თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს. აღნიშნული პროგრამით კი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები ისარგებლებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამაში ჩართვის შემდეგ ადამიანებს აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება დაუფინანსდებათ. მომსახურება თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს მოიცავს.
აღნიშნულია ისიც, რომ თვეში დაფინანსდება არაუმეტეს 300 ადამიანი, თუმცა რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ადამიანები და ვის მიენიჭება უპირატესობა, გავრცელებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის. საინტერესოა ასევე ისიც, სად უნდა დარეგისტრირდნენ პირები, რომლებიც აღნიშნული პროგრამით სარგებლობას გადაწყვეტენ. შეკითხვებით თბილისის მერიას მივმართეთ:
"ჯერჯერობით, სხვა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, რადგანაც პროგრამა ახლა მუშავდება. აღნიშნული პროგრამა თბილისის მერის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილში შედიოდა და აუცილებლად განხორციელდება. სავარაუდოდ, მოქალაქეები შეთავაზებით ოქტომბრიდან ისარგებლებენ და სექტემბერში დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ." - განაცხადეს თბილისის მერიაში.