ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში
"პირადი ექიმი" საუბრობს, რატომ არის სკოლის მოსწავლისთვის 2 გაკვეთილის შემდეგ საკვების მიღება აუცილებელი, როგორი კონტეინერი უნდა ავარჩიოთ პროდუქტების ჩასაწყობად და რა შეიძლება გავატანოთ წასახემსებლად:
- თუ ბავშვმა საკვები სახლში მიირთვა, თუნდაც მეორე, მესამე ცვლაში იყოს, შემდეგ მოემზადა, ჩაიცვა, სკოლაში მისვლამდე გარკვეული დრო დახარჯა და პირველ-ორ გაკვეთილს დაესწრო, გამოდის, რომ პირველი კვებიდან შემდეგ კვებამდე, საშუალოდ, 2 საათია გასული და ეს ოპტიმალური დროა. ბავშვმა 2 გაკვეთილის შემდეგ უნდა მიირთვას. ამ აზრზეა მთელი სამედიცინო საზოგადოება და მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს. მიუხედავად ინფექციების სეზონისა, პანდემიისა, უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ ბავშვმა 2 გაკვეთილის შემდეგ სრულყოფილად თუ არა, წაიხემსოს მაინც, რომ შემდეგ 2 ან 3 გაკვეთილი მისი აქტივობა სრულფასოვანი იყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვს სრულფასოვანი კვება სჭირდება, რაც დღიური რაციონის გააზრებას გულისხმობს. სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილი უნდა
იყოს, მეორე ნახევარი კი მარცვლეული, ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რძის ნაწარმის ყოველდღიური გამოყენება.
მარი მალაზონიამ ასევე ისაუბრა, როგორი კონტეინერით შეიძლება გავატანოთ ბავშვს საკვები სკოლაში:
- კონტეინერი საკვებისთვის ყველაზე უსაფრთხო "თავშესაფარია", რომელსაც წინასწარ გავრეცხავთ, დავამუშავებთ და საკვებს განვათავსებთ. თუ კონტეინერს აქვს უჯრები, ეს კარგი არჩევანია. ამისთვის კი ერთჯერადი კონტეინერები საუკეთესოა, რადგანაც ბავშვი მას ერთი გამოყენების შემდეგ გადააგდებს. სამწუხაროდ, ხშირად ამის ფუფუნება არ გვაქვს და მშობელს ძალიან ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი, მათ შორის, ბავშვის ჩაცმაზე ზრუნვა, სასკოლო ჩანთის, წიგნების ყიდვა, კვება და ასე შემდეგ. მშობლის წინაშე ძალიან ბევრი რთული ამოცანაა. ამიტომ, თუ ყოველდღიურად ერთჯერადი კონტეინერი არ გვექნება, პრობლემა არ არის. შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი კონტეინერი, რომელსაც აქვს სათავსო და ის მრავალჯერადი გამოყენების იყოს, ან კიდევ სახელდახელოდ, ცალ-ცალკე შეფუთული პროდუქტი იყოს, რომელსაც ერთ საერთო ჩანთაში მოათავსებს. თუმცა, უკეთესია, ყოველთვის უპირატესობა ერთჯერადი გამოყენების ნივთებს მივანიჭოთ.
ამავე გადაცემაში მან აქცენტი გააკეტა, რომელი პროდუქტების შეძენისგან უნდა შეიკავოს ბავშვმა თავი და რა შეიძლება გავატანოთ სკოლაში წასახემსებლად:
- შესაძლოა ბავშვმა სკოლის ბუფეტში, მაღაზიაში შეფუთული პროდუქტები შეიძინოს. მაგალითად, ჰამბურგერი, ფუნთუშა, კრემიანი ნამცხვარი, კანფეტები, გაზიანი სასმელები, ჩიფსები, მაგრამ ასეთი პროდუქტები წლებს უძლებს და შეიძლება ჩვენს შვილს, ერთი შეხედვით, არც არაფერი აწყინოს, მაგრამ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გავითვალისწინებთ, თუ რას აფუჭებს, განსაკუთრებით თუ პროდუქტი კრემიანია, თუ მასში მალფუჭებადი ინგრედიენტია, არჩევანი უფრო ჯანსაღი პროდუქტების სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი პატარა და ჩვენც თავს მოვიტყუებთ, თუ მას კანფეტი ექნება ჯიბეში და ასე შეეცდება დანაყრებას. მაგრამ, ენერგიის ცრუ მოზღვავებასა და დანაყრების შეგრძნებას სისუსტის, ენერგიის კარგვის, გამოფიტვის შეგრძნება მოჰყვება, რაც შეიძლება ბევრად უფრო ცუდი იყოს მისი გონებრივი და ფიზიკური აქტივობისთვის.
სწორად არჩეული პროდუქტები კი მისი მენტალური, ფიზიკური ჯანმრთელობისა და სოციალური კეთილდღეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება. რაც უფრო დატვირთულია ბავშვი ფიზიკურად, მის ორგანიზმს წყლის მიმართ უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს. რაც უფრო ცხელა იმ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მით უფრო მეტად სურს წყლის დალევა. ეს მხოლოდ ზაფხულს არ ეხება. ზამთრის გათბობის პირობებში ბავშვები ასევე დიდი რაოდენობით წყალს კარგავენ, ამიტომ სკოლაში მათთვის წყლის ადექვატური მოხმარება სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია. კონტეინერში კი შეგვიძლია ჩავუწყოთ სეზონურად შეხამებული ესა თუ ის პროდუქტი.
მაგალითად, შეიძლება ბავშვისათვის მოსახერხებელი ბანანი იყოს. ის გარედან გარეცხილი, დამუშავებული უნდა იყოს და ჩვენი შვილები აუცილებლად მივაჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ვიდრე საკვებს შეეხებიან, ხელები დაიბანონ. თუ სკოლაში ამის შესაძლებლობა არ აქვთ, სველი ხელსახოცი გავატანოთ. ასევეა სხვა პროდუქტების, მაგალითად, ვაშლის, ყურძნის შემთხვევაში. კარგად გარეცხილი და შეფუთული უნდა გავატანოთ. ბოსტნეულიდან შეიძლება ავირჩიოთ კიტრი, სტაფილო. ასევე, მაგრად მოხარშული კვერცხი, იოგურტი. ძალიან ადვილად მოსამზადებელი ხემსი შეიძლება იყოს მაწონში ჩაყრილი შვრია სხვადასხვა სახის კენკრასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება შოკოლადიც გავატანოთ, თუმცა შემადგენლობა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მასში კაკაოს ცხიმი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შოკოლადი არ არის.