"ჩემი ქალიშვილი მალე 2 წლის გახდება და ამ დროის განმავლობაში საშინლად დამღალა. შესაძლოა, ეს ცუდად ჟღერს, მაგრამ მართლა დავიღალე. მე ის ძალიან მიყვარს, თუმცა აღარ შემიძლია გაუთავებელი არეულობა, გასარეცხი ჭურჭელი, უძილო ღამეები, ტირილი. ძალა გამომელია. მინდა განვავითარო – თამაშები, წიგნები შევთავაზო, გავასეირნო, მაგრამ ეს ყველაფერიც მერე ტვირთად მექცევა. ვგრძნობ, რომ ჩემი ყურადღება აკლია, ამიტომაც სულ ტირის. მე კი მხოლოდ დაწოლა და სიმშვიდე მინდა... ქმარი მეხმარება, მაგრამ სახლში გვიან მოდის და ადრე მიდის. მითხარით, რა ვქნა? იქნებ სამსახურის პოვნამ მიშველოს?" - ახალგაზრდა დედამ ეს პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და გამოცდილების გაზიარება ითხოვა. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ავტორს ფსიქოლოგებმაც მისცეს რჩევები:
- საკუთარ თავსა და მდგომარეობაზე ზრუნვა აუცილებელია და ეს ყველა ქალმა უნდა გააცნობიეროს. როცა დედა ბედნიერია, აქვს ენერგია და ხალისი, რომ შვილს სხვადასხვა თამაში შესთავაზოს, ესაუბროს, გაასეირნოს, ბავშვიც ბედნიერია. ხოლო, თუ ქალი მძიმე მდგომარეობაშია, განიცდის დეპრესიას, უმოტივაციობას, სურს, რომ დაწვეს და არვის ხმა გაიგონოს, მაშინ მშობლის შფოთვა, ნეგატიური ენერგია ბავშვსაც გადაედება და ტირილს დაიწყებს, რათა დარწმუნდეს, რომ დედა მასთან ერთადაა. შვილის ტირილზე კი დედა კიდევ უფრო ღიზიანდება და ჩაკეტილი წრე იწყება.
მას შემდეგ, რაც სპეციალისტთან კონსულტაციას გაივლით, შემდეგი ნაბიჯი საკუთარ თავთან უკეთ გარკვევის შესაძლებლობაა. დაფიქრდით, რა განიჭებთ ბედნიერებას, რას მოაქვს თქვენთვის სიხარული და რა გავსებთ ენერგიით? აკეთებთ იმას, რასაც თქვენთვის სიხარული მოაქვს? თუ არა, რატომ? საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა არ ღირს, ეს სარგებელს არავის მოუტანს. დაფიქრდით, გაქვთ პირადი სივრცე, თუ მთლიანად ოჯახურ ვალდებულებებში ხართ ჩართული? დაუთმეთ თუნდაც ერთი დღე საკუთარ თავს და დანაშაულის შეგრძნება ნუ შეგაწუხებთ. ბავშვი მეუღლეს დაუტოვეთ, უქმე დღეებში გაისეირნეთ, წადით თქვენს საყვარელ პარკში, მიირთვით საყვარელი ნაყინი, დამშვიდდით და შეიქმენით სასიამოვნო განწყობა. თუ ფიქრობთ, რომ სამსახური გჭირდებათ, მოიძიეთ სხვადასხვა რესურსი, გაეცანით ვაკანსიებს და შესაძლოა, აღმოაჩინოთ საქმე, რომელსაც დროს სიხარულით დაუთმობდით.
ზოგჯერ ამის გაკეთება ფსიქოლოგის დახმარების გარეშე ძნელია, ამიტომაც მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც შეეცდება, სწორი მიმართულება გაპოვნინოთ.