"ერთი ღამით დატოვა შვილი მარტო და ისეთი ველური საღამო მოაწყო თავის კლასელებთან ერთად, რომ პატრული დაადგათ თავზე" - მშობლები

"ერთი ღამით დატოვა შვილი მარტო და ისეთი ველური საღამო მოაწყო თავის კლასელებთან ერთად, რომ პატრული დაადგათ თავზე"

2022-07-29 10:27:09+04:00

ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

დასაწყისი

შინ მისულს სიურპრიზი დამხვდა. ესმას ახალი მოსამსახურე აეყვანა. დაახლოებით ჩემი დედინაცვლის ასაკის იქნებოდა და გარეგნობითაც რაღაცით ჰგავდა მას. გავიფიქრე, ესენი დაჭამენ ერთმანეთს-მეთქი. აბა, წარმოიდგინეთ მეორე ესმასნარი - რომელი არჩევდა დათმობას?
თუმცა მისმა გამოჩენამ გვარიანად შემიმსუბუქა ყოფა. ახლა მე აღარაფერი მქონდა გასაკეთებელი, ყველაფერს ბროლია აკეთებდა. ასე ერქვა "მეორე ესმას".
ამიტომაც შაბათი მთლიანად გამომითავისუფლდა. ჩემს ჩანაწერებს ჩავუჯექი. ყველაფერი უნდა მომეწესრიგებინა, ხელახლა დამებეჭდა და ორშაბათს საშკასთვის მიმეტანა. თუ ისევ "გრძელი ცხვირით" დამხვდებოდა, აუცილებლად ვკითხავდი მიზეზს და "საქმესაც გავურჩევდი". სწორედ სამსახურის საქმით ვიყავი დაკავებული, დეიდაჩემმა რომ დამირეკა.
- საღამოს რა გეგმები გაქვს? - მკითხა მოკითხვის შემდეგ, - უკვე ვიცი, რომ საოჯახო საქმეებით აღარ ხარ დაკავებული, - და გაიცინა.
- ვაა, საიდან იცი? - გამიკვირდა.
- მე გამოვუგზავნე ბროლია შენს დედინაცვალს. შთამაგონებელი ქალია, ძალიან მოუხდება ესმას. - ახლა უფრო გულიანად გაიცინა.
- გამოუსწორებელი ხარ, ნუცი, - მეც ვერ შევიკავე თავი და ავფხუკუნდი.
- ნენე, მჭირდები. დარხეული მაქვს და უნდა მიშველო.
- რა მოხდა? რა გაგიკეთო? შემიძლია რამე?
- შეგიძლია. საღამოს საქმიანი ვახშამი მყავს და დამხმარე მჭირდება. სულ რამდენიმე საათით. ასე უცებ ვერავინ ვიშოვე, თანაც ბევრის გადახდის თავიც არა მაქვს. - თქვა და გაჩუმდა.
ღმერთო! რაღა მაინცდამაინც დღეს! თავზე მაყრია ჩემი საქმე! მაგრამ ნუცის უარს ვერ ვეტყოდი. მიყვარდა დეიდაჩემი და იმხელა ამაგი ჰქონდა ჩემზე, ვალდებულიც კი ვიყავი, გაჭირვების ჟამს დავხმარებოდი. ასე რომ, არჩევანი არ მქონდა.
- რა კერძები უნდა მოვამზადო?
- გაგიჟდი? ყველაფერი მოგვარებულია მაგ მხრივ, მზარეულობას კი არ გთხოვ ან ოფიციანტობას. უბრალოდ, სტუმრები უნდა მიიღო. "ნაითოტელში" გვაქვს მიღება და ადამიანი მჭირდება, ვინც სტუმრებს კართან დახვდება და შემოიპატიჟებს, ეგ არის და ეგ. სიმართლე რომ გითხრა, არც უცხო მინდა ვინმე დავაყენო, თან ლამაზი და მიმზიდველი ადამიანი მჭირდება. ამიტომ გთხოვ. თანაც ბევრი უცხოელი იქნება, შენ კი იმდენი ენა იცი, მეც თავს მოვიწონებ.
- ვაა, ასე შორს წავიდა შენი დასაქმების ბიურო?
- ეგ არ არის დასაქმების ბიუროს ვახშამი, სხვა რამეა, მერე აგიხსნი. ახალ ბიზნესს ვიწყებ, პრეზენტაცია მაქვს.
- ოოო, ეგ სხვა საქმეა. კარგი, მოვალ. რომელ საათზე?
მითხრა, რომელ საათზე და სად, თუმცა "ნაითოტელის" მისამართი ისედაც ვიცოდი ჩემი ორივე შეფის "დამსახურებით". ადრეც მქონია შეხება იქაურობასთან და არა ერთხელ და ორჯერ.
სულაც არ მხიბლავდა ეს საღამო, მაგრამ დეიდას ვერ გავაწბილებდი. ბოლოს და ბოლოს, მან მიშოვა დროებითი სამსახური, როცა ძალიან მიჭირდა და მისი გამოისობით გავიცანი საშკა მაჭავარიანი. ის რომ არა, საშკას ვერასდროს შევხვდებოდი. მამაკაცის გახსენებამ ისევ დამასევდიანა. მეუცნაურა, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობდი მასზე.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ჩემი მობილური ისევ ახმიანდა. ნუცი მეგონა და არც დამიხედავს, ისე დავაჭირე მწვანე ღილაკს, თან კომპიუტერში ვწერდი.
- ალო!
საშკა აღმოჩნდა. გულმა მოღალატური დარტყმა განახორციელა. ზაფრა მეცა მისი ხმის გაგონებაზე.
- სასწრაფოდ მჭირდები. ჩემთან უნდა გამოხვიდე! - ყოველგვარი შესავლის გარეშე დამაჯახა.
სად შენთან-მეთქი, უნდა მეკითხა, მაგრამ დამასწრო:
- ჩემთან, სახლში!
- რა ხდება?
- მოხვალ და გაიგებ. რაც შეიძლება სწრაფად, გთხოვ! დრო არ ითმენს!
- ვეცდები.
- რამდენ ხანში გამოხვალ? ტაქსი გამოგიძახო?
- არა, ჩემი მანქანით გამოვალ.
- ა, შენ ხომ მანქანა გყავს. კარგი, მაშინ გელოდები.
- დიდი ხნის საქმე მექნება?
- ეს შენზეა დამოკიდებული. დროს ნუ კარგავ. მართლა ძალიან მეჩქარება.
- კარგი, ჩავიცვამ და წამოვალ. მაქსიმუმ ნახევარ საათში იქ ვიქნები.
საშკა ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, კერძო სახლში. მართალია, არასდროს ვყოფილვარ მასთან, მაგრამ მისამართი ვიცოდი. ყველა საბუთი ჩემს ხელში გადიოდა და ეგ გამომეპარებოდა? მისი პირადი საქმე ლამის დაზეპირებული მქონდა.
- მისამართი იცი?
შევცბი. არ მინდოდა მეთქვა, ვიცი-მეთქი, ამიტომ დაყოვნებლივ მივუგე:
- იმედია, მეტყვი.
- მობილურზე მოგწერ! – მოკლედ მომიჭრა და გამითიშა.
მაშინვე ნუცის გადავურეკე, ავუხსენი, რაც მოხდა და შევპირდი, ვეცდები, არ დავაგვიანო-მეთქი.
მგონი, გაუტყდა, მაგრამ რას გავაწყობდი, თავზევით ძალა არ იყო, უფროსი მიბარებდა.
წავედი. ტანსაცმელი, რომელიც საღამოს უნდა ჩამეცვა, მაინც ჩავდე მანქანაში, ვინიცობაა, შინ დაბრუნება და გამოცვლა ვერ მოვასწრო-მეთქი.
უკვე ოთხი საათი ხდებოდა. შვიდზე კი სასტუმროში უნდა ვყოფილიყავი, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ საშკას რვა საათზე მაგიდა ჰქონდა რესტორაში შეკვეთილი და დიდხანს არ დამაყოვნებდა.
ზარი როგორც კი დავრეკე, მაშინვე გამიღო და შინ შემიძღვა.
- ყავას დალევ? - მკითხა, სანამ კაბინეტამდე მიმაცილებდა.
- არა, მადლობა, უკვე დავლიე.
- სხვა არაფერი მაქვს, რომ შემოგთავაზო.
- არცაა საჭირო. მირჩევნია, დროზე შევუდგე საქმეს, მეჩქარება მეც.
- სად, პაემანზე?
- ჰო. რა, არ შეიძლება?
ნაბიჯი არ შეუნებელია, მხოლოდ თავი მოაბრუნა წინ მიმავალმა:
- შენთვის ყველაფერი შეიძლება, - და კაბინეტის კარი შეაღო.
დიდი და ნათელი კაბინეტი ჰქონდა, იმაზე ნათელი, ვიდრე ოფისში.
მაგიდას მიუახლოვდა და თაბახის ფურცლები აიღო.
- აი, ეს უნდა მითარგმნო იტალიურად და ლეპტოპში ამიკრიფო. დღესვე მაქვს გასაგზავნი.
კინაღამ წამომცდა, აქამდე სად იყავი-მეთქი, მაგრამ თავი შევიკავე. თუმცა უკმაყოფილება სახეზე შემეტყო.
- ვიცი, რომ დღეს ისვენებ და შენი შეწუხების უფლება არ მქონდა, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. ნუ გეშინია, დამატებითი სამუშაოსთვის პრემიას გამოგიწერ.
- არაა საჭირო, უმაგისოდაც გავაკეთებ, - ჩავიბუზღუნე და ტექსტს ჩავხედე.
ჩვეულებრივი ხელშეკრულების ტექსტი იყო, თარგმნას და აკრეფას დიდი დრო არ უნდა დასჭირდებოდა.
- აგერ ლეპტოპი, ეგერ მასალა. მე გჭირდები რამეში? - გულგრილად მკითხა.
- არაფერში, - გულგრილადვე ვუპასუხე და მის სავარძელში მყუდროდ მოვკალათდი.
ორ საათზე მეტხანს მოვუნდი საქმის დასრულებას. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შემოიხედა, რამე ხომ არ გჭირდებაო და როცა ჩემგან უარი მიიღო, ისევ გავიდა.
როგორც იქნა, მოვრჩი. მობილურს დავხედე, შვიდი უკვე გამხდარიყო. ხელშეკრულება ლეპტოპის გვერდით დავდე და გამოვედი.
საიდანღაც ზუზუნის ხმა ისმოდა. იმ ხმას მივყევი და სააბაზანოს მივადექი. საშკა წვერს იპარსავდა. სარესტორნოდ ემზადებოდა ბიჭი!
- მოვრჩი და გავიქეცი. - ვუთხარი, როგორც კი წვერის საპარსი გამორთო.
- ყველაფერი რიგზეა?
- როგორც ყოველთვის. - ჯიბრიანად მივუგე.
- მოიცა, გაგაცილებ.
- არ მინდა, მეჩქარება. ნახვამდის, - დავემშვიდობე და ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე.

რვას ოცი წუთი აკლდა, როცა ნუცისთან მივედი. გაუხარდა ჩემი დანახვა.
- ძალიან დავაგვიანე?
- არა, არა, ეს რა არის?
ახლაღა გავაცნობიერე, რომ ტანსაცმელი, რომლის ჩაცმასაც ვაპირებდი, ხელში მეჭირა.
- უი, ეს უნდა ჩავიცვა.
- იქით არის გასახდელი ოთახი, - ხელით მანიშნა, - არ იჩქარო, მიღება რვაზე იწყება.
თავი დავუქნიე და იქით გავეშურე, საითაც მიმანიშნა. სწრაფად გამოვიცვალე, თმა გადავივარცხნე და სარკეში ჩავიხედე. არა უშავს, ცუდად არ გამოვიყურებოდი. ყოველ შემთხვევაში, მის სტუმრებს არ დავაფრთხობდი.
ათ წუთში უკვე კართან ვიდექი სტუმრების მოლოდინში. ცოტას კი ვღელავდი, მაგრამ ვცდილობდი, თავი მომეთოკა. ასეთ სიტუაციაში პირველად არ ვიყავი, რეზის დროსაც ბევრჯერ შემისრულებია ამგვარი მოვალეობა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო, აქ არავის ვიცნობდი და არც ის ვიცოდი, სტუმრები ვინ იქნებოდნენ.
ყველას ღიმილით ვხვდებოდი, ვესალმებოდი და ვეუბნებოდი, საით წასულიყვნენ. ჩემს მოვალეობაში მხოლოდ ეს შედიოდა. თავისუფალ დროს ნუცის მივაჭრიდი, ხომ არაფერი მეშლება, ხომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ-მეთქი, ვეკითხებოდი. ასე გავრბი-გამოვრბოდი. ამასობაში ისიც გავარკვიე, რომ დეიდაჩემი საქველმოქმედო ფონდს ხსნიდა მარტოხელა დედებისთვის. გამეღიმა. ფულის იოლად შოვნის კარგი მიგნება იყო. ნუცის ასეთი რამეები არ ეშლებოდა.
- მებო არ მოვა?
- რას გაიგებ. შემპირდა, მოვალო, მაგრამ ვიცი? გენრიც იგვიანებს. მოვკლავ ორივეს! - "წაიბობოქრა" თავისებურად და დაყენებული ღიმილით მორიგ სტუმარს ჩემთან ერთად შეეგება.
"მორიგი სტურის" დანახვაზე პირკატა მეცა. იგი, არც მეტი, არც ნაკლები, საშკა მაჭავარიანი აღმოჩნდა. ჩემზე არანაკლებ გაოცებული ისე დაიბნა, წესიერად ვერც მიესალმა ნუცის. ხან მას შეხედავდა, ხან მე.
როგორც იქნა, დეიდაჩემმა ხელკავი გამოსდო და თან გაიყოლა, მე კი შემდეგი სტუმრის მისაღებად მოვემზადე.
კი მაგრამ, აქ რა უნდა? ის ხომ რესტორანში უნდა ყოფილიყო? განა მე არ შევუკვეთე ორ კაცზე მაგიდა? გუნება წამიხდა. სულაც არ მინდოდა აქ ვენახე, თანაც ამ საქმიანობით გართული. რას იფიქრებდა ჩემზე? თან როგორ ამაყად გამოვუცხადე, პაემანზე მივდივარ-მეთქი!
როცა ყველა შეგროვდა და სუფრას მიუსხდნენ, მე გავერიდე, ვერანდაზე გავედი. სახე ღამის ნიავს მივუშვირე და მოაჯირს დავეყრდენი. რა თქმა უნდა, დაინტერესდება, აქ როგორ მოხვდიო და რა ვუპასუხო? რა მოვიფიქრო? ვუთხრა სიმართლე თუ არა? ნეტავი ერთი, რაზე ვნერვიულობ, რა მისი საქმეა, შაბათობით მე რას ვაკეთებ? ვაითუ ამის გამო ამითვალწუნოს! არაა გამორიცხული.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ თავზე წამომადგა.
- ისვენებ? - დამცინავი ღიმილით მითხრა.
ყაყაჩოსავით ავღაღანდი.
- ჰო, - ცივად მივუგე.
- ამნაირ პაემნებზე დადიხარ შაბათობით ხოლმე? - ჩაიცინა და მოაჯირს ორივე ხელი ჩაავლო, თან აქანავდა.
- ჰო, - იმავე ტონით გავიმეორე.
- კარგია, - თქვა და ისევ დარბაზში შებრუნდა.
ნეტავ რა იყო კარგი? არ ვიცოდი და დიდად არც მაინტერესებდა...

შაბათის უძილო ღამის შემდეგ იმის შიშმა შემიპყრო, მაჭავარიანმა სამსახურიდან არ დამითხოვოს-მეთქი. დარწმუნებული ვიყავი, რომ შაბათის თემაზე აუცილებლად მომიწევდა მასთან საუბარი. ისედაც დროებით ვიყავი მის კორპორაციაში და ახლა მიზეზიც მიეცა ეთქვა, ქუდი დაიხურე და აქედან დაახვიეო. ამის სრული უფლება ჰქონდა, მე კი არ მინდოდა მისგან წასვლა, არც სამსახურის დაკარგვა, თუნდაც დროებითის. მომწონდა ჩემი სამუშაო და მასთან ყოფნაც - კომპანიის ჭკვიან და სიტყვაძვირ დამფუძნებელთან. ზუსტად ვიცოდი, ჩემს იქ დანახვაზე რაც იფიქრა - რომ მე სხვაგანაც ვმუშაობდი და "ფეხის ქირას" გამოვიმუშავებდი. მართალია, შაბათ-კვირას, მაგრამ მაინც.
ესმა და ბროლია სამზარეულოში რაღაცაზე კამათობდნენ. მათი თავი არ მქონდა, ყურებში ბამბა ჩავიტენე და მუშაობა გავაგრძელე. ბათუმის ჩანაწერები უნდა დამემთავრებინა. ვინ იცის, იქნე უკანასკნელადაც ვასრულლებდი ჩემს სამუშაოს.
ორშაბათს გაირკვეოდა, რა მელოდა.

ორშაბათ დილით საგანგებოდ გამოვიპრანჭე. თუ კარისკენ მიმითითებენ, ლამაზად მაინც დავტოვო იქაურობა-მეთქი, ვფიქრობდი.
საშკა, როგორც ყოველთვის, ჩემზე ადრე მოსულიყო. მისთვლისთანავე ლეპტოპი გავხსენი, საჭირო ფაილები მოვძებნე და კაბინეტის კარზე მხოლოდ ამის მერე დავაკაკუნე.
- შემოდი! - გამომძახა. ყოველთვის ხვდებოდა, მე როდის ვაკაკუნებდი. თითქოს პაროლივით გამომდიოდა - ერთი დაკაკუნება, მოკლე პაუზა და მერე ორი - მიყოლებით.
მხრებში თამამად გავიმართე და კარი შევაღე. მან თავი ასწია და არაფრისმთქმელი მზერით შემომხედა.
- დილა მშვიდობისა, - მივესალმე, - აი, მზადაა ყველაფერი.
- რა არის ეს? - ცივად მკითხა, როცა გახსნილი ლეპტოპი წინ დავუდე.
- ბათუმის შეხვედრები. ყველაფერი მიყოლებით დავალაგე. შეგიძლია ნახო.
ახლა მეტყვის, სულ კარგად იყავი, შენ ჩვენთან არ მუშაობო.
- დაჯექი! - სწორედ ისე მომმართა, როგორც არასასურველ თანამშრომელს გაბრაზებული უფროსი მიმართავს.
დავჯექი. გულმა თითქოს პაუზა გააკეთა, არც "ბაგა" ისმოდა მისგან და არც "ბუგი".
- რატომ არ მითხარი, სხვაგანაც რომ დაგიწყია მუშაობა?
ვიცოდი. ვიცოდი, რომ ამას მკითხავდა.
თამამად გავუსწორე მზერა.
- იმიტომ, რომ არსადაც არ დამიწყია.
- აბა, "ნაითოტელში" რა გინდოდა? სტუმრებს, მგონი, შენ ხვდებოდი, თუ მე რამე მომეჩვენა?
- არ მოგჩვენებია, ნამდვილად მე ვხვდებოდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ვმუშაობ.
- იქ შეიძლება არ მუშაობ, მაგრამ მაგ ფონდთან რა კავშირი გაქვს მაშინ? - თავისი ლამაზი თვალებით ჩემი სახის შესწავლას შეუდგა.
- იმ ფონდის დამფუძნებელი დეიდაჩემია და მთხოვა დავხმარებოდი.
- აჰა. და შენი შეყვარებული?
- ჩემი შეყვარებული რა შუაშია?
- იცის, შაბათობით დედატერეზობანას რომ თამაშობ?
სიბრაზისგან ღაწვები ამეწვა.
- ჯერ ერთი, ეს მხოლოდ ამ შაბათს მოხდა და მეორეც...
- სხვა შაბათს იმ ვიღაც მებოს ხვდები, არა? ის შენი საყვარელია?
ავპილპილდი. წინადადების დამთავრებაც არ მაცალა.
- გეკითხები, ის შენი საყვარელია?
- ვინ ის?
- ვინც იმ დღეს მოგაკითხა. აქ. ჩემს აბაზანაში რომ ინებივრე, იმის მერე.
- ეგ შენი საქმე არ არის! - შევუღრინე.
- ეს ჩემი საქმეა! - ხმას ოდნავ აუწია. - ეს მე მეხება იმ შემთხვევაში, თუ მასთან გატარებული ღამის შემდეგ აქ მოდიხარ, ჩემს კომპანიაში და მთელ დღეს მთქნარებაში ატარებ გამოუძინებელი!
მე ვამთქნარებ? ღმერთო ჩემო! კი, მართალია, წინა ორშაბათს მართლა მომიწია ღამის გათევამ, რადგან დეიდაჩემს უზარმაზარი მასალა დავუბეჭდე, მაგრამ ხომ არაფერი გამიფუჭებია ამით?
- იმ ღამეს თითქმის არ მიძინია, - გამოვტყდი.
- არაფერში მჭირდება შენი ინტიმური ცხოვრების დეტალების მოსმენა!
- შენ, მომისმინე! - ავფეთქდი და წამოვხტი, - არანაირი სამსახური არ მიღირს ასეთ შეურაცხყოფად! არ მიძინია იმიტომ, რომ სასწრაფო მოხსენებას ვბეჭდავდი. და...
- კიდევ ერთი დროებითი სამუშაო? ისიც დეიდაშენთან? - დამცინა.
- ჰო, მაგრამ მე მასთან არ ვმუშაობ. უბრალოდ, დეიდაა ჩემი, მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი!
- თუ შეიძლება დაჯექი! - ავად გაისმა მისი ბრძანება.
ისევ დავჯექი, მაგრამ ისე ვიყავი აღელვებული, რომ იტყვიან, გული ხელით მეჭირა.
- მე კი მითხარი, პაემანზე ვიყავიო. შაბათსაც იგივე გამიმეორე.
- მოგატყუე! - ისევ დავიღრინე.
საშკა სავარძლის საზურგეს ნებიერად მიაწვა და ყურადღებით შემათვალიერა.
- რატომ?
არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მისი ლამაზი თვალები ისევ განაგრძობდნენ ჩემი სახის შესწავლას.
- იმიტომ, რომ შენ სცადე ჩემი პროვოცირება. არ მინდოდა გცოდნოდა, რომ საღამოობით სახლში ვზივარ და არსადაც არ გავდივარ.
- იმიტომ, რომ მებოს ცოლს არ სურს ქმართან გაშორება?
- არა.
- თუ შენს "დაკარგულ" სიყვარულს მისტირი ისევ?
დაკარგულ სიყვარულსო?
ახლაღა მივხვდი, ის რეზის გულისხმობდა. კი მაგრამ, ხომ მოვუყევი, რაც მაკავშირებდა თალაკვაძესთან? როგორი უგულოა! არაფრის დიდებით არ ვეტყვი, რომ რეზი თურმე არც არასდროს მყვარებია!
- მე...
- მოუღე ბოლო ამას! დაამთავრე! - უხეშად მომახალა.
- რა დავამთავრო?
- შენ მნიშვნელოვანი საქმე გაქვს. არ მინდა, რომ ჩემი პირადი თანაშემწე, არა აქვს მნიშვნელობა, დროებითია თუ მუდმივი, საღამოობით და შაბათ-კვირას სადღაც-სადღაც კიდევ მუშაობდეს. როცა ძირითად სამსახურში მოდიხარ, დაღლილობისგან არ უნდა ეცემოდე.
ამან ცოტა იმედი ჩამისახა. ესე იგი, ჩემს გაშვებას არ აპირებს?
- ეს არც ისე ადვილია.
- შენ თუ გინდა აქ მუშაობა გააგრძელო, ამის პირობა უნდა მომცე.
- არ შემიძლია.
- არ შეგიძლია?
- საქმე ჩემს ოჯახს ეხება.
- რა შუაშია აქ შენი ოჯახი?
- ნუცა ხომ დეიდაა ჩემი. ძნელია დახმარებაზე ოჯახის წევრს უარი უთხრა. ის ჩემზე ყოველთვის ზრუნავდა და ახლაც ზრუნავს. ვალდებული ვარ დავეხმარო. რაც შეეხება მებოს... ის ნუცას შვილია, ანუ ჩემი დეიდაშვილი და არავითარი შეყვარებული ან საყვარელი. - როგორც იქნა, ვაღიარე.
- დეიდაშვილი? - დაეჭვებით გამომხედა, ლამის გამხვრიტა მზერით, - მაგრამ იმ საღამოს, დედიშობილა რომ იდექი ჩემს აბაზანაში და მერე იმას ჩაუხტი მანქანაში, რას ნიშნავდა?
- იმას, რომ ახლახან ჩამოვიდა ბათუმიდან, სადაც მუშაობს. დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს. ამიტომ გამომიარა, თავის მეგობრებთან საქეიფოდ წამიყვანა. ასე რომ, არც ისეთი ცუდი გოგო ვარ, როგორიც შენ წარმოგიდგენია.
კარგა ხანს დაჟინებით მიყურა, მერე ახარხარდა.
- აბა, რატომ მაფიქრებინე ასე? მეგონა, ყველა კუთხეში თითო კაცის გამოჭერაზე ნადირობდი. იქნებ ასეცაა? მითხარი, ნენე, ბევრი ბოიფრენდი გყავდა? - ამჯერად სიტყვა "საყვარელი" უფრო თანამედროვე ვარიანტით ჩაანაცვლა.
ახლა კი ატეხა ჩემმა გულმა ბაგაბუგი. ინტერვალებსაც არ აკეთებდა, ისე გამალებით ბაგაბუგობდა.
ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გამეცა? ბოიფრენდი არასდროს მყოლია და ქალიშვილი ვარ-მეთქი? იქნებ დამცინოს კიდევაც ამაზე? რაღაც შუალედური უნდა მოვიფიქრო.
და მოვიფიქრე.:
- ეს ძალზე პირადული შეკითხვაა.
- რატომ, რატომ? თუ გინდა შენც მკითხე, რამდენი გელფრენდი მყოლია და და ალალად გიპასუხებ. რაც უნდა იყოს, 21-ე საუკუნეა, რა გვაქვს ერთმანეთისგან დასამალი?
- ასეთი შეკითხვის დასმის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემ. - თავდაჯერებულად გამოვუცხადე.
- რადგან შენი უფროსი ვარ?
თავი დავუქნიე, მერე კი მოულოდნელად ვკითხე:
- ესე იგი, არ მაგდებ სამსახურიდან?
ჩემმა შეკითხვამ გააკვირვა, რაც წარბების აზიდვით გამოხატა, პასუხად კი ღიმილით წარმოთქვა:
- ისე საყვარლად მეკითხები, უარის თქმა არ შემიძლია.
- ანუ ვრჩები? - კონკრეტული პასუხი მსურდა, ამიტომ არ მოვეშვი. ამასობაში შევამჩნიე, წამში როგორ გარდაისახა. ის ისევ ძველი საშკა იყო - კომპანიის უფროსი, ჩემი უფროსი.
- ამწუთას არ მჭირდები. ამას გადავხედავ და ნახევარ საათში დაგიძახებ.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ბედნიერებისგან ფრთაშესხმული გამოვედი კაბინეტიდან.
ამასობაში ქეთიც მოსულიყო. ისიც კარგ ხასიათზე ჩანდა.
- გულისრევებმა გადამიარა, - მახარა, - უკვე მეორე დილაა, აღარ მაწუხებს. როგორც ჩანს, ჩემს "ორსულოვან" პრობლემებს ბოლო მოეღო.
ისე გამიხარდა, ჩავეხუტე და მივულოცე. მერე მოკლედ მოვუყევი ბათუმის ამბები და ვახალისე.
ამასობაში ნახევარი საათიც მიილია. მართლაც, საშკამ ზარი დარეკა და მეც შევედი. თავი დაეხარა და ლეპტოპში განთავსებულ მასალას ჩაჰყურებდა. სანამ ჩუმად იყო, მე მის დახრილ თავს შევყურებდი. გული საოცარი სინაზით მევსებოდა. თავის ფორმაც კი იდეალური ჰქონდა.
ღმერთო, რა მემართება?

საღამოს, სახლისკენ რომ მივემართებოდი, დეტალებში ვიხსენებდი დღის მოვლენებს. რაღაც შეიცვალა ჩვენს ურთიერთობაში. ნუთუ შემიყვარდა? ჰმ... რეზიზეც ასე ვფიქრობდი რამდენი წელი, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა. თურმე არ მყვარებია, თორემ ასე მალე ვერ დავივიწყებდი. შეიძლება ახლაც იმავე სიტუაციაში ვარ? იქნებ არც ესაა სიყვარული და მხოლოდ ილუზიის ტყვეობაში აღმოვჩნდი?
თუმცა მასთან ურთიერთობას რეზისთან ურთიერთობას არც შევადარებდი. იქ სხვანაირად იყო ყველაფერი. საშკას ჩემი მოთმინებიდან გამოყვანა შეეძლო, ჩემი გაღიმებაც, გაცოფებაც, მისთვის გალაწუნების სურვილის აღძვრაც. რეზისთან კი ყველაფერი ყოველთვის მშვიდად იყო. მასთან ხმისთვის არასდროს ამიწევია. არც მას. ტბის წყალივით მშვიდი იყო ჩვენი დამოკიდებულება. არა, არა, მაჭავარიანის შეყვარება კარგს არაფერს მომიტანს. თუ სულ ასე მოგვიწევს ჩხუბი და კამათი, რაღა სიყვარულია? რად მინდა ასეთი სიყვარული? შევქმნა მასთან ოჯახი და მერე დავანგრიო? ეჰ... ნეტავ მეხვეწება ვინმე თუ? მომინდა მეც ოჯახი!
დილით, გავიღვიძე თუ არა, გადავწყვიტე, მეტად აღარ მეფიქრა საშკაზე და სამუდამოდ ამომეძირკვა გონებიდან მის მიმართ აღმოცენებული გრძნობის "ჩითილები".

გუშინდელი დღიდან ქეთი თითქოს ხელახლა გაიფურჩქნა, ხალისიანად დაქროდა აქეთ-იქით, თუმცა საშკა დაჟინებით სთხოვდა, დილით ადრე ნუღარ გამოცხადდები სამსახურში, როცა გაგიხარდება, მაშინ მოდი და საღამოობით ადრე წადიო.
მეც ვცდილობდი, ნაკლებად დატვირთულიყო, ამიტომ სამუშაოს უმეტეს ნაწილს თვითონ ვაკეთებდი, რათა ქეთისთვის შრომა შემემსუბუქებინა.
პარასკევს, როცა ქეთი წავიდა და მარტო დავრჩი, საშკა კაბინეტიდან გამოვიდა და ჩემს მაგიდასთან გაჩერდა.
- დასვენების დღეებში ისევ აპირებ იმის გაკეთებას, რაც წესით არ უნდა გააკეთო? - მაგიდაზე მუშტდაყრდნობილმა მკითხა.
- შეთავსებით სამუშაოს გულისხმობ? - გამიჭირდა ღიმილის შეკავება, - არა, არა, ამ შაბათ-კვირას ასეთი გეგმები არ მაქვს. სხვა საქმეს უნდა მივხედო.
- რა სხვა საქმეს? არ მითხრა, რომ ესეც პირადულია, თორემ... - აღარ გააგრძელა, მაგიდას მოშორდა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, თან ირიბად გამომხედა.
- ბინა უნდა ვიშოვო. ჩემთვის მინდა გადავიდე, ცალკე.
- ძველებურად "ბოროტ დედინაცვალთან" ცხოვრობ?
- ბოროტს ვერ ვუწოდებ. უფრო ავი ეთქმის, თუმცა მამა მყავს არაჩვეულებრივი, ამიტომ ერთი მეორეს ანეიტრალებს. მართალია, ბოლო დღეებში ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ, მაგრამ მაინც ცალკე მირჩევნია.
- რა შეიცვალა?
- მოსამსახურე აიყვანა.
- აჰა. ანუ საოჯახო საქმეები მანამდე შენ გაწვა კისერზე? - რატომღაც ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენდა ჩემ მიმართ.
- დაახლოებით. ასეც შეიძლება ითქვას... შენ? თავად რა გეგმები გაქვს? დასვენების დღეებში ისევ აპირებ იმის გაკეთებას, რაც წესით არ უნდა გააკეთო? - მისივე სიტყვები გავიმეორე და გამეცინა.
თავბრუდამხვევი ღიმილი გადმომაფრქვია. ჩემი გული ცხრა სანტიმეტრის სიმაღლეზე ამოხტა საგულიდან და ასე დარჩა ჰაერში გამოკიდებული, თითქოს საშკას ღიმილში ლივლივებსო.
ერთხანს ასე მიყურა, მრავლისმთქმელი მზერითა და შეუდარებელი ღიმილით, მერე კი ჩემკენ გადმოიხარა და ნახევრად ჩურჩულით მითხრა:
- ჩემი პასუხის არ გეშინია?
- რატომ უნდა მეშინოდეს? - ატომურ ტალღასავით სწრაფად მოედო ჩემს სახეს ალმური.
- იქნებ არ მოგეწონოს.
არ მომეწონება, ამიტომ ნუ მეტყვი. - ასეთი იყო ჩემი მზერა, თუმცა სხვა რამ ვუპასუხე:
- ნუ მაწითლებ, შეფ! - ამ სიტყვებით უჯრა ჩავკეტე, ჩანთას ხელი წამოვავლე და ოთახიდან გავედი.
უკან არ გამომყოლია. ეს ნიშნავდა, რომ თავის კაბინეტში შებრუნდა.

შაბათს ორი ბინა ვნახე, მაგრამ არც ერთი საჩემო არ გამოდგა. პირველი ისეთი პატარა იყო, თაგვიც ვერ მოიქნევდა კუდს, მეორე კი, უფრო დიდი, არ დაიწუნებოდა, მაგრამ იმხელა ქირას ითხოვდა დიასახლისი, ნამდვილად ვერ გავწვდებოდი.
კვირას მებოს მთელი საათი ველაპარაკე მობილურით. ვითომ არ იმჩნევდა, მაგრამ მივხვდი, განადგურებული იყო. ცოლმა განქორწინებაზე განცხადება ხომ შეიტანა და ქონებასაც ითხოვდა თურმე, ანუ იმ ბინის ნახევარს, სადაც ადრე ერთად ცხოვრობდნენ.
ასე რომ, დასვენების დღეები მთლად სასიამოვნო ვერ გამომივიდა.
სამაგიეროდ ორშაბათ დილით სამსახურში მისულს ბევრად გამომიკეთდა ხასიათი.
ქეთი კარგად იყო. მუცელი უფრო და უფრო უმრგვალდებოდა, თუმცა ჩემსა და საშკას გარდა ოთახში ვინმე თუ შემოვიდოდა, ცდილობდა ისე მისჯდომოდა მაგიდას, რომ სხვებს არ შეემჩნიათ მისი უკვე კარგად გამობზეკილი მუცელი.
ნაშუადღევს ბოსმა ქეთი თავისთან გამოიძახა.
- რამით შემიძლია დაგეხმარო? - ვკითხე, როცა კაბინეტიდან გამოვიდა.
- რაღაც დასაწერი მომცა, დიდი არაფერი.
- გინდა მე გავაკეთო? - დახმარება შევთავაზე.
- არა, საჩქარო არაა. სახლში წავიღებ და ნელ-ნელა მივყვები, ხვალამდე მოვასწრებ, ცოტაა.
ჯერ მხოლოდ ოთხი საათი იყო, მაგრამ ქეთი წასვლას ჩქარობდა.
- არ მეზარება, ქეთი. თუ საქმე გაქვს, ეგ მე დამიტოვე. აქვე გავაკეთებ და უჯრაში დაგიტოვებ.
- მადლობა, მე თვითონ, - ტუჩებით კოცნა გამომიგზავნა და გავიდა.
როგორ შემიყვარდა ეს გოგო. ძალიან დამაკლდება, ბავშვს როცა გააჩენს და აღარ ივლის. მერე კი, როცა დეკრეტული შვებულება დაუმთავრდება და სამსახურს დაუბრუნდება, საშკა დამაკლდება. რომელი უფრო დიდი დანაკლისი იქნება ჩემთვის?
ფიქრებში გართულმა თავი ავწიე და მაჭავარიანის მზერას შევეფეთე. არც შემიმჩნევია, როდის გამოვიდა. იდგა და მიცქეროდა. ფსკერამდე ჩავხედე მის უძირო ლამაზ თვალებს და ჩემმა გულმა თითქოს ხტუნვა დაიწყო. მოულოდნელად მივხვდი, რატომ განვიცდიდი მტკივნეულად აქედან წასვლას. შეყვარებული ვიყავი მასზე! საშკა მაჭავარიანზე!
წარმოგიდგენიათ? რას ვიფიქრებდი!
- გინდოდა რამე? - ამოვიხავლე, თან ვცდილობდი, წონასწორობა აღმედგინა.
ეს შეუძლებელია! ამ გრძნობას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც რეზი თალაკვაძესთან მაკავშირებდა. მისი შეხედვა ასეთ დღეში არასდროს მაგდებდა.
- იმ რაღაცის გარდა? - საშკა სკამზე დაჯდა.
- რა? - ვერ მივუხვდი.
- იშოვე ბინა?
რა თავაზიანობაა მისი მხრიდან, ასეთ რამეს რომ მეკითხება!
- ორი ვნახე, მაგრამ არც ერთი არ მაწყობდა. არ იყო საჩემო.
ცოტათი დავიძაბე, ოღონდ არ ვიცი, რის გამო.
- ჰმმ. წეღან ქეთის ვკითხე, შენ გარეშე თუ შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას.
- რა-ა? თავიდან მიშორებ? - სავარძლიდან ლამის ყვირილით წამოვიწიე.
- არა, არა, საიდან მოიტანე. ვიფიქრე, იქნებ ერთი კვირით დასვენება უნდა-მეთქი.
- არა! - დავფრთხი, - არ მინდა დასვენება. აქ მომწონს, - სხაპასხუპით მივაყარე და შევამჩნიე, რომ იღიმოდა, - დასვენება შაბათ-კვირასაც მეყოფა.
ის ისევ ისე იღიმოდა, ალერსიანად.
- შემიძლია რაღაც სიკეთის მსგავსი გაგიკეთო, კეთილგანწყობა გამოვხატო.
- მაპატიე, მაგრამ მამაკაცებისგან კეთილგანწყობის გამოხატვას მიჩვეული არ ვარ, - მშვიდად წარმოვთქვი, - რატომ მგონია, რომ რაღაც ფარული მოტივი გამოძრავებთ, მისტერ ბოს?
ისევ გაიღიმა და ისე მომნუსხველად, ახლა მზად ვიყავი, ყველა მისი ახირება შემესრულებინა. მტკვარშიც კი გადავხტებოდი, რომ მოესურვებინა.
- მაშ ასე. გუშინ საღამოს ჩემმა დამ დამირეკა.
- არ ვიცოდი, და თუ გყავდა, - გავიკვირვე.
- მე კი არ ვიცოდი, შენ თუ დეიდაშვილი გყავდა. სალომე თავის ქმართან ერთად ერთი კვირით დასასვენებლად აპირებდა წასვლას. თან ჩემი სიძის ქალიშვილიც უნდა წაეყვანათ. ვგულისხმობ იმას, რომ სალომეს მეორე ქმარი ჰყავს, გუგა, იმას კი პირველი ცოლისგან - ქალიშვილი მია. - საშკამ მრავალმნიშველოვანი პაუზა გააკეთა, მე კი მაინც ვერაფერი გავიგე, - მაგრამ ბოლო მომენტში მიამ გადაიფიქრა მათთან ერთად დასვენება.
- რამდენი წლისაა მია? - ვიფიქრე, თუკი პატარა ასაკისაა, მისი დაყოლიება შესაძლებელი იქნება-მეთქი.
- ორი კვირის წინ თექვსმეტი შეუსრულდა. გუგა სასწრაფოს ექიმია, ბევრს მუშაობს, თან ძირითადად ღამის ცვლაში, ამიტომ ჩემი დის აზრით, დასვენება სჭირდება. ამ კოვიდის გამო სულ ცუდ დღეშია, გამოძახება გამოძახებაზე აქვს.
- ააა, გასაგებია. და შენს სიძეს მიას გარეშე წასვლა არ სურს, ხომ?
- ის საუკეთესო მამაა. გარდა ამისა, მია ძნელად მოსარჯულებელი გოგოა. ამას წინათ ერთი ღამით დატოვეს და ისეთი ველური საღამო მოაწყო სახლში თავის კლასელებთან ერთად, რომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ასე რომ, ჩემს დასაც ეშინია მისი მარტო დატოვების.
- იმედია, არ მთავაზობ, ერთი კვირით მია აღსაზრდელად მე დავიტოვო... - ალმაცერად გავხედე.
- საქმე იცი, რაშია? რახან მათთან ერთად არ მიდის და არც მარტო დაიტოვება, ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მიას დარჩენა სურს, მე ვარ.
გაოცებისგან სახე მომექცა.
- ადრე დარჩენილა შენთან?
- ერთადერთხელ, ექვსი თვის წინ ერთი ღამით დამიტოვეს. ოხ, ეს კოშმარი იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი!
- საწყალო, - სიცილი ვერ შევიკავე, - ბავშვს ჰგონია, როომ შენზე უკეთესი ამქვეყნად არავინაა, შენ კი გეშინია მისი?
- მოკეტე! - ღიმილით დამიღრინა.
არადა, მართლა შეცბუნებული ჩანდა. აქამდე ვერასდროს ვიფიქრებდი, მისი შეცბუნება ვინმეს თუ შეეძლო, მაგრამ ამწუთას მართლაც უხერხულობას განიცდიდა.
- თავიდან სასტიკი უარი გამოვუცხადე სალომეს, საერთოდ არ მომეწონა ეს იდეა. ერთი ღამე კიდევ ჰო, მაგრამ მთელი კვირა? გაძლება არ გინდა? მორჩა ამაზე ლაპარაკი-მეთქი.
- კი მაგრამ, დედა არ ჰყავს?
- სამწუხაროდ, არა. დიდი ხანია გარდაიცვალა. ახლა სალომეა მისი დედა. ჰოდა, გავანაწყენე ჩემი და. მერე მითხრა, მეგობარი გოგო არ გყავს ისეთი, ვინც შენთან დარჩება და ერთად მიხედავთ მიასო? - ეს თქვა საშკამ და წამიერი მზერა მესროლა თავისი უცნაური ნაცრისფერი თვალებით, მერე კი კვლავ სადღაც ჩემს მხარს უკან გაიხედა, - ამაზეც უარი ვუთხარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე თავში ერთმა აზრმა გამიელვა.
- რა აზრმა? - ვკითხე, თან თვალწინ ყველა მისმა "მეგობარმა გოგომ" სლაიდის სურათებივით ჩამირბინა და ცოტა არ იყოს, ვიეჭვიანე.
- საკუთარ თავს ვკითხე, ვინ მყავს ნაცნობებში ისეთი, ვინც ნებისმიერ დროებით სამუშაოს დათანხმდება-მეთქი.
მგონი, ახლა მივუხვდი.
- უი, არაა! - სახე ხელებში ჩავმალე.
- ვინ ეძებს ჩემს ნაცნობებში ქირით ბინას? - გააგრძელა, თითქოს ჩემი რეპლიკა არც გაუგონია.
- არა! - კვლავ ვიუარე, ამჯერად მტკიცედ და გადაწყვეტილად.
არადა, როგორ მინდოდა დავთანხმებოდი, რამდენიმე დღე მის გვერდით მისსავე სახლში გამეტარებინა, მაგრამ "ვირიდან აღარ ჩამოვედი".
- ამას გულისხმობდი იმ სიკეთეში, ჩემთვის რომ უნდა გაგეკეთებინა? მე, მართალია, კარიერა მჭირდება, მაგრამ ამისთვის თექვსმეტი წლის გოგოს ძიძობას არ დავთანხმდები!
რამდენიმე წამის განმავლობაში უსიტყვოდ მათვალიერებდა.
- კარიერას შეგიქმნი, გპირდები, - სერიოზული სახითა და ხმით მითხრა, - ოღონდ დამეხმარე.
ვიგრძენი, რომ მასთან კამათის ძალა აღარ შემრჩა.
- კი მაგრამ, რატომ არ შეგიძლია საკუთარ დას რაღაც-რაღააცებზე უარი უთხრა? პატარა ბიჭი ხომ არ ხარ?
- შენ რატომ არ ეუბნები დეიდაშენს უარს, შენთვის მიუღებელი რაღაცების გაკეთებას როცა გთხოვს? - შემომიტრიალა კითხვა. - მე იმიტომ, რომ ერთადერთი დედმამიშვილი მყავს, გესმის? - სასოწარკვეთილმა დაამთავრა.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამან უფრო აამაღლა ჩემს თვალში. ამწუთას უფრო სუსტი კი არა, უფრო ძლიერი მეჩვენა. ადრეც შემიმჩნევია, რომ მგრძნობიარე იყო, მაგრამ ამას, ჩვეულებრივ, ოსტატურად მალავდა ხოლმე.
- მაგრამ როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ერთ სახლში ცხოვრება? - ისევ გავწითლდი.
- ჩვენი არა, მასთან შენ დარჩები. ერთი კვირა მასთან დარჩები და სამსახურში არ ივლი.
- და შენ?
- დღისით მარტო იქნებით, საღამოს მეც შემოგიერთდებით. სულ ესაა.
- კი მაგრამ, მანდობდი შენ...
- კარგი რა, ნენე. რომ არ გენდობოდე, არც გთხოვდი. მართალია, როცა შენი პროვოცირება მოვახდინე, რაღაც-რაღაცებში მომატყუე, მაგრამ ჩემთან საკმარისი ხანია მუშაობ, რამაც ერთ რამეში დამარწმუნა - შენი ნდობა შეიძლება... ბოლომდე.
ლამის დავდნი.
- და ქეთი? მე ხომ აქ უნდა ვიყო, რათა მას დავეხმარო ხანდახან.
- მე უკვე ველაპარაკე ქეთის. თუ თავს ვერ გაართმევს, სხვა დაეხმარება.
- და... როდის უნდა გადმოვიდე შენთან?
- ოთხშაბათს. აჯობებს დილიდან. ზუსტად არ ვიცი, რა დროს მომიყვანენ მიას.
- მერედა, რა უნდა ვთქვა, მოსამსახურე ვარ-მეთქი?
- არა, რატომ? უბრალოდ, ჩემი მეგობარი გოგოს როლს ითამაშებ.
- როგორც მივხვდი, ის ერთი კვირა ჩემი ერთგული იქნები? - გავეხუმრე.
საშკამ გულიანად გაიცინა. როგორ მომწონდა მისი სიცილი.
- პირობას გაძლევ, ყოველ საღამოს შინ დავერჭობი, ერთად ვივახშმებთ და შენ გარდა არავის შევამჩნევ. ძირს სხვა ქალები!
- მაგრამ მთლად ნემსის ყუნწში ნუ გაძვრები ჩემ გამო, - ახლა მე ავტკარცალდი.
ისიც ამყვა.
ღმერთო, როგორ მიყვარს ეს ბიჭი!
- მითხარი, შენი ყველაზე თამამი ოცნება რა არის? - უეცრად სიცილი შეწყვიტა და სერიოზული სახით შემომხედა.
გავშრი. საუბრის ასე შემოტრიალებას არ ველოდი. დავფიქრდი. კარიერა? ალბათ... მაგრამ ამაზე თამამი ოცნებაც მაქვს ამწუთას. მინდა ერთად ვიყოთ, მიყვარდეს და ვუყვარდე, მაგრამ ამას ვერ გავაჟღერებ. როგორმე სხვა სიტყვებით უნდა გადმოვცე.
- ყველაზე თამამი? რა ვიცი, აბა. მინდა წარმატებული კარიერა მქონდეს, საყვარელი მამაკაცი მყავდეს გვერდით, ისიც წარმატებული. ყველა სურვილს მისრულებდეს, თავისუფლება არ შემიზღუდოს და კარიერულ წინსვლაში ხელი არ შემიშალოს. შვილები მყავდეს და ერთად ვზრდიდეთ. ბედნიერი მინდა ვიყო, - როგორც იქნა, წარმოვთქვი, თუმცა უდიდესი სიფრთხილით შევარჩიე თითოეული სიტყვა.
უეცრად შუბლი აამოძრავა... წარბებით, კოპებით... მერე თვალები - ჯერ ცალი თვალი დახუჭა-გაახილა, მერე მეორე დახუჭა-გაახილა, მერე ორივე მოჭუტა და ისევ გაახილა.
- იცი რა, ნენე? შენს ოცნებებს მუყაოს ფრთები ჰქონია.
და ამით მთელ ჩემს ნალოლიავებ ნატვრას ცივი წყალი გადაასხა... კასრით.
- რატომ? - ხმა ჩამიწყდა და განხიბლულმა წყენის ნერწყვი გადავაგორე.
- ამისთანა ოცნებით შორს ვერ გაფრინდები.
- შორს არც ვაპირებ, - ნიშნი მოვუგე.
- არა აქვს მნიშვნელობა. შენი ოცნება მზეზე გაფრენას ჰგავს. თუ იქამდე აპირებ მიღწევას, იკაროსივით დაგეწვება ეგ მუყაოს ფრთები, თუ ამის ამბიცია არ გაქვს და უფრო დაბლა იფრენ, ან წვიმა დაგისველებს, ან ქარი გადაგისვრის სადმე უფსკრულში.
ვერაფერიც ვერ ვუპასუხე. როგორც ჩანს, მართლა ამბიციური ოცნებები მქონია, რასაც ჩემი დონის და პოზიციის ადამიანი არ იმსახურებს.
ალბათ ამიტომაც მომაწება მუყაოს ფრთები... ჰმ... ვნახოთ, ვისი აჯობებს!

გაგრძელება