ეს საშინელი, მაგრამ ნამდვილი ამბავი 1930-40-იან წლებში მოხდა, თუმცა დუპლესის მსხვერპლი ბავშვების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 50 წლის შემდეგ გახდა ცნობილი. დღეს ძნელი დასაჯერებელია, რომ განვითარებულ და ძლიერ კანადაში არსებობდა ბავშვთა თავშესაფარი, რომელშიც პირობები საშინელ ციხეს ჰგავდა.
აღსაზრდელთა უმეტესობა სულაც არ იყო ობოლი, რადგან ისინი სრულუფლებიან კანადურ ოჯახებში დაიბადნენ. თუმცა, იმ პერიოდისათვის ღარიბი უბნებიდან ან კიდევ იმ ოჯახებიდან მიჰყავდათ ბავშვები, რომლებშიც წყვილები ეკლესიაში ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები და ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი. იმდროინდელი მკაცრი რელიგიური კანონების თანახმად, ისინი ცოდვილებად ითვლებოდა და, შესაბამისად, იქ ბავშვები სწორად ვერ აღიზრდებოდნენ.
ყველა ეს ქმედება პრემიერ მინისტრის ნობლე დუპლესის თანხმობით ხორციელდებოდა. იგი გულმხურვალე კათოლიკე იყო და სასტიკად მოითხოვდა, ყველას ეკლესიურად ეცხოვრა. მთავარ მისიად კი მიიჩნევდა, რომ "ცოდვილი" მშობლებისგან ბავშვები თავშესაფარში უნდა წამოეყვანა და ჭეშმარიტ მოქალაქეებად აღეზარდა. ხანდახან მარტოხელა დედები, რომლებსაც თავიანთი შვილების ნათელი მომავლის სჯეროდათ, თავად თმობდნენ ბავშვებს იმ იმედით, რომ იქ უკეთ იქნებოდნენ. თუმცა, იქ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც გარედან ჩანდა...

ლუსიენ ჰედრი მრავალი წლის განმავლობაში დუპლესის ბავშვთა სახლის აღსაზრდელი იყო. მან არა მხოლოდ გადარჩენა შეძლო, არამედ მოგვიანებით ბავშვთა სახლის ობოლთა უფლებების დაცვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ყვებოდა ამბებს, რომლებიც ბევრს არ სჯეროდა...
ბევრი სხვა ბავშვის მსგავსად, ლუსიენიც ფსიქიკურად დაავადებულად აღიარეს, ვინაიდან ასეთი ბავშვები სახელმწიფოსგან მეტ შეღავათებსა და სუბსიდიებს იღებდნენ. შემოსული თანხა მოსწავლეთა კვების გაუმჯობესებასა და მოვლაზე უნდა დახარჯულიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ ხდებოდა.
"მონასტრის ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარში მივყავდით ხოლმე. ჩემს თანატოლებს ახალ წამლებზე ექსპერიმენტები უტარდებოდათ. ასმევდნენ და აკვირდებოდნენ, ამიტომაც ჩემს ასაკამდე მხოლოდ რამდენიმემ იცოცხლა..." - გაიხსენა ჰერდმა.
მთელ ამ საქმეებს ეკლესია მრავალი წლის განმავლობაში მალავდა, ხალხი კი სიმართლეს ვერ იგებდა. ის ბავშვები, რომლებიც ახერხებდნენ და სრულწლოვნობამდე ტოვებდნენ თავშესაფარს, ქუჩაში ცხოვრებისთვის და მოწყალების თხოვნისთვის იყვნენ განწირულნი.
70-იან წლებში დუპლესის რეჟიმი დაემხო, მაგრამ სიმართლე მხოლოდ 90-იან წლებში გამოიკვეთა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მრავალი ადამიანი, ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ, ჯგუფებად გაერთიანდა. ისინი ცდილობდნენ საზოგადოებისთვის დაემტკიცებინათ, რომ მათ შესაბამისი უნარები ჰქონდათ, არ იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულები, როგორადაც ბავშვთა სახლში ასაღებდნენ და ნორმალურად ცხოვრება და მუშაობა უნდოდათ.

ერთობლივი ძალისხმევით მათ რადიოში მოხვედრა მოახერხეს, სადაც ეს ამბავი უამრავ ადამიანს უამბეს. რა თქმა უნდა, მრავალი წლის წინ მომხდარი ამბის შესახებ რაიმე მტკიცებულების პოვნა უკვე შეუძლებელი იყო. თუმცა, მთავრობა მზად იყო, რომ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანებისათვის დიდი კომპენსაცია გადაეხადა. ეკლესიამ კი პასუხისმგებლობა არ აიღო და განაცხადა, რომ ამის გახსენება უკვე გვიან გახლდათ.
ლუსიენ ჰედრი იმ მცირერიცხოვან ბავშვებს მიეკუთვნება, რომელიც შედარებით იღბლიანი აღმოჩნდა. მან 19 წლის ასაკში ამ "ჯოჯოხეთიდან" თავის დაღწევა მოახერხა და ოჯახიც კი იპოვა. თუმცა, სისტემამ უამრავი ბავშვის ცხოვრება დაამახინჯა. მათზე არა მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, უსწორდებოდნენ ფიზიკურად, ძალადობდნენ და ფსიქიკურ პრობლემებს უქმნიდნენ. მას შემდეგ, რაც სიმართლე გაირკვა, გადარჩენილებმა საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული მიიღეს.