სამეფო მემატიანემ, ვალენტაინ ლოუმ, თავის ახალ წიგნში "კარისკაცები: ფარული ძალა გვირგვინის უკან" მეგან მარკლის შესახებ საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. კერძოდ, ლოუმ თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რა სასტიკად ეპყრობოდა მარკლი თანაშემწეებს და როგორ აბულინგებდა მათ. ბიოგრაფის თქმით, ერთ დღეს მეგანმა კოლეგების თანდასწრებით უხეშად გაკიცხა ახალგაზრდა გოგონა და უთხრა, რომ შემდეგ ჯერზე დახმარებისთვის სხვას მიმართავდა, თუ ასეთი შესაძლებლობა ექნებოდა. გარდა ამისა, თანაშემწეებს პრინცი ჰარის თანდასწრებითაც ხშირად უყვიროდა და თუ მარკლი მეუღლესთან ერთად ვახშამზე სადმე მიდიოდა, დამხმარეების კონტროლსა და მათთან დარეკვას მაინც არ წყვეტდა.
"ყოველ ათ წუთში ან მეგანი, ან კიდევ ჰარი მირეკავდა და მიყვიროდნენ. მეუბნებოდნენ: "ვერ ვიჯერებ, რომ ეს გააკეთე, საიდან მოიფიქრე?" ასე გრძელდებოდა საათების განმავლობაში", - იხსენებს მათი ყოფილი დამხმარე გოგონა.
სასახლის კიდევ ერთმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ერთხელ, როდესაც რაღაც სწორად ვერ გააკეთა, მეგან მარკლთან დაკავშირება ვერ შეძლო და ძალიან შეეშინდა.
"ტელეფონს არ იღებდა და ძალიან შემეშინდა. შესაძლოა, ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ სულ ვკანკალებდი", - თქვა მარკლის ყოფილმა თანამშრომელმა.
მეგანის პირადი მდივნის, სამანტა კოენის მეგობარმა აღიარა, რომ სასექსის ჰერცოგთან და ჰერცოგინიასთან მუშაობა მისთვის კოშმარი იყო.
"სამანტამ თქვა, რომ მათთან მუშაობა მოზარდებთან მუშაობას ჰგავდა. გაუსაძლისი იყო მათთან ყოფნა. გამუდმებით ავიწროებდნენ და ჩემი მეგობარი ამის გამო ძალიან უბედური იყო", - იხსენებს ქალი.
წიგნის მიხედვით, 2018 წელს სასახლის პრესსამსახურის უფროსმა ჯეისონ კნაუფმა პრინც უილიამის პირად მდივანს წერილი მისწერა, რომელშიც მეგან მარკლის საქციელთან დაკავშირებით გრძნობებს გულწრფელად უზიარებდა.
"ძალიან დამწუხრებული ვარ. ჰერცოგინიას ორმა პირადმა თანაშემწემ სამსახური ბულინგის გამო უკვე დატოვა. როგორც ჩანს, ის ყოველთვის ამოიჩემებს ხოლმე ვიღაცას", - წერდა ჯეისონ კნაუფი.
როდესაც სამეფო წყვილს სთხოვეს, რომ დამხმარე პერსონალს მეტი პატივისცემით მოპყრობოდნენ, მეგანმა თქვა, რომ "მისი მოვალეობა ხალხის ძიძობა არ იყო". ავტორი წერს, რომ მარკლის თანაშემწეებმა მას "ნარცისი სოციოპათი" უწოდეს.
ლოუმ სასახლის წყაროებზე დაყრდნობით ასევე დაწერა ისიც, რომ მეგანმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება სამეფო მოვალეობების შესრულების აუცილებლობის გამო და ჰარისთან პირველი ერთობლივი ტურის დროს თქვა: "არ მჯერა, რომ ამაში ფულს არ ვიღებ". ავტორის თქმით, მარკლს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარდა, მაგრამ უამრავ უცნობთან სტუმრობისა და ხელის ჩამორთმევის აზრი არ ესმოდა.
თავის წიგნში ავტორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ მეგან მარკლი სამეფო ოჯახიდან "გაქცევას" დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და მტკიცებულებებს აგროვებდა, რათა მოგვიანებით საზოგადოებისათვის ეჩვენებინა, როგორ ცუდად ექცეოდნენ ბრიტანეთში. მარკლის თანამშრომლები ეჭვობენ, რომ სასექსის ჰერცოგინიას ყოველი ნაბიჯი მიზანმიმართული გეგმის ნაწილი იყო.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ სამეფო უფლებამოსილებაზე 2020 წელს უარი თქვეს და მას შემდეგ შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ. თუმცა, დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვისთვის ჩავიდნენ. ორი წლის განმავლობაში კი საზოგადოებაში პრინც უილიამთან და ქეით მიდლტონთან ერთად პირველად გამოჩნდნენ.