი ურთიერთობა ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. სამწუხაროდ, ძველებურად ვერ გაგრძელდება. ან ის უნდა წავიდეს, ან მე. ამიტომ, რადგან ვაჟბატონი ამ ბინას ვერ ელევა, მე მივდივარ.
- სხვა კაცთან, - გავაგრძელე მისი დამთავრებული წინადადება.
- ეს უკვე მეორეხარისხოვანია. - ხელი აიქნია დედამ, - რა მნიშვნელობა აქვს, სხვა კაცთან მივდივარ თუ მარტო წავალ? მთავარი ისაა, რომ როგორც კი დავლაგდები, განქორწინებაზე მაშინვე შევიტან განცხადებას.
კი ვხედავდი, რომ ბოლო დროს დედა ზედმეტად ღიზიანდებოდა მამაჩემზე, მაგრამ ერთმანეთს თუ დაშორდებოდნენ, თავში აზრადაც არ მომსვლია.
პირი გავაღე რაღაცის სათქმელად, მაგრამ სოფიომ არ მაცალა:
- არ გადავიფიქრებ, ნენე, ტყუილად ნუ ეცდები ჩემს გადაბირებას. უკვე დავიღალე ამგვარი ყოფით, ყოველდღე იმაზე ფიქრით, რა შევცვალო. მამაშენი თავს აღარ იწუხებს. თვითონ არ მუშაობს და მთლიანად მე დამაწვა კისერზე. ამის ატანას არ ვაპირებ.
- მაგრამ შენ საყვარელი გყავს, დედა! - გამწარებულმა ვუყვირე.
- მერედა ვისი ბრალია? ვერ ხედავ, ეს კაცი ჰაერში რომ დაფრინავს? ცაში აქვს კოშკი აგებული და იქ ცხოვრობს! ასე ჰგონია, თუ ჩემს ბიზნესს გაყიდის და ვალებს გადაიხდის, თავიდან აყვავდება! ეს არ მოხდება! არ მინდა ცუდი გითხრა მამაშენზე, ვიცი, როგორ გიყვარს. უბრალოდ, უნდა გამიგო. არავინ არ იცის, რა მოელის ცხოვრებაში. შეიძლება ერთ დღეს შენც ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდე. მე ჯერ ბებერი არ ვარ და შემიძლია ცხოვრება თავიდან დავიწყო, სრულიად ახალი ფურცლიდან. საუკეთესო ცხოვრება.
- და ის სიმონია თუ ვიღაცა მაგ შენი ახალი საუკეთესო ცხოვრების ნაწილია? - ისეთი თავზარდაცემული ვიყავი მოსმენილით, თავის გაკონტროლება მიჭირდა.
- დიახაც. გიორგისგან არაფერს ვითხოვ. აქ ყველაფერი შენია. შენ გარდა მე შვილი არ მყავს და ქონებას ხომ არ გაგიყოფ? ხელცარიელი მივდივარ, მხოლოდ ჩემი ბარგი მიმაქვს. სიმონთან გადავდივარ საცხოვრებლად. ასე რომ...
- და მე? - წყალწაღებულივით ხავსს ჩავეჭიდე.
- შენ რა? სწავლობ, მუშაობასაც დაიწყებ მალე, საკუთარი შემოსავალი გაგიჩნდება. მეც დაგეხმარები. მერე თვითონაც მოძლიერდები და შენით გაიკვალავ გზას.
- ანუ მე მამასთან მტოვებ?
- აუცილებლად, - კატეგორიული ტონით მითხრა და თავისი ნათქვამი თავის წრიული მოძრაობით განამტკიცა, - აბა რა, მამინაცვალთან ცხოვრება გირჩევნია? არავითარ შემთხვევაში!
მოულოდნელად ხარხარი ამიტყდა. ისეთი ისტერიკული, ვეღარ ვჩერდებოდი. დედა განცვიფრებული მომჩერებოდა.
- რა გაცინებს? ვერ ვხვდები, რა გემართება!
- რა და... ხა-ხა-ხააა!.. - პირი ვერ დავმუწე, ისე მეცინებოდა, თვალები ცრემლით ამევსო, - მამასაც რომ მოუნდეს ცოლის შერთვა და დედინაცვალი დამისვას სახლში, მერე რა უნდა ვქნა?
ამის თქმა და სოფიო გადაფითრდა. როგორც ჩანს, ამაზე არ უფიქრია. არასდროს. და როცა "გონება გავუკაშკაშე", გაშრა.
- რა ცოლის შერთვა? საიდან მოიტანე? რა დროს გიორგის ცოლია? ვინ გითხრა ეგ სისულელე? შენ რა, რამე იცი და მიმალავ? - შეკითხვა შეკითხვაზე დამაყარა.
როგორც იქნა, ისტერიკამ გადამიარა. აცრემლებული თვალები მუშტებით ამოვიწმინდე და დედას ორაზროვნად შევხედე.
- რა, ვერ მოახერხებს თუ რა? არც ისაა ჯერ ბებერი, მასაც მოუნდება ახალი ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან. საუკეთესო ცხოვრების, - მისივე სიტყვები გავუმეორე.
- არ ვიცი... - დაბნეულმა ტუშით აპრეხილი წამწამები დაახამხამა და ერთმანეთში გადაჭდობილი თითები ერთდროულად გაატკაცუნა, - ამაზე არ მიფიქრია. მოიყვანს და მოიყვანოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვნახოთ, ჩემზე უკეთესს ვის ნახავს. ნეტავ ვის რაში სჭირდება მისნაირი გაღლეტილი, - ზიზღით მობრიცა ტუჩები, - ყველა ჩემნაირი შტერი კი არ არის.
- შტერი რატომ ხარ! შტერი კი არა, მაგარი ჭკვიანი ხარ. სანამ მამა მყარად იდგა ფეხზე, სანაქებო ოჯახი გვაქვსო, გაიძახოდი. მამა წაიქცა და შენ სხვასთან გარბიხარ, რომ შენც არ წაგაქციოს. ვიღაც სიმონი არჩიე ქმარსაც და შვილსაც. მხოლოდ იმიტომ, რომ კომფორტის ზონიდან არ გამოგაძევონ. მაგარია! - ისე ნაზად შემოვკარი ტაში, როგორც როლში შესულმა თეატრის მსახიობმა.
- რატომ მეუბნები ასეთ რამეს, შვილო? - იწყინა, - მე შენ არ გტოვებ, ეს იცოდე. უბრალოდ, ცალკე გადავდივარ. ყურადღებას რომ არ მოგაკლებ, ამაში ეჭვი გეპარება? - დამიყვავა შეშფოთებულმა, უფრო ნირწამხდარმა, შვილის საყვედური რომ დაიმსახურა, - თუ რამეა და ეს ბოთე მართლა მოიყვანს ცოლს, რამეს მოვიფიქრებთ. ბოლოს და ბოლოს გიგირავებ ერთოთახიან ბინას და ცალკე გადახვალ. ან გიქირავებ. ხომ იცი, არ გამიჭირდება. მოვიფიქრებთ რაღაცას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ დგას.
აგდებულად შევხედე, სიმწრით ჩაიფხუკუნე და ოთახიდან გავედი.
დედამ თავისი გაიტანა. სახლიდან წავიდა და სხვა ქალისთვის ადგილი გამოათავისუფლა.
სწორედ იმ დღეს დამთავრდა ჩემი ბედნიერი ცხოვრება. მე მამასთან დავრჩი, დედასთან კი ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე.
მეოთხე კურსზე გადავედი თუ არა, მუშაობაც დავიწყე. დედაჩემის არ იყოს, მამამაც არ დაახანა და... მართლა მოიყვანა ცოლი... მეორე. მართალია, დედასავით ლამაზი ქალი ვერ იყო, მაგრამ მამა ამას არაფრად აგდებდა. მზითევში კარგა გვარიანი ფული მოჰყვა, რაც "მეორედ სიძემ" სარფიანად გამოიყენა. მარტოხელა ქალი გახლდათ ესმა და თურმე მთელი ცხოვრება აგროვებდა თავის შემოსავალს, რომ, თუ გათხოვება არ ეწერა, უზრუნველი სიბერე მაინც მოეწყო თავისთვის.
გაუმართლა... მასაც და მამასაც...
მხოლოდ მე არ გამიმართლა...
მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მეექვსე დაიწყო. უნივერსიტეტი დავამთავრე, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. როგორც ვთქვი, მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე რეზი თალაკვაძის კომპანიაში. თავიდან სტაჟიორი ვიყავი, მერე თავის მდივნად გადამიყვანა, ორი წლის შემდეგ კი საკუთარ თანაშემწედ დამნიშნა. ისეთი განათლება მქონდა მიღებული, ვიცოდი, კარიერის აწყობა არ გამიჭირდებოდა. ეს ერთი მაინც კარგი გააკეთა დედაჩემმა - ცოდნის მიღების მხრივ არაფერი დამაკლო. თავისუფლად ვსაუბრობდი არა მხოლოდ რუსულად, არამედ ინგლისურად, ფრანგულად და იტალიურადაც. ენების ათვისებაში ბადალი არ მყავდა. ოთხივე ენაზე შემეძლო როგორც ტექსტის შედგენა, ასევე ამ ენებიდან თარგმნაც, რაც ჩემმა უფროსმა თავის სასარგებლოდ მაქსიმალურად გამოიყენა.
რეზი ერთობ კმაყოფილი იყო ჩემით. მეც კმაყოფილი ვიყავი მისით. კმაყოფილი კი არა... უგონოდ შემიყვარდა.
ჰო, ეს ცოლიანი კაცი ჩემი ფიქრების, ოცნებებისა და ფანტაზიების მფლობელი გახდა...
მამა ყურადღებას არ მაკლებდა. ცოლის შერთვის შემდეგ საქმეც ნელ-ნელა ააწყო. ორი მარკეტი გახსნა ესმას ფულით და სულიც მოითქვა. ვალები მოიშორა, ბინა გაარემონტა, მე კი მანქანა მიყიდა, თავი დაჩაგრულად არ იგრძნოსო. მართალია, პატარა მანქანა, მარჯვენასაჭიანი "ჰონდა", მაგრამ რას დავეძებდი? ისე მიხაროდა, დავქროდი. ყველაზე მეტად კი ის მიხაროდა, რომ სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ მიწევდა სიარული და საკუთარი ავტომობილით მივგრიალებდი.
ჰოდა, აგერ მეექვსე წელია რეზისთან შეხმატკბილებულად ვმუშაობ, ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მეგობრული, არაოფიციალური, მაგრამ ბოლოს ისე წამივიდა საქმე, რომ თავის ხელში აყვანა გამიჭირდა. აგერ, წუთის წინ დავაყენე მანქანა სადგომზე და საჭეს ჩახუტებული დაბნეული ვიყურები ფანჯარაში. ვერაფრით ვერ ვუხერხებ ახსნას იმას, რაც ახლახან მოხდა. განვიცდი, ასე რომ მოვიქეცი, თუმცა ამაზე უფრო თვით რეზი თალაკვაძის რეაქციამ ამაღელვა.
ჩემი უფროსი დანახვისთანავე შემიყვარდა და ვერაფერმა ვერ შეძლო ჩემში ამ გრძნობის ჩახშობა: ვერც საღმა აზრმა, გამუდმებით რომ მახსენებდა ამ სიყვარულის უპერსპექტივობას და ვერც მის ცოლთან პირადმა ნაცნობობამ. არადა, უსაყვარლესი ელენე ჰყავდა რეზის, თბილი და ლამაზი მეუღლე. საერთოდ არ გამჭირვებია ჩემს შეფთან მუშაობა, მშვენიერი ტანდემი გამოგვდიოდა და მთელი ამ წლების განმავლობაში არც ერთი მზერით, არც ერთი ნაბიჯით არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ თვალებამდე მქონდა მისი სიყვარული ამოსული, თუმცა ჯერ არ დავუბრმავებივარ.
უსათნოესი ქალია ელენე, მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. გულწრფელად. არსებობენ ასეთი ქალები - თითქოს სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ იმდენად საყვარლები და მომხიბვლელები არიან, რომ თავისუფლად გაუწევენ მეტოქეობას ნებისმიერ მზეთუნახავს. სწორედ ასეთი გახლდათ ელენე. ამასთან, ძალზე მშვიდი და იშვიათად მსუბუქი ბუნებით გამოირჩეოდა. არავის არასდროს შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ ქალი თავის ქმარს აღმერთებდა და თავისი ორი შვილისთვის თავგადადებული დედა იყო. ყველა, ვინც რეზის და ელენეს ერთად ხედავდა, ხვდებოდა, რომ ბედნიერები იყვნენ, იღბლიანი ოჯახი ჰქონდათ. ძალზე იღბლიანი. სწორედ ეს მშველოდა ჩემი სიყვარულის არგამომჟღავნებაში. თუმცა ექვსი თვის წინ ჩემი უფროსი შეიცვალა. ეტყობოდა, რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. ორი თვის წინ კი ელენემ პარასკეობით ჩვენთან შემოვლა შეწყვიტა. არადა, ადრე სულ მოდიოდა. სხვა დროსაც შემოივლიდა ხოლმე, როცა ჩვენი ოფისისკენ მოხვდებოდა.
- ელენე ხომ კარგადაა? - ვეკითხებოდი რეზის შიგადაშიგ.
- რა უჭირს, გადასარევადაა, - დაბნეულად მომიგებდა ჩემი ბოსი და მაშინვე სხვა თემაზე გადაიტანდა საუბარს.
მისი საქციელი, ცოტა არ იყოს, წუხილს მგვრიდა. ვიცოდი, მათი ოჯახური ამბები ჩემი საქმე სულაც არ იყო, მაგრამ მაინც მაშფოთებდა.
დღეს კი... თვითონაც რომ არ ველოდებოდი ჩემი თავისგან, ისეთი რამ ჩავიდინე... სამსახურიდან წამოვედი.
ახლაც არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე. გარინდული ვიჯექი მანქანაში, ფანჯარაში უაზროდ ვიყურებოდი და ვიხსენებდი იმას, რაც დღეს სამსახურში მოხდა.
ჩემი სამუშაო ყოველთვის მიყვარდა, უფრო მეტიც, ვაფანატებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოტაც და უფრო წინ წავიწევდი. რეზიმ იცოდა ჩემი ფასი, იცოდა, როგორი პერსპექტიული კადრი ეზრდებოდა ჩემი სახით და ამიტომაც გვერდიდან არ მიშორებდა. მეც საკუთარი თავბრუდამხვევი კარიერის მოლოდინში ვიყავი, რაშიც მისადმი ფარული სიყვარულიც მეხმარებოდა. არასდროს გამიცრუებია ჩემი უფროსის იმედები, დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი. მიყვარდა რეზი, პატივს ვცემდი მის მეუღლეს და ვერასდროს გავბედავდი გამეკეთებინა ისეთი რამ, რასაც შეიძლება მათი ოჯახისთვის ზიანი მიეყენებინა ან სულაც დანგრევა მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა, წამოვედი სამსახურიდან და უკან დაბრუნებას არ ვაპირებდი. ამაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.
დღე თითქოს ჩვეულებრივად დაიწყო. კომპანიაში მისვლისთანავე მანქანა ჩემს კუთვნილ ადგილას დავაყენე და ავედი მრავალსართულიან შენობაში, სადაც არა მხოლოდ ჩვენი ოფისი იყო განთავსებული, არამედ სხვა წარმატებული კომპანიებისაც.
ისე მოხდა, რომ პირველი მე მივედი. ხანდახან ასეც ხდებოდა. ოღონდ სახლიდან ჩქარა წამოვსულიყავი და არად დაგიდევდით, ადრე გამოვსულიყავი შინიდან და გვიან დავბრუნებულიყავი. თითქოს არ იყო ჩემი დედინაცვალი ცუდი ქალი, მაგრამ დიდად მაინც ვერ ვეგუებოდი.
როცა რეზი მოვიდა, ეგრევე შევატყვე, რომ არ იყო ხასიათზე. რაღაცნაირად გაუბედურებული მეჩვენა. მეც არ დავაყოვნე, სწრაფად გადავახარისხე საჭირო წერილები და ინტერნეტით მის ფოსტაზე გადავაგზავნე, როგორც ყოველთვის.
მთელი დღე კაბინეტიდან არ გამოსულა. ოთხი საათი იქნებოდა, როცა დამირეკა, შემოდიო. მისი მოღუშული სახე რომ დავინახე, ვერ მოვითმინე და ვკითხე:
- რეზი, რა იყო, მოხდა რამე?
- არაფერი... - ყოყმანით მომიგო, მაგრამ უცებ სავარძლიდან წამოხტა და დაიყვირა, - უკვე საკმარისია! მეტი აღარ შემიძლია!
- ვაიმე, რა გჭირს? - შევშინდი.
- ოხ, ნენე! - ამოიგმინა და სანამ მივხვდებოდი, რას აპირებდა, მომეჭრა და ძალუმად მკერდზე მიმიკრა.
თავზარდაცემული გავხევდი. ის კი ისე ძლიერად მიმწყვდევდა მკლავებში, გარხევას ვერ ვახერხებდი. როგორც ჩანს, ჩემი დუმილი და გაუნძრევლობა თანხმობის ნიშნად ჩათვალა, რამაც სითამამე შემატა და... მაკოცა.
მისი კოცნა უფრო და უფრო ვნებიანი ხდებოდა, სულის მოთქმას არ მაცლიდა. გეგონებოდათ, ცხოვრებაში ქალი არ ჰყოლია და დახარბდაო. უცებ ვერა, მაგრამ ბოლოს გავაცნობიერე, რაც ხდებოდა. ცოტა არ იყოს, გაოცებასთან ერთად მრისხანებამაც შემიპყრო. ვცდილობდი ამომესუნთქა და ამასაც ვერ ვახერხებდი. ერთი მხრივ, მინდოდა დამეთმო საყვარელი მამაკაცისთვის, მაგრამ მეორე მხრივ ელენესა და მის შვილებზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა. როგორ შემეხედა იმ ქალისთვის თვალებში ამის მერე? როგორც იქნა, ვიპოვე ჩემში ძალა და რეზის ორივე ხელი ვკარი.
არ დამიცდია იმისთვის, მეყურებინა, რას მოიმოქმედებდა ჩემი უფროსი. იმ მომენტში არ მაინტერესებდა, მომიბოდიშებდა თუ ისევ საკოცნელად გამოიწევდა. ჩემს კაბინეტში გავვარდი, ჩანთასა და პიჯაკს ხელი დავავლე და სანამ რეზი გონს მოსვლას მოასწრებდა, გამოვვარდი.
ლიფტთან სწორედ იმ მომენტში მივირბინე, როცა კარი იკეტებოდა. ალბათ, იქვე რომ არ ყოფილიყო გაჩერებული, კიბეზე ჩავირბენდი და არ დაველოდებოდი. შევვარდი ღია კარში, თან ვგრძნობდი, სულ ცოტაც და ავტირდებოდი, ამიტომ არც შემიმჩნევია, ჩემ გარდა შიგნით სხვაც თუ იყო ვინმე. გულს ამოვარდნისგან მხოლოდ ჩემი ბიუსტჰალტერი იჭერდა. უცხო ადამიანი მხოლოდ მაშინ შევნიშნე, როცა ლიფტი დაბლა დაეშვა.
- ცუდად ხართ? - მკითხა მამაკაცის ხმამ.
ჯერ კიდევ დაუდინარი ცრემლების გამო, თვალები რომ გამვსებოდა, ბუნდოვნად ვარჩევდი უცნობს. შეშინებულმა გავხედე მაღალ მამაკაცს, რომელიც დაახლოებით ოცდათხუთმეტ-ოცდათექვსმეტი წლის იქნებოდა. რატომღაც, დამუღამებული მქონდა მამაკაცების ასაკის გამოცნობა. ყოველთვის ზუსტად ვარტყამდი, ახლაც ამიტომ დავასკვენი ასე თავდაჯერებულად. ქალების შემთხვევაში კი, რატომღაც, არ გამომდიოდა, ხშირად ვცდებოდი.
უცნობს შავი გრუზა თმა ჰქონდა და გაურკვეველი ფერის თვალები - არც ცისფერი, არც ნაცრისფერი, არც მწვანე... რაღაც ამ ფერებში გარდამავალი. უფრო, ალბათ, ნაცრისფერი ეთქმოდა. ყოველ შემთხვევაში, ლიფტის განათებაზე ასე მოუჩანდა. თანაც, თუ მისი ჩაცმულობით ვიმსჯელებდით, თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, მაღალი პოსტი ეკავა.
- რა მითხარით? - შევეკითხე.
ეს უცნობი კაცი რატომღაც მაღიზიანებდა. ან საქმეზე იყო ვიღაცასთან მოსული, ან სტუმრად, რადგან ადრე არასდროს მენახა. მერე მზერა მის ძვირად ღირებულ ტყავის ჩანთაზე მომიხვდა, რამაც მაფიქრებინა, რომ საქმიან შეხვედრაზე იქნებოდა რომელიმე ფირმის წარმომადგენელთან. ჩვენს ოფისში ხომ უამრავი კომპანია იყო სხვადასხვა სართულზე განთავსებული. იქნებ სულაც მუშაობს აქ, მე რა ვიცი, ყველას კი არ ვიცნობ, ვინც ამ შენობაში მოძრაობს, თუმცა ასე რომ ყოფილიყო, ერთხელ მაინც როგორ არ მოვკრავდი თვალს.
- რამით შემიძლია თქვენი დახმარება? - მზრუნველად დაინტერესდა.
- მაგრად მეპარება ეჭვი, - ხისტად მივუგე და თვალი ავარიდე.
როგორც კი ლიფტის კარი გაიღო, სირბილით გამოვვარდი და ავტოსადგომს მივაშურე. ხელის კანკალით ძლივს დავქოქე მანქანა და სახლისკენ გავუდექი გზას. მექანიკურად. ცოტა ხნის მერე კი მივხვდი, რომ ახლა სახლში სულაც არ მინდოდა. ამწუთას არც მამაჩემის ნახვა მეხალისებოდა და მით უმეტეს, არც ჩემი დედინაცვლის. ისინი თავიანთ სამყაროში ცხოვრობდნენ, უფრო სწორად, სამყაროებში. მამას თავისი ჰქონდა, ესმას - თავისი. შეიძლება მამას არც ეკითხა, თავისი ერთადერთი ქალიშვილი ასე ადრე რატომ დაბრუნდა სამსახურიდან, მაგრამ ჩემი დედინაცვალი ამით აუცილებლად დაინტერესდებოდა. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი, მით უფრო მიჭირდა ამ ქალის ატანა, თუმცა კონკრეტულად არაფერს მიშავებდა.
მანქანა კორპუსთან დავაყენე, ძრავა გამოვრთე და თვალები დავხუჭე. კარგა ხანს ვიყავი ასე და ვფიქრობდი. არ ვიცი, რამდენ ხანს, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ გვარიანი დრო გავიდა. მიღებული შოკის მერე ნელ-ნელა მოვდიოდი გონს, თუმცა რეზის მოულოდნელ კოცნას ვერა და ვერ ვინელებდი.
არადა, რა მრჩებოდა მისი საქციელის შემდეგ? რა უნდა მექნა? წასვლის მეტი განა სხვა გზა მქონდა? მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბრმად მიყვარდა, არასდროს მიფიქრია მასთან სიახლოვეზე. ვიცოდი, ამის არც უფლება მქონდა და ისედაც, ჩემს ძალებს აღემატებოდა. ნამდვილად ვერავის მივცემდი ჩემი გაჭორვის უფლებას. ცოლიან კაცს ხვდებაო, თან საკუთარ უფროსსო, გამაქილიკებდნენ. საყვარლის სტატუსი საერთოდ არ მხიბლავდა. ამით რაღაცნაირად დედაჩემს ვემსგავსებოდი, ეს კი რა ხეირს დამაყრიდა? შავი დღე ვაყარე, ვიღაც სიმონზე რომ მომიყვა და მე რომ რეზის "ნომერი ორი ქალი" გავმხდარიყავი, რით ვიქნებოდი მასზე უკეთესი?
კარგი ვქენი, რომ წამოვედი, თუმცა ჩემი სამსახური მენანებოდა. აი, შეფი რომ არ მყვარებოდა, დარჩენა კიდევ შეიძლებოდა. გავკიცხავდი, ამას როგორ მიბედავ-მეთქი, დავამუნათებდი, ბოდიშს მოვახდევინებდი და დავრჩებოდი, მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ ჩემს მდგომარეობაში მყოფისთვის მის გვერდით მუშაობა ნაღმზე ფეხის დაბიჯებას ნიშნავდა. ერთი არასწორი ნაბიჯი და ჰაერში ავიწეოდი... ნეტარებისგან.
ჰო, ნამდვილად მიქადდა დარჩენა ცდუნებას. ერთხელაც ვეღარ გავუძლებდი და მის ლოგინში აღმოვჩნდებოდი. მე ხომ ის მიყვარდა. ახლა რა უნდა მექნა? მისი ელენე რომ ქუჩაში სადმე გადამყროდა, როგორ მოვქცეულიყავი? მე ხომ ყოველთვის ყველაფერი სახეზე მაწერია, არაფრის დამალვა არ შემიძლია. წარმოვიდგინე კიდევაც ჩემი თავი, რა დღეში ჩავვარდებოდი, როგორ ავბლუკუნდებოდი. შეიძლება თავის მართლებაც დამეწყო, ჩემი ბრალი არაფერი იყო, თვითონ მებდღვნა-მეთქი.
ოხ, რეზი, რეზი! ეს რა დღეში ჩამაგდო! არადა, როგორ პატივს ვცემდი, ისიც როგორ მაფასებდა. მახსოვს, სამსახურის დაწყების პირველ ხანებში, ჩემი თმის ფერის შემხედვარე სულ იმას ამტკიცებდა, ქერა ლამაზი ქალები შტერები არიანო, მაგრამ უფრო ახლოს რომ გამიცნო, მიხვდა, რომ მის თეორიას წყალი შეუდგა. მას მერე გვერდიდან არ მოვუშორებივარ.
რაც უნდა იყოს, ელენე და რეზი ცოლი და ქმარი არიან და ასეც დარჩებიან მუდამ. არა მგონია, დაშორდნენ. მათ ხომ ისე უყვარდათ ერთმანეთი. ვინ იცის, იქნებ კრიზისული წელი დაუდგათ, როგორც ფსიქოლოგები ვარაუდობენ, როცა წყვილის თანაცხოვრებაში განხეთქილება იჩენს თავს.
თავს ვიიმედებდი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ ამ იმედიანობით თავს უკეთესად მაინც ვერ ვგრძნობდი.
მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა, არადა, რამდენ ხანს უნდა ვმჯდარიყავი აქ კიდევ? მესიკვდილებოდა შინ შესვლა. ალბათ, კარგი იქნებოდა, სადმე ფინჯანი ყავა მაინც დამელია. თუმცა ამწუთას არც ყავა მინდოდა. საერთოდაც, არ ვიცოდი, რა მინდოდა. რატომ გააფუჭა ასე ყველაფერი? რა კარგად ვეწყობოდით. მალე წინაც წამწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ურთიერთობაში ამაღელვებელი წუთები არასდროს ყოფილა და ამის არც მოლოდინი მქონია, მაინც საოცარ კმაყოფილებას მანიჭებდა სამსახური, რადგან მის სიახლოვეს მიწევდა ყოფნა. ახლა კი რეზის დანახვაც არ მინდოდა. მისი გახსენებაც კი გულს მირევდა!
ბოლოს ისევ გოგოებთან წასვლა გადავწყვიტე. მათთან უფრო გავიხსნებოდი და გულსაც გადავაყოლებდი.
გაგრძელება .