ზოგჯერ მსოფლიოში პოპულარული ადამიანები ძალიან ბევრ ყურადღებას, ყოველდღიურ გამოწვევებსა და დარდს ვერ უმკლავდებიან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ. ამის შემდეგ კი ნუგეშს ალკოჰოლში, ნარკოტიკულ საშუალებებში პოულობენ და ამით, რა თქმა უნდა, სიტუაცია უარესდება. არის სხვა გარემოებებიც, რის გამოც ცნობილი ადამიანები ფსიქიატრიულ კლინიკებში ხვდებიან. ყველაზე გახმაურებული შემთხვევები გავიხსენოთ.
ბრიტნი სპირსი
2007 წელს ბრიტნი სპირსის ნერვულ აშლილობას, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო უყურებდა. პაპარაცები მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდნენ და აფიქსირებდნენ, რომ მომღერალი რთულ პერიოდს გადიოდა. ბრიტნი მეუღლეს, მოცეკვავე კევინ ფედერლაინს დაშორდა. მათ ორი ვაჟი ჰყავთ და მაშინ ბავშვები მამასთან დარჩნენ. კევინი კი სპირსს ბიჭების მონახულების უფლებას არ აძლევდა. ბრიტნის ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. ერთ დღეს კევინმა სახლში რომ არ შეუშვა, უახლოეს სალონში წავიდა და თავის გადაპარსვა ითხოვა. სალონში უარი უთხრეს, ამიტომ ბრიტნიმ ეს პაპარაცების თანდასწრებით თავად გააკეთა.
სასამართლომ ბავშვებზე მეურვეობა მომღერლის ქმარს გადასცა. 2008 წლის 3 იანვარს ბრიტნი ლოს-ანჯელესის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ორი დღის შემდეგ გაუშვეს, იმავე თვის ბოლოს კი სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში აღმოჩნდა. ექიმებმა ბრიტნი არაკომპეტენტურ ადამიანად გამოაცხადეს, მის მეურვედ კი მამამისი, ჯეიმი სპირსი დანიშნეს. საბედნიეროდ, ვარსკვლავის ცხოვრებაში ეს საშინელი პერიოდი დასრულდა: 2021 წლის ნოემბერში სასამართლომ ოფიციალურად გაათავისუფლა მამის 13-წლიანი მეურვეობისგან, რამდენიმე თვის წინ სემ ასგარზე დაქორწინდა და ახლა თავს ბედნიერად გრძნობს.
კორტნი ლავი
კურტ კობეინის მეუღლე, მომღერალი კორტნი ლავი, თინეიჯერობის ასაკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა. 1992 წელს მას მშობლობის უფლება კინაღამ ჩამოართვეს, რადგანაც კორტნი ორსულობის დროს მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. 2004 წლის 9 ივლისს, როცა ქალს 40 წელი შეუსრულდა, თვითმკვლელობა სცადა. საბედნიეროდ, ვარსკვლავი გადაარჩინეს. ამის შემდეგ, სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ლავი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომაც რამდენიმე დღის განმავლობაში ნიუ-იორკში, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. კორტნის თქმით, ნარკოდამოკიდებულებასთან გამკლავება მოახერხა და ცხოვრება "სუფთა ფურცლიდან" დაიწყო.
კეტრინ ზეტა-ჯონსი
2010 წლის აგვისტოში კეტრინ ზეტა-ჯონსის ქმარს, მსახიობ მაიკლ დუგლასს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ქმრის ავადმყოფობამ კეტრინზე ძალიან იმოქმედა და ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. 2011 წელს მსახიობი ფსიქიატრიულ კლინიკაში მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის სამკურნალოდ მივიდა. სამწუხაროდ, 2013 წლის აპრილში ვარსკვლავს კვლავ მოუწია სამედიცინო დახმარების ძიება - მას ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა. იმავე წლის აგვისტოში მაიკლ დუგლასმა, რომელმაც კიბო დაამარცხა, ზეტა-ჯონსთან განქორწინების შესახებ გამოაცხადა. როგორც მაშინ წერდნენ, მსახიობი მეუღლის დაუსრულებელ დეპრესიას ვეღარ უძლებდა. თუმცა, წყვილი რამდენიმე თვის შემდეგ შერიგდა.
ამანდა ბაინსი
2000-იანი წლების ვარსკვლავი, ამანდა ბაინსი, 2010 წლიდან ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე გახდა დამოკიდებული. მსახიობს ფილმებში აღარ იწვევდნენ და ამან მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. სოციალურ ქსელში კოლეგების მისამართით საშინელ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა. ერთ დღეს კი ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.
ამის შემდეგ ამანდა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ახლა ფილმის "ის კაცი" ვარსკვლავი 35 წლისაა, მაგრამ კვლავ მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბოლოს ამანდა სარეაბილიტაციო კლინიკაში 2019 წელს მოხვდა, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას კვლავ ცდილობს.
მიშა ბარტონი
ერთ დროს ძალიან პოპულარული გოგონა და თინეიჯერების კერპი, მიშა ბარტონი, ვერ გაუმკლავდა იმ ტვირთს, რისი ტარებაც ცნობილ ადამიანებს უწევთ. სერიალის "მარტოხელა გულების" ვარსკვლავი 2009 წელს ორჯერ მოხვდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ერთხელ, როდესაც ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობდა და ცუდად იყო და მეორედ, როდესაც საკუთარ სტომატოლოგს თავს დაესხა.
ბოლო გახმაურებული ინციდენტი 2017 წელს მოხდა. გოგონას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, მხოლოდ პერანგი ეცვა, ეზოში დარბოდა და ყვიროდა. მისმა მეზობლებმა ამის შემდეგ სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.
დრიუ ბერიმორი
დრიუმ პირველად ნარკოტიკული საშუალებები 12 წლის ასაკში გასინჯა, ხოლო 14 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა. გოგონა მაშინ თვლიდა, რომ "მახინჯი" იყო და ამის ფონზე დეპრესია დაემართა. შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს. 1990 წელს ავტობიოგრაფიული წიგნი "დაკარგული პატარა გოგონა" დაწერა და იმ პერიოდის შესახებ გულწრფელად ისაუბრა. ზრდასრულ ასაკში მას ისევ დასჭირდა სპეციალისტების დახმარება. დრიუს დახურული ადგილების ფობია ჰქონდა და ამ პრობლემას ებრძოდა.