ბოლო პერიოდში დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ადამიანებისათვის თითქმის გადაულახავი ამოცანაა. საცობების პარალელურად, უამრავი ადამიანი იყრის თავს როგორც ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში, ასევე მეტროში. მეტროში გადაღებულმა დღევანდელმა კადრებმა გვაჩვენა, რომ ხალხის უზარმაზარი ნაკადი ხშირად უძრავად დგას ერთ ადგილზე და ხანგრძლივი საცობის გადალახვის შემდეგ ახერხებს ბოლომდე გასვლას. სიტუაცია კრიტიკულია პიკის საათებში, თუმცა დღის არც სხვა მონაკვეთშია გადაადგილება თავისუფალი.
აღნიშნულ თემაზე
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დავუკავშირდით და ვიკითხეთ, ხომ არ გეგმავენ რაიმე დამატებითი ზომების მიღებას, რომ არსებული სიტუაცია განიმუხტოს:
"ყველა იმ რესურს, რაც გვაქვს, მაქსიმალურად ვიყენებთ. ქალაქში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული და ავტობუსებს ზოგიერთ მარშრუტზე შემოვლითი გზით მოძრაობა უწევთ. შესაბამისად, მგზავრების ნაწილი მეტროში გადმოვიდა. პიკის საათებში რამდენიმე სადგურზე გაზრდილი მგზავრთნაკადი ფიქსირდება. ამიტომაც, სადაც საშუალებაა, პიკის საათებში სამივე ესკალატორია ჩართული. გარდა ამისა, მატარებლებს მაქსიმალური რესურსი რაც აქვთ, რომ 2,5-წუთიანი ინტერვალით იმოძრაონ, მოძრაობენ. სჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ სიტუაცია დარეგულირდეს. უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში სწავლა დაიწყო და ეს ყველაფერი ერთმანეთზე მოქმედებს. რაიმე დამატებითი სიახლე ამ მიმართულებით არ გვაქვს." - განგვიცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მიწისქვეშა ტრანსპორტში წარმოქმნილი საცობების შედეგი მხოლოდ არაკომფორტული მგზავრობა როდია. ხალხის ტალღით გამოწვეულ "ჭყლეტას" არაერთი რისკი და საფრთხე ახლავს. მათ შორის ჯანმრთელობის დაზიანება და ადამიანთა მსხვერპლიც კი.
რა რისკები ახლავს ხალხის დიდ ტალღას?
პირველ რიგში, შესაძლოა, მგზავრებმა ემოციებთან გამკლავება ვერ შეძლონ, დაეწყოთ პანიკური შეტევა, აგრესია, გულის წასვლის შეგრძნება და ასე შემდეგ. სხვადასხვა სიტუაციაში ხალხის დიდ ნაკადში უამრავი ადამიანი გარდაცვლილა. მაგალითად, ისრაელში ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის დროს, მაშინ, როცა ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, 44 პირი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა. ადამიანები ამბობდნენ, რომ დაზიანებები ძირითადად კიბეზე წაქცევითა და ხალხის ნაკადში ჭყლეტვის შედეგად მიიღეს. მთელი მსოფლიო შეძრა საუდის არაბეთში მომხდარმა ტრაგედიამაც, როცა ხალხის ჭყლეტას ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა ვინაიდან ტრანსპორტში უკვე ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ხალხის მასაში ხანგრძლივად ყოფნა, რამდენიმე რეკომენდაცია აუცილებლად დაგვჭირდება.
გამოგადგებათ, თუ ადამიანთა დიდ მასაში აღმოჩნდებით:
- ხალხის მასისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა ძირითად მასასთან ერთად იაროთ, მაგრამ პარალელურად, ნელ-ნელა დიაგონალზე იმოძრავეთ, რომ მასის ნაპირს მიაღწიოთ.
- არ შეეცადოთ ხალხის მასის საპირისპირო მიმართულებით წასვლას, შესაძლოა ასეთ დროს ჭყლეტვაში მოჰყვეთ და ზედ გადაგიარონ. გარდა ამისა, გამოიყენეთ იდაყვები, რომ ადამიანებისგან ისე არ შევიწროვდეთ, რომ სუნთქვა გაგიჭირდეთ.
- ასეთ დროს ბავშვების გადაადგილება განსაკუთრებით საშიშია. ამიტომაც, თუ ხალხის დიდ მასაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოხვდებით, კისერზე შეისვით და ისე გაიყვანეთ. ასე ბავშვი უამრავი ადამიანის ზურგზე მიწოლას აცდება და არც წაქცევის რისკი იქნება. ასევე, თუ რამდენიმე ადამიანი ხართ და ბავშვი მიგყავთ, ჯობს ყველა მხრიდან გადანაწილდეთ, ბავშვი შუა ნაწილში მოაქციოთ და ასე დაიცვათ სხვების მიწოლისგან. გარდა ამისა, ბავშვი ყოველთვის წინ დაიყენეთ.
- წაქცევა ყველაზე სარისკოა. მითუმეტეს, კიბეზე. თუ დაეცემით, ხელები თავზე შემოიწყვეთ, თუმცა ხელით მუხლებს არ დაეყრდნოთ, რადგანაც ბევრი ადამიანის მოწოლის შემთხვევაში შეიძლება მოტეხილობა მიიღოთ.
- არ სცადოთ ვინესთან შეკამათება და კონფლიქტის გაღვივება.
- არ ჩავარდეთ პანიკაში, რადგანაც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სიტუაციის კონტროლი დაკარგოთ.
- ღრმად ისუნთქეთ, ხელები ოდნავ გვერდით გაწიეთ და იდაყვებით ეცადეთ, ხალხისგან სულ ცოტათი მაინც დისტანცირდეთ.
- შეეცადეთ, მოერიდოთ მაღალ და განსაკუთრებულად დიდი წონის ადამიანებს, ან ისეთ პირებს, რომლებსაც უზარმაზარი ჩანთა აქვთ მოკიდებული, რადგანაც მათი დაცემის შემთხვევაში შესაძლოა ბევრი დაზიანება მიიღოთ.
- ყველა შემთხვევაში, ეცადეთ, რომ ფეხზე მყარად იდგეთ და არ წაიქცეთ.
- არ ჩაიწყოთ ხელები ჯიბეებში.
- ფეხის წვერებზე სიარულს ნუ გადაწყვეტთ, ტერფი მყარად გადაადგით.
- თუ სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და გადაადგილებაში მაგალითად ქამარი, შარფი ხელს გიშლით და არის რისკი, რომ სხვა ადამიანებს გამოედოს და წაიქცეთ, სწრაფად მოიხსენით.
- თუ ხალხის დიდ მასაში ხართ და ხელიდან რაიმე დაგივარდათ, არ ეცადოთ დახრასა და ნივთის აღებას, რადგანაც არსებობს რისკი, რომ ადამიანები უკნიდან მოგაწვნენ, დაეცეთ და გადაგიარონ.
- თუ დაეცით, ეცადეთ, რაც შეიძლება სხარტად წამოდგეთ. არ დაეყრდნოთ ხელებს, თუ ადგომას ვერ ახერხებთ, მოიკეცეთ და თავი ხელებით დაიცავით.
- კიდეების მხარეს გადაადგილება ბევრად უფრო მარტივია.
- გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს პანიკა და ნერვიულობა გადამდებია, ამიტომაც ნუ აყვებით ემოციებს. ჩართეთ მუსიკა დაბალ ხმაზე, გადაიტანეთ ყურადღება, მოუსმინეთ ყურსასმენით, თუმცა ამან რეალობისგან მოწყვეტა არ უნდა გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სხარტად უნდა იყოთ.
- ნებისმიერ ბრბოს მოძრაობის თავისი რიტმი აქვს, თქვენი ამოცანაა, დაიჭიროთ იგი და იმოძრაოთ დინებაში. მაშინ ადვილად მიაღწევთ საბოლოო წერტილს. გინახავთ, როგორ მოძრაობენ პინგვინები? დაიწყეთ პინგვინის მსგავსად ოდნავ რხევა და ნახევარი ნაბიჯით გადაადგილება.