15 სექტემბერს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს. თუმცა, ბევრ სკოლაში ისევ რემონტია, ბევრიც დანგრეულია და შესაბამისად, ახალ სასწავლო წელს ბავშვების მიღება არ შეუძლიათ. რა თქმა უნდა, სკოლების განახლება მნიშვნელოვანია, თუმცა საქმე ისაა, რომ სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები გაურკვეველი ვადით მიმდინარეობს. ზოგან კი ტენდერიც არ გამოცხადებულა და სამუშაოები არც კი დაწყებულა. ამის გამო მშობლებს ძალიან დიდი დისკომფორტი ექმნებათ. დაკეტილი სკოლებიდან ბავშვები სხვადასხვა სკოლაში უნდა განაწილდნენ, სადაც სივრცე არასაკმარისია, იქ მათთვის სწავლა ონლაინრეჟიმში გაგრძელდება, ზოგიერთს მეორე და მესამე ცვლაში გადაანაწილებენ, ზოგი კი საერთოდ სხვა რაიონში მდებარე სკოლაში უნდა მივიდეს. საკითხი რომ აქტუალურია, ამაზე მშობელთა გამოხმაურებაც მოწმობს. უამრავი მათგანი გამოხატავს უკმაყოფილებას და დაზუსტებით ჯერაც არ იციან, როდის და რა პირობებში შეძლებენ მათი შვილები სწავლის გაგრძელებას.
"წელს ჩემი შვილი და მისი კლასელები ერთი დღეც კი არ ყოფილან სკოლაში. ბევრისთვის ცოტა დაუჯერებელია, ხომ? გავიმეორებ და დავაკონკრეტებ. წელს! პირველი იანვრიდან! ჩემი შვილი და მისი კლასელები, ერთი დღეც არ ყოფილან სკოლაში! მეტიც, სწავლა იწყება და ჯერ არ ვიცით, რომელი ცვლა იქნება, რომელ სკოლაში და საერთოდ, რომელ უბანში მოუწევთ სიარული. საუბარი ზედმეტია ცხრილსა და სხვა დეტალებზე, რომელიც გასული წლების პრაქტიკის გათვალისწინებით, ალბათ, ოქტომბრამდე არ გვეღირსება. დაკეტილი, სარემონტო, დემონტაჟის პროცესში მყოფი, მთელი წელი ტენდერგამოუცხადებელი, დანგრეული თუ დასანგრევად გამზადებული საჯარო სკოლების პირობებში, სრული განუკითხაობა და უპატრონობაა. იმის გამო, რომ მშობლების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის სად, როდის და რომელ ცვლაში იწყება სწავლა, ვერ გეგმავს სასწავლო წელს, ვერ უთანხმდება რეპეტიტორებს, რომელთა დახმარება ამ მიწასთან გასწორებულ მდგომარეობაში აუცილებელია, ვერ გეგმავს წრეებსა და სხვადასხვა აქტივობას." - დაწერა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა და ორი შვილის დედამ,
ანა მარშანიამ. საკითხის გარკვევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვცადეთ, საიდანაც მუნიციპალური განვითარების ფონდში გადაგვამისამართეს:
"მიმდინარე პროცესია და სკოლების რეაბილიტაცია კონკრეტულად განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. თითოეულ სკოლას თავისი გეგმა აქვს გაწერილი, შესაბამისად, ერთი თარიღი არ არსებობს." - განგვიცხადეს
მუნიციპალური განვითარების ფონდში. მათივე გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 163 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტს ახორციელებს. დასრულებულია 106 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 39 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობის დასრულება. მიმდინარე პროექტებიდან, 11 პროექტის დასრულება ხელშეკრულებით, იმთავითვე 2023 წელს არის გათვალისწინებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილითაც მივმართეთ და გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დავინტერესდით, რამდენ ბავშვს უწევს მოცემული პროცესის გამო ონლაინ სწავლება ან კიდევ სკოლის შეცვლა. ასევე, რეგიონებისა თუ თბილისის მასშტაბით მიმდინარე სასწავლო წელს რამდენი სკოლა ვერ განაახლებს დასწრებულ ფორმატში სწავლას. ჯერჯერობით, მათგან ინფორმაცია არ მიგვიღია.
ერთ-ერთი საჯარო სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს თბილისის 161-ე საჯარო სკოლაა, სადაც დირექტორის, მიხეილ მინდაძის თქმით, ჯერ ტენდერიც არ გამოცხადებულა და არც სამუშაოები დაწყებულა:
"ოფიციალური წერილი არ მიგვიღია, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, ტენდერი იანვრის თვეში უნდა გამოცხადდეს და შემდეგ კონკრეტულმა კომპანიამ სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს. სკოლისთვის, რა თქმა უნდა, კარგია, რადგანაც ძალიან ბევრი წელია, სრულფასოვანი რემონტი არ გაგვიკეთებია, თუმცა ეს პროცესი დროში ძალიან გაწელილია და დიდ დისკომფორტს უქმნის როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსა და მშობლებს. ახლა პასუხს ველოდებით, თუ მოგვცეს უფლება, ვიდრე რემონტი დაიწყება, სასწავლო პროცესი შენობაში აღვადგინოთ, ძალიან კარგი იქნება. ეს დიდ შეღავათს მოგვცემს. მე, როგორც დირექტორი, რა თქმა უნდა, თვითნებურად, შესაბამისი დასკვნის გარეშე, სასწავლო პროცესს შენობაში ვერ აღვადგენ, მაგრამ თუ შენობის ნაწილში მაინც მოგვცემენ აღდგენის უფლებას, ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ერთ შენობაში, სადაც მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლობენ, ჩვეულებრივადაა შესაძლებელი პროცესის აღდგენა, თუმცა ბავშვების გადანაწილების მიზნით, მეორე ცვლაც დაემატა. იანვარში რომ ტენდერი გამოცხადდება, შემდეგ მას თავისი პროცედურები აქვს, ფაქტობრივად, გამოდის, რომ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ამ რეჟიმში მოგვიწევს ყოფნა. ახლა ცხრილსაც კი ვერ ვადგენთ, რადგანაც არ ვიცით, რა პირობებში გავაგრძელებთ მუშაობას. ალტერნატივად 162-ე საჯარო სკოლაში ბავშვების მეორე ცვლაში გადაყვანა გვაქვს, რაც ძალინ დიდი დისკომფორტია, ტერიტორიულადაც საკმაოდ დაშორებულია, მასწავლებლების განაწილებაც რთულია." - გვითხრა
მიხეილ მინდაძემ. მისივე თქმით, სკოლაში სარემონტო სამუშაოები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ორ ფლიგელს შორის გადაბმის ადგილას ბათქაში ჩაოიყარა და დიდი ბზარი გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ წინა სემესტრში უნდა დაწყებულიყო.
ამავე საკითხის შესაფასებლად დავუკავშირდით ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთვის" აღმასრულებელ დირექტორს
მეგი კავთუაშვილს:
- პრობლემა გასულ სასწავლო წელსაც იყო და სკოლების ხანგრძლივი დროით დაკეტვა უფრო დიდ მასშტაბს იღებს. ზოგადად, პროცესს თითქოს კეთილი და ბავშვზე ორიენტირებული მიზანი უდევს საფუძვლად და, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, თუ მოსწავლეები ავარიულ შენობებში არ ისწავლიან და თანამედროვე არქიტექტურისა თუ გარემოს პირობებში მიიღებენ განათლებას. მაგრამ, მგონია, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. მთელი ზაფხულის განმავლობაში სკოლების დიდ ნაწილში სარემონტო სამუშაოები საერთოდ არ მიმდინარეობდა და მაინცდამაინც სასწავლო წელი რომ იწყება, ახლა იგეგმება განახლება, ტენდერის გამოცხადება თუ სხვა. უმეტესად, მშობლები იმ უბნებში ცხოვრობენ, სადაც ბავშვები სკოლებში დაჰყავთ და აღნიშნავენ, რომ არდადეგების პერიოდში სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. შედეგად კი ბევრი სკოლა ბავშვების მისაღებად მზად არ არის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ონლაინ ფორმატში სწავლის გაგრძელება ნორმად იქცა. თითქოს ეს ფორსმაჟორისთვის გამოსაყენებელი მეთოდი კი არ არის, არამედ განათლების ჩვეულებრივ ფორმად ითვლება. ასე ნამდვილად არ არის. უამრავმა განვითარებულმა ქვეყანამ 3 თვეზე მეტი ონლაინ რეჟიმში სწავლება ვერ შეძლო, რადგანაც ნახეს, რამხელა ზიანი მოჰქონდა ამას ბავშებისთვის. ჩვენ კი გვაქვს მოცემულობა, რომ ზოგიერთ სკოლაში მესამე სასწავლო წელია, ბავშვები ონლაინ რეჟიმში სწავლობენ. არის მეორე ვარიანტი, როდესაც სხვა სოფლისა თუ რაიონის სკოლებში, მესამე ცვლაში გადაჰყავთ, რაც მშობლებისა და ბავშვების მხრიდან ასევე ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ვთვლი, რომ მშობლებმა ეს მოცებულობა აუცილებლად უნდა გააპროტესტონ. უნდა მოიძიონ ინფორმაცია, რა მიზეზითაა სკოლა დაკეტილი და რატომ სჭირდება სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ამდენი ხანი. მესმის, რომ დირექტორები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. ისინი ხომ ვერ ჩაატარებენ ტენდერს. დირექტორს უწევს, მხოლოდ ყურადღება მიაქციოს, როგორ მიმდინარეობს პროცესი. მას არ შეუძლია, რაიმე დააჩქაროს ან შეცვალოს და თუ უკმაყოფილებას გამოთქვამს, შესაძლოა პროტესტი სამსახურის დაკარგვის ფასადაც დაუჯდეს. გარდა ამისა, მშობლებსაც ხშირად მოუწოდებენ, რომ არ გააპროტესტონ მსგავსი საკითხები, ზედმეტი პრობლემები თავიდან აირიდონ, ბავშვები რეპეტიტორთან მოამზადონ და ისე ჩააბარებინონ გამოცდები. მაგრამ, ხშირად გვავიწყდება, რომ სკოლა გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრი არ არის და ბავშვებს სოციალიზაცია, ღირებულებითი განათლება სჭირდებათ. ამიტომ, მათ მოუვუწოდებდი, რომ გამართონ დიალოგი ყველა იმ უწყებასთან, ვისაც სკოლების რემონტის საქმე ეხება. გაესაუბრონ დირექტორს, მიიღონ ზოგადი ინფორმაცია, დაუკავშირდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. შეუძლიათ გამოითხოვონ ინფორმაცია, რის გამო გახანგრძლივდა სარემონტო სამუშაოები. შემდეგ კი უნდა მიმართონ იურისტებს და ამ საქმეებს სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს. მგონია, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც მსგავს საკითხებს წყვეტენ, არ იციან, რას ნიშნავს ბავშვის ინტერესები და მათთვის ბავშვი საერთოდ არ არის პრიორიტეტი. მათ როცა სჭირდებათ, ძალიან კარგად იციან, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები ტენდერის გვერდის ავლით და როგორ დააჩქარონ პროცესი. ამ შემთხვევაში, მგონია, ვერ ხვდებიან, რამხელა ზიანს აყენებენ ბავშვებს. არის შემთხვევები, როდესაც ერთ უბანში 3-4 სკოლის რეაბილიტაცია ერთდროულად წამოიწყეს და სასწავლო პროცესი შეაჩერეს. ამიტომ, მშობლების მხრიდან საკითხის გარკვევა და შეკითხვების დასმა მნიშვნელოვანია. არ არის ნორმა 5-6 საგანში შვილი მოამზადო, არც დისტანციურად მიღებული განათლებაა ნორმა და ამის ნორმალიზებას ნუ შეეცდებიან. განვითარებულ ქვეყნებში ერთხმად შეთანხმდნენ, რომ პირისპირ სწავლებას ალტერნატივა არ აქვს.
თამარ იაკობაშვილი