"7 წლის ბავშვი რომ შუადღით იწყებს სწავლას, ფიზიკურად არაფრის თავი აღარ აქვს, მოვწყდით ყველას და ყველაფერს, რამდენჯერ სკოლიდან მოსულს ჭამის დროს ჩასძინებია..." - მშობლები
სასწავლო წელი თავიდანვე პრობლემებით დაიწყო. დაუსრულებელი სარემონტო სამუშაოების თუ დანგრეული სკოლების გამო ბავშვებმა სხვადასხვა ცვლაში დაიწყეს სწავლა. სწორედ ამაზე წერს ჩვენი მკითხველი: „გასულ წელს სწავლა დავიწყეთ ორცვლიან რეჟიმში. მანამდე ჩვენი სკოლა ერთცვლიანი იყო, მაგრამ პანდემიის გამო კი ამ არასასამოვნო ცვლილებას „გაგებით მოვეკიდეთ“. მაგრამ რა ხდება ახლა? როგორც იქნა, დასრულდა პანდემია, უკვე სკოლამაც გაამკაცრა დასწრება, მკაცრად კონტროლდება გაცდენები და საჭიროების შემთხვევაში მშობელს ადმინისტრაცია გვთხოვს ან ცნობას, ან განცხადებას, კი ბატონო, კარგია, თანახმა ვარ, ასეც უნდა იყოს! ერთადერთი, რაც ვერ ამომიხსნია, პანდემიამდე ერთცვლიანი (დიდკონტიგენტიანი) სკოლა დარჩა ისევ ორ ცვლაში, რაც ჩემნაირი მშობლისთვის, რომელსაც ორი, ან მეტი შვილი ჰყავს, წარმოუდგენელი დისკომფორტია. ბიჭი, რომელიც წელს პირველ კლასში შევიდა - პირველი ცვლაა, გოგონა მეორეკლასელი - მეორე ცვლა. როგორ წარმოგიდგენიათ, 7 წლის ბავშვმა, რომელიც შუადღით იწყებს სწავლას და საღამოს საათებში ამთავრებს, როგორ უნდა მოახერხოს სრულყოფილად ინფორმაციის მიღება, დამუშავება და საღამოს სახლში მოსვლისას დავალებების შესრულება, რომელიც არც ისე მარტივია ამ ასაკისათვის?! რამდენჯერ ყოფილა, სკოლიდან მოსულ ლილეს ჭამის დროს მაგიდასთან ჩასძინებია. სკოლის გარეთ ცხოვრება ხომ დახურულია ჩვენთვის. ვერცერთ წრეზე ვეღარ ვატარებ, ყველაფერს დავანებეთ თავი იძულებით. ჯერ ხომ ბავშვს ფიზიკურად არაფრის თავი აღარ აქვს და მერე მეორეც, საათებში ვერ ვემთხვევით, სკოლა ხელს არ გვიწყობს. პრეტენზია რომ დავაფიქსირე სკოლის დირექტორთან, თავი იმით იმართლა, რომ სკოლა დიდკონტიგენტიანია და შემოგვთავაზა, რომ სხვა სკოლაში გადავიყვანოთ. ეს არის გამოსავალი? ასე ზრუნავს სახელმწიფო მომავალ თაობაზე?! წარმოუდგენელია, ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება?! მე, როგორც მშობელს ხომ მთელი დღე დაკარგული მაქვს, დილით მიმყავს პატარა, დაუმთავრდება გაკვეთილები მომყავს და შემდეგ მიმყავს უფროსი, ფაქტობრივად, მთელი დღე გზაში ვარ. უამრავი მშობელია ჩემს დღეში. რა შეგვრჩება ამ თაობიდან?! რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ უნდა მოწყდეს ყველას და ყველაფერს, მიჯაჭვული იყოს სკოლის მერხს, სადაც გაკვეთილების დაწყებისას უკვე უუნაროა და არანაირი ინფორმაციის მიღება-გადამუშავების ძალა აღარ შესწევს. ვისაც ეხება ეს ყველაფერი, უმორჩილესად გთხოვთ, უამრავი მშობლის სახელით, კიდევ ერთხელ გადახედეთ და თქვენს თავზე კი ნუ მოირგებთ სისტემას, 6-7 წლის ბავშვებზე იზრუნეთ, არაფერში რომ არ წერია მათი სკოლის განრიგი“. სოფო, 28 წლის