"ერთი თვე გავუშვი სოფელში და ბავშვს ვეღარ ვცნობ... გაუზრდელდა, გაველურდა... გული მაქვს გახეთქვაზე. ჩემს ქმარს კი ძალიან მოსწონს ეს ცვლილებები" - მშობლები
"ხშირად ვკითხულობ თქვენს სტატიებს და მეც მომინდა, ჩემი ამბავი გიამბოთ, იქნებ გამოცდილი მშობლების რჩევებიც წავიკითხო შემდეგ...
მე და ჩემს მეუღლეს ერთი შვილი გვყავს, 12 წლის ბიჭი. რომ იტყვიან, კალთაზე გამობმულიო, თითქმის მასე გავზარდე. უჩემოდ არსად მიდიოდა და არც ვუშვებდი. სადაც მე მივდიოდი, თან მიმყავდა, სადაც ის მიდიოდა, მე მივყვებოდი - ექსკურსია იქნებოდა, არდადეგები, გართობა თუ სეირნობა. მეუღლე დილიდან საღამომდე მუშაობს და მე და ჩემი შვილი ვიყავით სულ ერთად. არ იფიქროთ, რომ ეზოში არ ვუშვებდი ან სკოლაშიც დავყვებოდი. უბრალოდ, ეზოშიც ფანჯრიდან გადავხედავდი ხოლმე, რომ ძალიან შორს არ წასულიყო და შებინდებულზე ვეძახდი, რომ ამოსულიყო. მთელი დღე ეზოში და გარეთ არც ყოფილა. თან არც აქვს ამის დრო - სკოლა, გაკვეთილები, წრეებზეც დადის. კარგად სწავლობს, წიგნების კითხვაც შეუყვარდა და სახლში მყოფი ხშირად კითხულობდა ხოლმე. იყო წესიერი, შინ გაზრდილი ბიჭი... იყო-თქო, იმიტომ ვწერ, რომ ახლა არ ვიცი, როგორია, დიდ საგონებელში ვარ ჩავარდნილი.
ეს ზაფხული რომ დაიწყო, ჩემმა ქმარმა აიტეხა, უკვე დიდია და გავუშვათ სოფელში მარტო, დამოუკიდებლობას ისწავლის, იქ ბევრი ბავშვია, სხვა ურთიერთობებია და ცხოვრებაში წაადგება, სულ შენ ხომ არ გეყოლება მოკერებულიო... მერე ჩემმა დედამთილმაც შემოგვითვალა რამდენჯერმე, ჩამოვიდეს, საჭმელს არ მოვაკლებ და ყურადღებასო და მოკლედ, ძალიან რთულად, მაგრამ დავთანხმდი.
ვერ გეტყვით, როგორ გამიჭირდა. თითქოს ეკლებზე ვიჯექი. პირველად ვატარებდი დღეებს და ღამეებს შვილის გარეშე. არც თავად ვიცოდი, რა მეკეთებინა, და სულ ცუდი ამბები მელანდებოდა. ვცდილობდი, ძალიან ხშირად არ დამერეკა, ამიტომ დილა-საღამოს ვესაუბრებოდი. თუმცა პირველივე კვირის თავზე, სულ უფრო იშვიათად მპასუხობდა. დილაობით უკვე გასული იყო გარეთ, ბავშვებთან და გვიანობამდე სახლში ვერ ვიჭერდი. მერეც მოკლე-მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა და სულ უფრო ვგიჟდებოდი. იმაზეც მწყდებოდა გული, რომ თავად სულაც არ უჭირდა უჩემოდ და თითქოს პირიქით, კარგ დროს ატარებდა. თან მიხაროდა, რომ დამოუკიდებლობას სწავლობდა, მაგრამ თან ეჭვები არ მასვენებდა. ჩემი ქმარი კი ხარობდა, ნახე, როგორი შეცვლილი და დაკაცებული ჩამოვაო...
რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და საერთოდ ვერ ვცნობ, თითქოს სხვა ადამიანია. ძალიან გაუხეშდა, მეპასუხება ყველაფერზე, მოსაფერებლადაც კი იშვიათად, მხოლოდ ძილის წინ მიკარებს... აღარც წიგნებს კითხულობს, აქაც გარეთ უნდა სულ ყოფნა და რომ არ ვუშვებ, მეჩხუბება... რამდენჯერმე ცუდი სიტყვებიც წამოსცდა, ქუჩაშიც თავხედური გაუხდა ქცევები, ძველბიჭური და გული მაქვს გახეთქვაზე. ჩემს ქმარს ძალიან მოსწონს ეს ცვლილებები და საყვედურს არ ეუბნება საერთოდ, მე კიდევ აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. იქნებ დროებითია და გადაუვლის თავისით, თუ რამე უნდა ვიღონო? იქნებ მირჩიოთ?"