დაბერების პროცესის შესაჩერებლად ბევრი ადამიანი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, მიმართოს დიეტას, იკვებოს ჯანსაღად, წავიდეს სპორტდარბაზში და კოსმეტოლოგთან არაერთი მტკივნეული პროცედურა ჩაიტაროს. მაგრამ, ამავდროულად, შესაძლოა, სულაც არ ვაქცევთ ჩვენს ყოველდღიურ ჩვევებს ყურადღებას, რომლებიც დაბერების პროცესს აჩქარებს და ამაზე არაფერი ვიცით.
ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დაბერების ტემპს სხვადასხვა ტიპის სინათლე, ციმციმა, ლურჯი შუქი აჩქარებს, რომელსაც ყოველდღიურად სმარტფონებიდან, ტელევიზორიდან, კომპიუტერის ეკრანიდან თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობიდან ვიღებთ.
"ლურჯი შუქის გადაჭარბებული ზემოქმედება გავლენას ახდენს ჩვენს ძირითად უჯრედულ ფუნქციაზე და ადრეულ დაბერებას იწვევს", - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ორეგონის უნივერსიტეტის ინტეგრირებული ბიოლოგიის პროფესორი, იადვიგ გობულტოვიჩი. აღმოჩნდა, რომ ის გამოსხივება, რასაც ეკრანებიდან ვიღებთ, თითქმის ყველა უჯრედზე ახდენს გავლენას.
"სპეციფიკური მეტაბოლური დონეები, ქიმიური საშულებები, რომლებიც უჯრედების სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ლურჯი შუქის ზემოქმედებისას შეიცვალა. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ლურჯი შუქის გადაჭარბებული ზემოქმედების შეზღუდვა ადრეული დაბერების თავიდან ასაცილებლად შეიძლება კარგი გზა იყოს", - განმარტა იადვიგ გიბულტოვიჩმა სამეცნიერო ჟურნალში Frontiers in Aging-ში.
მკვლევარებმა მეტაბოლიტის დონე ბუზებში გამოიკვლიეს და შეადარეს იმ მწერებისა, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში ლურჯი გამოსხივების ქვეშ იყვნენ და მათსას, რომლებიც სრულ სიბნელეში იმყოფებოდნენ. შედეგად, გაიზარდა სუქცინატის მეტაბოლიტის დონე და შემცირდა გლუტამატის დონე. ამის გამო უჯრედები სუოპტიმალურ დონეზე მუშაობენ, რაც მათ ნაადრევ სიკვდილს იწვევს. მარტივად კი მეცნიერთა დასკვნები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: სინათლის ზემოქმედების გამო აქტიურდება გენები, რომლებიც სტრესისგან გვიცავს. მაგრამ სხეულისთვის ეს ძალიან დიდი დატვირთვაა, ამიტომ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, რა დროს ვატარებთ სმარტფონებთან ან კომპიუტერებთან.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბუზებზე კვლევა საკმაოდ ინტენსიური შუქის გამოყენებით ჩატარდა, რაც იმაზე ბევრად მაღალია, რასაც ადამიანები სხვადასხვა მოწყობილობიდან იღებენ. ამიტომ, ჩვენთვის შედეგები შეიძლება ნაკლებად დრამატული იყოს. მაგრამ, ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ლურჯი შუქი ადამიანებში ნაადრევ დაბერებას იწვევს.
და კიდევ უფრო სავალალოა შედეგები, როდესაც სიბნელეში გვიჭირავს სმარტფონი ან ჩართული გვაქვს კომპიუტერი და ასე ვუყურებთ.