ცნობილი ტანმოვარჯიშეების სახელები და გვარები სპორტის სამყაროში უამრავმა ადამიანმა იცის, აღფრთოვანებულები არიან მათი შესრულებით, ბაძავენ და ბევრი პატარა გოგონა, რომლებიც ახლახან შევიდა ამ სპორტზე, ოცნებობს, რომ მათი მსგავსი წარმატება ჰქონდეს. ტანვარჯიში ერთ-ერთი ურთულესი სპორტია, რომელიც უდიდესი დისციპლინისა და ფიზიკურ ვარჯიშის ერთიანობას მოიცავს. მაგრამ, ყველას როდი აქვს წარმოდგენა, თუ რა კონკრეტულ გამოცდასა და სირთულეს გადიან სპორტსმენები, რომ თუნდაც საშუალო შედეგს მიაღწიონ, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდებაზე. ხშირად ტკივილი, სასოწარკვეთა, შიში და ცრემლები მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. განსაკუთრებულად რთული ტანვარჯიშში წარმატების მიღწევა და შენარჩუნება, ასევე ვარჯიშები და მწვრთნელების მეთოდები, საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო და მსგავს მეთოდებს დღესაც იყენებენ რუსი მწვრთნელები. ასევე ხშირად არის განხილვის საგანი ჩინელი სპორტსმენების ხვედრი, რომლებსაც არანორმალურ პირობებში უწევთ ხოლმე ვარჯიში. თუმცა ამჯერად პოსტსაბჭოთა სივრცეზე ვისაუბრებთ.
ზოგიერთი მათგანი ბოლო პერიოდში უკვე ღიად საუბრობს ამაზე და აკრიტიკებენ ამ მავნე პრაქტიკას. ყოფილი ტანმოვარჯიშეები და მწვრთნელები საკუთარ გამოცდილებას იხსენებენ და ღიად საუბრობენ, თუ რა იმალება ლამაზი წარმოდგენის უკან:
ელენა, 29 წლის, ყოფილი ტანმოვარჯიშე
მხატვრული ტანვარჯიში მხოლოდ სილამაზე და მოქნილობა არ არის. 10 წელი ამ სპორტით ვიყავი დაკავებული და ბევრი რამ მაქვს სათქმელი. შედეგის მისაღწევად, კვირაში 6 დღე, 6 საათი ვვარჯიშობდი და მხოლოდ ერთი დღე იყო დასვენება. ზრდასრულიც ვერ გაუძლებს ასეთ განრიგს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვებზე. ზაფხულის არდადეგებისა და ზღვის ნაცვლად სულ სხვა გასართობი გვქონდა – სპორტული ბანაკები დღეში სამ-ოთხი საათი ინტენსიური ვარჯიშით. მთელი დღეები კონტროლის ქვეშ ვიყავით. ჭამას გვიკრძალავდნენ და მწვრთნელი ჩვენს თითოეულ ლუკმას აკვირდებოდა. შედეგად, მხოლოდ ბოსტნეული და კომპოტი გვქონდა და მშივრები ვრჩებოდით. როგორც კი ეს სპორტი მივატოვე, ექვს თვეში 10 კგ მოვიმატე. ბევრ გოგონას ზუსტად იგივე ამბავი აქვს.
სისხლჩაქცევები, დაჭიმულობა, ტკივილი - მრავლად გვქონდა. ჩემთვის კი ზურგის ტრავმა გადამწყვეტი იყო. თავიდან პროცესს ექვსი თვით ჩამოვშორდი, როცა დავბრუნდი, მივხვდი, რომ სრულ დატვირთვას ვერ გავუძელი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელი გავიდა, ზურგის ტრავმა მაინც თავს მახსენებს. მწვრთნელში ძალიან გამიმართლა, მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი. თავს ჩვენი დამცირებისა და შეურაცხყოფის უფლებას არასოდეს აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოგონებას არ შეიძლება სასიამოვნო ეწოდოს, ტანვარჯიშს ცხოვრების სკოლად ვთვლი. მან ჩემში გამძლეობა, მოთმინება და ხასიათის სიმტკიცე განავითარა და ასევე, შემძინა ბევრი მეგობარი, რომლებთანაც დღემდე ახლოს ვარ. მიუხედავად ამისა, არასდროს მომინდება ჩემს შვილს მხატვრული ტანვარჯიშის სამყარო გავაცნო. მწვრთნელები ზოგჯერ ისეთი სასტიკები არიან, რომ მტერს არ ვუსურვებ მათთან მოხვედრას, საკუთარ შვილზე რომ აღარაფერი ვთქვა.

კარინა, 25 წლის, ტანვარჯიშის მწვრთნელი12 წელია, ტანვარჯიშით პროფესიონალურად ვარ დაკავებული და უკვე 5 წელია, მწვრთნელად ვმუშაობ, ამიტომ ეს სპორტი ჩემთვის მხოლოდ ჰობი არ არის - ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ტანვარჯიშში ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ბუნებრივი მონაცემები, არამედ მწვრთნელიცაა. ამ მხრივ, მე ყველაზე ჰუმანური ადამიანი შემხვდა. მისთვის უპირველესი ბავშვების ჯანმრთელობა იყო. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენს დროში ასეთები ცოტანი იყვნენ. ბევრი ორიენტირებული იყო მხოლოდ შედეგზე და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ფასად მიიღებდა ამას. ამ პროცესს მრავალი საათი ვარჯიში, დაღლილობა, უამრავი სისხლჩაქცევა, ტკივილი თან ახლავს. თუმცა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნიდით. ვტიროდით და მერე ისევ საქმეს ვუბრუნდებოდით. ყველა გოგონას ამის გაძლება არ შეუძლია, ამიტომაც გარბიან. დღეს, როგორც მწვრთნელი, ვცდილობ ბავშვებს არა მხოლოდ ჩემი ცოდნა, არამედ ადამიანური დამოკიდებულებაც გადავცე. მშობლებს ყოველთვის ვეკონტაქტები და ჩემი მიდგომა სამართლიანია.
ალინა, 30 წლის, ყოფილი ტანმოვარჯიშე
მშობლებმა ბავშვობაში ტანვარჯიშზე რომ მიმიყვანეს, იქ ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე დავდიოდი. მათთან არც ცრემლები ჭრიდა და არც ტრავმა. თავიდან სხვადასხვა ასაკის გოგონათა ჯგუფში მოვხვდი. იქ 30 ადამიანი იყო და ყველა "პერსპექტიულები" ვიყავით, შეიძლება ითქვას, კონკურენტებიც კი. შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვხვდი იმ ქალთა გუნდში, სადაც ყველაფრის კადრება იყო შესაძლებელი. ბინძური ჭორებიდან დაწყებული, მწვრთნელებთან ინტრიგებით დამთავრებული. ეს ყოფა ჯარს შემიძლია შევადარო. საშინელი განუკითხაობა იყო. ერთ გოგონას შეეძლო დაეჩაგრე, საკვები წაერთმია და თავად ეჭამა. მწვრთნელი მკაცრი იყო: შეურაცხყოფას, დამცირებასა და აგრესიას არ ერიდებოდა. ბევრი ამ კომპლექსებს ახლაც ებრძვის. ყოველდღე გვეუბნებოდა, რომ "მსუქანი ძროხები" და "უხეიროები" ვიყავით და ჩვენს თავდაჯერებულობას ფეხით თელავდა. სასწავლო ბანაკის დროს ცოტას და იშვიათად ვჭამდით. მრავალსაათიანი ვარჯიშის შემდეგ შიმშილი საშინელება იყო. ტკბილეულს არ გვაძლევდნენ და ისე გვინდოდა, ვიღაც საბავშვო კბილის პასტას ჭამდა, ერთმა გოგონამ კი მარწყვის საპონი შეჭამა. ჩემს ქალიშვილს ტანვარჯიშზე არასოდეს შევიყვან. იმ დაზიანებებს, ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმებს წლები სჭირდება, რომ გამოსწორდეს და ჩემს შვილს ამისთვის ვერასოდეს გავიმეტებ.

ოლგა, 29 წლის, მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი
ტანვარჯიშზე 5,5 წლის ასაკში მივედი. თუმცა, შეგნებულად და არა მშობლების დაჟინებული თხოვნით. ტელევიზორში ვნახე წარმოდგენა, ძალიან შემიყვარდა ეს სპორტი და იქ 12 წელი დავრჩი. ბევრი კარგი თვისება შევიძინე, მაგალითად, ნებისყოფა, დისციპლინა, მოთმინება... მახსოვს, მთელი თვე როგორ ვემზადებოდით კონკურსისთვის, ძალიან მკაცრი დისციპლინა და კვების რეჟიმი გვქონდა. ზოგჯერ მხოლოდ წყლის დალევა შეგვეძლო. მწვრთნელი ძალიან მკაცრი იყო. აკრძალულ პროდუქტებს ხის ქვეშ ვმალავდით და ჩუმად ვჭამდით. ყველაფერს გრამებით გვიზომავდნენ და არ გვყოფნიდა. თუმცა, როგორც კი სასწორზე ციფრი შეიცვლებოდა, მწვრთნელს მაყურებლის რიგებში გადავყავდით. საშინლად გვშურდა იმ ბავშვების, რომლებსაც სრულიად თავისუფლად შეეძლოთ ეჭამათ ის, რაც უნდოდათ. მხატვრული ტანვარჯიში ჩემთვის ტკივილთან და ცრემლებთან ასოცირდება. ახლა ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მსგავსი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია. საკმაოდ მომთხოვნი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ კარგი შედეგი დამცირებისა და შეურაცხყოფის გარეშე მიიღწევა. ყველანი განსხვავებულები ვართ, ამიტომაც მე ამ შაბლონების წინააღმდეგი ვარ.
ტანმოვარჯიშე გოგონას საოცარი მონათხრობი ექიმზე, რომელიც სექსუალურად ავიწროებდა
ახალგაზრდა ჩემპიონი, რომელსაც მწვრთნელის სისასტიკემ ცხოვრება სამუდამოდ დაუმახინჯა - ობოლ გოგონას ჩააგონებდა, რომ მის გარდა პატრონი არავინ ჰყავდა