ინა იმედაშვილი ბევრი წელია, პედაგოგია. სხვადასხვა სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლიდა. ამჟამად "იუჯი სკოლაშია" ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და მრავალწლიან გამოცდილებას ჩვენს მკითხველს უზიარებს. გვიყვება, როგორ შეიძლება შევაყვაროთ დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს კითხვა, რა ხდება ხოლმე ყველაზე ხშირად პირველკლასელთათვის სწავლაში ჩამორჩენის მიზეზი, როგორ შეუძლია მშობელს შვილის სკოლისთვის მომზადება და რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს მეცადინეობის პროცესში. ასევე გვიზიარებს საკუთარ შეხედულებას, თუ როგორი უნდა იყოს დაწყებითი საფეხურის პედაგოგი:
- დაწყებითი საფეხურის პედაგოგი აუცილებლად მხიარული და ბედნიერი ადამიანი უნდა იყოს. ის ნეგატიური ემოცია, რაც ყოველდღიური ცხოვრებიდან გვიგროვდება, კლასის კართან უნდა დავტოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელს ჰქონდეს კარგი იუმორი, უყვარდეს თამაში და თავს გრძნობდეს ბავშვად. სხვა შემთხვევაში უშუალო კონტაქტის დამყარება შეუძლებელია. სწორედ ამ ასაკში ყალიბდება უამრავი ჩვევა, მათ შორის კომპლექსები და პირიქით, პოზიტიური დამოკიდებულებები. ამიტომ, ბავშვი ლაღად, მშვიდად უნდა იყოს, მოსწონდეს ეს პროცესი და თითოეული გაკვეთილი თავგადასავლად მიაჩნდეს. უნდა მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს იმის მოტივაცია, რომ შემდეგ გაკვეთილს ინტერესით ელოდნენ. გარდა იმისა, რომ მასწავლებელი ლაღ და ბედნიერ ურთიერთობებს უნდა აყალიბებდეს, ასევე მაძიებელიც უნდა იყოს. უნდა იცოდეს სხვადასხვა ინფორმაციის, რესურსისა თუ აქტივობის მოძიება. თავადაც უნდა ქმნიდეს ამ ყველაფერს. ხოლო რესურსების შერჩევა ბავშვებისთვის ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. 21-ე საუკუნეში ბავშვებს იმდენად დიდი შესაძლებლობები აქვთ, იმდენ ინფორმაციას იღებენ და ისე იცვლება მათ გარშემო ცხოვრება, რთულია, მონოტონური გაკვეთილით დააინტერესო. ამიტომ, დღეს მასწავლებლებს ბევრად მეტი ძალისხმევის გამოჩენა გვიწევს, ვიდრე 15 წლის წინ.
- თავად რა გეხმარებათ მოსწავლეების დაინტერესებასა და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვაში?
- გამუდმებით ვეძებ ახალ რესურსებს, მათ შორის, უცხოურ საიტებზე და სხვა მასწავლებლების გამოცდილებასაც ვეცნობი. გარდა ამისა, ბავშვებთან ურთიერთობისას, ბევრი იდეა თავისით მოდის. შესაძლოა, წიგნები შევქმნათ, წრეზე დავსხდეთ და ვითამაშოთ, ამბები მოვიფიქროთ. პროექტებით სწავლებაც ბოლო დროს მონოტონური და მოსაწყენი გახდა. ხშირად ბავშვები ვერც იაზრებენ, ისე იძიებენ ინფორმაციას. ამიტომაც, პროექტებით სწავლებაც ისე უნდა წარმართოს მასწავლებელმა, რომ ეს პროცესი თავგადასავალი იყოს და არა სავალდებულო აქტივობა. ხშირად არის შემთხვევა, რომ ბავშვი მოძიებულ ინფორმაციას კითხულობს, თუმცა ტექსტი გააზრებული არ აქვს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლემ საგაკვეთილო აქტივობები თავის ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშიროს. სკოლა და დავალებები ცალკე მიმართულებად კი არ უნდა აღიქვას, არამედ დაინახოს კავშირი ცხოვრებასთან. მასწავლებელმა უნდა მისცეს ისეთი დავალებები, რომ ჩართოს ოჯახის წევრები, ჩამოართვას ინტერვიუები, მოიძიოს წინაპრების სურათები, საინტერესო ისტორიები მათი ცხოვრებიდან, ნივთები თუ სხვა. ძალიან ეფექტურია როლური თამაშებიც. ბავშვებს დაწყებით საფეხურზე თამაში განსაკუთრებით უყვართ. თუ თამაშს, თუნდაც დაფარულ სტრატეგიად აირჩევ, არც ქცევის და არც კლასის მართვის პრობლემა არ იქნება. ყველა სიხარულით ჩაერთვება აქტივობაში. მასწავლებელიც ბედნიერი იქნება და მოსწავლეც.
- როგორ შეიძლება დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს წიგნების კითხვა შევაყვაროთ?
- როდესაც ბავშვს წიგნის წაკითხვა არ სურს, ხშირად ამის მიზეზი თავიდანვე არასწორად დაგეგმილი პროცესია. სამწუხაროდ, ჩვენთან ასაკობრივი ლიტერატურა მკაცრად განსაზღვრული არ არის და ხშირად ის წიგნი, რომელსაც 5-6 წელი აწერია, უფრო რთულად დასაძლევია ამავე ასაკის ბავშვისთვის. ამიტომ, როდესაც არაასაკობრივი ლიტერატურის კითხვას იწყებს, ერთ აბზაცში რამდენიმე უცნობი სიტყვა რომ ხვდება, ეს მისთვის მოსაწყენი, რუტინული პროცესია და გადადება უნდება. ჩვენთან ნელ-ნელა ილუსტრირებული წიგნებიც მკვიდრდება. მშობლებს ვურჩევ, ბავშვმა რომ წიგნის კითხვა შეიყვაროს, თავიდან სწორედ ილუსტრირებული წიგნებით დაიწყონ. რომ გადაშლის, უზარმაზარი ნახატი და პატარა ტექსტი შეხვდება, მოტივაციისა და ინტერესისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კარგია, თუ სახლში წარწერებს, ფრაზებს, სიტყვებს გამოვაკრავთ, რომ ბავშვს ასობგერების აღქმა შეეძლოს. მაგალითად, პირველკლასელებისათვის ამავე ხერხს ვიყენებდი, კედელს "კედელს" ვაწერდი, სკამს კი "სკამს" და ბავშვები კითხვას ძალიან მალე სწავლობდნენ. მთავარია, ბავშვისთვის წიგნის წაკითხვა სიამოვნებასთან ასოცირდებოდეს. არ უნდა ვესაუბროთ მსგავსი ფრაზებით: "უნდა ისწავლო", "საჭიროა", "უნდა განათლდე" და ასე შემდეგ. ბავშვმა წიგნის კითხვა ვალდებულებად არ უნდა აღიქვას. უნდა ვუთხრათ, რომ წაიკითხოს, ისიამოვნოს და "დიდ მოგზაურობაში" ჩაერთოს. წამოწვეს, თუ არ მოსწონს, გვერდზე გადადოს და სხვა სცადოს, გამოტოვოს, შუა ნაწილიდან დაიწყოს. უნდა იგრძნოს, რომ კითხვა თავისუფლებაა და არა ვალდებულება. რა თქმა უნდა, მშობლების მაგალითიც კარგია. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედას, მამას ან ოჯახის სხვა წევრს ხელში წიგნი უჭირავს და კითხულობს, ისიც დაინტერესდება და წაიკითხავს. დღეს ისეთი გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, ძალიან რთულია მშობელმა ყოველდღე ამისთვის დრო გამონახოს. თუმცა, მგონია, ესეც დროის დაგეგმვის ნაწილია. კარგია, თუ მშობელი შვილთან ერთად წაიკითხავს და შემდეგ ისაუბრებენ, აზრებს გაცვლიან, იმსჯელებენ რა მოეწონათ და რა - არა. ბიბლიოთეკასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ადამიანმა ფინანსები არ უნდა დაიშუროს, რომ სახლში კარგი ბიბლიოთეკა შექმნას. შესაბამისი თაროები იყიდოს, ლამაზად დააწყოს წიგნები. თუ ბავშვს თავისი ოთახი აქვს, მის ოთახში აუცილებლად უნდა იყოს ერთი პატარა თარო, რომელშიც წიგნებს ლამაზად დავუწყობთ. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ მისწვდეს, აიღოს, ნებისმიერ დროს გადაშალოს, რაღაც დაათვალიეროს, ითამაშოს, გაეცნოს, შეიგრძნოს.
- როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება შვილის მეცადინეობის და დავალებების შესრულების დროს?
- მშობელი შვილის მეცადინეობის პროცესში დამკვირვებელი უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ბავშვების ნაცვლად დავალებების დაწერა, მათთვისაა ცუდი სამსახური. ამ გზით, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობას ვართმევთ, ვუნერგავთ შიშსა და დაძაბულობას. რა თქმა უნდა, ბავშვს რაღაცაში დახმარება რომ დასჭირდეს, მშობლის იმედი უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან დაწეროს შვილის ნაცვლად დავალება. ბავშვი პირველი კლასიდანვე დამოუკიდებლად უნდა მიეჩვიოს იმ მინიმალური დავალებების შესრულებას, რაც რეკომენდებულია. გარდა ამისა, სხვადასხვა კვლევაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვისთვის დაწყებით საფეხურზე სკოლის აქტივობები სრულიად საკმარისია, სახლში კი საინტერესო, შემეცნებითი, გასართობი დავალებებით დაკავდეს, თუნდაც უყუროს ფილმს, წიგნი წაიკითხოს. მაინცდამაინც რუტინული დავალებების შესრულება არაეფექტურია და საგნის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. ასევე, მშობელმა არასდროს არ უნდა უთხრას შვილს, რომ კლასში ყველაზე კარგი იყოს. მქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ისეთი ბავშვები, რომლებსაც მშობლები მუდმივად ეუბნებიან, რომ საუკეთესოები იყვნენ, აგრესიულობით გამოირჩევიან, არიან დაძაბულები და მუდმივ სტრესს განიცდიან. განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე ბავშვებისთვის მშობლის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინ, როცა ვეუბნებით, რომ არავინ აჯობოს და პირველი იყოს, ამით უზარმაზარ სტრესს ვანიჭებთ, არასამართლიან ჩვევებსა და განწყობებს ვუნერგავთ. დაწყებითი საფეხური, როცა ეს ბედნიერების, სილაღისა და სიმშვიდის ხანა უნდა იყოს, შესაძლოა მსგავსი მიდგომით ყოველდღიურ ბრძოლად და სტრესად ვაქციოთ. ბავშვს უნდა ვუთხრათ, რომ გააკეთოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, საკუთარ თავს გაეჯიბროს და არა თანაკლასელებს, მაგრამ თუ რაღაც არ გამოსდის, დავამშვიდოთ და ვუთხრათ, რომ არაუშავს, ხვალ აუცილებლად გამოუვა.
- როდესაც პირველკლასელს თავიდანვე უჭირს სწავლა და პროგრამასაც ჩამორჩება, თქვენი დაკვირვებით, ყველაზე ხშირად რა ხდება ხოლმე ამის მიზეზი?
- ძირითადად მიზეზი ის არის, რომ ბავშვს წინასასკოლო მზაობა არ აქვს. თუმცა, წინასასკოლო მზაობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად წერა-კითხვა და ანგარიში უნდა იცოდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება იცოდეს, თუმცა ეს თავისი სურვილით უნდა მოხდეს და არა მშობლის დაძალებით. წინასასკოლო მზაობის დროს ბავშვს სხვადასხვა უნარი და ჩვევა უნდა ჰქონდეს განვითარებული. უნდა შეეძლოს რაოდენობის აღქმა და გააზრება. პირობითად, დაზეპირებულად კი არ უნდა ცნობდეს ხუთს, შეეძლოს ხუთი ნიჟარის შეგროვება. თუ ბავშვს რაოდენობის აღქმა და გააზრება შეეძლება, მათემატიკაში პრობლემები ნაკლებად შეხვდება. გარდა ამისა, წიგნთან ყოველდღიური შეხება უნდა ჰქონდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა კითხულობდეს ან წერდეს - არა, შესაძლოა, უბრალოდ ათვალიერებდეს, ილუსტრაციებს ამოიცნობდეს, სხვადასხვა ნივთსა თუ საგანს პოულობდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოტორული უნარების განვითარებაც. ყოველთვის ვურჩევ ხოლმე მშობლებს, რომ წინასასკოლო პერიოდში ბავშვმა ბევრი აფერადოს, ხატოს. ეს არა მხოლოდ მოტორიკას, არამედ წარმოსახვას, ფანტაზიას, შემოქმედებით მიდგომას ავითარებს. ძალიან კარგია ძერწვა, ქვიშაში თამაში, ლეგოს კუბების აწყობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, შესაძლოა ამავე საფეხურზე მაინც შევხვდეთ დაბრკოლებას. ზოგჯერ ადაპტაციის პრობლემაცაა, მაგრამ თუ 3-4 თვე გავიდა და კვლავ უჭირს ბავშვს პროგრამის დაძლევა, მაშინ შესაძლოა
გარკვეულ დარღვევასთან გვქონდეს საქმე - ეს შეიძლება იყოს დისლექსია, დისგრაფია და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, ჯობს მშობელი უფრო მეტად იყოს ყურადღებით და სპეციალისტს მიმართოს. რაც უფრო სწრაფად ჩავრთავთ ფსიქოლოგს პროცესში, მით უფრო მალე დაძლევს ბავშვი ამ პრობლემას. უამრავი მიდგომა და მეთოდი არსებობს, მთავარია მშობელი იყოს ყურადღებით და დროულად მიაკითხოს სპეციალისტს.
- ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვს მეცადინეობა არ სჭირდება და პასუხისმგებლობას მთლიანად დაწყებითი საფეხურის პედაგოგს აკისრებს, ზოგი კი პირიქით - მიიჩნევს, რომ რაც უფრო მეტ რაღაცას ასწავლის საკუთარ შვილს, მით უფრო მარტივად დაძლევს პროგრამას. როგორ ფიქრობთ, რომელია სწორი მიდგომა?
- ეს ძალიან ინდივიდუალურია. ზოგიერთი ბავშვი თავისთავად სწავლობს ანბანს, სხვადასხვა ანიმაციას უყურებს და იმახსოვრებს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ ავუკრძალავთ. პირიქით, უნდა წავახალისოთ კიდეც. მაგრამ, თუ ბავშვს ამის მზაობა და ინტერესი არ აქვს, ძალით რომ დავსვათ და ვამეცადინოთ, ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოვიწვევთ. თავიდანვე შევაძულებთ სწავლის პროცესს. როგორც უკვე აღვნიშნე, უნარ-ჩვევების განვითარებაზე აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ. ვაყურებინოთ კარგი ანიმაციები. ისინი ლექსიკის გამდიდრებაში, მოსმენის უნარის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ასევე, შეგვიძლია საბავშვო აუდიოწიგნები გამოვიყენოთ, ზღაპრები წავუკითხოთ. ჩემი მიდგომა ასეთია - თუ ბავშვი სკოლამდელ ასაკში სწავლითაა დაინტერესებული და ამის სურვილი აქვს, დავეხმაროთ, მოვამარაგოთ სხვადასხვა რესურსით. მაგრამ თუ ასოების სწავლა არ სურს და პირობითად, გაფერადება, ხატვა ურჩევნია, ამ კუთხით შევუწყოთ ხელი.
- ზოგჯერ ბავშვებს პირველ კლასში მთელი გაკვეთილის განმავლობაში გაჩერება უჭირთ, მსგავს შემთხვევაში რისი გაკეთება შეუძლია მასწავლებელს?
- მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მოიფიქროს გაკვეთილის წარმართვის ისეთი ფორმა, რა დროსაც ბავშვს 40 წუთის განმავლობაში მხოლოდ მერხთან ჯდომა არ მოუწევს. დაგეგმოს სხვადასხვა აქტივობა, შეიძლება ათამაშოს, აცეკვოს და ფიზიკურად დატვირთოს.
- თქვენი დაკვირვებით, დაწყებით საფეხურზე ყველაზე ხშირად რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე ბავშვები, რაზეც ფიქრობთ, რომ სწავლაში ხელს უშლით?
- თანამედროვე ბავშვებისთვის კონცენტრაციის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ე.წ. გაჯეტურმა ცხოვრებამ მოიტანა. ინტერნეტში ბევრი რესურსია, რომელთა გამოყენებითაც მშობელს შეუძლია, შვილს კონცენტრაციის უნარის გავარჯიშებაში დაეხმაროს. მეორე პრობლემა გადაღლაა - ჯერ ერთი, გზა საოცრად ღლით. მეორე, გახანგრძლივებულ სკოლებში დიდხანს რჩებიან ბავშვები. რეკომენდებულია, ბავშვი სკოლაში მაქსიმუმ 3-ის ნახევრამდე დარჩეს. გარდა ამისა, მშობლებს ხშირად სხვადასხვა წრეზე, რეპეტიტორებთან დაჰყავთ. თანამედროვე ბავშვის გრაფიკი ძალიან გადატვირთულია და ამას ბევრი ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია. მსგავსი გრაფიკი იწვევს გადაღლას, უძილობას, გაკვეთილის მიმართ უინტერესობას, მოტივაციის დაკარგვას. ამიტომაც, თანამედროვე მშობლები ხშირად ბავშვის განვითარების ბუნებრივ რიტმს ვერ მიჰყვებიან და სტრესულ გარემოს უქმნიან. ბავშვი შუადღეს მაინც სახლში უნდა იყოს, კარგად იკვებოს, გამოიძინოს და ბევრი ითამაშოს. მე-4-მე-5 კლასიდან კი, მისი ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა წრეზე შევიყვანოთ.
- მასწავლებლობის პარალელურად, ხართ მშობელი და ამ მიმართულებითაც გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება - დრო თუ გრჩებათ შვილებისთვის, მათი მეცადინეობის პროცესში თუ ერთვებით და რა გეხმარებათ კარგი შედეგის მიღწევაში?
- მასწავლებლები ხშირად ვხუმრობთ ხოლმე, რომ რა ენერგიასაც ჩვენი მოსწავლეებისათვის ვხარჯავთ, ნახევარს ვერ ვიყენებთ შვილებისთვის. ჩემი პირველი შვილი 15 წლისაა, მეორე კი - 2,7 წლის. უფროს შვილთან ხშირად შემეცნებითი საუბარი მაქვს. ის მისი თაობის ხედვებს მიზიარებს. ვარჩევთ წიგნებს, ვმსჯელობთ რა მოეწონა ან პირიქით, რა - არა. ერთად ვნახულობთ ფილმებს, ძალიან უყვარს ანიმე და მასაც ერთად ვუყურებთ, პერსონაჟებზე ვსაუბრობთ. ვცდილობ, რომ მის მეცადინეობაში მინიმალურად ჩავერიო. არც მის ნიშნებთან მაქვს პრობლემა. ზოგადად, ზარმაცი ბავშვი არ არსებობს. თუ რაღაც ვერ დაწერა ან ვერ გააკეთა, ეს აუცილებლად იმას ნიშნავს, რომ ან ვერ გაიგო, ან ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა საგნის მიმართ. ბავშვები ძალიან პასუხისმგებლიანი არსებები არიან. თუ დავალება სწორადაა მიწოდებული და მოთხოვნის შესაბამისია, ის მას აუცილებლად გააკეთებს. რაც შეეხება უმცროს შვილს, თვეების იყო, რომ წიგნების დათვალიერება დავიწყეთ, კუბებით, ცხოველებით ვთამაშობთ, ხანდახან ანიმაციებს ვუყურებთ. ამ გზით ვცდილობ, მას ბევრი საჭირო უნარი განვუვითარო, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგება.
თამარ იაკობაშვილი