ირანში 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. მაჰსა ამინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა...
გოგონას შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მაჰსა ამინი ირანის მოქალაქე იყო. იგი ქურთისტანის პროვინციაში, ინტელექტუალურ ოჯახში დაიბადა. 14 სექტემბერს მორალის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. ასე ეწოდება ირანის ისლამური რესპუბლიკის სამართალდამცავ ძალებს. გოგონა მეტროსადგურ შაჰიდ ჰაქანის მახლობლად აიყვანეს და დაპატიმრების მიზეზი ჰიჯაბის არასწორად ტარება გახდა. ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წლიდან ირანში ყველა ქალისთვის ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა.
ირანის უშიშროების ძალების განცხადების თანახმად, ამინი მოულოდნელად დაეცა და გონება დაკარგა. ამის შემდეგ იგი საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 16 სექტემბერს კი ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გარდაიცვალა...
ირანის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის ცნობით, გოგონას ეპილეფსია და სხვა დაავადებები აწუხებდა. თუმცა, მისი ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფს. ხელისუფლების ცნობით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. თვითმხილველები და ახლობლები კი ამბობენ, რომ გოგონა დაკავების ადგილზე პოლიციის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა ძმასთან ერთად იყო, მან მისი დაკავება თავდაპირველად გააპროტესტა, თუმცა კიარეშს უთხრეს, რომ გოგონას 1 საათში გაათავისუფლებდნენ. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...
მაჰსა მალევე სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 დღის შემდეგ კი თეირანის კასრას საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა...

მისი გარდაცვალების შემდეგ, ირანში საპროტესტო გამოსვლების სერია დაიწყო, რომელთაგან ყველაზე მასშტაბური საქეზში, მის მშობლიურ ქალაქშია. ქალები გამოდიან, ჰიჯაბს საჯაროდ წვავენ და თმებს იჭრიან. ბევრს აქვს იმედი, რომ აქციები არ დასრულდება და ქალები საკუთარი თავისუფლებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

ირანის ისლამურ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წელს ცალკე გამოეყო საპატრულო სტრუქტურა და მისი მთავარი ფუნქციაა, ქვეყნის მასშტაბით შარიათის მიხედვით დრეს-კოდი აკონტროლოს როგორც ადგილობრივებში, ასევე ქვეყანაში სტუმრად ჩასული ადამიანების შემთხვევაშიც. უწყებას ადვილად შეუძლია ადამიანების დაპატიმრება, როგორც კი რაიმეს ჩათვლის არამოსაწონად.
სიკვდილმისჯილი ირანელი ქალის უკანასკნელი გზავნილი დედას: "იმ საბედისწერო ღამეს მე უნდა მოვეკალი..."
აი, ასე გამოიყურებოდა ირანული ჟურნალები 40 წლის წინ - არავითარი ჰიჯაბი და ბურქა
ცხოვრება ჰიჯაბში - "ჩვენი ცხოვრება მარტო ქმრისთვის არის მიძღვნილი"