საბავშვო ბაღში დარეგისტრირება და სასურველ ბაღში მოხვედრა ადვილი საქმე არ გახლავთ. ზოგჯერ ადგილები წამებში ივსება და მშობლები მათთვის ხელსაყრელ ბაღებში ადგილის დაკავებას ვერ ახერხებენ. ამიტომ.~ საბავშვო ბაღში არსებული ადგილების შევსების შემდეგ, ადმინისტრაცია მშობლებს საშუალებას აძლევს, მათი შვილის მონაცემები მომლოდინეთა სიაში (ე.წ. რეზერვში) დაარეგისტრიროს - ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
"იქიდან გამომდინარე, რომ ბაღებში ბავშვების როგორც რეგისტრაცია, ისე გარიცხვა (რეგისტრაციის გაუქმება) მუდმივი პროცესია, ტრადიციულად, წლის განმავლობაში ჩნდება თავისუფალი ადგილები. ამ შემთხვევაში, სარეზერვო სიაში მყოფი ბავშვების მშობლებს უკავშირდება ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია და სთავაზობს ბავშვის ჩარიცხვას. მშობლის თანხმობის შემთხვევაში, ბავშვი ჩაირიცხება სასურველ ბაღში. ასევე, საბავშვო ბაღები სათათბირო ორგანოს მიერ განსაზღვრულ დამატებით ადგილებს გამოყოფენ სექტემბრის პირველ რიცხვებში, რის შემდეგაც იწყება მომლოდინეთა რეგისტრაცია. რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ბავშვის ოჯახს ატყობინებს ბაღის ადმინისტრაცია." - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, მშობელს ნებისმიერი დროს შეუძლია სასურველ ბაღში განცხადება დაწეროს და თუკი ადგილი გამოთავისუფლდება, ბავშვები რიგითობის მიხედვით ჩაირიცხებიან. რაც შეეხება ასაკს, მათივე განმარტებით, ბაღში ბავშვები 2 წლის ასაკიდან ჩაირიცხებიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბაღიდან ბაღში გადაყვანა, ანუ მობილობა, თბილისის ბაღებში არ ხდება. იმისათვის, რომ შეცვალოთ სააღმზრდელო დაწესებულება, საჭიროა მიმართოთ ბაღს, სადაც ჩარიცხულია ბავშვი და მოითხოვოთ მისი გარიცხვა. სასურველ ბაღში კი თავად უნდა დაარეგისტრიროთ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საბავშვო ბაღებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და გაცდენებთან დაკავშირებით კვლავ მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით იმოქმედებენ.
აღნიშნული წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:
- აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
- ოჯახის წევრის გარდაცვალება;
- სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.
რამდენი გაცდენის შემთხვევაში გაირიცხება ბავშვი საბავშვო ბაღიდან და რა ხდება მაშინ, თუ ჯგუფში კორონავირუსი დაფიქსირდება
თამარ იაკობაშვილი