დღეს ცხოველთა უფლებების დამცველები და ეკოაქტივისტები ზოოპარკების, დელფინარიუმების დახურვას აქტიურად უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ ეს ცხოველების არასათანადო მოპყრობასა და ტანჯვას გულისხმობს. თუმცა, დაახლოებით 100 წლის წინ მხოლოდ ცხოველების დასათვალიერებლად კი არ დადიოდნენ ადამიანები, ახალშობილების გამოფენასაც ესწრებოდნენ. დიახ, იქ ნაადრევად დაბადებული და სასიკვდილოდ განწირული ბავშვები მიჰყავდათ. გამოფენაზე იყვნენ ის ახალშობილები, რომელთა წონაც 900 გრამზე ნაკლები იყო. ხალხი კი ფულს იხდიდა, რომ ენახათ არსებები, რომლებსაც მათი აზრით, არ უნდა ეცოცხლათ. იდეის ავტორი ათასობით დოლარს შოულობდა, თუმცა მამაკაცის მიზანი მოგება კი არა, სასიკვდილოდ განწირული ბავშვების გადარჩენა იყო. და მან ეს ნამდვილად შეძლო, აი, ასეთი უჩვეულო მეთოდით!

თუმცა, იმისათვის, რომ ეს ამბავი ზუსტად აღვიქვათ, ზოგადი ფონიც უნდა ვიცოდეთ. მე-19 საუკუნის ბოლოს ნაადრევად დაბადებული ბავშვები არავის სჭირდებოდა. ექიმებმა არ იცოდნენ, როგორ უნდა ემკურნალათ მათთვის, საზოგადოება კი მათ გადარჩენას და გაზრდას სკეპტიკურად უყურებდა. ეკლესიის წარმომადგენლებიც ახდენდნენ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე - სუსტი ბავშვების გადარჩენა ცოდვად მიიჩნეოდა... ჩვეულებრივ, ასეთი ბავშვები რამდენიმე დღის განმავლობაში ცოცხლობდნენ, შემდეგ კი იღუპებოდნენ, თუმცა ზრდასრულები ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდნენ.
იმავე პერიოდში ჩვილების პირველი ინკუბატორი გამოიგონეს. მისი შემქმნელი, ალექსანდრ ლაიონი ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო საავადმყოფო, რომელიც ბევრი ბავშვის გადარჩენას შეძლებდა. მაგრამ, ახალი აღჭურვილობის ყიდვას ვერ ახერხებდა, რადგანაც ეს ძალიან ძვირი ჯდებოდა. კაცმა ყველა ადამიანს მიმართა, ჩამოიარა ბაზრობები, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხალხს არც აინტერესებდა, რა ყუთებს დაატარებდა ლაიონი. მაგრამ, როცა ახლომდებარე კლინიკებში პატარა ინკუბატორებში ჩვილები გამოჩნდნენ, ინტერესი გაცილებით გაიზარდა.
ამის შემდეგ კი იდეით შოუმენი მარტინ კონი დაინტერესდა. კაცი ამბობდა, რომ განათლებით ექიმი იყო, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არსად ჰქონდა. მარტინმა არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეოდა პატარა არსებებს, მაგრამ ზუსტად იცოდა, როგორ უნდა მოეწყო შოუ მათი მონაწილეობით. ამიტომაც, გადაწყვიტა ნამდვილი სპექტაკლი გაეკეთებინა. რამდენიმე ინკუბატორის შეძენის შემდეგ, მამაკაცმა საავადმყოფოდან 600-900-გრამიანი ბავშვები შოუზე წაიყვანა. ექთნებს უხაროდათ, რომ საქმე უმსუბუქდებოდათ და თან თვლიდნენ, რომ ბავშვების სიცოცხლე ისედაც განწირული იყო.

მარტინმა ეს საქმე მნიშვნელოვან შემოსავლად აქცია. პატარების გამოფენას აწყობდა, ხალხი მათ დასათვალიერებლად ფულს იხდიდა, შემდეგ კი კაცი მიღებულ შემოსავალს ისევ ბავშვებისთვის იყენებდა. დაიქირავა ძიძები, ექთნები, რომლებიც ბავშვებზე ზრუნავდნენ, სპეციალური საკვებით კვებავდნენ, პატარებისთვის მხოლოდ საუკეთესოს შეძენას ითხოვდა. ასევე, იხდიდა ინკუბატორის გადასახადებს და ბავშვებს ყველა პირობას უქმნიდა, რომ ჯანმრთელები გაზრდილიყვნენ.
დღისით შოუს აწყობდა, ღამით კი იმავე ბავშვებზე ზრუნავდა. ახლა შესაძლოა ეს არაჰუმანურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მაშინ ეს მათი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. რა თქმა უნდა, მარტინის შოუს ყველა დადებითად არ აფასებდა და კაცმა უამრავი კრიტიკა, დაპირისპირება მიიღო, ესროდნენ ქვებსა და სხვადასხვა ნივთს, მაგრამ მან წარმოდგენის გამართვა მაინც არ დაასრულა. ადამიანები მიდიოდნენ, ფულს იხდიდნენ და ხედავდნენ, როგორ იზრდებოდნენ ბავშვები.

მდგომარეობა მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როცა ბავშვების ახლით ჩანაცვლება დაიწყეს, რადგან წინა შოუებში მონაწილე პატარები გაწერეს. გადარჩენის პროცენტი 10-15-დან თითქმის 60-70-მდე გაიზარდა. ეს იმ დროისთვის უპრეცედენტო გარღვევა იყო. ამ ყველაფერმა მღელვარების ახალი ტალღა გამოიწვია, მაგრამ ახლა ხალხი სხვა მიზნით მიდიოდა ბავშვების შესახედად – თვლიდნენ, რომ მათ ნახვას იღბალი მოჰქონდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მარტინის შოუსთვის სხვადასხვა ფილიალი გაკეთდა და ჩვილების მონახულება მხოლოდ ერთ ადგილას აღარ იყო შესაძლებელი. ზოგიერთ გამოფენაზე 25 ბავშვი იყო წარმოდგენილი. მარტინი ძალიან ბევრი მშობლისთვის იმედი გახდა. თავიანთი ნებით მიჰყავდათ ნაადრევად დაბადებული შვილები და დახმარებას სთხოვდნენ. კაცი კი ყველას ეხმარებოდა - ღარიბებსაც და მდიდრებსაც.
ამ ამბავმა ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია. საავადმყოფოები მიხვდნენ, რომ ნაადრევად დაბადებულ პატარებს ასე მარტივად ვეღარ "მოიშორებდნენ" და რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. ევროპასა და ამერიკაში ინკუბატორის იდეა ნელ-ნელა დაიხვეწა და პრაქტიკაშიც სულ უფრო ხშირად იყენებდნენ. შედეგად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება მარტინს, მისი გამოფენები 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროში მან 6,5 ათასზე მეტი ბავშვი გადაარჩინა, მაგრამ თავად სიცოცხლის ბოლოს ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდა. მარტინი სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა - მთელი თავისი ქონება ინკუბატორების შეძენასა და ბავშვების გადარჩენას დაუთმო. ბოლო წლებში, როცა მისი შოუებიდან ფული აღარ შემოდიოდა, ბავშვების მკურნალობის თანხას თავად იხდიდა. საკუთარი აღჭურვილობა კი სიცოცხლის ბოლო წლებში სააავადმყოფოებს საჩუქრად გადასცა. ახლა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა საკითხი, ვინ იყო მარტინი - შოუმენი თუ ექიმი, მაგრამ ფაქტია, მან, ერთი შეხედვით, არაჰუმანური გამოფენებით, უამრავი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და სამედიცინო საზოგადოების ცნობიერებაც შეცვალა.