ბავშვის ჯანმრთელობის შემდეგ მშობლის მთავარი საზრუნავი მისი სწავლა-განათლება და წარმატებაა. შესაბამისად, ოჯახის ყველაზე დიდი ღელვის საგანიც სწავლაში წარმოქმნილი პრობლემებია. ფსიქოლოგების თქმით, ზარმაცი ბავშვი არ არსებობს და სწავლის პრობლემები სიზარმაცეს ან სიცელქეს არ უნდა დაუკავშიროთ. ხშირად მიზეზი ყურადღების დეფიციტი და ჰიპეაქტიურობის სინდრომია - ნეირობიოლოგიური დარღვევა და ბავშვის ბრალი სულაც არ არის, თუ კარგად ვერ სწავლობს ან ელემენტარულ დისციპლინას ვერ იცავს. ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტი
დარეჯან თოლორდავას თქმით, რაც უფრო მალე შეამჩნევს მშობელი ამ დარღვევას და მალე აღმოფხვრის, ბავშვის სწავლის პრობლემა უფრო მალე მოგვარდება.
როგორ ვლინდება ეს სინდრომი სხვადასხვა ასაკში:
დარეჯან თოლორდავა: ADHD (ყურადღების დეფიციტი და ჰიპეაქტიურობის სინდრომი)დამახასიათებელი სირთულეები განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა ასაკში.
სკოლამდელი ასაკი-მეორე კლასი
- მითითების გარეშე უჭირს ჩაცმა, საკუთარი ნივთების მოწესრიგება;
- ხშირად ყურადღების მიღმა ტოვებს მითითებებს ან ვერ ასრულებს მათ ბოლომდე;
- სხვა ბავშვებთან შედარებით უჭირს ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობა;
- უჭირს ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადართვა;
- ვერ იჩენს სიფრთხილეს;
- ხშირად სჭირდება შეხსენება, რომ გაჩერდეს და მოისმინოს;
- უჭირს ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნება;
- დაუკითხავად იღებს ნივთებს;
- უჭირს, დაელოდოს მითითებას;
- ძალიან ბევრი დრო სჭირდება დავალების შესასრულებლად;
- უჭირს ნასწავლის გახსენება;
- მცირე იმედგაცრუებასაც კი პასუხობს „აფეთქებით“, ადვილად ბრაზდება
მესამე -მეშვიდე კლასი
- უჭირს რამდენიმე საფეხურიანი დავალების შესრულება;
- ბევრს მოძრაობს და ხმაურიანია;
- ადვილად ავიწყდება ახლად მოსმენილი ან წაკითხული, მაშინაც კი, თუ ეს მისთვის საინტერესო თემაა;
- ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მუშაობს იმაზე ნაკლებს, ვიდრე შეუძლია;
- ადვილად ეფანტება ყურადღება;
- არ მიჰყავს დავალება ბოლომდე;
- უჭირს ყოველდღიური მოვლენების დამახსოვრება;
- გულმავიწყია: მაგალითად, ავიწყდება, რა აქვს საშინაო დავალებად;
- უჭირს თავისი რიგის მოცდა საუბრის ან საქმიანობის დროს
- ხშირად წუხს, რომ ავიწყდება, რისი თქმა სურდა;
- უჭირს ერთდროულად ორი აქტივობის განხორციელება;
- მოქმედებს შედეგის განჭვრეტის გარეშე;
- მუშაობს ნელა;
- უჭირს დავალებების დასრულება წინასწარ განსაზღვრული პერიოდის ფარგლებში;
გვიანი მოზარდობის(თინეიჯერობის)პერიოდი
- უჭირს პრიორიტეტის განსაზღვრა და პრობლემის ორგანიზება;
- უჭირს დავალების შესრულების დაწყება;
- ეფანტება ყურადღება მოსმენის ან კითხვის დროს;
- ხშირად სჭირდება ხელახლა გადაკითხვა: ადამიანებს ნათქვამის გამეორებას სთხოვს;
- ყურადღება შეიძლება ხშირად გაეფანტოს მაშინაც კი, თუ მისთვის საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული;
- გაუფრთხილებლობით უშვებს შეცდომებს;
- ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მუშაობს იმაზე ნაკლებს, ვიდრე შეუძლია;
- უჭირს ინფორმაციის დამახსოვრება;
- ტესტირებისას უჭირს უკვე ნასწავლის გახსენება;
- ავიწყდება ყოველდღიური მოვლენები;
- ხშირად მოქმედებს იმპულსურად, შედეგებზე ფიქრის გარეშე;
- მუშაობს ნელა;
- უჭირს განსაზღვრული დროის შუალედში დავალების დასრულება
- მოუსვენარია და მუდმივად მოძრაობს;
- საუბრობს გაუჩერებლად, ათამაშებს ხელში ნივთებს
- მშობელმა დროული რეაგირება უნდა მოხდინოს, როდესაც ქვემოთ ჩამოთვლილი ქცევების გამოვლენის სიხშირე და ინტენსივობა არ შეესაბამება ასაკობრივ ნორმას და ყოველდღიურ ყოფაში ხელისშემშლელია ბავშვისთვის და მშობლისთვისაც. საბედნიეროდ, აღნიშნული მდგომარეობის ადრეული გამოვლენა სწრაფი ჩარევის შესაძლებლობას იძლევა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მომავალში ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებას.
"ეს არც დისციპლინის პრობლემაა, არც აღზრდის და არც ხასიათის გამოვლინება გახლავთ" - პრობლემა, რომელსაც მშობელი რთულად იჯერებს და მიზეზს მხოლოდ სკოლაში ეძებს