"დედას სხვა შეუყვარდა და გათხოვდა... ყველაფერი ვიღონე, რათა ჩემგან არ წასულიყო, მაგრამ არ გამომივიდა... მინდოდა მამისთვის დარდი შემემსუბუქებინა" - მშობლები

"დედას სხვა შეუყვარდა და გათხოვდა... ყველაფერი ვიღონე, რათა ჩემგან არ წასულიყო, მაგრამ არ გამომივიდა... მინდოდა მამისთვის დარდი შემემსუბუქებინა"

2022-07-30 15:27:13+04:00
ონლაინრომანი "მუყაოს ფრთები"

ავტორი: სვეტა კვარაცხელია

დასაწყისი

შინ რომ ვბრუნდებოდი, ვგრძნობდი, როგორ მეხვეოდა თავბრუ. ყურებამდე ვიყავი საშკაზე შეყვარებული და მასთან სახლში მთელი კვირა უნდა მეცხოვრა! ყველაზე თამამ სიზმარშიც კი ვერ ვეღირსებოდი ამას!
ამ საღამომდე წარმოდგენაც არ მქონდა, რა ძლიერ შემყვარებია. თავიდან მოწონებითაც კი არ მომწონდა. თუმცა ახლა არც მინდოდა ამის გახსენება. დავივიწყე ძველი განწყობები. სამაგიეროდ ახლა მეჩვენება, რომ ის ყოველთვის მიყვარდა და ამ გრძნობას არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რაც რეზისთან მაკავშირებდა. რა თქმა უნდა, თალაკვაძეს უდიდეს პატივს ვცემდი, როგორც კარგ და კეთილ ადამიანს, მაგრამ მართლა ასე არასდროს მყვარებია. საშკა კი ჭეშმარიტი სიყვარულით მიყვარს.

სახლში შესულმა მაშინვე ჩემს ოთახს მივაშურე და სამგზავრო ჩანთის ჩალაგებას შევუდექი. ვიცოდი, ესმა გამოკითხვას დამიწყებდა, სად მივდიოდი და რატომ ან რამდენი ხნით, მაგრამ ამწუთას ეს ნაკლებად მანაღვლებდა. ბოლოს და ბოლოს, უკვე დიდი გოგო ვიყავი და შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, როგორც მე მაწყობდა.
როცა ჩალაგებას მოვრჩი, ოთახიდან გამოვედი და მამაჩემს და ესმას გამოვუცხადე, ერთი კვირით მეგობართან გადავდივარ საცხოვრებლად-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, ესმას ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანს, იმდენად კმაყოფილი იყო თავისი ახალი მოსამსახურით, რომ ჩემი არყოფნა ალბათ შვებასაც კი მოჰგვრიდა.
- კლასელთან თუ თანამშრომელთან? - მკითხა მამაჩემმა.
მამაჩემს ვერ მოვატყუებდი, არ შემეძლო.
- ჩემს უფროსთან ვრჩები, მა. სხვებიც იქნებიან. ასე დავგეგმეთ. მე...
- შენთვის თუ ეს საჭიროა, წადი, შვილო, - თბილად დამრთო ნება მამამ.

დილით ჩემი გაძეძგილი სამგზავრო ჩანთა მანქანაში ჩავდე და ოფისს მივაშურე. უცნაური შეგრძნება მქონდა - ეს ღამე საშკასთან ერთად უნდა გამეტარებინა... სავარაუდოდ. მგონი, ეიფორია დამეუფლა.
მთელი დღე ვნერვიულობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბოსი მიყვარდა, შიგადაშიგ ეჭვი შემომიჩნდებოდა - რამდენად გონივრულად ვიქცეოდი? პირველ რიგში, მას არ უნდა ვაგრძნობინო, რასაც მის მიმართ განვიცდი, მაგრამ როგორ გამომივა ეს? განა ადვილი იქნება? მით უფრო, როცა ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს ცხოვრება?
ყოველ შემთხვევაში, ძალიან, ძალიან უნდა ვეცადო.
ქეთისთვის არ დამიმალავს, რაც მოხდა. სხვათა შორის, არ გაჰკვირვებია. ის კი არა, მომეჩვენა, რომ მან უკვე იცოდა ყველაფერი.
საღამოს, სამუშაო საათები რომ დამთავრდა, ღიმილით დამემშვიდობა:
- ერთი კვირის მერე შევხვდებით.
- აუცილებლად.
- არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. თექვსმეტი წლის გოგო ბევრ პრობლემას ვერ შეგიქმნის.
თავი დავუქნიე, თუმცა მიას გამო სულ არ ვღელავდი, მე საშკას სიახლოვე უფრო მაშინებდა.
როგორც კი ქეთი გავიდა, ჩემი მაგიდის მილაგებას შევუდექი.
დაახლოებით ექვსის ნახევარზე საშკას კაბინეტის კარი გაიღო და ისიც გამოჩნდა.
- მზად ხარ? წავედით? - ისეთი ტონით მკითხა, თითქოს სტაჟიანი ცოლ-ქმარივით ყოველდღე ერთად გავდიოდით სამსახურიდან.
- როგორც იტყვი. - ისე ხმადაბლა მივუგე, მეგონა გავიფიქრე და სიტყვაც არ წარმომითქვამს.
უეცრად თავი ოდნავ დახარა, ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გამომიწოდა.
- აიღე, გამოგადგება.
- მადლობა, - გაწითლებულმა გასაღები ჩამოვართვი და ხელჩანთის შიდა ჯიბეში ჩავიდე.
როგორც ჩანს, ჩემი მღელვარება შეამჩნია და ისიც, როგორ მომედო ალმური. მოულოდნელად გაიღიმა, საჩვენებელი თითით ოდნავ შეეხო ჩემი ცხვირის წვერს და მითხრა:
- აბა? ვიჩქაროთ სახლისკენ?
სიცილისგან თავი ვერ შევიკავე. ახლა ნამდვილი ქმარივით მექცეოდა. მან წინ გამატარა, შემდეგ თვითონ გამოვიდა და კარი ჩაკეტა.

საშკა ადგილზე ჩემზე ადრე მივიდა. ჭიშკართან მელოდებოდა. შეგნებულად ჩამოვრჩი, არ ვიცი, რატომ. მან ჩემი ჩანთა საბარგულიდან ამოიღო და მხოლოდ ამის მერე მითხრა, მანქანა სად დამეყენებინა.
როცა სახლში შევედით, ფრთხილად შემეხო მხარზე:
- მაღლა ადი, შენს ოთახს გაჩვენებ.
საკმაოდ დიდი სივრცის ოთახი იყო, მომაჯადოებლად ლამაზი, ოღონდ ცოტა ქალის ხელი აკლდა. ეს არც იყო გასაკვირი, საშკა ხომ მარტო ცხოვრობდა.
- ძალიან საყვარელია, - თავაზიანად ჩავიბურტყუნე და ისევ გავწითლდი.
- არა უშავს, არის რა, - მხრები უხერხულად აიჩეჩა, - შეგიძლია შენი ჩანთა ამოალაგო. ქალბატონი მართა თითქმის ყოველდღე მოდის რამდენიმე საათით საჭმლის მოსამზადებლად. დღეს სალათის მომზადებას აპირებდა. ვნახოთ, რა გამოუვიდა. როცა მზად იქნები, ჩამოდი. - მითხრა და გავიდა.
სანამ ჩემს ნივთებს ამოვალაგებდი, იქაურობა დავზვერე. პირველ რიგში მეზობლად მდებარე სააბაზანოში შევედი და როცა მის დათვალიერებას მოვრჩი, ჩანთას მერე მივუბრუნდი. ჩემს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს გარდერობში ადგილი მივუჩინე და წყლის გადავლება გადავწყვიტე.

სააბაზანოდან გამოსულმა ჯინსის შარვალი და ტოპი ჩავიცვი, თმა გავიშალე და დაბლა ჩავედი.
საშკა ლეპტოპში რაღაცას ათვალიერებდა.
- არ ადგე, - ვუთხარი, მაგრამ უკვე გვიან იყო, ის უკვე წამოდგა, - მინდოდა ჯერ სამზარეულო მენახა, რათა ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა.
- ხმ... ხმ... - ჩაახველა, - არც ისე ცუდად გამოგდის.
- რა? - ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა.
- ისე მოიქცე, როგორც საკუთარ სახლში.
მსგავსი შეგრძნება მოსვლისთანავე დამეუფლა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ჩემს სახლში ვიყავი. შეჩვევა არ მჭირდებოდა. როგორმე უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. ზედმეტად არ უნდა მივჩვეოდი ამ სახლს და მის მასპინძელს.
- ვცდილობ კარგად შევასრულო ჩემი მოვალეობა, - ასე გავამართლე ჩემი ქცევა. ამით საკუთარ თავსაც შევახსენე, რომ ეს მხოლოდ სამუშაო იყო და მეტი არაფერი.
ერთმანეთისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. სულ რაღაც ერთი მეტრის მოშორებით ვიდექი მისგან. ის გულდასმით მათვალიერებდა. თვალი შეავლო ჩემს თმას, ტუჩებს, მერე თვალებში ჩამხედა და გაიღიმა.
- შეგიძლია რამდენიც გაგიხარდება იმდენი იბოდიალო მთელ სახლში.

საჭმელად რვის ნახევარზე დავსხედით. ქალბატონ მართას ისეთი გემრიელი სალათა მოემზადებინა ლორით და ბოსტნეულით, ჭამით ვერ გაძღებოდი, თუმცა მე პირადად თავი შევიკავე. მერე ხილიც მივირთვით და ნაყინიც დავაყოლეთ.
- საღამოობით მსუბუქად ვვახშმობ. შენ ხომ არ იქნები წინააღმდეგი? - მაჭავარიანმა თვალი თვალში გამიყარა.
- რატომ უნდა ვიყო?
- რა ვიცი, იქნებ ღამით გემრიელად გიყვარს დანაყრება.
- არა, მეც მსუბუქად მივირთმევ, სხვათა შორის.
- სახლში ვინ ცხოვრობს შენთან ერთად, მამა, დედინაცვალი და ულმობელი მოსამსახურე? - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი.
- ულმობელი სულაც არ არის. მე ვიტყოდი, მომწონს კიდევაც. თან ჩვენთან არ ცხოვრობს. მიდის და მოდის.
- იმედია, შენი დედინაცვლისთვის არ გითქვამს, რომ მოგწონს. - გაიცინა საშკამ.
მის შენიშვნაზე მეც გულიანად გამეცინა.
- არც ისაა ცუდი ქალი, მთავარია, შეეჩვიო.
- მამაშენმა იცის, ერთი კვირით რომ წამოხვედი?
- ძალიან გემრიელი სალათაა. იმედია, მართა რეცეპტს არ დამზარდება, - შევეცადე მისი შეკითხვა თავიდან ამერიდებინა.
- რა გითხრა? იცის, რომ ჩემთან გადმოხვედი? - არ მომეშვა.
მომიწია პასუხის გაცემამ.
- მამაჩემი არასდროს მომიტყუებია. არც ამჯერად.
- სხვას არც ველოდი შენგან.
რატომღაც, შვებით ამოვისუნთქე. როგორც ჩანს, შექება მესიამოვნა.
- ვუთხარი, რომ ერთი კვირით შენთან ვრჩებოდი. მამას ჰგონია, რომ სხვებიც გეყოლება სტუმრად, ამიტომ ნება დამრთო.
- ახლო ურთიერთობა გაქვს მასთან?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- უმეტესწილად კი. ადრე უფრო ახლოს ვიყავით, სანამ მეორედ დაქორწინდებოდა, თუმცა არც ახლა ვართ გარიყულები. უბრალოდ, ბევრს მუშაობს, მთელი დღე გასულია, ამიტომ საღამოობით ვახერხებთ ერთმანეთთან გამოლაპარაკებას. საერთოდ, ჩაკეტილი ადამიანია, უფრო თავისთვისაა.
- სხვა სამყაროში ცხოვრობს? - გაიღიმა საშკამ.
- დაახლოებით.
- ამიტომ მიატოვა დედაშენმა?
- მთლად ამიტომაც არა. იყო სხვა ნიუანსებიც. დედას სხვა შეუყვარდა და გათხოვდა.
- დედაშენი გნახულობს?
- არა.
- გენატრება?
- ალბათ. არ ვფიქრობ ამაზე. ის ბედნიერია, ახალი ცხოვრება დაიწყო, მე უკვე დამოუკიდებელი ვარ. ასე რომ... - მერე მხიარული სახე მივიღე და გავაგრძელე, - თუ გამიჭირდება, დეიდაჩემი დამეხმარება.
- ხშირად გიჭირს?
თავი გავაქნიე.
- ერთი პერიოდი ხშირად მიჭირდა. უფრო მაშინ, დედა რომ წავიდა. მინდოდა მამას გვერდით დავდგომოდი, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, მისთვის დარდი შემემსუბუქებინა. ყველაფერი ვიღონე, რათა დედა არ წასულიყო, მაგრამ არ გამომივიდა. მაშინ დეიდაჩემი ძალიან დამეხმარა. ახლა აღარ მიჭირს, იშვიათად, თავი უსასოოდ ვიგრძნო.
საშკა გაჩუმდა. მერე ერთხანს მიყურა, მზერა არ მოუშორებია, ბოლოს კი სრულიად მოულოდნელად მკითხა:
- რა მოხდა შენსა და თალაკვაძეს შორის?
გაოცებისგან პირი დავაღე.
- ხომ მოგიყევი, - ცივად მივუგე.
- არა, არ მოგიყოლია. ვიცი, რომ მისგან წამოხვედი, მაგრამ მიზეზი არ გითქვამს.
- გითხარი.
- შენ მითხარი, შემიყვარდაო, მაგრამ ეს ხომ ასე უცებ არ ხდება? გამოდის, გარკვეული პერიოდი გიყვარდა. ჰოდა, რამ გაიძულა წამოსვლა და მისი მიტოვება? მაშინ, ლიფტში რომ შეგხვდი, თვალები ცრემლიანი გქონდა, ლამის ტიროდი.
- ეს ძალზე პირადულია.
- კი მაგრამ, ხომ გამომიტყდი, მიყვარდაო? ამაზე უფრო პირადული რა უნდა იყოს? ალბათ მასაც უყვარდი... რეზისაც.
- არა, არ ვუყვარდი! - ავფორიაქდი.
- უცნაურია, - ტუჩები დაბრიცა, - იმიტომ წამოხვედი, რომ არ უყვარდი?
- არა! - გაცხარებულმა წამოვიყვირე, - თუ ასე ძალიან გინდა იცოდე, მან მე მაკოცა! - და თვალებმოწკურული მივაჩერდი.
ისიც ყურადღებით მაცქერდებოდა.
- გაკოცა? მერე რა? ადრეც ხომ გკოცნიდა?
- არა, არ მკოცნიდა. არასდროს!
- არც ლოყაზე უჩქმეტია?
- მსგავსი არაფერი ყოფილა!
საშკამ ძლივს შესამჩნევად აიჩეჩა მხრები.
- ესე იგი, იმ დღეს, როცა გაკოცა, ეს ყველაფერი გახდა მიზეზი...
- არა მხოლოდ კოცნა!
- ააა, პირდაპირ საქმეზე გადასვლა დააპირა? - ჩაიცინა.
მრისხანე მზერა ვესროლე.
- ეს არ იყო ჩვეულებრივი კოცნა, ამის თქმა მინდა. ეს შეყვარებულის კოცნას უფრო ჰგავდა.
- ხოხ! - დამცინავად გააქნია თავი, - და შენ? უპასუხე?
ნეტავ რა ეტაკა? რაში აინტერესებს ასეთი დეტალები?
- არა. მე... მგონი მინდოდა მეპასუხა, მაგრამ არ ვუპასუხე.
- მაშინ რატომ გაიქეცი? იმიტომ, რომ "კარგი გოგო" იყავი და არ გინდოდა ასეთ სულელურ თამაშში მონაწილეობა? - "კარგი გოგოს" წარმოთქმისას საშკამ ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითი ორ-ორჯერ მოკაკვა და გაშალა, "ბრჭყალები" ვიზუალურად გამოხატა.
- მას არც უფიქრია თამაში! - დავიღრინე და მის სახეზე სკეპტიკური გამომეტყველება შევნიშნე.
- ძაან იცი ახლა შენ, რას ფიქრობენ კაცები. თუ საკმარისად ხარ ინფორმირებული?
- მივხვდი, რაც სჭირდა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. ის იმ დღეს ისეთ ცუდ ხასიათზე იყო, იმ მომენტში დიდად ვერც აცნობიერებდა, რომ სწორედ მე მკოცნიდა.
- რატომ, ჩვევად აქვს ყველა კაბიანს რიგრიგობით დაეტაკოს?
მისი სარკაზმი არაფრად ჩავაგდე. მინდოდა რეზი დამეცვა.
- ჩემი აზრით, ცოლთან უსიამოვნება ჰქონდა. იმ მომენტში, მგონი, ვიღაც სჭირდებოდა, ვისაც... ოჰჰჰ, არ ვიცი რა! ვისაც მოეფერებოდა ალბათ. ვიღაც, ვინც აჰყვებოდა ამაში, სითბოს აგრძნობინებდა. დარწმუნებული ვარ, იმწუთას ვისთვისაც უნდა ეკოცნა, მასში ნებისმიერი საკუთარი ცოლის ასოციაციას აღძრავდა.
- ის კი, უბრალოდ, იმწუთას იქ არ იყო, არა?
ამოვიოხრე. არ მინდოდა სცოდნოდა, რეზიმ სიყვარული რომ ამიხსნა და ის, რაც გააკეთა, შეგნებულად გააკეთა.
- ჰო, რაღაც ამდაგვარი.
- ესე იგი, შეგეშინდა და გაქცევა ამჯობინე?
უკვე ყელში ამომივიდა მისი დაკითხვა. ავდექი.
- თუ ვახშმობა დამთავრდა, ჭურჭელს ავალაგებ და დავრეცხავ.
ისიც წამოდგა.
- მომცემ ნებას, დაგეხმარო? თუ ძალიან ხარ ჩემზე გაბრაზებული? - დამნაშავესავით მკითხა,
ისეთი სახე ჰქონდა, გადახარხარება მომინდა, თუმცა თავი შევიკავე.
- ცდები, ვაჟბატონო! ასე ადვილად ვერ დაიძვრენ თავს! - ეშმაკურად მოვწკურე თვალები და ღიმილით მივაჩერდი.
დარეცხვამ არ მომიწია. საშკას ჭურჭლის სარეცხი მანქანა ედგა სამზარეულოში. ამიტომ მხოლოდ შევალაგე თეფშები შიგნით, ავამუშავე და ვთქვი:
- აჯობებს მაღლა ავიდე.
- მეც შენთან ერთად წამოვალ. - გამოთქვა სურვილი და უკან მომყვა.
მეორე სართულზე რომ ავედით, საშკამ მიას ოთახიც მაჩვენა. მერე თქვა, თუ ექსკურსიაა, ექსკურსია იყოსო და მთელი სართული დამათვალიერებინა.
მერე უკან გამოვბრუნდით და ჩემი საძინებლის კართან გავჩერდით.
- ძილი ნებისა, - დავემშვიდობე.
- ურიგო არ იქნებოდა, ჩემს საძინებელშიც შემოგეხედა.
- ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ, - გონებამ განგაში ატეხა.
- რას მელაპარაკები, - ცინიკური ღიმილით მომაპყრო თავისი ნაცრისფერი თვალები, - მე ხომ ნათლად აგიხსენი, რომ მიას ჩემი მეგობარი გოგო ეგონები, რომელიც ჩემთან ცხოვრობს. ამის მერე შეიძლება ჩემი ოთახი ნანახი არ გქონდეს?
- მე შენთან არ დავწვები!
- ნუ გეშინია ასე, რას დაფრთხი? - დამცინავად გამომხედა, - ამით დიდ სიამოვნებასაც კი მიიღებ.
- მომისმინე...
- ოი, ოი, პატარა ნენე, დაწყნარდი! - რბილად გაიცინა საშკამ, - სხვა კაცებისგან დიდად არ გამოვირჩევი, ეს კი ნიშნავს, რომ არც მე გამიმართლებს შენთან.
- ვერ გავიგე მაგით რისი თქმა გინდა, - წარბები შევყარე.
- იმის, რომ, მიუხედავად შენი სილამაზისა და მიმზიდველობისა, ჯერ ვერც ერთმა კაცმა ვერ გათქმევინა "ჰო".
სწრაფად მოვარიდე მზერა. საშკა მიხვდა, რომ ქალწული ვიყავი.
პირი გავაღე, რათა რაღაც მახვილგონივრული მეთქვა, მაგრამ ხმაჩახრინწულმა მხოლოდ ესღა მოვახერხე:
- შენ არ ხარ ის ადამიანი, ვისაც ნატვრად გადაექცევა ის, რასაც ვერასდროს მიიღებს, - და თამამად გავუსწორე მზერა. მომეჩვენა, რომ საოცრად დაუთბა სახე, თვალებში სინაზე ჩაეღვარა.
- ოხ, ნენე! - ჩურჩულით წარმოთქვა, - ღამე მშვიდობისა.
მე ხომ ცოტა ხნის წინ დავემშვიდობე, ამიტომ სიტყვაც არ მითქვამს, ისე შევედი ჩემთვის განკუთვნილ ოთახში და კარი ჩავკეტე.

ასე გემრიელად ალბათ საუკუნეა არ მიძინია. როცა გამეღვიძა, მივხვდი, რომ საშკა მართალი იყო. მის თექვსმეტი წლის დისშვილს უნდა დაეჯერებინა, რომ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით. არ გამოგვივიდოდა მისი მოტყუება. ამ ასაკში გოგონებმა სასიყვარულო ურთიერთობებზე მეტი იციან, ვიდრე მშობლებს და ნათესავებს ჰგონიათ. თუკი მე საშკას გელფრენდად უნდა გამესაღებინა თავი, როგორ არ უნდა მცოდნოდა, როგორ გამოიყურებოდა მისი საძინებელი? საშკას რომ ეთქვა, პლატონურად გვიყვარს ერთმანეთიო, მია ამას არაფრის დიდებით არ დაიჯერებდა, რადგან მაჭავარიანი ძალიან სიმპათიური და სექსუალური მამაკაცია. როცა მის სახლში ცხოვრობ, რომელ პლატონურ სიყვარულზე შეიძლება ლაპარაკი?
საწოლიდან ავდექი და მივაყურადე. ჩამიჩუმი არ ისმოდა. მობილურის ეკრანს დავხედე. რვა დაწყებულიყო. ნუთუ საშკა უკვე წავიდა ოფისში?
წყალი გადავივლე და ჩავიცვი.
ოთახიდან გამოვედი და ის იყო კიბეზე უნდა ჩავსულიყავი, რომ შევყოვნდი. იქით გავიხედე, სადაც ის ერთადერთი ოთახი მეგულებოდა, სადაც არ ვყოფილვარ და არ დამითვალიერებია. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ იქით გავემართე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ საშკა უკვე სამსახურში იქნებოდა წასული. კარის სახელურს თითები ჩავავლე და ჩამოვწიე.
გავაღე.
შევედი.
მისი საძინებელი ჩემსაზე ბევრად დიდი იყო, მაგრამ სხვა რამით დიდად არ განსხვავდებოდა, თუმცა საწოლის, გარდერობისა და ტუმბას გარდა ოთახში საწერი მაგიდაც იდგა, რომელზეც კომპიუტერი იდო.
საშკას ლოგინი არ იყო დალაგებული. საწოლს მივუახლოვდი და ხელი შევახე ბალიშს, რომელზეც მას წუხელ თავი ედო.
უეცრად ზურგს უკან რაღაც ხმა შემომესმა, თითქოს ნაბიჯების. ელდანაცემი შემოვტრიალდი და სახე ერთიანად ამიალდა. ჩემ წინ ის იდგა, მაჭავარიანი, შიშველი, სველი და პირსახოცშემოხვეული.
- დილა მშვიდობისა, ნენე. კარგად გეძინა? - გამიღიმა.
რამდენიმე წამი მისი მკერდის დათვალიერებას მოვანდომე, მერე თავი ავწიე და ჩემი თვალები მისას შეხვდა.
- შენ რომ მითხარი... - ავბლუკუნდი, სანამ სათქმელს თავს მოვუყრიდი, - მე... მაპატიე. ვიფიქრე, ყოველ შემთხვევაში, მართლა არ მაწყენდა მისი ოთახი მენახა-მეთქი.
- რა მორიდებით მელაპარაკები? სულ ტყუილად. არ გიხდება ასე შეცბუნება.
- უკაცრავად, წავალ, - ამოვღერღე და შევეცადე, მისთვის გვერდი ამექცია, - მეგონა უკვე წასული იქნებოდი.
- რატომღაც მივხვდი, რომ ასე გეგონებოდა და არ ვიჩქარე, - მხიარულად მომიგო.
ისეთი ნაპერწკლები გაუკრთა თვალებში, ეჭვი შემეპარა, ხომ არ დამცინის-მეთქი.
- უკაცრავად, - კიდევ ერთხელ წარმოვთქვი ძალზე თავაზიანად იმ იმედით, რომ განზე გადგებოდა და გამატარებდა.
- მიბრძანდი, - თქვა, მაგრამ ერთი სანტიმეტრითაც არ გაწეულა. შექმნილმა სიტუაციამ გამაღიზიანა.
- მგონი... ხმ... ცოტა შიშველი ხარ, - შენიშვნა მივეცი.
- მართალია. მაგრამ ვიმედოვნებ, ეს შენ დიდად არ გაღელვებს.
ნერვიულად გადავყლაპე ნერწყვი.
- იოტისოდენადაც, - შევეცადე უდარდელად წარმომეთქვა.
საშკას თბილი, მეგობრული გამოხედვა ჰქონდა, სოლიდარობის გამომხატველიც კი. მოულოდნელად თითქოს გამოერკვაო, მკვეთრად გადგა განზე და გზა დამითმო.
- ექვსი წუთის შემდეგ ჩამოვალ და შემოგიერთდები, - მითხრა თუ არა ეს, დამფრთხალ ბეღურასავით გამოვფრინდი საძინებლიდან.
სულელი ვარ, შტერი! ჯერ სააბაზანოში უნდა შემეჭვრიტა! - ვსაყვედურობდი ჩემს თავს, მაგრამ კიდევ კარგი, ასე არ მოვიქეცი. წარმომიდგენია, რა დამემართებოდა, სრულიად შიშველი რომ მენახა.

დააგვიანა. რომ ჩამოვიდა, ექვსი წუთი უკვე რამდენიმე წუთის გასული იყო. მანამდე ჩემი თავის ხელში აყვანა მოვასწარი.
- ცხრა წუთში მოვედი. - დამნაშავესავით გამიღიმა.
- მგონი, ჩვენ არაფერი გამოგვივა, - ვუთხარი, როგორც კი მომიახლოვდა.
- გამოგვივა. შენ, ალბათ, იზრუნებ იმაზე, რომ დღევანდელი სცენა მეტჯერ აღარ განმეორდეს. არ ჯობია ყავა დავლიოთ?
- მეჩვენება თუ მიწყრები იმის გამო, რაც წეღან ჩავიდინე? - გაოცება ვერ დავმალე.
ამაზე ორივეს გემრიელად გაგვეცინა. მერე ყავა დავლიეთ და ბუტერბროტები მივირთვით. საშკამ მითხრა, ჩემი და და სიძე მალე მოიყვანენ მიასო.
- მართა დღეს არ მოდის? - შევეკითხე, რადგან ქალი არსად ჩანდა.
- სადღაც თერთმეტისკენ მოვა.
- მიას არ გაუკვირდება, მართასთან შინაურულად რომ ვერ ვიქნები? მას ხომ არ ვიცნობ.
- შენ გაუმკლავდები ამ გამოცდას, - თვალი ჩამიკრა.
გუგა და სალომე მართლაც მალე მოვიდნენ და მიაც მოიყვანეს. საშკას და დანახვისთანავე მომეწონა. ჩემმა შეფმა სტუმრებს კარი გაუღო და სახლში პირველი მია შემოვარდა.
მე სამზარეულოს კართან ვიდექი, ლოყით მის ჩარჩოს მიყრდნობილი.
- საშუკააა! - აღტაცებული ხმით შეჰყვირა გოგონამ. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ საშკამ უთხრა:
- მიდი და ნენეს მიესალმე.
- ნენეს? - ისეთი გაკვირვებული ტონით წარმოთქვა მიამ, როგორც ჩანს, მამას და დედინაცვალს არ გაუფრთხილებია, ბიძამისი მარტო რომ არ იქნებოდა.
შევხედე თუ არა გოგონას, მაშინვე მივხვდი, რომ ის უკვე აღარ იყო ბავშვი. მოტკეცილი ჯინსი ეცვა და ტოპი, შიშველ მუცელს კი პირსინგი უმშვენებდა. ყურსასმენები ფონენდოსკოპივით ჩამოეკიდა კისერზე, ხოლო მობილური მარჯვენა ხელში ჩაებღუჯა. ტიპური თინეიჯერი იყო, სოცქსელებს მიჯაჭვული.
მე გავუღიმე, ის კი უკმაყოფილოდ დაიჯღანა. საშკამ ერთმანეთს გაგვაცნო. სალომე, გერისგან განსხვავებით, თბილად მომესალმა. გუგაც, სხვათა შორის. როცა ამ უკანასკნელის დაღლილ თვალებს შევხედე, გავიფიქრე, მართლა არ აწყენდა დასვენება-მეთქი.

მიას მშობლები დიდხანს არ დარჩენილან, მალევე გაუდგნენ გზას. როცა საშკა შემობრუნდა, მიას შეხედა და უთხრა:
- ამ ჩანთებს შენს ოთახში ავიტან.
- იმავეში, სადაც ადრე ვიყავი?
- არა, იქ ახლა ნენე ცხოვრობს.
- ნენე აქ ცხოვრობს? - სახე მოეღუშა.
- იმედია საწინააღმდეგო არაფერი გექნება. - ჩაიცინა საშკამ.
- მაგრამ რისთვის სჭირდება ცალკე საძინებელი?
- ერთ-ერთი ჩვენგანი ხვრინავს ღამე, - წარბშეურხევლად მიუგო ბიძამ.
მია უკან მიჰყვა საშკას და ცოტა ხანში მასთან ერთადვე დაბრუნდა, თან ენა არ გაუჩერებია, სულ ლაყბობდა და ლაყბობდა, მაგრამ როგორც კი ბიძამისის "მეგობარი" დაინახა, მაშინვე გაჩუმდა.
რა "მხიარული" დღეც მელოდებოდა, კარგად ვხვდებოდი. როცა საშკამ თქვა, დროა სამსახურში წავიდეო, მეც მომინდა ოფისში წასვლა. ამასთან რა გამაძლებინებდა საღამომდე?
- ყველაფერი რიგზეა, ნენე? - შეფი მომიახლოვდა. ალბათ საშინლად შეწუხებული სახე მქონდა.
- ყველაფერი გადასარევადაა, ბოს! - ამოვღერღე და ძალით გავიღიმე.
- ვეცდები დღეს ადრე წამოვიდე, - ისევ თვალი ჩამიკრა, მერე ცალი ხელი მხარზე შემომაჭდო და ტუჩებში მაკოცა.
კინაღამ მუხლები მომეკვეთა.

- თქვენ სერიოზული ლავსთორი გქონიათ, - მომიტრიალდა მია, როცა საშკა წავიდა.
- აბა, რა ვიცი, ვცდილობთ, - მხრები ავიჩეჩე, - რა გინდა დღეს გააკეთო?
- წავალ და ჩემს რამერუმეებს ამოვალაგებ.
როცა მართა მოვიდა, მია ჯერ ისევ მაღლა იყო, თავის "ახალ" ოთახში. ავუხსენი მოსამსახურეს, ვინ იყო სტუმარი და აქ რას აკეთებდა.
- უკვე მოიყვანეს? - მკითხა ქალმა.
- კი, თავის ოთახშია, ტანსაცმელს ალაგებს.
- რა ვქნა, რამე განსაკუთრებული მოვამზადო დღეისთვის? იქნებ ხორციანი ღვეზელი გამოვაცხო, საშკას რომ უყვარს?
ცოტა არ იყოს, სინდისის ქენჯნა ვიგრძენი. მოსამსახურე ამ სახლის დიასახლისად მიმიჩნევდა და ჩემგან ელოდა ნებართვას.
ამ დროს მიაც გამოჩნდა. ხტუნვა-ხტუნვით ჩამოიარა ხვეული კიბის საფეხურები. ტოპი გაეხადა და გრძელი მაისური ჩაეცვა.
- ეს ქალბატონი მართაა, - გავაცანი გოგონას.
- სასიამოვნოა, - მიამ ხელი ჩამოართვა მართას, მერე კი მე მომიბრუნდა და გამომიცხადა, მივდივარო.
- საით გაგიწევია? - გავოგნდი.
- "ბუწიკებში", სხვაგან სად? წამომყვები?
არსად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ მარტოს ხომ არ გავუშვებდი? ბოლოს და ბოლოს, მასზე პასუხისმგებლობა მქონდა აღებული.
- სიამოვნებით. დამიცადე, ჩავიცვამ და ჩანთას ავიღებ.
...მგონი, თბილისის თითქმის ყველა "ბუწიკი" მოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი დღე ერთმანეთის გვერდით გავატარეთ, მაინც ცივად მექცეოდა, ერთი ნაბიჯითაც არ უცდია ჩემთან დაახლოება.

საშკამ სიტყვა შეასრულა და მართლაც ადრე დაბრუნდა შინ. შემოვიდა და პირდაპირ ჩემთან მოაჭრა.
- როგორ არის ჩემი გოგო? - ორაზროვნად გამიღიმა. უხილავ ცეცხლს აჩენდა თვალებიდან.
ოღონდ ისევ არ მაკოცოს! - პანიკამ შემიპყრო, მაგრამ სანამ გაფიქრებას დავასრულებდი, მანამ მაკოცა და ჩემმა პანიკამ კულმინაციამდე მიღწევა ვერ მოასწრო. ნეტავ მხოლოდ მას ეკოცნა... მეც უნებურად ვუპასუხე.
- მე არ მაკოცებ? - ზედმეტად ხმამაღლა დაინტერესდა მია.
- აბა რას ვიზამ, - ხელები გაშალა ბიძამ, დისშვილს მიუახლოვდა და ლოყაზე მოწყვეტით აკოცა.
- რა ქენით დღეს, რით გაერთეთ?
- არც არაფრით, - დამასწრო მიამ, სანამ ვიტყოდი, რაც გავაკეთეთ.
ვიფიქრე, ალბათ მალავს, მაღაზიებში რომ ვიყავით-მეთქი, მაგრამ როცა სუფრას მივუსხედით, გოგონამ გუდას თავი მოხსნა და სულ დაწვრილებით ჩაუკაკლა ბიძამისს, სად ვიყავით და რა შევიძინეთ.
- მერე კი მე და ნენემ კაფეში შევიარეთ. ნენე გამიმასპინძლდა.
- ოოო, აი, როგორი გულმავიწყი გამოვდექი, ხედავ? სულ არ გამხსენებია, რომ შენთვის ფული უნდა დამეტოვებინა. - მითხრა საშკამ, როცა ჭამას მოვრჩით და მია სასტუმრო ოთახიდან გავიდა.
- არა! - შევძახე.
- შენ არ ხარ ვალდებული, მის გამო შენი ფული ხარჯო.
- უხერხულ მდგომარეობაში მაყენებ.
- ისევ? - ეშმაკურად მოწკურა თვალები.
როგორც ჩანს, დილანდელი ამბავი იგულისხმა, ის, რაც მის საძინებელში გადამხდა.
- ოხ, გაჩუმდი, რა! - დარცხვენილმა შევძახე.
საშკამ გაიცინა და ვერც მე შევიკავე თავი.
- რატომ იცინით? - თავი შემოყო მიამ.
- ნენე მაცინებს, - მიუგო ბიძამ, - უნდა, რომ კარგ ხასიათზე დამაყენოს. დარეკა დღეს მამაშენმა? როგორაა?
- უკეთა, ბევრად უკეთ. - გოგონას შეეტყო, როგორ აწუხებდა მამის მდგომარეობა, რაც მესიამოვნა, თუმცა ცდილობდა ეს არ გამოემჟღავნებინა.
- ეგ კარგი ამბავია. ახლა კიდევ ერთი კარგი ამბავი გვითხარი. სკოლას რომ დაამთავრებ, რა გეგმები გაქვს?
- მამას უნდა, რომ მათემატიკურზე ჩავაბარო.
- მაგარია. ვიცი, რომ მათემატიკაში ძლიერი ხარ.
- შენ ვინ გითხრა? - წარბები მორკალა მიამ.
- სალომემ. ძალიან ამაყობს შენით.
- ვიცი, - თვითონაც სიამაყე გაერია ხმაში. მერე უცებ მე შემომიბრუნდა, - შენ არ მუშაობ?
- მმმ... კი, დასაქმების ბიუროში, - მომაფიქრდა უცებ.
- მაგრამ ჩემ გამო დროებით შვებულება აიღო, - სასწრაფოდ ჩაერია საშკა, - რათა შენ მარტომ არ მოიწყინო.
აშკარად არ მოჰგვარა აღტაცება ბიძის ნათქვამმა. ეჭვმა უშნოდ გამკრა, ბიძამისს ხომ არ ეპრანჭება-მეთქი. საშკა ხომ მისთვის ღვიძლი ბიძა არ იყო. თუმცა უსიამოვნო ფიქრი უმალ უკუვაგდე. საინტერესო იყო, ახლა რა მოხდებოდა, როცა ძილის დრო მოდიოდა. როგორ გავნაწილდებოდით და რა თანამიმდევრობით დავიძვრებოდით?
პირველი, ვინც წამოდგა, საშკა იყო.
- მაპატიეთ, მაგრამ ცოტა უნდა წავიმუშაო.
მიამაც, რომელიც აშკარად მამაკაცების საზოგადოებას ამჯობინებდა, მაშინვე გადაწყვიტა მაღლა ასვლა, წყალს გადავივლებ და დავწვებიო.
- მეც წავალ, - ღიმილით წარმოვთქვი. მანაც გამიღიმა - მთელი დღის განმავლობაში პირველად. ალბათ ესიამოვნა, რომ საშკამ მხოლოდ ის კი არა, მეც დამტოვა.
საერთოდ არ მეძინებოდა. პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი. წიგნი ავიღე, გადავშალე, მაგრამ სიტყვაც არ წამიკითხავს, უაზროდ ვიყურებოდი ფანჯარაში, საიდანაც ღამე ნიშნის მოგებით შემომცქეროდა.
ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მოულოდნელად კარი გაიღო და ჩემი ბოსი შემოვიდა. არც კი დაუკაკუნებია.
საბანი ნიკაპამდე ავიწიე და შეფს მივაჩერდი.
- რამის თქმა დაგავიწყდა? - შევეკითხე.
- ცოტა ხნით შემოგიარე, - საწოლზე ჩამოჯდა, - მიამ ოთახების შემოვლა დაიწყო. დაე იფიქროს, რომ ჩვენ ნამდვილად "იმნაირად" ვართ. ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ.
- ყველაფერი უფრო რთულად მიდის, ვიდრე მეგონა. როცა ის...
- უარის თქმას ხომ არ აპირებ?
გადავიხარხარე.
- ჩემი შენ გითხარიო. არანაკლებ შეძრწუნებული გამოიყურები.
- ჩემს დას როგორ ვაწყენინო, თორემ ამ გოგოს ისე უცებ მოვუგვარებდი ყველაფერს, დარდი არ მექნებოდა. არ მინდა გავრისკო. - რაღაც იდუმალად გამოუვიდა ნათქვამი. ნუთუ ისიც გრძნობს მიასგან რამეს და მე სულაც არ მეშლება? ამის გაფიქრებაზე მკლავები ამეხორკლა. საშკა რამდენიმე წამით გაჩუმდა და შემფასებლური მზერით შემათვალიერა, - შენ მართლაც დაუჯერებლად ლამაზი ხარ.
- ისა... ხომ არ გაგიგრძელდა ჩემს ოთახში ყოფნა? - დაბნეულს ესღა მომაფიქრდა მეთქვა.
- აქ რომ ვარ, თავს უხერხულად გრძნობ, არა?
ძალიანაც არ მინდოდა წასულიყო, მაგრამ მაინც ვთქვი:
- ღამე მშვიდობისა, საშ... - შემოკლებით წარმოვთქვი მისი ისედაც შემოკლებული სახელი და გავწითლდი.
ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ გაოცებისგან თვალის გუგები სულ ოდნავ გაუფართოვდა. მერე ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს სურდა დახრილიყო და ეკოცნა, მაგრამ ამ "ერთმა მომენტმა" როგორც კი გაიარა, წამოდგა, დამემშვიდობა და გავიდა.
როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ დამეძინებოდა? თუ მართლა შესაძლებელია წვეთწვეთობით ძილის დათვლა, იმ ღამეს ერთი წვეთიც არ მიძინია.

მეორე საღამოს საშკამ მე და მია რესტორანში წაგვიყვანა. კარგი დრო ვატარეთ, ბევრი ვიხალისეთ, თუმცა არ გვიცეკვია. გარეთ ვისხედით, ვერანდაზე, ამიტომ მუსიკის ხმა ჩვენამდე მოგუდულად აღწევდა. მთელი საღამოს განმავლობაში კაცს თვალი არ მოუცილებია ჩემთვის, როცა რამეს ლაპარაკობდა, მხოლოდ მე მიყურებდა, თითქოს მია ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა. მე ამას ჩემებურად ვხსნიდი - ასე თავისი დისშვილის თვალის ასახვევად იქცევა-მეთქი.
როცა სახლში დავბრუნდით, ისეთი დაღლა ვიგრძენი, ერთი სული მქონდა, ლოგინამდე როდის მივაღწევდი, თანაც წინა ღამის უძინარს.
- მე, როგორც ყოველთვის, ცოტა სამუშაო მაქვს, - გვითხრა ოჯახის უფროსმა ქალებს.
- მაშინ ღამე მშვიდობისა, - დაემშვიდობა მია და კიბეზე აირბინა.
მეც ჩავიდუდუნე, ტკბილი ძილი-მეთქი და მიას გზას დავადექი, მაგრამ საშკამ მკლავში თითები ჩამავლო.
- შენც ტკბილი ძილი, საყვარელო, - რბილად გამიღიმა, მერე თავისკენ მიმიზიდა, მკლავებში მომიწყვდია და მხურვალედ მაკოცა.
- ძ-ძილი ნებისა, - ენასთან ერთად ლამის ფეხებიც დამება, ძლივს ამოვისუნთქე.
მეტი ვეღარ მოვითმინე. თითის წვერებზე ავიწიე, მკლავები შემოვხვიე და კოცნაზე კოცნით ვუპასუხე. მძლავრად მიმიკრა მკერდზე. იმწუთას მიაც დამავიწყდა და ყველა და ყველაფერი გარშემო.
არ მახსოვს, პირველი მე გავერიდე თუ ის. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებდი, რომ ეს ნაბიჯი მე გადავდგი. არ მახსოვს. მოულოდნელად გამახსენდა, რომ მია შეიძლებოდა კიბის თავთან მდგარიყო და ჩვენთვის იქიდან ეყურებინა.
- ძაან ხომ არ გავასერიოზულეთ ჩვენი ფრენდობანა? - ჩურჩულით ვკითხე. მკლავები ჯერ კიდევ საშკას მხრებზე მეწყო. სასწრაფოდ ჩამოვიღე ხელები და ალეწილმა ნაბიჯი უკან გადავდგი, - აჯობებს, წავიდე, დავიძინო, - გავაგრძელე და მზერა კიბის ბოლოსკენ გავაპარე, სადაც მია მეგულებოდა, მაგრამ იქ არავინ იდგა.
ჩქარი ნაბიჯებით ავედი მეორე სართულზე და ჩემს ოთახში ისე შევედი, უკან არ მიმიხედავს.
დროზე უნდა შევჩერდე! ნეტავ რისი იმედი მაქვს მუყაოსფრთებიანს? 
იმ ღამეს კი მეძინა, მაგრამ ცუდად. თავს მხოლოდ იმით ვიიმედებდი, რომ საშკას კოცნაც მხოლოდ მიას სადემონსტრაციოდ იყო მოწყობილი.

დილით, სააბაზანოდან გამოსულს კარის ქვეშ წერილი დამხვდა: "ოფისში წავედი. სავარაუდოდ, გვიან დავბრუნდები. კარგ დღეს გისურვებ. სშკ."
ყველაზე მეტად სშკ მომეწონა, მისი სახელი ხმოვნების გარეშე. გადავწყვიტე, ხანდახან ასე მიმემართა მისთვის და გამემხიარულებინა. ყველაზე მეტად კი იმან შემაშფოთა, წერილი რატომ დამიტოვა. ხომ შეეძლო ეს ყველაფერი პირადად ეთქვა? შესაძლოა წუხანდელი კოცნის ბრალია. რომ არა ის კოცნა, ალბათ, ასეც მოიქცეოდა. ვითომ წუხელ სასმელი მოერია?

- დღეს რა გავაკეთოთ? - ვკითხე მიას საუზმის შემდეგ.
- რაც გინდა, - მშრალად მომიგ(დ)ო.
- ისევ ხომ არ გვეხეტიალა მაღაზიებში?
ამან ცოტა გამოაცოცხლა, მაშინვე წამოხტა და მზადყოფნა გამოთქვა.
- ის ლურჯი კაბა კიდევ ერთხელ უნდა მოვიზომო. ვნანობ, რომ არ ვიყიდე...

როგორც იქნა, გადაწყვიტა და იყიდა. კონსულტანტმა კაბა ბრენდისემბლემიან მუყაოს კოხტა ჩანთაში ჩადო და მშვიდობაშიო, ღიმილით დააყოლა.
- შენ სად დადიხარ ხოლმე, როცა გშია? - მკითხა, როცა მაღაზიიდან გამოვედით.
ადრე, სანამ რეზისთან ვმუშაობდი, ერთ პატარა კაფეში ვსადილობდი, სადაც უგემრიელეს აჭარულ ხაჭაპურს აცხობდნენ და საოცარ სალათებს აკეთებდნენ, ამიტომ არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე:
- მე ვიცი ერთი კარგი ადგილი.
ოფიციანტმა შესვლისთანავე მიცნო, რაც ძალიან გამიხარდა. მე აჭარული ხაჭაპური მივირთვი, მიამ - სალათა "კეისარი", რომელსაც, რატომღაც, ქართველებმა "ცეზარი" შევარქვით.
ის იყო, გზას უნდა გავდგომოდით, რომ უცებ ვიღაცამ დამიძახა:
- ნენე!
არსაით გახედვა არ დამჭირვებია, რადგან რეზი თალაკვაძეს პირისპირ შევეჩეხე.
- რეზი! - მეც შევყვირე და შეშინებული მივაჩერდი ჩემთვის ოდესღაც სანუკვარ მამაკაცს. სამსახურის მიტოვების შემდეგ ეს ჩვენი მეორე შეხვედრა იყო, - როგორ ხარ?
- ისე რა. მომენატრე.
საშინლად შევცბი. ნეტავ მია არ ყოფილიყო ამწუთას ჩემ გვერდით.
- ისა... ელენე როგორაა? შეურიგდი?
- არა, განქორწინების პროცესში ვართ, - სინანულშეპარული ხმით მითხრა.
თანაგრძნობით სავსე მზერა მივაპყარი. მათ ხომ სულ ცოტა ხნის წინ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
- ცუდია...
- რაცაა ესაა. რას შვრები, ისევ იქ მუშაობ?
- ჰო, მაგრამ დროებით.
- ჰოდა, დაბრუნდი ჩვენთან. ვიცი, რომ მივქარე და ძალიანაც ვნანობ, მაგრამ ვერაფერს გავაწყობ. მართლა ვნანობ, ნენე, უნდა დამიჯერო.
ღმერთო, როგორ დავიბენი. არადა, წინა შეხვედრაზე როგორ მთხოვდა, შევხვდეთ ერთმანეთს და ვცადოთ, იქნებ გამოგვივიდესო.
ასე უცებ რამ შეცვალა ნეტავ? ხომ არ მატყუებს და ელენეს ხომ არ შეურიგდა?
- რა თქმა უნდა, მჯერა შენი. მაპატიე, გვეჩქარება. მერე დაგირეკავ, კარგი? ნახვამდის, რეზი! - მიას ხელკავი გამოვდე და სწრაფად გამოვედით კაფედან. ვგრძნობდი, ცივი ოფლი როგორ მასხამდა.
- ეს ვინ იყო? - მკითხა გოგონამ, როცა გვარიანი მანძილი გავიარეთ.
- ადრე მასთან ვმუშაობდი, - გულგრილი ტონით მივუგე.
სანამ სახლამდე მივაღწევდით, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით ჩაფლული.
გაგრძელება