ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"ავტორი: სვეტა კვარაცხელიადასაწყისიორი კვირა გავიდა, რაც სამსახური დავტოვე, უფრო სწორად, რაც რეზი თალაკვაძე მივატოვე. სამაგიეროდ, საქმედ ვიქეცი. სახლი ხომ დავაკრიალე თავის იატაკიან-ჭერიანად, მერე ფარდებს მივადექი და ყველა დავრეცხე, დავაუთოვე და ისევ დავკიდე. კარადები, გაზი, მაცივარი თუ კაფელი დავხეხე და გავაპრიალე. სადილების მომზადებაზე აღარაფერს ვიტყვი. ნუცის შეგონებით, ოცდაოთხ საათში უნდა გადამვარდნოდა გულიდან სამსახურის მიტოვების დარდი, მაგრამ ასე არ მოხდა. უკვე ექვსჯერ ოცდაოთხი საათი გავიდა და არაფერი მეშველა, ისევ ისე მენატრებოდა ჩემი სამსახური. თუ რეზი?მინდოდა დამევიწყებინა ყველაფერი და ცხოვრება გამეგრძელებინა. არა, არ გამომდიოდა, არც ნიჭიერად და არც უნიჭოდ. ფიქრებით ისევ იქ ვიყავი, შუშებიანი შენობის მეცხრე სართულზე ჩემს მბრუნავ სავარძელში კომფორტულად მოკალათებული.ჩემს განცხადებას რეზიმ ხელი მოაწერა და ამით დაამთავრა. მას შემდეგ არც დარეკვა უცდია და არც მესიჯის თუ წერილის გამოგზავნა. ჩემთან ურთიერთობა ამით დაასრულა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, დაბრუნება რომ მომესურვებინა, სიხარულით მიმიღებდა.ცოტაც და დეპრესიას ავიკიდებდი. ყოველ საღამოს, როცა ვაკანსიებს ვათვალიერებდი გაზეთებსა და საიტებზე, ვგრძნობდი, რომ უფრო და უფრო მეცლებოდა ენერგია და სრული აპათია მეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანიაში სივიც გავგზავნე, არავინ გამომხმაურებია, თითქოს ყველამ ერთად შეკრა პირი ჩემ წინააღმდეგ. განცხადებებში ბინის გაქირავების შესახებაც დავიწყე ინფორმაციის მოძიება. მართალია, ჯერ ვერაფერს ვიქირავებდი, მაგრამ ამით რაღაცნაირად გულს ვიწყნარებდი. ჯერ სამუშაო უნდა მეშოვა, თანაც მუდმივი, რათა სტაბილური შემოსავალი მქონოდა და სახლიდან წასვლაზე მერე უფრო მშვიდად ვიფიქრებდი. კი მქონდა დანაზოგი, მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა ხელმომჭირნეობა უნდა გამომეჩინა. წინასწარ ხომ ვერ განვსაზღვრავდი, რას მიმზადებდა ცხოვრება.ერთ საღამოსაც ესმა ისეთ დროს წამომადგა თავზე, როცა ვაკანსიებს ვათვალიერებდი.- პური გაგვთავებია, - მაუწყა და ლეპტოპში მოურიდებლად ჩაიჭყიტა.- ახლავე. ორ წუთში გავალ და მოვიტან, - უხალისოდ მივუგე. რაც შინ დავჯექი, თვითონ ერთხელაც არ უყიდია პური, სულ მე მაგზავნიდა, თანაც ჩემი ხარჯით, თუმცა ამაზე სულაც არ ვბრაზობდი. აბა, უმუშევარი დედინაცვალს ხომ არ "დავაწვებოდი" კისერზე?- რას ათვალიერებ? განცხადებებს? რატომ? - კოპები შეიკრა და სათვალე შუბლზე აიწია.- იმიტომ, რომ სამუშაოს ვეძებ! - აღრენილმა მივუგე. ნერვები მეშლებოდა, ჩემს ყველა საქმეში ცხვირს დაუკითხავად რომ ყოფდა და ვერ ვუკრძალავდი.ესმამ ტუჩები მაგრად მოკუმა, ჩემი პასუხი არ მოეწონა, თუმცა ვერც გაპროტესტება გაბედა.- როგორც ჩანს, საქმე გამოგელია, - ირონიულად მითხრა და გატრიალდა.- აბა, მთელი სიცოცხლე შინ ხომ არ ვიჯდები? - აგრესიული ტონით დავადევნე, - მერე იმასაც მეტყვი, ჩვენ გინახავთო.უცებ მკვეთრად მოატრიალა თავი და ირიბად გამომხედა:- რა, არა? - აგდებულად დამანჭა ტუჩები.- ხოდა, მაგიტომაც ვეძებ! - მივუგე გაგულისებულმა და ლეპტოპი დავხურე, რათა პურზე ჩავსულიყავი.მორჩა! ამის ატანას არ ვაპირებ! - ვფიქრობდი ჩემთვის და კიბის საფეხურებს ორ-ორად ვახტებოდი, - ბინას ვიქირავებ და ამათ მანამ არ ჩავაყენებ საქმის კურსში, სანამ ბარგს კარამდე არ მივიტან. მერე მიყარონ კაკალი!გაბრაზებული იმაზეც ვიყავი, რომ მამაჩემი ძალზე მშვიდად შეხვდა სამსახურიდან ჩემი წამოსვლის ამბავს. როგორც ჩანს, ესმამ მისი "დამუშავება" მოასწრო. არა უშავს, დაჯექი სახლში და აქ მაინც მიეხმარე ამ ქალსო, გამომიცხადა, თითქოს ყველაფერი მისი ცოლის ზურგზე გადადიოდა და მე გულხელდაკრეფილი ვიჯექი.ჰოდა, მეც ვისწავლე ჭკუა ამ ორი კვირის განმავლობაში. როცა მამა შინ ბრუნდებოდა, მაშინ ავაზუზუნებდი მტვერსასრუტს, მაშინ "მომინდებოდა" ჯამ-ჭურჭლის რეცხვა და ხეხვა, სკამების ფეხების გაპრიალება და ყველა საქმე, რაც "დღის განმავლობაში ვერ მოვასწარი".აი, ასე ვუსვამდი ხაზს ჩემს შრომას, რათა მამას დაენახა, რომ უსაქმოდ არ ვიჯექი. რაში სჭირდებოდათ მოსამსახურე, როცა ასეთი ვერცხლისწყალივით მოძრავი ვყავდით სახლში?ამიტომაც მალე გავიჯახუნებ კარს და მერე მიყურეთ ორივემ! რაც დედამ მიგვატოვა, სულ მამაჩემზე ვდარდობდი, არაფერზე ინერვიულოს-მეთქი და თურმე სადა ხარ! რაც ესმა დაისვა სახლში, მთლად შეიცვალა, აბსოლუტურად სხვანაირი მამა გახდა, ვეღარ ვცნობდი. ახლა საბოლოოდ ამეხილა თვალები.დედას ხომ არ შევურიგდე? იქნებ მან მაინც მიიტანოს გულთან ჩემი პრობლემები და წუხილი. ხომ შემპირდა, მითხარი და გიქირავებ ან გიგირავებ ბინასო, მაგრამ რა პირით უნდა მივადგე იმის მერე, რა დღეც ვაყარე? ან ვინ იცის, იქნებ მეორე ქმარმა დედაჩემიც ისე შეცვალა, რომ ესმას მამაზე გავლენა მონაგონი იყოს?არა, არავის დახმარება არ მჭირდება. თავად მივხედავ ჩემს თავს. მე ძლიერი ვარ, მე შემიძლია!სახლში რომ ამოვბრუნდი ორი პურით ხელში, სასტუმრო ოთახიდან მხიარული ხმები შემომესმა. როგორც ჩანს, ესმას დაქალები ესტუმრნენ. დასხდებიან ახლა და ფინჯან ყავაზე იმდენს იჭორავებენ, მთელი კვირა ეყოფათ გულის მოსაფხანად.კარში თავი შევყავი, ფუმფულა მარგოსა და ნაჯახის ტარივით წვრილ ნათელას თავაზიანად მივესალმე, ზრდილობიანად მოვიკითხე და პური სამზარეულოში გავიტანე. მერე ისევ ჩემს ოთახში შევიძურწე, ესმამ კიდევ რამე არ დამავალოს-მეთქი. ამ დროს მობილურზე დამირეკეს. ნუცი იყო, დეიდაჩემი. იქნებ რამე გამიგო? სამსახური ხომ არ მიშოვა?სუნთქვაშეკრულმა მივიტანე ტელეფონი ყურთან.- რას შვრები? - მკითხა ნუციმ.- იმ მომენტს თუ გულისხმობ, როცა სამუშაოსა და ბინის ქირის შესახებ განცხადებებს არ ვათვალიერებ, არც არაფერს. ან ვგორაობ, ან სახლის საქმეებს ვაკვდები.- რა, ასე ცუდადაა ყველაფერი?- თითქმის, - ვიცოდი, დეიდას როგორც ვუყვარდი, ამიტომ არაფერს ვუმალავდი. ის მაინც მყავდა ერთი გულწრფელი გულშემატკივარი.- რა ცუდია... როგორმე უნდა გიშველო და დაგიხსნა მაგათი მარწუხებისგან.- არა უშავს, ჯერჯერობით ვუძლებ.- იცი რა? - ნუციმ მცირე პაუზა გააკეთა, - ერთმა ახლობელმა მთხოვა, ორი კვირით ვინმე კარგი გოგო მჭირდება, კარგად გადაუხდიან და ბევრი საქმეც არ ექნება გასაკეთებელი, ოღონდ კეთილსინდისიერი იყოსო.- ორი კვირით? და რა უნდა ვაკეთო?- ნუ... სახლის საქმეები, ალბათ. დალაგება, სადილი, მადილი...- ჰუჰ... - ამოვიოხრე, - არც კი ვიცი. ვინ არიან, ვისთან უნდა ვიმუშაო? მთლად ლოგინად ჩავარდნილი მოხუცია ვინმე?- არა, არა, ერთი ძალზე სასიამოვნო პენსიონერი კაცია, ხანდაზმული, მაგრამ არანაირი ხელით სათრევი და ლოგინად ჩავარდნილი.- დარწმუნებული ხარ, რომ მართლა სასიამოვნო მოხუცია და პამპერსი არ მექნება გამოსაცვლელი?- აბა რა. ზუსტად ვიცი. ვინც მაგასთან მუშაობს, ის ქალი მე დავასაქმე ადრე, ელისო ჰქვია. ცხრა წელია, მაგ ოჯახში მუშაობს. ვისაც უვლის, 79 წლის მოხუცია, ნამდვილი ჯენტლმენი, შესანიშნავი ადამიანი. ზუსტად ასე მითხრა. ორი კვირით უნდა შემცვალოს ვინმემ და დამეხმარეო. საჭმელ-სასმელში ფული არ დაგეხარჯება, ღამითაც იქ დარჩები. ასე რომ, ჭერიც გექნება. ცოტა ხნით მაინც დაისვენებ მაგ რეგვენი ქალისგან, სისხლს რომ გიშრობს.უკვე მომწონდა აზრი ჩემი ახალი სამუშაოს შესახებ. ოღონდ ესმასთან არ დავრჩენილიყავი და არც პამპერსების გამოცვლაზე დავიხევდი უკან.- და თვითონ სად მიდის?- შვილს ოპერაცია გაუკეთეს ახლახან. ორ დღეში კლინიკიდან უნდა გამოწერონ და იმას უნდა მოუაროს. შეიძლება უფრო ადრეც შევძლო დაბრუნებაო, მითხრა. ორი კვირა მაქსიმუმო.- ვაა. როგორც ჩანს, დაფიქრების დრო არა მაქვს.- არა, ნენე, პასუხი ამ საღამოსვე უნდა ვუთხრა.- კარგი, თანახმა ვარ. მისამართი მომწერე და ტელეფონი. მე თვითონ დავურეკავ.- და ხვალვე უნდა გახვიდე, იცოდე.- ხვააალ? - ეს კი არ მომეწონა, რადგან ხვალ, ანუ პარასკევს გოგოებთან ვაპირებდი გასვლას მთელი დღით, - კარგი, იყოს ხვალ.- მაშინ პირდაპირ მისამართს გადმოგიგდებ და წადი. ელისოს მე დავურეკავ და ვეტყვი, რომ თანახმა ხარ.- აჰა.- აბა, გაკოცე და შენ იცი. დამირეკე მერე, მაინტერესებს, რას იზამ.- ო-კუ, - "ო კეის" ჩემი საყვარელი იმპროვიზაცია ვიხმარე და დავემშვიდობე.ეჰ, ერთი კი ამოვიკვნესე. შემეცოდა ჩემი თავი. მდინარეში გადაგდებულ ჯოხს ვგავდი, რომელსაც დინება მიატივტივებდა...მეორე დილით ჩვეულებრივზე ადრე ავდექი, თავი მოვიწესრიგე, ლამაზად ჩავიცვი და სოფელ დიღმისკენ გავემართე ჩემი მანქანით. როგორც ვვარაუდობდი, ჩემი დედინაცვალი აღტაცებული არ დარჩენილა იმით, რომ დღეიდან ან თვითონ მოუწევდა სახლში ყველაფრის გაკეთება, ან დამხმარე უნდა აეყვანა.ქალბატონი ელისო ჭიშკართან შემეგება. სახლი დიდი იყო, მაგრამ ძველი აშენებული. იგი შიგნით შემიძღვა და თავისი დამსაქმებელი გამაცნო. ბატონი ოთარი, ოთარ მამისაშვილი. როგორ მომეწონა მოხუცი, ვერ წარმოიდგენთ. მართლა ჭეშმარიტი ჯენტლმენი აღმოჩნდა.ჯერ თავის დაკვრით მომესალმა, მერე ჩემი მარჯვენა ორივე ხელით ჩაბღუჯა და დაკვირვებით შემათვალიერა. პირველი, რაც მკითხა, კარგი ყავის მოდუღება ხომ იცითო და კეთილად გამიღიმა. ამით თითქოს გამამხნევა, მომთხოვნი არ ვარ და არ შეგეშინდესო.ასე აღმოვჩნდი მამისაშვილების ლამაზად მოწყობილ სახლში. დიდი ფუფუნება არა, მაგრამ დიდი გემოვნება ინტერიერშიც იგრძნობოდა და ექსტერიერშიც.გავიდა რამდენიმე დღე და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მთელი სიცოცხლე აქ ვცხოვრობდი. კვირის ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ეს ექვსი დღე ყველაზე მშვიდი და სასიამოვნო იყო ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად თავისი 79 წლისა, ბატონი ოთარი შესანიშნავი ჯანმრთელობითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩეოდა. ძალიან მომწონდა მასთან საუბარი. უზომოდ განათლებული ადამიანი იყო. ბევრ რამეს მიყვებოდა თავისი წარსულიდანაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიიდანაც. განათლებით ისტორიკოსი გახლდათ და ეტყობოდა, რომ თავისი საქმის პროფესიონალი იყო. უამრავი ახალი რამ გავიგე და დავიმახსოვრე მისი მონაყოლიდან.ჩემი მოვალეობა მხოლოდ საოჯახო საქმეებით არ შემოიფარგლებოდა. ბატონ ოთარს სეირნობა უყვარდა. დღეში რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადიოდა და ამ ხნის განმავლობაში მეც თან უნდა ვხლებოდი. ასე რომ, ყოველ დილით, შლაპასა და კლასიკურ კოსტიუმში გამოწყობილი ოთარი ხელჯოხით ხელში შემოაღებდა სამზარეულოს კარს, სადაც მე, ჩვეულებისამებრ, სადილს ვამზადებდი ან ჭურჭელს ვრეცხავდი და ერთსა და იმავე კითხვას მისვამდა: "ნენე, შეგიძლიათ ეს საქმე დროებით გადადოთ?" მეც, რა თქმა უნდა, თანხმობის ნიშნად გავუღიმებდი, საქმეს შუა გზაზე მივატოვებდი და მას მივყვებოდი.მივსეირნობდით და ყველა შესაძლო თემაზე ვლაყბობდით. მასაც მოსწონდა ჩემთან საუბარი. დაუჯერებლად საინტერესო თანამოსაუბრე ხართო, რამდენჯერმე მითხრა. აღფრთოვანებული იყო ჩემი მსჯელობით.სწრაფად მივეჯაჭვე ჩემს ახალ "ბოსს". დიახაც, ჩემი ბოსი ახლა ბატონი ოთარი გახლდათ. ვიცოდი, რომ როცა აქ ყოფნის დრო ამომეწურებოდა და ჩემს გზას გავუდგებოდი, მას ხშირად გავიხსენებდი, თანაც უდიდესი სიამოვნებით.არადა, მეორე კვირა უკვე იწურებოდა. უფრო მწყდებოდა გული, ვიდრე მიხაროდა, რომ ეს კეთილი და სიმპათიური მოხუცი უნდა დამეტოვებინა. მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. ქალბატონმა ელისომ ოთარს დაურეკა, ჩემს შვილს ნაოპერაციები გაურთულდა და კიდევ ორი-სამი კვირა რომ შემცვალოს ნენემ, წინააღმდეგი ხომ არ იქნებითო. ბატონი ოთარი არ იყო წინააღმდეგი, მე - მით უმეტეს.- ნენე, მაქვს უფლება, დაახლოებით ერთი თვე კიდევ გთხოვოთ ჩემთან დარჩენა? - ჯენტლმენურად დამისვა შეკითხვა ჩემმა ხანდაზმულმა "ბოსმა".- ბატონო ოთარ, ისე მომწონს აქ ყოფნა, რომ სიამოვნებით დავრჩები. ერთი თვე კი არა, მეტიც, თუ საჭირო იქნება.- მაქსიმუმ ერთი თვე, გპირდებით, - კეთილშობილურად გამიღიმა, - მეტხანს აღარ დაგაკავებთ, მთლად ეგეთი უნამუსოც არ ვარ.იმავე საღამოს იგი ვაიბერით თავის ქალიშვილს დაუკავშირდა, ანას, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა მეუღლესთან გელა მაჭავარიანთან ერთად და კარგა ხანს ელაპარაკა. შუახნის ასაკის ქალი ხშირად ურეკავდა მამამისს და ისე ტკბილად ბაასობდნენ ხოლმე, გული მწყდებოდა. მე და მამაჩემს კარგა ხანია, ასეთი სიამტკბილობა არ გვქონია. დამშვიდობების წინ ოთარმა ანას ჩემზე უთხრა, კარგი მოსამსახურე ელისო საუკეთესო ნენეზე გავცვალეო, რამაც ანა ძალიან გაამხიარულა.- არ დაუჯეროთ, ქალბატონო ანა, აჭარბებს მამათქვენი, - თავი უხერხულად ვიგრძენი, თუმცა ასეთი შექება მესიამოვნა.- ჰოდა, გააცანი შენს შვილიშვილს, იქნებ აეხილოს თვალები, - ეშმაკურად ჩაუკრა ანამ მამას, რაზეც ყურები ვცქვიტე.- ვმუშაობ მაგაზე, - შეუმჩნევლად ჩაიღიმა ბატონმა ოთარმა და ქურდული მზერა ჩემკენ გამოაპარა...მე კი ახალი თავსატეხი გამიჩნდა - ვინ უნდა ყოფილიყო ის იდუმალი შვილიშვილი, ვისზეც ოთარი ასე თავგამოდებით "მუშაობდა"?ამ ამბავმა ისე დამაინტერესა, რომ ღამღამობით ძილიც კი გამიკრთა...სახლში დავრეკე, ჩემები მოვიკითხე. მამა შინ არ იყო, ესმას ველაპარაკე. მახარა, მოსამსახურე ავიყვანეთო. კვირაში სამჯერ მოვა, სახლსაც დაალაგებს და სადილებსაც მოგვიმზადებსო. მეღიმებოდა, ისეთი აჟიტირებული მამცნობდა ახალ ამბავს. კარგია, ახლა მაინც მოისვენებს. იქნებ აღარ იწუწუნოს თავის შეშუპებულ ფეხებსა და გამუდმებულ თავის ტკივილზე.რამდენიმე დღე მშვენიერი ამინდი იყო და ბატონი ოთარი სულ პიკნიკებზე მეპატიჟებოდა. ისე მანებივრებდა, ლამის დამავიწყდა, რა მევალებოდა მის ოჯახში. დილაობით ჩქარ-ჩქარა ვაგვარებდი სახლის საქმეებს, შემდეგ კი მასთან ერთად სასეირნოდ მივდიოდი. ხანდახან წყურვილის მოსაკლავად ადგილობრივ კაფეში შევდიოდით, ერთხელ სასაფლაოზეც კი წამიყვანა, რადგან მომვლელი უნდა ენახა და იმ თვის ფული გადაეხადა საფლავის მისახედად. ისე, დაწკრიალებული იყო იქაურობა. ჩანდა, რომ ბატონი ოთარი ფულს ტყუილად არ იხდიდა.საღამოობით ან აივანზე ვსხდებოდით ფინჯანი ყავის დასალევად, რადგან მას ჩემსავით ჩაი არ უყვარდა, ან ნარდს ვაგორებდით. მართალია, ყოველთვის მიგებდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო მასთან თამაში. უჩვეულოდ კმაყოფილი ვიყავი ჩემი სამსახურით. თავს ნამდვილად არ ვგრძნობდი დამხმარე პერსონალად, ოჯახის უფროსი ოჯახის წევრივით მექცეოდა. თავისი ინკოგნიტო შვილიშვილი ერთხელაც არ უხსენებია, თითქოს ეს თემა სასტიკად ყოფილიყო აკრძალული ჩემთვის. არც კი იცოდა, მისი ქალიშვილთან საუბარი ფარულად რომ მოვისმინე, ამიტომ ვერც მე ვკითხავდი რამეს, თუმცა კი ინტერესით ვკვდებოდი.სამსახურის მიტოვებიდან ექვსი კვირის თავზე უწინდებურად ვფიქრობდი, რომ რეზის კომპანიაში არ დავბრუნდებოდი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ სხვა ნებისმიერ ოფისში სამუშაოდ მზად ვიყავი. ეს შესვენება ნამდვილად მჭირდებოდა, რათა ცოტა გონს მოვსულიყავი.აწი კი უნდა მეფიქრა ჩემს მომავალზე და სამსახურის ძებნასაც მთელი ძალისხმევით შევდგომოდი. გარდა ამისა, საცხოვრებელი ადგილის პრობლემაც მქონდა. ბინა უსიკვდილოდ უნდა მექირავებინა. გადავწყვიტე, ამ საკითხის მოგვარება ორშაბათს დილიდან დამეწყო.მაგრამ მეორე დღეს ქალბატონმა ელისომ დარეკა და მითხრა, ჩემს შვილს მდგომარეობა გაუუარესდა და ჯერ მისი დატოვება არ შემიძლიაო.- როგორ ფიქრობთ, ნენე, კიდევ ერთი ან ორი კვირით შეგიძლიათ დარჩენა? - მკითხა, - ვიცი, რომ ბატონი ოთარი ძალიან კმაყოფილია თქვენით.რა შემეძლო მეთქვა? მეც კმაყოფილი ვიყავი მისით და შეძლებისდაგვარად ელისოს შვილსაც ვგულშემატკივრობდი.- ნუ ინერვიულებთ, ქალბატონო ელისო, დავრჩები, რახან ასეა. ბატონ ოთარს უკვე ელაპარაკეთ? - შევეკითხე.- კი, ველაპარაკე და მითხრა, მე პირობა მივეცი, რომ დათქმულ დროს გავუშვებდი, ამიტომ ახლა დარჩენას ვეღარ ვთხოვო.- მაშინ მე თვითონ დაველაპარაკები, თქვენ ამაზე არ იდარდოთ, - დავამშვიდე ქალი და როგორც კი მასთან საუბარი დავამთავრე, ეგრევე ჩემს მასპინძელს მივაშურე.- დარწმუნებული ხართ? - გაოცებული მომაჩერდა მამისაშვილი, როცა ჩემი დარჩენის ამბავი შევატყობინე. შეეცადა, ტუჩის კუთხეებში გაჩენილი კმაყოფილი ღიმილი დაეფარა, მაგრამ არ გამოუვიდა.შაბათს, როცა ოთარმა ჩვეულებრივ წათვლემა გადაწყვიტა, ვკითხე, სამხარზე ხომ არ ინებებდა ყავის ბაღში დალევას, რადგან დილით მისი საყვარელი ნამცხვარი გამოვაცხვე.სიამოვნებით დამთანხმდა. მიკვირდა ამ მხნე მოხუცის, საღამოობითაც რომ არ იკლებდა ყავას და მერე ღამით მაინც ჩვეულებრივად იძინებდა.ის იყო ფაიფურის ფინჯნები სინით ეზოში უნდა გამეტანა, რომ ჩემი ყურადღება მანქანის ხმაურმა მიიპყრო, რომელიც ჩვენი ხეივნისკენ მოემართებოდა. შუბლი შევიჭმუხნე. რამდენადაც ვიცოდი, ბატონი ოთარი სტუმრებს არ ელოდებოდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მას ვინმეს სტუმრობა ეწყინებოდა. მე მით უმეტეს არ და ვერ ვიქნებოდი წინააღმდეგი, პირიქით, გამიხარდებოდა. რაც მთავარია, ნამცხვარი მქონდა, ამიტომ თავს არ შევირცხვენდი.ჭიშკართან ელეგანტური ავტომობილი გაჩერდა. სინი ქვის მაგიდაზე შემოვდე და სტუმრის შესახვედრად გავეშურე. რატომღაც, ჩემში მოულოდნელად თავდაცვის ინსტინქტმა გაიღვიძა. მოსული მარტო იყო და თუ მისამართი შეეშალა, დროზე უნდა მომეშორებინა თავიდან, რათა ბატონი ოთარი ზარის ხმას არ გაეღვიძებინა.მაღალი, შავთმიანი, ასე, ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი შემრჩა ხელთ. შემომხედა თუ არა, ადგილზე გახევდა.მე გაკვირვებული მივაჩერდი.- რა? - ვიკითხე, რადგან შევამჩნიე, რომ დიდი ხნის ნაცნობივით შემომცქეროდა.- ვერ გავიგე? - დაბნეულმა ამოთქვა, - თქვე-ენ? კი მაგრამ, აქ რას აკეთებთ?- განა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ? - დაეჭვებულმა ვკითხე, მაგრამ იმავე წამს გონება გამინათდა. ამჯერად სპორტულები ეცვა. იქნებ ამიტომაც არ მეცნო თავიდან? ჰო, ჩვენ შევხვედრივართ ერთმანეთს, მაგრამ მაშინ, დაახლოებით ორი თვის წინ, მას დიდებულად ეცვა და ხელში ძვირად ღირებული ტყავის ჩანთა ეჭირა.გაოგნებული ვიდექი. ჩემ წინ სწორედ ის მამაკაცი იდგა, სამსახურიდან წამოსვლის დღეს ლიფტში რომ შემეჩეხა. ის, ვისაც სრულიად არაფრის გამო ვეუხეშე.რა მითხრა? აქ რას აკეთებთო? ჰმ, საინტერესოა, თვითონ რა მიზნით მოვიდა აქ? დრო იყო, ეს გამერკვია.წუთი მაინც დამჭირდა, აზრზე მოვსულიყავი. ნუთუ ისე კარგად დამიმახსოვრა, რომ დანახვისთანავე მიცნო? ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი.- ჩვენ სტუმრებს არ ველოდებით, - ოფიციალური ტონით გამოვუცხადე.- რას მელაპარაკებით! - ჩაიცინა და გვერდი ისე ამიარა, თითქოს იქ არც ვმდგარიყავი.აღშფოთებული გავეკიდე, ის კი პირდაპირ კარს მიადგა.- თქვენ ვინ ხართ? - თითქმის ვიყვირე.მამაკაცი შემობრუნდა:- როგორც მივხვდი, თქვენ ბრძანდებით ის შეუდარებელი ნენე, რომელსაც წარამარა მიხსენებენ ნიუ-იორკის სატელეფონო ზარიდან, არა?გაოცებისგან თვალები დამიმრგვალდა.- იცით რაა?.. - ვთქვი და გავჩუმდი. გამახსენდა, რომ ოთარის ქალიშვილი ქალბატონი ანა ნიუ-იორკში ცხოვრობდა, - თქვენ მე მიცნობთ, მე კი არა. მგონი, არ არის ლამაზი.- საშკა მაჭავარიანი. თქვენ კი ბაბუაჩემის მომვლელი ხართ, არა? დროებითი მოსამსახურე, რომელიც, როგორც ჩანს, გაიმუდმივებს ამ სამუშაოს?- როგორ გეკადრებათ! სულაც არ ვაპირებ ეგრე. როგორც კი ქალბატონი ელისო დაბრუნდება, მაშინვე წავალ. - გავწიწმატდი, თან ნერვები მეშლებოდა, საშკა კარისკენ ჯიუტად რომ მიიწევდა, - ბატონ ოთარს სძინავს. თუ გინდათ, სამზარეულოში გავიდეთ, ყავას მოგიხარშავთ ან ჩაის მოგიდუღებთ.უცებ ისევ მობრუნდა და თვალებგაფართოებული შემომაშტერდა.- როგორ თქვით? ყავას მოგიხარშავთ ან ჩაის მოგიდუღებთო? მმმ... საინტერესოა, - თავი მკვეთრად გააქნია, თითქოს აბეზარ ფიქრებს იშორებსო, - ყოველთვის ყველაფერს ასე აკონკრეტებთ?დაბნეულმა პასუხის ნაცვლად მხრები ავიჩეჩე, ვერ მივხვდი, რა დავაკონკრეტე.- სხვათა შორის, მოხარშული ყავა არ მიყვარს, მოდუღებული მირჩევნია.ახლაღა დავიდა ჩემს გონებამდე, დაკონკრეტებაში რაც იგულისხმა.- მაპატიეთ, ასე ვარ მიჩვეული. ყავა იხარშება, როგორც ასეთი.- გეთანხმებით, თუკი ნალექიანია, მაგრამ უნალექოსთვის ხომ წყალს ადუღებენ?- ა! რა თქმა უნდა. უნალექოც გვაქვს, არაა პრობლემა. მომყევით! - მბრძანებლურად გავიშვირე საჩვენებელი თითი სამზარეულოსკენ და დაველოდე.როგორც შევატყვე, წამით შეყოყმანდა. ალბათ იფიქრა, ამას ვინ ჰგონია თავი, ასე მბრძანებლურად რომ აძლევს მითითებებს თავისი დამქირავებლის შვილიშვილსო. თუმცა ბოლოს მაინც გაიღიმა, წარბები შუბლისკენ აზიდა და ხელით მანიშნა, პირველმა თქვენ გაიარეთო.როგორც ჩანს, ჯენტლმენობა ბაბუისგან გადაეცა მემკვიდრეობით. თვალწინ დამიდგა, როგორი მოწიწებით მელაპარაკებოდა ლიფტში, როცა დახმარებას მთავაზობდა.- მადლობა, არ არის ცუდი აზრი, - ისე წარმოთქვა, თითქოს ზავზე მთანხმდებოდა.რა თქმა უნდა, საშკამ იცოდა გზა სამზარულოსკენ, მაგრამ როგორც კი იქ აღმოვჩნდით, მივხვდი, რატომაც დამთანხმდა ყავაზე. ეგრევე შეკითხვები დამაყარა:- ესე იგი, არ შემშლია და მართლა ოთარის მომვლელი ხართ, ხომ?- მომვლელი არა, მოსამსახურე, მაგრამ დროებითი. როცა ქალბატონი ელისოს ქალიშვილი კარგად გახდება და ის უკან დაბრუნდება, მე ჩემს გზას გავუდგები.- არ მატყუებთ?- რატომ მკადრებთ ამისთანა რამეს? გიკრძალავთ ჩემთან ასეთი ტონით საუბარს! - აღვშფოთდი.- როგორც მითხრეს, ასე მოკლე დროში ბაბუაჩემისთვის ძალზე საჭირო და ახლობელი ადამიანი გახდით, - უდარდელად გააგრძელა, არც მიუქცევია ყურადღება ჩემი აღშფოთებისთვის.- სწორედ ამისთვის დამიქირავეს!- და დამქირავებელთან ყოველდღიური "დიდი გასეირნებაც" შედის თქვენს მოვალეობაში?- არც ისე "დიდი", თქვენ რომ გგონიათ! - ავიმრიზე.- გავიგე, კაფეშიც კი დაგყავთ ხოლმე, - არ მეშვებოდა.- მე კი არ დამყავს, მას მივყავარ! - წამოვიძახე მოთმინებადაკარგულმა, - მე მხოლოდ ერთხელ დავპატიჟე, როცა წვიმდა და ბატონ ოთარს შინ ჯდომა მოჰბეზრდა. ყოველ შემთხვევაში...- ყოველ შემთხვევაში, ნარდსაც თამაშობთ. - წინადადება გამაწყვეტინა და თვითონ დაამთავრა იმ განსხვავებით, რომ მე ნარდის ხსენებას სულ არ ვაპირებდი.მომეჩვენა, თითქოს მის თვალებში მხიარული ნაპერწკლები გაკრთა.- თქვენ საიდან... - მინდოდა მეკითხა, საიდან იცით-მეთქი, მაგრამ მივხვდი, წეღან ნიუ-იორკის საუბრები რომ მიხსენა, სწორედ იქიდან ჰქონდა ასეთი დეტალური ინფორმაცია, - ქალბატონი ანა გელაპარაკათ ჩემზე?პასუხი მაშინვე არ გაუცია. უბრალოდ, მიყურებდა და სკრუპულოზურად მათვალიერებდა. რატომღაც, ვიფიქრე, ჩემი თვალების ფერი მოეწონა-მეთქი, ისეთი გამომეტყველებით მიმზერდა.- ქალბატონი ანა დედაჩემია.- ააა, გასაგებია. და დაგავალათ მოსულიყავით და შეგემოწმებინეთ?- ნუ... ცოტათი შეშინებულია, რაც არ მიკვირს. მე პირადად მესმის მისი.- რა... რა გესმით? გგონიათ მე ბატონი ოთარის ფულები მინდა? - ყელის სიმები დამეჭიმა, ისეთი ვიწივლე, - რომ მას თავი მოვაწონე და... შე... - შევაბი-მეთქი, უნდა მეთქვა, მაგრამ დროზე დავაჭირე ენას კბილი, იაფფასიანი ქალის შთაბეჭდილება არ დავტოვო-მეთქი.- რატომ მეჩხუბებით? - სრულიად მშვიდად წარმოთქვა, - ანა გადასარევად იცნობს მამამისს, მაგრამ არ გიცნობთ თქვენ. არ შეიძლება მისი დადანაშულება იმაში, რომ თავის მამაზე ზრუნავს და მისი ბედი აწუხებს.- ესე იგი, როგორც კი დაგირეკათ, თქვენ მაშინვე აქეთ გამოქანდით, რათა დარწმუნებულიყავით, რომ მე...- მე აქ ახლოს საქმე მქონდა, ამიტომ არანაირ პრობლემას არ მიქმნიდა, ცოტა ხნით შემომერბინა.- საშკა, ჩემო ბიჭო! - გაისმა ამ დროს ბატონი ოთარის სიხარულით სავსე ბარიტონი.შევხედე ჩემს დამქირავებელს და ცოტათი გამიხარდა კიდევაც, რომ ყურთ კარგად არ ესმოდა, - როგორ მიხარია შენი დანახვა! - მამისაშვილმა მაჭავარიანს მძლავრად ჩამოართვა ხელი, - აშკარაა, ნენე უკვე გაიცანი, - გაბრწყინებული სახით გააგრძელა, - კიდევ არ მჯერა, რომ ასე გამიმართლა. ჯერ ქალბატონ ელისოსთან, ახლა კი ნენესთან. ოქრო გოგოა.- ბატონო ოთარ, კი გვინდოდა ყავა გარეთ დაგველია, მაგრამ სიტუაცია რახან შეიცვალა, აქ ხომ არ მოგართვათ? - შევეკითხე. ვიცოდი, რომ საშკა გამომცდელად მაკვირდებოდა, მაგრამ დავიკიდე.- იქნებ ყველანი ერთად გავსულიყავით ბაღში? - შემოგვთავაზა მოხუცმა.- ხომ არ მომეხმარებოდით ფინჯნებისა და ნამცხვრის გატანაში? - თავაზიანად ვკითხე საშკას, თუმცა არ შემიხედავს.ხომ შეიძლება რაღაც სასარგებლო მანაც გააკეთოს? - გულში ვიცინოდი. ვერცხლისფერ სინზე დადებული ჩემთვის განკუთვნილი პატარა ფინჯანი უფრო მოზრდილით შევცვალე უნალექო ყავისთვის, გვერდით თეფშით ნამცხვარი მივუდე, სტუმარს ხელში მივაჩეჩე და ახლა კმაყოფილი ვუყურებდი, როგორ გადიოდნენ სამზარეულოდან ბაბუა და შვილიშვილი.მე კი ყავის მომზადებას შევუდექი. პარალელურად, მადუღარაც ჩავრთე, რათა საშკასთვის უნალექო ყავა გამეკეთებინა.ისე, უნდა ვაღიარო, რომ მეც ნალექიანი ყავა მიყვარს, უბრალოდ, ბატონი ოთარის ხათრით ვუღალატე ჩვეულებას და უნალექოს "მივეძალე", სანამ მასთან ვმუშაობდი.თან ვსაქმიანობდი, თან ოთარის ქალიშვილზე ვფიქრობდი. არ ვამტყუნებდი, "დაზვერვაზე" შვილი რომ გამოგზავნა. მსგავს სიტუაციაში ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა. მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მამამისს არ ატყუებდნენ და ფულის "დაცინცვლას" ადგილი არ ჰქონდა.- ნენე, ერთი ფინჯანი დაგავიწყდათ, - შემახსენა მოხუცმა, როცა ადუღებული ჩაიდანი და ჯეზვეთი მოდუღებული ყავა ბაღში გავიტანე.რა თქმა უნდა, მადლობის მეტი რა მეთქმოდა, ბატონი ოთარი შვილიშვილის თანდასწრებით მეც რომ მეპატიჟებოდა ყავაზე და ჩემი ფინჯანი მოისაკლისა, მაგრამ თავად საშკა რა აზრის გახლდათ ამაზე? იქნებ პატივცემულ მაჭავარიანს მამაკაცების კომპანიაში მარტო სურდა დარჩენა და მდედრი მისთვის სრულიად მიუღებელი იყო? მაინც შევიკავე თავი და თავაზიანად მივუგე:- მე ვახშამს უნდა მივხედო, ბატონო ოთარ, თან დიდად არ მინდა ამწუთას ყავა, - და გავუღიმე.- რახან ასეა, ვერ დაგაძალებთ, - ხელები გაშალა მასპინძელმა და შვილიშვილს მიუბრუნდა, - სხვათა შორის, ყველა სიკეთესთან ერთად, ნენეს ბრწყინვალე განათლება აქვს მიღებული, შესანიშნავად ერკვევა მარკეტინგულ საქმიანობაში და შენ წარმოიდგინე, ისტორიაშიც. გამიმართლა, რომ დახმარედ მომევლინა. საოჯახო საქმეებს უზადოდ უძღვება.- როგორ, უნივერსიტეტის დიპლომი გაქვთ? რა სპეციალობით? - დაინტერესდა საშკა.ამჯერად მომიწია შემეხედა. ნაცრისფერ თვალებში ჩავხედე და ამოვთქვი:- ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე და მარკეტინგის კურსები გავიარე.როცა სახლისკენ გავბრუნდი, ყურმოკვრით გავიგონე, როგორ უთხრა ოთარმა შვილიშვილს:- თალაკვაძის თანაშემწედ მუშაობდა ექვის წელი. შენ ხომ იცი ეგ ფირმა? თანაც, სამ უცხო ენას ფლობს თუ ოთხს.საშკას პასუხი, რა თქმა უნდა, არ გამიგონია, მაგრამ გულში ვზეიმობდი. ახლა მაინც ხომ მიხვდება, რატომ აღმოვჩნდი იმ დღეს მასთან ერთად ლიფტში? თუმცა მისთვის მაინც გამოცანად დარჩება ის ფაქტი, რატომ არ ვისურვე მასთან გამოლაპარაკება და რატომ ვიყავი ცუდ ხასიათზე. ცუდ ხასიათზე ვიყავი კი არა, შიგნიდან ვდუღდი, მთელი შიგნეულობა მეწვოდა გრილზე დატრიალებულ წიწილასავით. თუმცა სამსახური რომ დავტოვე, მისთვის გასაგები იქნებოდა, იმ დღეს ისეთი არეული ვიყავი და რადგან ბაბუამისთან მოვხვდი, ეს უკვე თავისთავად მეტყველებდა ამაზე. და რა გასაკვირი იყო, წუთის წინ სამსახურდაკარგულ ადამიანს მასთან ლაპარაკის სურვილი არ გასჩენოდა? იმედია, ამას მიხვდებოდა.სხვათა შორის, საშკა მაჭავარიანი ჭკვიან ადამიანად მომეჩვენა, თუმცა ჩემთვის სულერთი იყო, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა ჩემზე იმ დღეს ან თუნდაც ახლა. ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, ჩემი ნებით დავტოვე სამსახური თუ გამათავისუფლეს? არანაირი მიზეზი არ მქონდა, ახსნა-განმარტება მიმეცა, თუ რატომ წამოვედი რეზის კომპანიიდან.ალბათ, მთლად დადებითად არ ვარ მის მიმართ განწყობილი-მეთქი, გავიფიქრე. როგორც ჩანს, არ მომწონს ეგ ტიპი და მორჩა.ბატონი ოთარის გვერდით მშვიდად ვცხოვრობდი, ახლა კი, საშკას დამსახურებით, ეს სიმშვიდე დამერღვა. თუმცა შეიძლება ეს არც ისე ცუდი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.ვახშმის მომზადება სწრაფად დავამთავრე და როგორც დავინახე ფანჯრიდან, რომ ბაბუა და შვილიშვილი სახლისკენ მოაბიჯებდნენ, მაშინვე ჩემს ოთახში ავიძურწე.ალბათ, უკვე წასვლას აპირებს. რა აუცილებელია, მაინცდამაინც დავემშვიდობო? ჩემი სტუმარი ხომ არაა? ბოლოს და ბოლოს, მოსამსახურე ვარ და არავინ მავალდებულებს, სტუმარი ჭიშკრამდე მივაცილო და ხელი ვუქნიო დამშვიდობების ნიშნად.ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოვედი, როცა საშკას მანქანის ძრავას ხმა გავიგონე. კიბე ჩავირბინე და სამზარეულოში შევედი. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთარიც შემოვიდა.- წავიდა საშკა, - მამცნო მან.- გაგიხარდათ რომ გესტუმრათ, არა? - შევცინე. სულაც არ იყო საჭირო, გაეგო საშკას ვიზიტის ნამდვილი მიზეზი. ამის გამო გული არ უნდა სტკენოდა. არც ის მითქვამს, დიდად არ მომეწონა შენი შვილიშვილი-მეთქი, რადგან ესეც არანაკლებ ეწყინებოდა.- რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებთ იმას, რომ დღემუდამ დაკავებულია.- ასე თქვა, აქეთ რაღაც საქმე მქონდაო.- მას ყოველთვის აქვს რაღაც საქმე, - ოთარის ხმაში სიამაყემ გაიჟღერა, - ის "ელეისერის" უფროსია, დამფუძნებელი. ალბათ, გაგიგონიათ ეს ფირმა.გაოცებული მივაჩერდი. "ელეისერი" ვის არ გაუგია? თუ ვინმეს ელექტრონიკასთან შეხება აქვს, მის არსებობაზე ყველამ იცის. ეს კორპორაცია ყველა სახის ელექტროტექნიკას და მოწყობილობას ყიდის. და საშკა უძვება ამხელა ფირმას? საღოლ, ბიჭო?!- მართლა? კომპანია როგორ არ ვიცი, მაგრამ თუ თქვენი შვილიშვილის იყო, ეგ ნამდვილად პირველად მესმის, - ღიმილი მოვიშველიე ჩემი შეცბუნების გადასაფარავად. თუმცა არც ამ ამბის გაგების შემდეგ შემცვლია მასზე წარმოდგენა. არ მომეწონა და მორჩა! აქ დავსვი წერტილი.- მშვენიერ შედეგს მიაღწია, სხვათა შორის, სულ თავისით, სხვისი დახმარების გარეშე, - სიამაყით მამცნო ბაბუამ.ო, ეს რბილად იყო ნათქვამი, მე ვიტყოდი, ზედმეტი მოკრძალებით. "ელეისერი" საკმაოდ მსხვილი ფირმა გახლდათ, არაფრით ჩამორჩებოდა თალაკვაძის "რეზისთალს".- ჰო, მართლა, ჩემს ბიჭს ძალიან მოეწონა თქვენი ნამცხვარი, - დაამატა ოთარმა.- მართლა? - მხიარულად ვუპასუხე, - არც ვახშამი გვექნება ურიგო - კარტოფილის სალათა და შემწვარი ქათმის ფრთები.- ოოო, ეს ის სალათაა, ამას წინათ რომ გამასინჯეთ? დიდებული იყო, ოქრო გოგო ხართ! - გაუხარდა ჩემს დამქირავებელს.კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მერე კი სავახშმოდ სუფრის გაშლას შევუდექი და საშკა დროებით გადავივიწყე.გავიდა რამდენიმე დღე და დაკარგული წონასწორობა კვლავ აღვიდგინე, თუმცა სამშაბათს ისევ ეიფორიაში ჩავვარდი.ბატონი ოთარი არასდროს მექცეოდა ისე, როგორც შინამოსამსახურეს, მასთან ურთიერთობაში თავს ყოველთვის ოჯახის წევრივით ვგრძნობდი, უფრო სწორად, საპატიო სტუმარივით.სადილს როგორც კი მოვრჩით, ჩემმა დამქირავებელმა, როგორც ყოველთვის, წაუთვლიმა. მე სამზარეულოში ვფუსფუსებდი, ვახშმისთვის მწვანილს ვარჩევდი და საჭირო ინგრედიენტებს ვილაგებდი მაგიდაზე. ამ დროს კარი მოულოდნელად გაიღო და არც მეტი, არც ნაკლები, ზღურბლზე საშკა მაჭავარიანი გაიჩითა.გაოგნებულმა ავხედე მოჩვენებასავით გამოცხადებულს:- მანქანა სად გააჩერეთ? ხმა არ გამიგონია.ღმერთო ჩემო, აქ საიდანღა გაჩნდა? - გავიფიქრე უკმაყოფილომ და გულგრილად შევუდექი ხელების ჭურჭლის ტილოთი შემშრალებას.- ტრასიდან ფეხით გადმოვედი. ვიცოდი, ამ დროს ბაბუაჩემს რომ ეძინა და არ მინდოდა გამეღვიძებინა.- იმის შესამოწმებლად მოხვედით, ხომ არ გავიქეცი და თან არ გავიტაცე ოჯახის ოქროულობა? - თვალები რისხვით დავაკვესე.პასუხად საშკამ ისე მიმზიდველად გამიღიმა, რომ კინაღამ დავივიწყე, მისადმი არც ისე კეთილად რომ ვიყავი განწყობილი.- რა უიღბლოდ დავიწყეთ ნაცნობობა, - თქვა და ხელი გამომიწოდა.მტრულად მივაჩერდი, არავითარი სურვილი არ მქონდა, ხელი ჩამომერთმია.- რამე გნებავდათ? - ფრთხილად ვკითხე.- რა თქმა უნდა. ჩვენ ორივეს გვინდა რაღაც, - საშკამ ხელი ჩამოუშვა.- მართლა?- ყავას არ მომიდუღებთ?ელექტროჩაიდანი ბოლომდე შევავსე წყლით და ჩავრთე.არა მგონია ამხელა გზა იმისთვის გამოევლო, ჩემთან ერთად ყავა დაელია და აქეთურ-იქითურზე ელაყბა.- იმედია, შემომიერთდებით... - ალმაცერად გამომხედა, მამოწმებდა, რა რეაქციას მოახდენდა მისი შემოთავაზება ჩემზე.- ნამცხვარს მიაყოლებთ? - გადავწყვიტე, გამეტარებინა მისი შეკითხვა.- არ მისმენდით, რა გითხარით? - არ მომეშვა საშკა.უეცრად ვიგრძენი, რომ ახლა გამეცინებოდა, ტუჩებიც კი შემერხა, მაგრამ შევძელი თავის შეკავება. მას რომ შევხედე, შევნიშნე, რომ დაჟინებით მოშტერებოდა ჩემს პირს. თავი ვაიძულე, სერიოზული სახე მიმეღო, მაგიდაზე ორი ფინჯანი შემოვდგი, ყავა და შაქარი ჩავყარე და ადუღებული წყალიც დავასხი. მერე ორი ნაჭერი ნამცხვარი თეფშზე დავდე და საშკას ფინჯნის გვერდით დავდე.ხელით მანიშნა, შენც დაჯექიო და მეც არ დავაყოვნე.რა სიმპათიური ვინმეა, ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასეთი საოცარი ფერის თვალები.- როგორც ვატყობ, საუბრები ნიუ-იორკიდან მეტად აღარ ყოფილა, - თავხედურად დავიწყე, - მაშინ რა გვინდა? რაღაც გული მეუბნება, რომ ბატონი ოთარის ჩემი მისამართით ნათქვამი კომპლიმენტები და თქვენი დღევანდელი ვიზიტი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. არ ვცდები?- გამჭრიახი გონება გაქვთ, ქალბატონო ნენე! - გამიღიმა საშკამ.ეჭვნარევი მზერით გავხედე, მაგრამ როგორც კი ჩემი მზერა დაიჭირა, მსწრაფლ მოვაცილე თვალი.- ესე იგი, არც ისე ცუდი ნამცხვარი გამომდის და არც ისე სულელი ვარ. ეს უკვე კარგია. შემდეგ რა?- მაინტერესებს, აქედან მალე აპირებთ წასვლას?- როგორ გითხრათ. ქალბატონ ელისოს თუ დავუჯერებთ, მომდევნო კვირის ბოლოს დაუბრუნდება სამუშაოს.- და ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებთ?სკამის საზურგეს მივეყრდენი.- შემთხვევით, თქვენ ხომ არ არ მთავაზობთ, თქვენი შინამოსამსახურე გავხდე? - სიცილი ამიტყდა.- არა, მოსამსახურე ნამდვილად არ მჭირდება, - მშვიდად მომიგო.- რა თქმა უნდა, - უფრო ჩურჩულით ვთქვი, ვიდრე მის გასაგონად, - თქვენს ოჯახში ალბათ საშინაო საქმეებს თქვენი მეუღლე ან მეგობარი გოგონა უძღვება.- არც მეგობარი გოგონა მყავს და არც ცოლი.- როგორ, დაოჯახებული არ ხართ?- არა. არც არავინ ცხოვრობს ჩემ გვერდით, მარტო ვარ, - მიპასუხა, - მართალია, ერთი კეთილი არსება მოდის ხოლმე სახლის დასალაგებლად და ხანდახან სადილის მოსამზადებლადაც, მაგრამ ეგ არ ითვლება. თქვენ რა, ასე ძალიან მოგწონთ ოჯახური საქმიანობა? შემდგომშიც გინდათ გააგრძელოთ?- არა. უბრალოდ, ცოტა პაუზა მჭირდებოდა. აწი კი მზად ვარ, ჩემს ძირითად პროფესიას დავუბრუნდე.- თალაკვაძესთან აპირებთ დაბრუნებას? - დაინტერესდა.- არა, - ცივად წამოვიძახე, - და ეგრევე ვუპასუხებ თქვენს მორიგ შეკითხვასაც - მე არავის გავუთავისუფლებივარ.- მაგრამ ხომ წამოხვედით? იქნებ მომიყვეთ, რატომ?- ჩვენ ისე კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ გული გადაგიშალოთ.- მართალია, მაგრამ მგონი დროა გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. - თქვა და ნამცხვრის ლუკმა პირში შეიცურა.- ჩემი წარსულის გაძარცვა დაისახეთ მიზნად?- რას ამბობთ! მსგავსი რამ აზრადაც არ გამივლია. უბრალოდ, მაინტერესებს, თუ საიდუმლო არ არის.- საიდუმლოა.ჩაიცინა, ლუკმა გადაყლაპა და ეშმაკური მზერით მომაჩერდა:- ბევრი საიდუმლო გაქვთ?- იმდენი, რამდენიც შეიძლება ამ ხელისგულზე დაეტიოს, - მეც ეშმაკურად მივუგე და ხელისგული გავუშვირე.მაშინვე გამოსწია ხელი, თითქოს მკითხაობა გადაწყვიტაო, მე კი სწრაფად ზურგს უკან დავმალე.ისევ მომაჯადოებლად გამიღიმა, თავი გვერდზე გადახარა და კვლავ ამიხირდა:- ანუ არ მომიყვებით?- არა, ეს თქვენი საქმე არ არის. მე, უბრალოდ, ძალზე დაბნეული ვიყავი.- კარიერული ზრდა გიზიდავთ?- რა თქმა უნდა. ჩემი პრიორიტეტების სიაში იგი ამ მომენტში პირველ ადგილზეა.- ჰო-ო? სინტერესოა, მეორე ადგილი რას უკავია.- ბინის მოძებნას, - არ დავახანე, ეგრევე ვუპასუხე.- რა-აა? - ყური მომიშვირა, ხომ არ მომესმაო, - უბინაო ხართ? კი მაგრამ, აქამდე სად ცხოვრობდით?- არა, უბინაო არ ვარ. ჩემს სახლში ვცხოვრობდი, თბილისში.- მშობლებთან?- ჩემი მშობლები კარგა ხანია დაშორდნენ ერთმანეთს.- ააა, დედასთან, ალბათ, ხომ?- ღმერთო ჩემო, დისერტაციას იცავთ ჩემს ბიოგრაფიაზე? კიდევ რამდენ ხანს უნდა დამისვათ შეკითხვები? უსასრულოდ? - გავღიზიანდი, მაგრამ მისი ღიმილის დანახვისთანავე, ჩემდა გასაკვირად, ვთქვი:- მამასთან ვცხოვრობ და კიდევ... დედინაცვალთან. დედა ცალკეა, თავისთვის.- ოუჰ... - წამიერად შეეცვალა გამომეტყველება, უცებ დასერიოზულდა.- რა? რა ვერ არის ისე? - ავიმრიზე.- როგორც მივხვდი, ავი დედინაცვალი გყავთ, არა? - ღიმილმა ისევ დაიპყრო მისი ტუჩები.ისევ გულიანად მომინდა გაცინება. როგორ ახერხებს ეს ბიჭი ჩემს გაცინებას მაშინაც კი, როცა მასზე ვბრაზობ?- თუნდაც ასე იყოს. და რა მერე? - მტრულად მივაჩერდი, თუმცა ერთი სული მქონდა, გადამეხარხარა.- რა და... - წამით შეყოვნდა, - თქვენი მეორე პრობლემის გადაჭრას არ შევუდგები, მაგრამ პირველის გადაჭრაში დახმარება შემიძლია.- გინდათ მითხრათ, რომ თქვენს კომპანიაში ჩემთვის ადგილი მოიძებნება? გაქვთ თანაშემწის ვაკანსიები?- გარკვეულ პერიოდებში, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა იშვიათად, რადგან თანაშემწის ვაკანსიებს უფრო შიდა თანამშრომლების გადაკვალიფიცირებით ვახდენთ, ძირითადად მდივნების.- მაგრამ, როგორც მივხვდი, ახლა ერთი თავისუფალი ადგილი გაქვთ, რომელიც ჯერ არ არის დაკავებული?- მითხარით, ნენე, რამდენ ხანს მუშაობდით "რეზისთალში"?ღმერთო, მგონი, გასაუბრებას მიტარებს!- ხუთი სრული წელი, ეს მეექვსე იყო.- სხვაგან არსად გიმუშავიათ?არა, მაგის საჭიროება არასდროს დამდგომია, მაგრამ რა ვიცი, იქნებ ამას ახლა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის? გადავწყვიტე, ჩემი ბიოგრაფიისთვის ცოტა მაკიაჟი დამემატებინა და მოვუხიე:- სტუდენტობისას ბიზნესკურსები გავიარე მენეჯმენტის განხრით და ცოტა ხანს ჩემი მეგობრის რესტორანში ამ კუთხით ვმუშაობდი.არა უშავს, უვნებელი ტყუილია. თუ ამის დამტკიცება დამჭირდა, ეთოს დავიხმარებ, მამამისს ხომ აქვს რესტორანი სანაპიროზე.- "რეზისთალში" თავიდანვე თანაშემწის ადგილი გეკავათ?- არა. ამ თანამდებობაზე რეზი თალაკვაძემ მხოლოდ სამი წლის შემდეგ გადამიყვანა. - გამიკვირდა, ასე უემოციოდ რომ წარმოვთქვი მისი გვარ-სახელი. მოულოდნელად ვიგრძენი, რომ მას ჩემს გულში რჩეულის პოსტი უკვე აღარ ეკავა.- ანუ თვით თალაკვაძის ასისტენტი იყავით? შთამბეჭდავია. როგორც ჩანს, კარგი სპეციალისტი ხართ."ჰო" რომ ვუპასუხო, მოკრძალებული პასუხი არ გამომივა, არა? თუმცა... რას გავუბი ამდენი საუბარი? საკმარისია ეს დაკითხვები, უკვე ყელში ამომივიდა!- მომისმინეთ, - ქედმაღლური ტონით ავლაპარაკდი, - თუ თქვენ ახლა გასაუბრებას მიტარებთ და ჩემი გამოკითხვის სხვა მიზეზი არ გაქვთ, იქნებ ის მაინც მითხრათ, რა სამუშაოს მთავაზობთ? და საერთოდაც, გაქვთ ჩემთვის სამუშაო თუ, უბრალოდ, საკუთარ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებთ?- ხმ... ხმ... - ჩაახველა და მცირეოდენი პაუზის შემდეგ გააგრძელა, - სამუშაო მაქვს...- პირადი თანაშემწის? - ეს ისე ვკითხე, ვაგრძნობინე, სხვა თანამდებობაზე თანახმა არ ვარ-მეთქი.- ჰო, მაგრამ მხოლოდ დროებით. მუდმივი შტატი ჯერ არ არის.- დროებითი არ მაინტერესებს! - მაშინვე დადარაჯებულივით მივახალე, თითქოს სწორედ ამის თქმას ველოდი, - და საერთოდ, არც ვარ დარწმუნებული, მაინტერესებს თუ არა თქვენს კომპანიაში მუშაობა.- ეჭვი არ მეპარება, რომ გაინტერესებთ, - თავდაჯერებულად მომიგო.- რატომ არ გეპარებათ ეჭვი? - მუქარის ტონი მოვიშველიე.- ძალიან გამოგადგებათ ის გამოცდილება, რასაც ჩვენთან მიიღებთ. როგორც ჩემი პირადი თანაშემწე, თქვენ...- თქვენი პირადი თანაშემწე? - გავაწყვეტინე.- ჯერ ზუსტად ვერაფერს გეტყვით. კარგი თანაშემწე მყავდა, დიდი ხანი იმუშავა ჩემთან, მაგრად ვუგებდით ერთმანეთს. ხანდახან თქმაც არ მჭირდებოდა, ისე ხვდებოდა ჩემს აზრებს.- და ახლა მისი დათხოვა გადაწყვიტეთ?- არა, არა, ასე არ არის. უბრალოდ, გათხოვილია. ახლა ორსულადაა და მალე დეკრეტული შვებულება უწევს. ამიტომაცაა დროებითი. ცოტა ხანს კიდევ დარჩება, თუმცა ძველებურად ვერ მუშაობს, მალე იღლება, ვეღარ ქაჩავს ორსულობის გამო. დეკრეტი რომ დაუმთავრდება, ისევ დაბრუნდება, რაც მე ძალიან გამახარებს. მიჩვეული ვარ მასთან მუშაობას.- რაღაც ისეთი დანანებით ამბობთ, დარწმუნებული არ ხართ, რომ დაბრუნდება?- არ ვიცი. გააჩნია, როგორ მოახერხებს სამსახურის და დედობის შეთავსებას. ისეთი ენერგიით მუშაობდა და იმდენ საქმეს აკეთებდა, ვფიქრობ, გაუჭირდება.უცებ ვიგრძენი, რომ ჩემში ინტერესმა გაიღვიძა. მერე რა, რომ ეს კაცი დიდად არ მეპიტნავება, მაინც დავიწყებ. ყოველ შემთხვევაში, მასთან მუშაობა სულაც არ შემიშლის ხელს სხვა სამსახურის ძიებაში. ცოტა ხნით მის მიმართ ანტიპათიას დავივიწყებ. თუ არ დავთანხმდე?.. ვყოყმანობდი. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებმა ჩემში ხელჩართული ბრძოლა გამართეს. თუმცა, როგორც თვითონ თქვა, საკმაო გამოცდილებას შევიძენ. როცა რეზისგან წამოვედი, რამდენიმე დღე ვერ ვიაზრებდი, უმუშევრად დარჩენილი უბედური უფრო ვიყავი თუ შეშინებული. ცალ-ცალკე ორივე ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ სხვანაირად ვგრძნობდი თავს, იმ დღეს კი სულ სხვანაირად. წარმოიდგინეთ, თან უმუშევარი დავრჩი, თან სასოწარკვეთილი, თან გაწბილებული. ახლა კი ახალი პერსპექტივა მეჭყანებოდა. როგორც იქნა, გავისიგრძეგანე მოცემული სიტუაცია და მყის მივიღე გადაწყვეტილება:- როდის გინდათ დავიწყო?- ასე სწრაფად, არა, ნენე, ჯერ კონკრეტული არაფერი შემომითავაზებია.უეცარი ელდა ვიგრძენი. შეცბუნებული გავწითლდი. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს წვენგამოწურული ბროწეულივით მომიშორა. მივხვდი, რომ რამდენიმე წუთის წინ ხავსს კი არა, ჰაერს ჩავეჭიდე და უკვე მიწისკენ მივექანებოდი დასანარცხებლად.მიუხედავად ამისა, მაქსიმალური სიმშვიდით წარმოვთქვი:- მაპატიეთ, მე მეგონა... თქვენ...- ძალიან ვწუხვარ, - მომიბოდიშა საშკამ და თავაზიანად შემომღიმა, - არ ვარ მიჩვეული გასაუბრებების ჩატარებას. ქეთისთვის არც მითქვამს, მის შემცვლელს რომ ვეძებდი. გამაფრთხილა, არავისთვის მეთქვა. სამსახურში ჯერ არ უნდა გამეჟღერებინა მისი ორსულობის ამბავი. ცოტა ცრუმორწმუნეა და არ სურს ჯერ-ჯერობით ორსულობის გასაჯაროვება.ერთხელუკვემოეშალამუცელი.- მერედა, თუ არ იცის, არ ეწყინება, მის შემცვლელს რომ უკვე ეძებთ?- ისე მოვაწყობ, რომ არ ეწყინოს. ჯერ მინდოდა თქვენ გაგსაუბრებოდით. იქნებ არ მთანხმდებოდით. მერე ოფისში მოსვლას გთხოვდით, ქეთის გაგაცნობდით. მასაც გაესაუბრებოდით და ბოლოს მეტყოდა, გამოდგებოდით თუ არა მის შემცვლელად.- ეს იგი, გადამწყვეტი "ჰო" თუ "არა" მან უნდა თქვას? - ცოტა არ იყოს, განვიხიბლე.- მთლად ასეც არ არის, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ, მაგრამ მის აზრსაც ვითვალისწინებ, იმიტომ, რომ ვიცი, ცუდს არ მირჩევს.მცირე ხნით გაუსაძლისი დუმილი ჩამოვარდა. არც ერთმა არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა. სიჩუმეს მხოლოდ საშკას ერთმანეთის გვერდით დაწყობილი თითების მაგიდის ზედაპირზე კაკუნი არღვევდა, თითქოს უნიჭოდ უკრავდა ფორტეპიანოზე.ბოლოს ეს ჩემთვის მომაკვდინებელი დუმილიც დაირღვა. მაჭავარიანმა მოსხლეტით აიქნია თითები, ერთმანეთში გადახლართა და თავისი სხივოსანი ღიმილით მომაჩერდა:- მოდი, ასე მოვიქცეთ. იმ კვირის დასაწყისში დაგირეკავთ, ორშაბათს ან სამშაბათს, მანამ კი თქვენც გექნებათ მოფიქრების დრო. - თქვა და უცებ ფეხზე წამოდგა.მივხვდი, რატომაც. გარედან ჯოხის კაკუნით მოახლოებული ნაბიჯების ხმა მოისმა. ბატონ ოთარს გაღვიძებოდა და თავისი ტროსტით სამზარეულოსკენ მოემართებოდა.წამიც და ისიც შემოვიდა.- საშკა! - გახარებულმა წამოიძახა, - არ მინახავს, როდის მოხვედი, არც ხმა გამიგონია. მანქანით არ ხარ?- კი, ბაბუ, როგორ არ ვარ, მაგრამ ვიფიქრე, ცოტა ფეხებს გავმართავ-მეთქი და ტრასაზე დავტოვე, ზოიძეების ჭიშკართან. აქამდე ფეხით მოვსეირნდი.ოთარის შემოსვლისთანავე ავდექი და ყავის მოხარშვას შევუდექი. ბატონ ოთარს ძილის მერე ხომ ყავის დალევა უყვარდა.სანამ მისთვის ყავას მოვამზადებდი, ბაბუა და შვილიშვილი გარეთ გავიდნენ ოთარის მანქანის სანახავად, რომელიც, როგორც ბაბუამ აუხსნა, ბოლო დროს რაღაც ხმებს უშვებდა.მინდა კი საშკა მაჭავარიანთან მუშაობის დაწყება? ამ რამდენიმე დღეში ეს კარგად უნდა მომეფიქრებინა, რათა ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიმეღო. გული იმაზეც მეთანაღრებოდა, რომ სწორედ იმ შენობაში მომიწევდა სიარული, სადაც ჩემი ძველი სამსახური მდებარეობდა. თავისუფლად შეიძლებოდა რეზის გადავყროდი. რა რეაქცია მექნებოდა მის დანახვაზე? არ ვიცი. არც ის ვიცი, როგორ შეხვდებოდა იგი იმ ამბავს, რომ სხვა კომპანიაში გადავედი სამუშაოდ და მის ცხვირწინ თითქოს ჯიბრზე ვიტრიალებდი.გაგრძელება