ხშირად ფილმის საინტერესო სიუჟეტი ან წიგნში აღწერილი ემოციური ამბავი არარეალურად გვეჩვენება და ვერ წარმოგვიდგენია, მსგავსი რამ ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს, თუმცა გვავიწყდება, რომ წიგნებიც და ფილმებიც იმ ფაქტებისა და ემოციების საფუძველზე იქმნება, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ყოველდღე ხდება. ალბათ, გახსოვთ თენგიზ აბულაძის შესანიშნავი ფილმი "სხვისი შვილები". სწორედ ეს ფილმი გამახსენდა, როცა მისი თანამედროვე ვარიანტი მიამბეს. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა ქუთაისში.
გიოს და ნატას სკოლიდან უყვარდათ ერთმანეთი. ნატა ძალიან ლამაზი გოგო იყო, კარგადაც სწავლობდა და სკოლა რომ დაამთავრა, უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, გიო კი სწავლასთან მწყრალად გახლდათ. ცეკვა უყვარდა, ექვსი წლიდან დადიოდა ქორეოგრაფიულ სტუდიაში. ერთხანს ფიქრობდა, დარბაზს დავიქირავებ და ცეკვის მსურველთათვის ჯგუფს ჩამოვაყალიბებო. თავიდან შეკრიბა კიდეც მოხალისეთა ჯგუფი, მაგრამ გული ვერ დაუდო - ხალხს ფული არა აქვს და ვერ იხდიან გადასახადს, მე კი ენთუზიასტი ვერ ვიქნებიო... მერე აიტეხა, ისრაელში წავალ, იქ რესტორნებში მოცეკვავეებს კარგად უხდიანო. ნატას ძალიანაც არ უნდოდა შეყვარებულთან განშორება, მაგრამ ბიჭი ისე იყო მონდომებული, წინააღმდეგობა არ გაუწია და გიოც სამ მოცეკვავესთან ერთად ერთწლიანი კონტრაქტით ისრაელში გაემგზავრა. ოჯახს ხანდახან უგზავნიდა ფულს და ებოდიშებოდა, ქორწილისთვის მინდა მოვაგროვო და იმიტომაც გიგზავნით ასე ცოტასო. ნატასაც გამოუგზავნა ფული და შემოუთვალა, შენ რომელიც მოგეწონება, ის ბეჭედი იყიდე, სანამ ჩამოვალ, ყველამ იცოდეს, რომ ჩემი დანიშნული ხარო, მაგრამ ნატას მოულოდნელად დიდი უბედურება დაატყდა თავს: მშობლები და უმცროსი და ავტოავარიაში დაეღუპნენ. ამ დროს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გიოს თანადგომა იყო, მაგრამ მან ჩამოსვლა ვერ მოახერხა - ახლა რომ ჩამოვიდე, კონტრაქტი შემიჩერდება და მერე უკან არავინ შემომიშვებსო... შეყვარებულს თანხა გამოუგზავნა და დააიმედა, ჩამოვალ და მერე სულ ერთად ვიქნებითო. ერთმა წელმა მალე გაირბინა. მხოლოდ ნატას ეჩვენებოდა, რომ საათი ჩვეულებრივზე ნელა წიკწიკებდა... ერთხელაც მის მობილურზე ზარი გაისმა. გიო იყო. აუ, ნატ, არ მეჩხუბო, რა, ბიჭებმა ძალიან მაგარ სამსახურს გამოვკარით ხელი, კიდევ ერთი წლით გვიფორმებენ კონტრაქტს, შენ ჯერ მაინც სწავლობ, ამასობაში შენც დაამთავრებ უნივერსიტეტს, მეც დავაგროვებ ფულს და ჩამოვალ, იცოდე, შენ გარეშე ყოფნა მეც მიჭირსო... შეცბა ნატა. დღეებს ითვლიდა და უხაროდა, გიოს ჩამოსვლის დღე რომ ახლოვდებოდა, ახლა კი ბიჭი ატყობინებდა, კიდევ ერთი წელი უნდა გავძლოთ ერთმანეთის გარეშეო. ნატა ყველაზე მეტად გიოს ენდობოდა, ამიტომაც არ შეწინააღმდეგებია, როგორც შენ გინდა, ისე მოიქეციო.
გავიდა კიდევ ერთი წელი. გიომ რეკვასაც უკლო. მშობლებმა და ნატამ მეგობრებისგან იცოდნენ, რომ თავდაუზოგავად შრომობდა... ერთ მშვენიერ დღეს კი თავისიანებს მოულოდნელად თავს დაადგა. თან ქერა ქალი და შვიდი თვის ბავშვი ახლდნენ. აღმოჩნდა, რომ გიოს ისრაელში რესტორანში მომუშავე ქართველი ებრაელი, მასზე ხუთი წლით უფროსი მეგი გაუცნია, ერთ წელიწადში კი ბავშვიც გაუჩნდათ. გიომ იცოდა, ამ სიახლით ბევრის აღშფოთებას გამოიწვევდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ გოგოს, რომელიც პირველი კლასიდან უყვარდა, ძალიან ატკენდა გულს, თუმცა სხვა გზა არ იყო... მეგის ბიძა ჰყავდა რკინის მკვნეტელი, რომელმაც დისა და სიძის გარდაცვალების შემდეგ დისშვილის პატრონობა იკისრა. როგორც კი საქართველოდან ჩამოსული მოცეკვავე ბიჭისა და თავისი დისშვილის ურთიერთობის ამბავი გაიგო, ორივე დაიბარა და მკაცრად უთხრა: თქვენს ურთიერთობას დააკანონებთ, თუ არადა ჩემგან დახმარებას აღარ ელოდოთ, შენს თავს (გიოს მიმართა) დავარეპორტებინებ, შენ კი, მეგი, აქ ფეხს ვეღარ შემოდგამო... არც ერთს არ უნდოდა დაოჯახება, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მოაწერეს ხელი და პატარა სუფრაც გაშალეს... ბავშვის დაბადების შემდეგაც ბიძამ უბრძანა, პატარა მარიამი ბებია-ბაბუასთვის ეჩვენებინათ. გიოს ოჯახი ისრაელიდან ჩამოსულ სამეულს შემცბარი შეხვდა, მაგრამ ბავშვმა მალე გადაწონა ყველანაირი უსიამოვნება. ისეთი ლამაზი და საყვარელი გოგონა იყო, ყველა მისი სიყვარულით აივსო.
ნატა ისე იყო დარწმუნებული გიოს სიყვარულში, რომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა საქმროს ღალატი. გიოს ფულით ნაყიდი ბეჭედი მეგობარ გოგონას გაატანა, მე აღარ მჭირდება, თავის ცოლს აჩუქოსო, თვითონ კი დედათა მონასტერში წავიდა. იქ ლოცვასა და შრომაში ცდილობდა დიდი ტკივილის განელებას.
სწორედ მაშინ, როცა კვლავ დაუბრუნდა ცხოვრებას და უნივერსიტეტში სწავლაც განაგრძო, მეხივით გავარდა ხმა, მეგიმ ქმარ-შვილი დატოვა და ისრაელში წავიდაო. გიო სახლში ჩაიკეტა, გარეთ არ გამოდიოდა, ჭორ-მართალი კი, ქარში დატრიალებული ფოთლებივით ირეოდა. რას აღარ ამბობდნენ: მეგიმ ვერ გაუძლო აქაურ ცხოვრებასო... ბიძამისმა უბრძანა, დაეტოვებინა ბავშვი, რადგან გიო არ მოსწონდა სიძედო... რძალს ბევრი პრეტენზია ჰქონდა ქმართან და დედამთილ-მამამთილთანო... ვერ აიტანა ხელმომჭირნეობა და უკანმოუხედავად გაიქცაო... ბევრი რამ ითქვა, სიმართლე კი მხოლოდ იმ ორმა იცოდა...
განაგრძეთ კითხვა