ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა ქალი, 38 წლის შუშანა (ნინო) ზარდიაშვილია, რომელიც ნაქირავებ კერძო სახლში, სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედია, სწორედ ამ სახლში დატრიალდა.
მკვლელობაში ბრალდებული კი მისი ყოფილი მეუღლეა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონფლიქტი მათ შორის ბავშვების გამო დაიწყო. ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ბრალდებული ძალოვნებმა დააკავეს.
ის ამჟამად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მეტს ვერაფერს გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის გარემოებას, მედიაში გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალი ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად ამ ეტაპზე არ დასტურდება. კიდევ ერთი ვერსიით, ქალს ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობენ.
"გაშორებულები იყვნენ, მაგრამ მამაკაცი არ ასვენებდა გოგოს და ხშირად აკითხავდა. როგორც გავიგე, მკვლელობის დროს შინ იმყოფებოდა მათი შვილიც. მკვლელობა აბაზანაშია მომხდარი, ზუსტად რა და როგორ მოხდა, ჯერ უცნობია.
დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, გვაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვიც შეესწრო მკვლელობას. რას ამბობს თავად დამნაშავე, არ ვიცით", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ასევე დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს, პაატა ნიკოლეიშვილს, მაგრამ მან გვითხრა, რომ მომხდარზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. უფრო მეტი დეტალი ალბათ მალე გახდება ცნობილი. მომხდარის გამოძიება გრძელდება.
შსს-ს ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებს - "ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა"