"ახალი სასწავლო წელი იწყება და სოციალურ ქსელში ბევრს შეგხვდებოდათ მშობლების პოსტები, ვინც შვილი პირველად მიიყვანა ბაღში. ჯერ მხოლოდ კერძო ბაღებია გახსნილი, მაგრამ ცოტა ხანში ალბათ ბევრს დაუდგება ეს „განსაცდელი“. ერთი დედა კითხულობდა, წლი-ნახევრის ბავშვი შევიყვანე, მთელი დღე ტირის, მოწყენილია და ვერ გამიგია, დავანებებინო თავი თუ დავტოვოო. ბევრი უწერდა, არ გამოიყვანო, შეეჩვევაო.
ამ „შეეჩვევამ“ ერთი შემთხვევა გამახსენა ჩემი პრაქტიკიდან და მინდა, გაგიზიაროთ.
ერთხელ, ერთ-ერთ პროექტთან დაკავშირებით, მომიწია კონსულტაცია მიმეღო ბაღის აღმზრდელისგან. ამის გამო რამდენიმე საათით აღმოვჩნდი ბაღში, 3-4-წლიანების ჯგუფში. ამ პერიოდში ძალაუნებურად ვაკვირდებოდი ბავშვების ქცევას, მათ თამაშის, ერთმანეთთან ურთიერთობას.
მინდა აღვნიშნო, რომ მართლა კარგი ბაღი იყო, აღმზრდელიც ძალიან მშვიდი, თბილი, ბავშვების მიმართაც ნაზი. ჯგუფში კი საკმაოდ ბევრი დამხვდა, ალბათ 25-30 პატარა იქნებოდა.
რაც იქ ვიყავი, ერთ-ერთი გოგონა ხმამაღლა და გულამოსკვნით ტიროდა. არც ერთი წუთით არ გაჩუმებულა და წამოსვლისასაც მტირალი დავტოვე. რა თქმა უნდა, ვიკითხე, მშობელს რატომ არ ურეკავთ-მეთქი, მიპასუხეს, სულ ასე ტირის მთელი დღე და მშობელმაც იცისო, აღმოჩნდა, რომ იმიტომ კი არ ტოვებდნენ ბაღში, რომ მშობელი იძულებული იყო, არამედ იმიტომ, რომ მიაჩნდა, ეს სასარგებლო იყო მისი შვილისთვის. საათობით ტირილი და ისტერიკა სასარგებლო როგორაა? არ მესმის.
მაგრამ ეს არ არის ჩემი მთავარი სათქმელი. დანარჩენი ბავშვები ხომ იყვნენ წყნარად. სწორედ იქ ხდებოდა ყველაზე საინტერესო. გადავხედე ამ ბავშვებს. მათგან ნაწილი მშვენივრად გრძნობდა თავს, მხიარულად იყვნენ, თამაშობდნენ, საჭმელიც მიირთვეს. ზოგიერთი ბავშვი იჩაგრებოდა შედარებით უფრო ღონიერი და აქტიური თანატოლებისგან. მოგეხსენებათ, ბაღში ყველა სათამაშო ერთნაირი არ არის. მეტიც, სულ სხვადასხვანაირია. ამიტომ უფრო ღონიერი ბავშვები შედარებით სუსტებს ადვილად ართმევდნენ სასურველ სათამაშოს. ესენიც ხან ტიროდნენ და მეხვეწებოდნენ სათამაშოს დაბრუნებას, ხან თვითონ ცდილობდნენ წართმევას და ვერ ახერხებდნენ. გული მიკვდებოდა. მასწავლებელი კი ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ აქცევდა. ბავშვები ვითომ თამაშობდნენ, სინამდვილეში კი ერთი ნაწილი თამაშობდა, მეორე კი თამაშისთვის იბრძოდა. ნაწილი კი იყვნენ ის ბავშვები, რომლებიც არაფერს არ აკეტებდნენ. ისინი არც ტიროდნენ და არც ჭირვეულობდნენ. სამაგიეროდ არც სხვებთან თამაშობდნენ, არც მხიარულობდნენ. უბრალოდ წყნარად იყვნენ, თითო სათამაშო ეკავათ და სხვებს უყურებდნენ. ვფიქრობ, ისინი კარგად კი არ გრძნობდნენ თავს, უბრალოდ შეგუებულნი იყვნენ ბედს და ელოდნენ, როდის მოვიდოდა სახლში წასვლის დრო. ალბათ მათ მშობლებსაც ჰქონიათ, რომ ბავსვი ბაღს შეეჩვია, არ ტირის, მთელი დღე კარგად იქცევა...
ადამიანი ბაღს კი არა, ომსაც ეჩვევა, შიმშილსაც, სიკვდილს და ათას უბედურებას. მაგრამ რაკი „შეეჩვია“, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კარგადაა? არ ტირის, იმიტომ, რომ დაყარა ფარ-ხმალი, შეწყვიტა პროტესტი, ბედს შეეგუა. ესაა ყველაზე უარესი. ჩვენს ქვეყანაში ვინ გასჯის მშობელს, რომელიც მთელი დღე მუშაობს, რომ ოჯახში საჭმლის ფული შეიტანოს. მას, რა თქმა უნდა, არ აქვს არჩევანი და იძულებულია რაც შეიძლება ადრე შეიყვანოს ბავშვი ბაღში, რათა ბავშვიც მოვლილი იყოს და მასაც მიეცეს მუშაობის დრო. მაგრამ იმ მშობლების მართლა არ მესმის, ვისაც ჰგონია, რომ სასარგებლოა, როცა ბავშვი საათობით ტირის ან ჩუმად იტანჯება, მთელ დღეს თმენაში და მოლოდინში ატარებს. ვისაც უყვარს ბაღი, იმ ბავშვებს ეს ძალიან კარგად ეტყობათ. მაგრამ ვისაც არ უყვარს, ვინც ტირილით მიდის, ვინც გეხვეწებათ, რომ ბაღში არ წაიყვანოთ, მათთვის ბაღი კარგი ვერ იქნება. განა იმიტომ, რომ ბაღია ცუდი, უბრალოდ, სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ბავშვი განსხვავებულად გრძნობს თავს. ვიღაც რომ ბედნიერია, ვიღაცისთვის იქ ყოფნა სატანჯველია. ამიტომ, როცა არჩევანი გვაქვს, ხომ ჯობია ბავშვი იქ იყოს, სადაც თავს კარგად გრძნობს".
ლიკა, 41 წლის