შეკითხვა, თუ სად ჯობს ბავშვის გაჩენა - სახლში თუ სამშობიაროში, ბოლო დროს მომავალ დედებს ხშირად აწუხებთ. ამ საკითხს განსაკუთრებით ცნობილი ადამიანები განიხილავენ. ზოგს საავადმყოფოში, კვალიფიციურ გარემოსა და ექიმებთან ურჩევნია ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გადატანა, ზოგი კი ფიქრობს, რომ ეს წმინდა პროცესია, რომელიც სახლში, პაპარაცებისა და ზედმეტი ადამიანების გარეშე უნდა მოხდეს. ამიტომაც, მიუხედავად სამედიცინო სფეროს განვითარებისა, ზოგიერთები სახლში, ძველებური მეთოდით მშობიარობას არჩევენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც რისკები დაცულია და საქმეს პროფესიონალებს ანდობენ.
ჯესიკა ალბასთვის დედობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. მსახიობი სხვა ადამიანებს არა მხოლოდ დედობის, არამედ კულინარიულ გამოცდილებასაც უზიარებს. მან საკუთარი რეცეპტების წიგნიც გამოუშვა. ასევე, ბავშვებისთვის ეკოკოსმეტიკის ხაზი შექმნა. იგი საკუთარი შვილების ამბებს ხშირად ჰყვება. მან უმცროსი ქალიშვილი, ჰევენი სახლში გააჩინა.
"ქმართან ერთად გადავწყვიტე, რომ ბავშვი ჩვენს სახლში უნდა დაბადებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოზის გარეშე ვიმშობიარე, არაფერი გამიგია! ეს პროცესი უფრო მედიტაციას ჰგავდა, მშვიდად და კონცენტრირებულად ვსუნთქავდი, ვცდილობდი, ტკივილისთვის ყურადღება არ მიმექცია", - იხსენებს ალბა.
მიუხედავად დადებითი გამოცდილებისა, ჯესიკა მაინც თვლის, რომ სახლში მშობიარობა ყველასთვის კარგი არჩევანი არ არის: "რაც არ უნდა კარგად იყო მომზადებული, ასეთ პირობებში მშობიარობა მაინც რთულია. უნდა ვაღიარო, რომ მსგავს ტკივილს არ ველოდი", - ამბობს ის.
ჟიზელ ბიუნდჰენი ცნობილი მოდელია და იგი ცხოვრებაში ბუნებრიობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ამიტომაც, პირველი შვილის გაჩენისას გადაწყვიტა, რომ სახლში, წყალში ემშობიარა.
"ყოველთვის მინდოდა, რომ ბუნებრივ, კომფორტულ გარემოში, ანესთეზიის გარეშე მემშობიარა, რადგან ამ მომენტის შეგრძნებაზე ვოცნებობდი. ტკივილს ვერ ვგრძნობდი, იმაზე ვიყავი კონცენტრირებული, რომ ჩემს შვილს მალე შევხვდებოდი. არასოდეს მიგრძნია თავი ასე დაუცველად და ამავდროულად, ასე ძლიერად. ეს საოცარი გამოცდილება იყო!" - თქვა ჟიზელმა. მოდელის თქმით, ორუსლობის დროს იგი მედიტაციასა და იოგას მიმართავდა, ამიტომაც მშობიარობისთვის სულიერად მზად იყო.
ელისონ ჰანიგანმა სახლში მშობიარობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დოკუმენტურ ფილმს "The Business of Being Born" უყურა. ფილმში ასახული იყო ფაქტები, თუ როგორ იყენებენ სამშობიაროები ახალბედა დედების გულუბრყვილობას.
"არ მინდა ვთქვა, რომ ყველამ უარი უნდა თქვას საავადმყოფოზე, თუმცა, ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი იყო: საავადმყოფოების მთელი ცხოვრება მეშინოდა, ამიტომაც ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, ღირდა თუ არა ბავშვის სამშობიაროში გაჩენა", - თქვა ელისონმა. როგორც ჰანიგანი აღნიშნავს, ექიმები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ შვილი საავადმყოფოში, უფრო უსაფრთხო გარემოში გაეჩინა, თუმცა მისი გადარწმუნება ვერ შეძლეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
სინდი კროუფორდის სახლში მშობიარობის მიზეზი უფრო ბანალური იყო - ვარსკვლავს არ სურდა, რომ მისი შვილის დაბადება პრესისა და პაპარაცების გადამეტებული ყურადღების ფონზე წარმართულიყო. კროუფორდმა დანიშნულ დღეს საავადმყოფოდან სპეციალისტი სახლში მიიყვანა, მეუღლის თანდასწრებით იმშობიარა და ვაჟი, პრესლი შეეძინა.
"როდესაც პრესლის ველოდებოდი, ჟურნალისტებთან დეტალებსა და საკუთარ გეგმებს არ განვიხილავდი. სახლში მშობიარობას ბევრი ეწინააღდეგებოდა, რადგანაც ფიქრობდნენ, რომ შეიძლებოდა, გართულებები წარმოქმნილიყო, თუმცა არ შემშინებია. ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო, შვილი ანესთეზიისა და ზედმეტი სამედიცინო ჩარევების გარეშე გავაჩინე", - თქვა ვარსკვლავმა რამდენიმე წლის შემდეგ. სინდი კროუფორდმა მეორედაც სახლში იმშობიარა.
"სახლში მშობიარობაში გასაკვირი არაფერია. ჩემი ბევრი მეგობარი სამშობიაროში წავიდა და თითქმის ყველა მათგანი სამედიცინო პერსონალის დაუდევარი დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა", - თქვა დემი მურმა ერთ-ერთ თოქ-შოუში. ამ ისტორიებით შეშინებულმა მსახიობმა, სახლში ბებიაქალისა და მეუღლის თანდასწრებით იმშობიარა. მან სამივე შვილი ამ პირობებში გააჩინა.
"მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ საავადმყოფოში არ წავსულიყავით, რადგან გვინდოდა, ყველაფერი ბუნებრივად ყოფილიყო", - განაცხადა ევანჯელინ ლილიმ ერთ-ერთ ინტერვიუში და პირველი მშობიარობა გაიხსენა. თუმცა, მსახიობმა აღიარა, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ წავიდა, როგორც ელოდა.
"ეს დამღლელი 30 საათი, ანესთეზიის გარეშე გრძელდებოდა. წარმოუდგენლად ძლიერია ყველა ქალი, ვისაც ამის გაძლება შეუძლია. ჩემი შვილი რომ დაიბადა, ისე ცუდად ვიყავი, თავს ისე საშინლად ვგრძნობდი, რომ მეორე მშობიარობა, რა თქმა უნდა, სახლში აღარ დამიგეგმავს." - თქვა მან.
ჯენიფერ კონელიმაც სახლში, წყალში მშობიარობა გადაწყვიტა. ის და მისი მეუღლე პირადი ცხოვრების შესახებ დეტალების გაზიარებას მიჩვეულნი არ არიან. ბავშვის დაბადებაზეც მათ ჟურნალისტებს მხოლოდ მცირე ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ მათი შვილი ჯანმრთელი დაიბადა და მშობიარობამაც კარგად ჩაიარა. ჯენიფერმა ორი შვილი სამშობიაროში, მესამე, ყველაზე პატარა კი სახლში გააჩინა.
პირადი დეტალების გამჟღავნება არც ჯულიანა მურის უყვარს. თუმცა, მედიაში მაინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ 42 წლის ასაკში შვილი სახლში გააჩინა.
"რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი შვილის დაბადებას ბებიაქალი ესწრებოდა. მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ ტობიანი სახლში უნდა დაბადებულიყო", - თქვა ჩეხმა სუპერმოდელმა, კაროლინა კურკოვამ, ერთ-ერთ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ უნდოდა, ბუნებრივ პირობებში ემშობიარა. მოდელმა შვილი წყალში, ანესთეზიის გარეშე გააჩინა. ბავშვი 2 საათში დაიბადა და მისი თქმით, ეს იმდენად ამაღელვებელი გამოცდილება იყო, რომ ტკივილზე ფიქრის საშუალებაც აღარ ჰქონდა.
პამელა ანდერსონი კიდევ ერთი ქალია, რომელმაც სახლში მშობიარობა გადაწყვიტა. "ჩემი ორივე ვაჟი, ბრენდონი და დილანი სახლში გავაჩინე. თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, რომ საწოლში ვიმშობიარებდი, თუმცა ექიმმა მირჩია, რომ ეს წყალში გამეკეთებინა", - თქვა პამელამ. ანდერსონი აღნიშნავს, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა განსაკუთრებული დისკომფორტი არ უგრძნია.
მერილ სტრიპი ოთხი შვილის დედაა. მათ აღზრდასა და ცხოვრებაზე მსახიობს საჯაროდ საუბარი არ უყვარს. ჟურნალისტებთან ერთ-ერთ იშვიათ საუბარში მან აღნიშნა, რომ უფროსი გოგონა სახლში გააჩინა და გადაწყვეტილება მისი საუკეთესო მეგობრის გამოცდილებამ მიაღებინა. თუმცა, როგორც ჩანს, მერილისთვის მშობიარობის ეს ფორმა არც ისე კომფორტული აღმოჩნდა, რადგანაც მისი უმცროსი შვილები სამშობიაროში დაიბადნენ.
ნელი ფურტადომ თავისი ერთადერთი ქალიშვილი, ნევისი სახლში გააჩინა. მისი თქმით, ზედმეტი სამედიცინო ჩარევა საჭირო არ არის და მშობიარობა ბუნებრივი გზით უფრო მისაღებია.
"ფაქტია, რომ ყველა სამშობიაროში პრაქტიკულად "ჩვილების მასობრივი წარმოება" ხდება: ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვი რაც შეიძლება სწრაფად დაიბადოს, თუნდაც ამან დედას ზიანი და ტკივილი მიაყენოს", - ამბობს ფურტადო და აღნიშნავს, რომ საავადმყოფოებში ქალებს არც ისე კარგად ექცევიან.
თუმცა რასაკვირველია, ყველა ეს ქალბატონი იმასაც უსვამს ხაზს, რომ შინ მშობიარობა რისკებს ზრდის და თუ რაღაც დაუგეგმავი მოხდება ან გართულდება მდგომარეობა, დედის თუ ნაყოფის, შინ ბევრად რთული იქნება დროული დახმარების აღმოჩენა, ვიდრე ეს სამშობიაროშია.