იმის მიუხედავად, რომ საუდის არაბეთში ბოლო რამდენიმე წელია უკიდურესად კონსერვატიული და რელიგიური მიდგომები ცოტა შერბილდა, ქალები მაინც ძლიერ ზეწოლას განიცდიან და მათი უფლებები ხშირად ირღვევა. შემსუბუქებული დამოკიდებულების გამო ახლა ქალებს მანქანის მართვის უფლება აქვთ. 2018 წლამდე მათ ეს ეკრძალებოდათ. მხოლოდ ნათესავ მამაკაცთან ერთად ჰქონდათ გადაადგილების უფლება. იგივე ეხებოდა ტაქსით მგზავრობასაც. ერთი მანქანით უცნობ მამაკაცთან ერთად მგზავრობა ახლაც აკრძალულია. მანქანის მართვის ოფიციალური ნებართვის მიღებამდე ქალებს უწევდათ საკუთარ "მეურვეს" დალოდებოდნენ და მასთან ერთად გასულიყვნენ გარეთ... მართალია, მათ მართვის უფლება მიიღეს, თუმცა საზოგადოების ზეწოლისგან თავდახსნა მაინც უჭირთ.
საქმე ისაა, რომ კონსერვატორები ქალებზე მორალურ ზეწოლას აგრძელებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათ თავად თქვან უარი მიღებულ უფლებებზე. ჯანმრთელობითაც კი მანიპულირებენ და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქალებს, რომლებიც მანქანას მართავენ, შესაძლოა ავადმყოფი ბავშვები გაუჩნდეთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება, რაც ქალებმა ახლახან მიიღეს, ის არის, რომ გაუთხოვარმა, განქორწინებულმა ქალებმა და ქვრივებმა შეიძლება დამოუკიდებლად იცხოვრონ და არ იყვნენ დამოკიდებული მამრობითი სქესის მეურვეზე.
ადრე არაბი ქალები მამაკაც მეურვეებზე მთლიანად იყვნენ დამოკიდებულნი. ეს ეხებოდა ყოველდღიურ რუტინას, მოგზაურობასა თუ ცხოვრების წესს. მამაკაცის თანხლების გარეშე გარეთ გასვლაც კი აკრძალული იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრანსპორტით გადაადგილებაზე. ახლა კი გაუთხოვარ ქალებს, ქვრივებს და იმ ქალებს, რომლებიც კანონიერად განქორწინებულნი არიან, დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება აქვთ. ქალს შეუძლია მარტო იცხოვროს, იმუშაოს და იზრუნოს საკუთარ თავზე.
რაც შეეხება სამუშაოს, საზოგადოება კვლავ კონსერვატიულია და ოფისების უმეტესობაში ქალებისთვის და კაცებისთვის განცალკევებული ადგილებია. ხოლო საჯარო დაწესებულებები მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი: ან მხოლოდ ქალებისთვის, ან კაცებისთვის, ან კიდევ - დაქორწინებული წყვილებისთვის.
ცოტა ხნის წინ, საუდის არაბეთში ქალებმა ქორწინებისა და დაბადების მოწმობის მიღების უფლება მიიღეს. მრავალი წლის განმავლობაში ეს დოკუმენტები მამაკაც მეურვეზე გაიცემოდა და ქალს, ფაქტობრივად, არანაირი უფლება არ ჰქონდა.
მიუხედავად ყველა სიახლისა, რომელიც ახალგაზრდა პრინცი მუჰამედის წყალობით გაჩნდა, საუდის არაბეთში საზოგადოება ჯერ კიდევ კონსერვატიულია და სრული თანასწორობის მისაღწევად ეტაპობრივ რეფორმებსა და საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლას ათწლეულზე მეტი დასჭირდება.
როგორ იქცა აზერბაიჯანელი ტანმოვარჯიშე არაბი შეიხის ცოლად და როგორ ექცა ცხოვრება კოშმარად
ვინ არიან შეიხთა ცოლები - ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება