...2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო. გაზაფხულზევე რუსეთის ტერიტორია ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვა და მეზობელ სახელმწიფოებსა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადანაწილდნენ. როგორც ცნობილია, 21 სექტემბრიდან რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვი თითქმის 5-ჯერ გაიზარდა. საქმე კი ისააა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და მამაკაცები ჯარში გაიწვია...
იმისათვის, რომ გაწვევისგან თავი დაეღწიათ, ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ კიდურები მოეტეხათ, თვითდაზიანებები მიეღოთ, მაგრამ, ბევრმა რუსეთის ტერიტორია საერთოდ დატოვა. ბოლო დღეების განმავლობაში უამრავი ადამიანი საქართველოშიც შემოვიდა. გთავაზობთ ერთ-ერთი
რუსული ვებგვერდის რეპორტაჟს ლარსიდან, თუ რას ამბობენ რუსები თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას და როგორია მდგომარეობა საზღვარზე, მათი გადმოსახედიდან:

"21 სექტემბრიდან რუსეთის დატოვების მსურველთა რიცხვმა თითქმის 5-ჯერ მოიმატა. მრავალსაათიანი რიგები დგას ნოტარიუსებთან, რომ მინდობილობები გააკეთონ ნათესავებზე, იყიდონ ბილეთები, გააკეთონ ყველაფერი აუცილებელი სწრაფად, რომ დროულად დატოვონ ქვეყანა.
ავიაბილეთების ფასის მკვეთრი მატების გამო, მოქალაქეების მხოლოდ მესამედს შეეძლო ეს ფუფუნება - დანარჩენს გამოსავალი უნდა ეპოვა. სახმელეთო მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები კი ყაზახეთი და საქართველო აღმოჩნდა. ორივე ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე მრავალკილომეტრიანი საცობებია და რუსეთის მოქალაქეებს ზედიზედ რამდენიმე დღე უწევთ რიგში დგომა.
პირველ დღეებში ხალხმა ორივე საგუშაგო უპრობლემოდ გაიარა, მაგრამ შემდეგ კონტროლი გამკაცრდა და დაკითხვის დროც გაიზარდა. რუსეთიდან წამოსული ადამიანების თქმით, რიგში 5000 მანქანაა, ზოგი რიგში დგომას ვეღარ ახერხებს, ტოვებს მანქანას და უახლოეს სოფლამდე ფეხით მიდის, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ კი ღვეზელებისა და წყლის ყიდვის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, მათივე თქმით, რესურსი არის მცირე და ფასები ბევრად გაზრდილი. მანქანებში ფეხის გასაშლელი ადგილიც არაა და ხალხი უკვე ასფალტზე ფენს საბნებს და პირდაპირ წვება, რომ ცოტა დაისვენოს... წყალი იმდენად შორს არის, კილომეტრების გავლა უწევთ იქამდე და მერე ისევ უკან, რიგში დაბრუნება.

ასევე, აღნიშნავენ იმასაც, რომ საწვავის ფასიც კატასტროფულად გაიზარდა იქვე, ამ დღეების განმავლობაში. მანქანაში კი უკვე ძალიან ცივა.
"ისეთი საცობია, ხალხი 1 საათში მხოლოდ 1-2 მეტრით მიიწევს წინ", - ამბობს რუსეთიდან წამოსული მოქალაქე, ანატოლი და აღნიშნავს იმასაც, რომ საჭმელს ვერ ამზადებენ და ვერც ცხელ წყალს შოულობენ.

"ზემო ლარსზე დიდხნიანი დგომის შემდეგ მე-5 დღეს თბილისში ჩამოვედით. ეს სამყაროს დასასრულს ჰგავდა. ჩხუბი და დაპირისპირება იყო, ადამიანებს ცხოველები, ბავშვები მოჰყავდათ, მუდმივად ეძებდნენ ტუალეტს, საკვებს და ერთი დიდი აურზაური გამოვიარე..." - ამბობს ოლგა ნიკოლაევა. რუსეთიდან წამოსული მოქალაქე იმასაც ჰყვება, რომ რამდენიმე ადამიანი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, საზღვარზე გადმოსვლისას ჩნდებიან "დამხმარეები", რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს პირდებიან, რომ ავტობუსში ან უკვე გასასვლელთან ახლოს მდგარ მანქანაში ადგილს შეუნახავენ, ფულს წინასწარ გამოართვეს და შემდეგ ქრებიან...
რუსების შემოდინება გავლენას ახდენს უძრავი ქონების ბაზარზეც, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. სასტუმროები და ჰოსტელები საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებში გადაივსო - ხალხი ლუქს-ნომრებსაც კი ქირაობს ბოლო კაპიკებით. ადგილობრივი მცხოვრებნიც ორჯერ და სამჯერ გაზრდილ ფასებად სთავაზობენ ბინებსა და ოთახებს, ბინის ყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. საქართველოში ბინების ფასები ყოველდღიურად იზრდება, ყაზახეთში კი ფიქტიურად ქორწინდებიან 500 ათას რუბლად..."
წყარო