ორი დღის წინ, ქობულეთში, 21 წლის ახალგაზრდა მოკლეს. მკვლელობას წინ მობილური ტელეფონის გამო დაწყებული კამათი უძღოდა. კონფლიქტი კლუბ "ჰავანაში“ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ურთიერთშელაპარაკების მიზეზი გახდა ის, რომ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მოკლულის მობილური ტელეფონის მითვისებას ცდილობდა.
მკვლელობაში ბრალდებულ ლექსო ინდუაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მოსამართლის ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება. დაკავებულს გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "13 აგვისტოს, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა".
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 21 წლის ბიჭი მოკლეს.
გარდაცვლილი რევაზ ლომსაძე, ხაშურიდან ქობულეთში დასასვენებლად იმყოფებოდა, ხოლო ბრალდებული გორის მკვიდრია.
რეზის მასწავლებელი ქეთევან გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოსწავლის გარდაცვალებამ სიკვდილი გაუადვილა...
განაგრძეთ კითხვა