ონლაინრომანი "მზისფერი პლანეტა"
ავტორი სვეტა კვარაცხელია
იხილეთ რომანის დასაწყისიერთ საღამოს გოგლა გვესტუმრა. დატვირთული ამოვიდა. იმდენი სათამაშო მოიტანა, თვალები დავაჭყიტე. ამას გარდა, რამდენიმე ხელი ძალიან ლამაზი ჩასაცმელი. დავტუქსე, ასე რატომ დაიხარჯე-მეთქი.
- მე რა დავიხარჯე, ფული ავკრიფეთ სამსახურში და გოგოებმა იყიდეს, რათა შენთვის მომეტანა. თვითონ მოერიდნენ შენს შეწუხებას, ჩვენთვის სად ეცლებაო და არ წამოვიდნენ. მარტო გამომიშვეს ამხელა კაცი, მაგრამ მარტო მაინც არ მოვედი.
- აბა?
- დათო მელოდება დაბლა. არ ამოვიდა, ფული არა მაქვს და მეუხერხულებაო.
- არ გრცხვენია? - დათოს ხსენებაზე ღაწვები შემეფაკლა, - გარეთ როგორ დატოვე ადამიანი? დაურეკე, ამოვიდეს, სირცხვილია! რა ფული, რის ფული! რა აუცილებელია?
თითქოს ჩემს ნიშანს ელოდაო, გოგლამ ძმაკაცს მაშინვე დაურეკა და ისიც ამოვიდა. ამჯერად ძალიან დაბნეული ჩანდა, ერთ ადგილას გაჩერდა და ხელებს უაზროდ დაუწყო წვალება, არ იცოდა, სად წაეღო.
- დაჯექი, დათო, - სკამი მივუჩოჩე, - ახლავე ყავას მოგიდუღებთ. ეს ფიქრიაა, ჩემი მეგობარი, გაიცანი. ეს კი ბასაა, ჩვენი ოჯახის ახალი წევრი, - ჩქარ-ჩქარა მივაყარე და სამზარეულოში სწრაფად გავედი, რომ აღელვებულს სული იქ მომეთქვა.
როგორც ჩანს, ბავშვის ამბავმა დააბნია. ალბათ არ მოეწონა, უკვე შვილიანი ქალის სახელი რომ მქვია. სხვისი შვილი ხომ მისთვის ზედმეტი ტვირთია? რა თქმა უნდა, თუ მოვწონვარ, იმ შემთხვევაში. წესით, მოვწონვარ ალბათ, თორემ ასე დაბნეული ვერ იქნებოდა. სულ სხვა სიტუაციაში გამიცნო და ახლა სულ სხვა სიტუაცია დახვდა. რომელ კაცს მოეწონებოდა ეს ამბავი? მამაკაცებს თავიანთი შვილების გაზრდა აწვებათ ტვირთად და, მით უმეტეს, სხვისი შვილის? რა ძალა ადგას, ბავშვიან ქალთან არ გააბას რომანი?
რა უსუსურები არიან ეს კაცები, მშიშრები! რა მოხდა მერე? ცოლად ხომ არ მივყვები? თვითონ განა რამეს კარგავს? მე შენ გეტყვი, ჯერ ბავშვიან ქალთან არ ჰქონია რომანი! ისე ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, თითქოს უკვე ჩემად მყოლოდა დათო დაგულებული. მისმა საქციელმა უფრო გამიღრმავა ეჭვი, რომ ეს ის დათო უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, გოგლასგან გაიგო ბავშვის ამბავი და ამიტომაც გაქრა ვირტუალური სამყაროდან. ასეთი მოულოდნელობისთვის არ აღმოჩნდა მზად. ალბათ ჯერ ფიქრობს, როგორ მოიქცეს, დაბრუნდეს თუ არა მზისფერ პლანეტაზე, სადაც უამრავი სიურპრიზი ელოდება, სადაც "მზის გოგომ" ახალი სამყარო დაახვედრა თავისი ზღაპრული სიმდიდრეებით.
- მოგეხმარო? - ფიქრიამ შემოყო თავი სამზარეულოში, - ნინომ დარეკა მე და და ზაზა მოვდივართო და ბარემ ხომ არ გავაწყოთ სუფრა?
- ბავშვი სადაა? - გამიკვირდა, მარტო რომ შემოვიდა.
- შენს სტუმარს უზის კალთაში და ართობს, - გადაიკისკისა ფიქრიამ, - მგონი, ეგეც ემზადება მამობისთვის, მეცადინეობს. მშვენიერი კაცია, რას ერჩი?
- კარგი რა, რა მამობისთვის, ხომ არ გაგიჟდი! - დათოზე ხუმრობა არ მესიამოვნა, - თუ ისინიც მოდიან, მე კარტოფილს გავთლი, შენ კი ყველი და ძეხვი დაჭერი. კიდევ რა გვაქვს?
იცოცხლე, უამრავი რამ გვქონდა. ჩემს მაცივარში ყოველთვის მოიძებნებოდა საჭმელ-სასმელი, თუკი მარტო არ ვიყავი და გვერდით ვიღაც მყავდა. ფიქრიას ხომ არ მოვაშიებდი. გარდა ამისა, მეც საკმაოდ მსუნაგი ვარ ჭამა-სმის საკითხებში, ამიტომ საკვები პროდუქტები არასდროს მაკლდა.
ცოტა ხანში ისეთი სუფრა გავშალეთ, ჩიტის რძეც კი არ აკლდა. ნინო და ზაზაც ხელდამშვენებულები მოვიდნენ. ნინომ კობას ნაქონი ბავშვობისდროინდელი ტანსაცმელიც ბლომად მომიტანა, თუ არ იუკადრისებ, გამოგადგება, თითქმის უხმარიაო. ზაზამ შამპანურები, ნამცხვარი და ხაჭაპურები ამოალაგა ჩანთიდან და თვალით მანიშნა, ადგილი მიუჩინე ამ ყველაფერსო.
გავდიოდი და გამოვდიოდი სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის. თან მიხაროდა შექმნილი სიტუაცია, თან მამძიმებდა.
ძალიან ჩახლართული, ბუნდოვანი და გაურკვეველი ამბები ხდებოდა ჩემს თავს. თითქოს ხელის ცეცებით მივაბიჯებდი ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოშიც, ძალიან, ძალიან შორს, მოჩანდა ერთი პატარა, ნათელი წერტილი და რაც უფრო მივიჩქაროდი იქითკენ, მით უფრო მღლიდა გასავლელი გზა, რომელიც არა და არ მთავრდებოდა...
დათოს მუხლებზე დაესვა ბასასუნა და ისე ეთამაშებოდა, თითქოს თვითონაც ბავშვი ყოფილიყო, ოღონდ დიდი ბავშვი. სახის მიმიკებს იცვლიდა, ხან ცხენივით აჯირითებდა მუხლზე შემოსკუპებულ პატარას და ბასაც კვდებოდა სიცილით. ღუღუნებდა და ღუღუნებდა.
ბოლოს ფიქრიამ გამოართვა ბავშვი, წავიყვან, ძილის დრომ მოუწიაო. დათომ ისე მოიწყინა, ტუჩები მთელი ძალით მოვკუმე, რომ არ გამცინებოდა. როგორც ჩანს, მამის როლში ღრმად შეიჭრა და გული დაწყდა, შუა გზაზე რომ გააწყვეტინეს თამაში.
- დაგღალათ, არა? - სიცილი ღიმილად ვაქციე და დათოს შევხედე.
- არა, რას ამბობთ! მაგარი ბიჭია, უცებ გავუგეთ ერთმანეთს, საკაიფოდ გავერთეთ.
- მშვენიერი გამრთობი ყოფილხარ, შე კაცო, - ხელი ხელზე დაჰკრა გოგლამ ძმაკაცს, - ამოდი ხოლმე და მიეხმარე ამ გოგოებს, უარს კი არ გეტყვიან!
დათო შეიშმუშნა, უხერხულად იგრძნო თავი.
- ბავშვები მიყვარს, - თავის მართლებასავით გამოუვიდა.
- მერისაც უყვარს, იმიტომაც დაუსვეს კართან, - ისევ აროხროხდა გოგლა და ზაზას მოტანილ შამპანურს უხმაუროდ მოაძრო საცობი.
უცაბედად ჩამოვარდნილ სიჩუმეში მხოლოდ შამპანურის შუშხუნის ხმა ისმოდა...
***
კიდევ არ ჩანს. შეეშინდა? და რამ შეაშინა? ჩემმა ასაკმა? არ არის გასაკვირი. როგორი დაუნდობელი ხდება წლები, როცა ქალი 40-ს მიუკაკუნებს. ახლა მე გარდამავალი ასაკის ქალი ვარ, არც ძალიან ბებერი და არც ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ჯერ კიდევ სასარგებლო... ვიღაც ერთისთვის მაინც. მეგონა, ახლა, ამდენი ტკივილიანი წლის შემდეგ, ვიპოვე ის ერთი, რომლის გულსაც სითბოთი დავტბორავდი, რომლის მკლავებში ფარვანასავით ვიფარფატებდი და სევდას გავუფანტავდი. რომელიც დამინახავდა ზუსტად ისეთს, როგორიც ვარ და დააფასებდა ჩემს სიყვარულს.
ის კი არ ჩანდა. მე მაინც ველოდებოდი, საათობით ვიჯექი ხოლმე მონიტორთან და მივჩერებოდი მის ფანჯარას, როდის აციმციმდებოდა იქ შუქი. მივჩერებოდი და ვფიქრობდი... ვფიქრობდი ბოლომდე. ვგრძნობდი, რომ ის ჩემი სულის გაგრძელება იყო, ყოველი ჩემი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. სულაც რომ გაქრეს, ჩემთვის ისიც საკმარისია, რაც აქამდე იყო. ხანდახან ერთი დღე ღირს მთელ ცხოვრებად. მთელი დღეები, რომელიც მის გვერდით თუნდაც ვირტუალურად გამიტარებია, ჩემთვის 20 წლის ცხოვრებას უდრიდა, ლამაზად გატარებულ ცხოვრებას, ლამის სრულ ბედნიერებას. მხოლოდ ერთი წვეთი აკლდა ამ ბედნიერებას, ერთადერთი წვეთი, თუმცა რა არის ერთი წვეთი, როცა 99 წვეთით ხარ სავსე? სხვა ვერავინ მიხვდება ამას, რადგან ერთი წვეთი მოსატანიც არ არის იმ 99-თან, რომელიც მოგცა, მოგიძღვნა, გაჩუქა. იქნებ ამით ბოლომდე დაიხარჯა? იქნებ არც შეეძლო მეტი? შენ ხომ მინიმალისტი ხარ, მერი, არ მოითხოვო მეტი, - ვანუგეშებდი ჩემს თავს, - იკმარე, რაც გაქვს, კიდევ ერთხელ არ ათქმევინო "არ გვინდა", "არ მთხოვო", "არ მკითხო"... ეს შენს სიამაყეს შელახავს და უკვე მერამდენედ გეტკინება გული, ყველაზე დიი-იდი, ყველაზე მომთმენი და სითბო-სიყვარულით სავსე გული. მოდი, ნუ გააფუჭებ ამ სილამაზეს, ნუ დაამთავრებ ამ ჯადოსნურ ზღაპარს. დატოვე ისე, როგორც არის, ყოველგვარი დასასრულის გარეშე. დაე, დარჩეს ლეგენდად, სხვებმა გააგრძელონ ლამაზად დაწყებული ზღაპარი... ჰო, რა თქმა უნდა, არ გავაფუჭებ, - ვეთანხმებოდი ჩემს გულისთქმას, - მე ხომ ძალიან მომთმენი ვარ, ბოლომდე, ტკივილამდე მომთმენი. ამ თვისებას უდიდეს პატივს ვცემ, ისევე, როგორც სიყვარულის ახსნას. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ვუფრთხილდები სიტყვას - "მიყვარხარ". ეს ის სიტყვაა, რომელსაც უიშვიათეს შემთხვევაში ვამბობ, მაშინ, როცა ჩიხში ვემწყვდევი, როცა დუმილი გაუსაძლისი ხდება, როცა ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია, ეს ის დროა, როცა ბოლომდე ივსება ჩემი სიყვარულის ფიალა და სიგიჟის ზღვარს ვუახლოვდები. ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელსაც იარაღად ვერ ვიყენებ, რადგან არ ვიცი, ჩემი აღიარებით შეიცვლება თუ არა რამე ჩემს სასიკეთოდ, მაგრამ ამის უთქმელადაც არ მინდა დავრჩე. იქნება და როგორ სჭირდება მას, იმ მეორეს, ჩემი სხეულიდან ოდესღაც მოგლეჯილ ნაწილს ამის მოსმენა, რომ მერე, სხვა ცხოვრებაში, როცა ჩემგან ნათქვამი ეს სიტყვა გაახსენდება, სიამოვნება განიცადოს - სიტკბოთი და სიმწარით ერთდროულად გაჯერებული, ფერადი სევდით გავსებული.
როგორ მინდოდა მეყვირა ხმის ჩახლეჩამდე, გაბმულად, ამ ყვირილით ერთხელ და სამუდამოდ ამოვანთხევდი გულიდან მთელ ჩემს ცხოვრებას და მხოლოდ მას, დათოს დავტოვებდი გულში. მხოლოდ მას, ერთს შემოვესუროვებოდი და და ყველაფერს თავიდან დავიწყებდი.
არა, მორჩა! მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოთმინება სივრცეზე უსაზღვროა, მტკიცედ გადავწყვიტე, როგორც კი შემოვა, კატეგორიულად მოვთხოვო, შემხვდეს, გამეცნოს და მითხრას, ვინ არის. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ნუთუ ასე ძნელი გასაგებია მისთვის, რომ მიყვარს? მაინცდამაინც უნდა ვუთხრა? არც ეს გამიჭირდება, ჭკუა დამიშლის, თუ გონება? უფლება არ მაქვს, თუ თავხედობაში ჩამეთვლება? ვგრძნობ, რომ ძარღვებში სისხლის ნაცვლად მისი სიყვარული მიჩქეფს. სიყვარულს ხომ დრო არ სჭირდება? რა მნიშვნელობა აქვს, ერთ დღეში შეგიყვარდება, თუ ათას ერთ ღამეში? როცა ხვდები, რომ გიყვარს, ესე იგი, შეყვარებული ხარ, მორჩა და გათავდა!
"მან ეს უნდა გააკეთოს!" - იყვირა ჩემმა უფლებამ.
"ჯერ ადრეა," - წინ აღუდგა უფლებას ჩემი მოთმინება.
"არ იქნება ლამაზი," - მოთმინებას კვერი დაუკრა თავაზიანობამ.
გული ჩუმად იყო ამ დროს, მაგრამ ისე ცმუკავდა, ადვილი მისახვედრი იყო, ვისკენაც იხრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გონება სულ სხვას კარნახობდა.
თუმცა, მათი კამათი მხოლოდ წყლის ნაყვა იყო, დათო მთელი კვირა არ გამოჩენილა მზისფერ პლანეტაზე, რომლის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა.
დღეები უხალისოდ გადიოდა. საპატიო ყარაულივით ცვლიდა ერთი უღიმღამო დღე მეორეს. არაფერი მახარებდა, ბასაც კი, რომელიც თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა და უფრო და უფრო ხმაურიანი ხდებოდა. გიჟდებოდა ჩემზე, გიჟდებოდა ფიქრიაზეც. ძალიან მხიარული ბავშვი იყო, ყველასთან უპრობლემოდ ჩერდებოდა, უკარება არ იყო. კარგად ეწყობოდა მოხუცებსაც, როცა მათთან მიმყავდა სათნოების სახლში. ლიზას თავიდან ცოტა შორს ეჭირა თავი, მაინცდამაინც დიდ სითბოს არ იჩენდა ბასუსას მიმართ, მაგრამ მალე ისე შეეჩვია, ყოველ მეორე ან მესამე დღეს თავისთან იტოვებდა, შენ და ფიქრიამ დაისვენეთ, მე მივხედავო...
ამასობაში გოჩამ განცხადება შეიტანა განქორწინების თაობაზე. ბოლო მომენტამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას ჩემს გამოსაცდელად აკეთებდა, მაგრამ როცა დააჩქარა და ფაქტის წინაშე დამდგარმა გაყრის საბუთებს ხელი მოვაწერე, საბოლოოდ გამიქარწყლდა ეჭვი, რომ ბავშვი მას ეკუთვნოდა. ასე რომ ყოფილიყო, ვერ შემელეოდა, გატყდებოდა და, ბოლოს და ბოლოს, სიმართლეს აღიარებდა.
ასე რომ, გოჩა გამოირიცხა. მაშ, ვისი უნდა ყოფილიყო პატარა ბასა? ეს ამბავი კვლავ გამოცანად რჩებოდა. არც წერილის ავტორისგან ისმოდა არაფერი. კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. თავისუფლად შემეძლო მისი შვილად აყვანა, თუკი განვაცხადებდი, როგორ მოხვდა ჩემთან. უამრავი მოწმე მყავდა, წერილიც ხელში მეჭირა, მაგრამ მაინც თავს ვიკავებდი, ვაითუ, გამოჩენილიყო პატრონი და პრეტენზია განეცხადებინა, მერე რა მექნა? ისევ ლოდინი ვამჯობინე. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა...
როგორც იქნა, დათო გამოჩნდა. კვირა საღამო იყო, სწორედ ის დღე, როცა პირველად დათბა თბილისში, როცა მზემ უხვად გაიღო მოწყალება და სითბოთი დატვირთული სხივები დესანტებივით ჩამოსხა დედამიწაზე. იმ დღეს გახელებული მზე მეც მომწვდა. როგორ მსიამოვნებდა. საამოდ მელამუნებოდა სახეზე მისი ალმური. არა, მზესავით ვერასდროს ვერავინ გაათბობს. სულ სხვა ძალა აქვს მის სითბოს. ჩემი ნება რომ იყოს, შემდეგ ცხოვრებაში მზედ მოვევლინებოდი სამყაროს...
მარტო ვიყავი შინ. ბასუსა ლიზიკომ დაიტოვა, ფიქრია კი თავის საქმეებზე წავიდა. მიხაროდა კიდეც, მარტო რომ დავრჩი. იმედს არ ვკარგავდი, რომ დათო დღეს თუ ხვალ, აუცილებლად გამოჩნდებოდა. ჩემი გუმანი გამართლდა. ზუსტად თორმეტის ნახევარზე მის ფანჯარაში შუქი აინთო. მიუხედავად ამისა, პირველმა არ მივწერე, დავაცადე, სანამ ფოტოებს დაათვალიერებდა. ამასობაში გული გამალებით მიცემდა, ჰაერი არ მყოფნიდა, ვიგუდებოდი. ერთი სული მქონდა, მისი გაუჩინარების მიზეზი გამეგო. იმდენი სათქმელი დამიგროვდა, არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. მან ბასას ამბავიც არ იცოდა. არც ვაპირებდი დამალვას.
- მერიკუნა! - როგორც იქნა, მომწერა.
- ჩემს ოცნებებს გამყინვარების პერიოდი დაუდგა, რომ არ ჩანდი. მოენატრე პრინცესას, - დავიმორცხვე.
- როგორ მოვენატრე?
- როგორ და... სიგიჟემდე, საშინლად, ძალიან, მოწყურებამდე, გონის დაკარგამდე, აფეთქებამდე, აღტყინებამდე, ტკივილამდე, კივილამდე, თავდავიწყებამდე, ტირილამდე, უფორმოდ, უაზროდ, უსაშველოდ, ათრთოლებამდე, სუნთქვის შეკვრამდე, ვნებათაღელვამდე, სურვილის ცეცხლის წაკიდებამდე... გავაგრძელო? - მივაყარე და მივაყარე.
- არა!!! - სამი ძახილის ნიშნით გაამაგრა თავისი "არა".
- შენ არ მოგენატრე?
- მეც, - ყველა პასუხზე უფრო ლაკონიური იყო მისი პასუხი.
- სად დაიკარგე? რატომ არ ჩანდი? - საყვედურების დრო დადგა.
- სად ვიყავი და ფრი-ფრინავით დავფრი-ფრინავდი, რომ ღრუბლები გამეფანტა და მზე მომეყვანა. ხომ გამომივიდა?
- ჰო, გამოგივიდა. დღეს ზედმეტად მზიანი ამინდი იყო. აშკარად ჰგავდა დღევანდელი სიცხე შენს ნახელავს.
- რა ხდება შენთან ახალი? - სიტყვა ბანზე ამიგდო.
- ახალი ის, რომ ბასუსა მყავს.
- ბასუსა? ეგ ვინ არის?
დაწვრილებით მოვუყევი ბასას ამბავი. ერთხელაც არ გამაწყვეტინა, მხოლოდ სმაილებს მიგზავნიდა - გაოცების, გაღიმების, გაბრაზების, გაცინების... როცა მოყოლა დავამთავრე, მხოლოდ ერთი შეკითხვა დამისვა:
- გიყვარს?
პასუხის გაცემის შემეშინდა, ბასიაზე არ იეჭვიანოს-მეთქი, მაგრამ მისი მოტყუებაც არ მინდოდა. ერთხელაც არ მომიტყუებია, ამიტომ სიმართლის თქმა ვამჯობინე.
- ჰო, მიყვარს, თანაც ძალიან.
- მიყვარს, რაც გიყვარს, - მომწერა და გაწითლების სიცილაკიც მოაყოლა.
- და არ ვიცი, რა მეშველება, როცა წამართმევენ.
- არ წაგართმევენ! - დამაიმედა.
- შენ რა იცი?
- არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ შენზე უკეთესად სხვასთან ვერ იქნება. ის ახლა შენია და არ უნდა დათმო.
- ჰო, მართალი ხარ, მაგრამ მე მებრძოლი ხასიათი არ მაქვს, დათ, არც სპორტული. ეს ერთადერთია, რაც არ შემიძლია.
- უნდა ისწავლო. ყველაფრის სწავლა შეიძლება, თუ მოინდომებ.
- შენ მასწავლე, - შევთავაზე, - დარწმუნებული ვარ, ამაშიც კარგი მასწავლებელი იქნები. შენ ხომ ჩემთვის მერვე საოცრება ხარ.
- მერიკუნჩიკ, რა თბილი ხარ... - მომწერა უეცრად, - საიდან ამდენი სითბო?
- არ იცი, საიდან? - სიცილად ვიქეცი, - მე ხომ სითბოს საბადოებს ვფლობ, ცნობილი მილიარდერი ვარ სამყაროში. ჰოდა, ვარიგებ და ვარიგებ უფასოდ. ყველაზე დიდი ქველმოქმედი ვარ სითბოს გაცემაში, ჩემი საბადოების მარაგი არასდროს იწურება.
- და საიდან გაქვს ეგ საბადოები?
- მზეს მოვპარე, როცა ეძინა.
გამიღიმა. ერთხანს არაფერი მომწერა. მეც დაველოდე, რას მოიმოქმედებდა.
ჩემდა გასაკვირად, საოცარი ფრაზა წამოვიდა მისგან.
- მერიკო... იცი, რამდენი რამ მინდა გითხრა?
ამის წაკითხვისას ლამის თვალთ დამიბნელდა. სიამოვნებისგან შემაკანკალა. როგორც იქნა, გალღვა ყინული, როგორც იქნა, მისი აღსარების დრო დადგა. ახლა ყველაფერს მომიყვება. სიხარულისგან ადგილს ვერ ვპოულობდი.
- მითხარი მერე, აქ არ ვარ? მოგისმენ, - დიდი სიფრთხილით მივწერე, რომ არ გადაეფიქრებინა.
- არ შეიძლება, მერიკ! ამის უფლება არ მაქვს.
ღმერთო, როგორ წამში ჩაკვდა ის სიხარული, რომელმაც წეღან ამიტანა. მგონი, მეთამაშება ეს კაცი!
- რატომ არ შეიძლება? რა გიშლის ხელს? შენ თუ მოისურვებ, ყველაფერი გამოგივა. მთავარია, გინდოდეს. დავიჯერო, ჩემი ახლოს გაცნობა არ გინდა?
- მე რომ მინდა, ისე არ იქნება, - ცივი წყალი გადაასხა ჩემს ოცნებებს.
- და რა გიშლის ხელს? ის, რომ უმუშევარი ხარ და შემოსავალი არ გაქვს? რომ იმას ვერ მომცემ, რასაც შენი აზრით ვიმსახურებ? იცი რა? ფულმაგარი ბიჭები სულაც არ მიზიდავს, გულმაგარი მირჩევნია! - გავუბრაზდი.
- ამაში არ არის საქმე. ეგ სულ სხვა საკითხია.
- აბა რა ხდება? ამისთანა რა გჭირს? შეუხედავი ხარ? მახინჯი? ინვალიდი? რა მერე? არ იცი, რომ პრინცესებს ურჩხულები უფრო უყვარდებათ? კვაზიმოდოები.
- მე კვაზიმოდოზე უარესი ვარ.
- მომისმინე, დათ! ასე არ შეიძლება! - შეტევაზე გადავედი, - მე არ მინდა, მხოლოდ თეორიულად ვიყო ქალი. მე სიყვარული მჭირდება, რეალური სიყვარული და არა ვირტუალური! მცირე, მაგრამ ნამდვილი.
- მაშინ დავიშალოთ ან ვიმყოფინოთ ის, რაც აქ გვაქვს, სხვანაირად არ შემიძლია, - თითქოს გმინვა მოაყოლა მოწერილს.
- კი მაგრამ, რატომ? რატომ გაშინებს ჩემი სიახლოვე?
- იმიტომ, რომ შენი სხეული მოარული ცეცხლივითაა, შორიდან გათბობს, ახლოდან კი გდაგავს.
- მიყვარხარ, დათ! - სრულიად შეგნებულად მივწერე, წამითაც არ მიყოყმანია.
როგორც ჩანს, ამან ძალიან დააშინა. დრო გაიწელა, არაფერს მწერდა.
- სად წახვედი? - შევეხმიანე.
- აქ ვარ.
- მერე? რატომ არაფერს მეუბნები?
- რა გითხრა? შენ ჩემი წარმოსახვა გიყვარს და არა მე.
- მერე აქციე წარმოსახვა რეალობად, შენი რა მიდის? აი, ვიყურები შენს ფანჯარაში და ვხედავ, რომ ზღვა ბედნიერება გამოდის იქიდან და ჩემამდე აღწევს. ამაზე როგორ უნდა ვთქვა უარი? ბოლო დროს სიზმარშიც ვეღარ გხედავ, იქაც დამემალე. რაღაც კოშმარები მესიზმრება. ხედავ? უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები, - ყველა ღონეს ვხმარობდი მის შესაჩერებლად.
- რაღაცას ეშმაკუნჩიკობს პრინცესა.
- არაფერსაც არ ვეშმაკუნჩიკობ. ჩემი სიყვარულის ისტორიის ანკეტა შენ გახსენი და მინდა, შენ დახურო! მინდა ჩემთან იყო.
- აქ არ ვარ? მე სულ აქ ვარ, შენ, უბრალოდ, ვერ მხედავ, თორემ მე შენი ყოველი დღე ვიცი.
- შენი ასე ყოფნა არ მყოფნის, გასაგებია?
- ხომ გითხარი, მაშინ დავუსვათ წერტილი ჩვენს ურთიერთობას-თქო. თუ არადა, ვიმყოფინოთ ის, რაც გვაქვს და ხვალ რომ შემოხვალ აქ, ოცნების კოშკებს დაგახვედრებ. ამაღამვე აგიგებ.
- ოცნების კოშკებს სიყვარულის ქოხი მირჩევნია! - ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე.
არაფერი მომწერა. გადავწყვიტე, მეთქვა, დათო რომ გავიცანი.
- იცი? ამას წინათ ერთი კაცი გავიცანი, - დავიწყე.
- ვინ კაცი?
- ის, ვინც შენ მგონიხარ.
გაკვირვების სმაილებით ამავსო.
- მერე?
- მერედა, მაინტერესებს, მართლა შენ ხარ ის კაცი, თუ არა.
- შენ როგორ გინდა? თუ შენ გინდა, ვიქნები ის, თუ არადა, არა.
- მე როგორ მინდა? მე მინდა, ვიცოდე, შენ ვინ ხარ! - აღვშფოთდი.
- მერიკ! დრო იწურება, ხედავ, რომელი საათია?
- ვხედავ... ბედნიერებას ერთი წუთი აკლია, - ისევ ვიეშმაკე.
პასუხი არ მომწერა. მერე კიდევ რამდენჯერმე მივწერე, მაგრამ არც ერთხელ არ მიპასუხა. ვიგრძენი, რომ ეს დასასრულს ნიშნავდა. ვთხოვე, არ წახვიდე, აქაურობა არ დატოვო-მეთქი, ვემუდარებოდი, დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც შენ გინდა, ოღონდ გაქრობა არ გაბედო-მეთქი. ის კი ჩემს ყველა მუდარას უპასუხოდ ტოვებდა.
ბოლოს მის ფანჯარაში შუქი ჩაქრა.
როგორ შემეშინდა. ასე მეგონა, სამყაროს აღსასრული მოახლოვდა. ვიცოდი, ის აუცილებლად შემოვიდოდა ამაღამ ან ხვალ დილით, რომ თავისი პროფილი გაენადგურებინა, ამიტომ სასწრაფოდ შევუდექი წერას, რათა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იქამდე წაეკითხა ჩემი წერილი:
"შენ თუ გგონია, გაქრები და ყველაფერი გამივლის, ნუ გექნება ამის იმედი. შენ სულ ჩემთან იქნები, სულ, სულ, სულ... და ყოველთვის დიდ ტკივილად დარჩები, სასიამოვნო ტკივილად... და ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს, რომ ერთხელ ვერ ჩაგხედე თვალებში... თვალები ყველაზე მართალს ამბობენ... ის ერთადერთია, რომელიც არასდროს იტყუება... არ ვიცი, რატომ არ შეიძლება ჩვენი შეხვედრა, რა არის ამის მიზეზი. აღარ გეკითხები... არც არასდროს შეგეკითხები. "არ შეეკითხო და არ მოგატყუებენ", - მახსენდება სენეკას სიტყვები... მაგრამ მინდა იცოდე - არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, როგორი ხარ - დაბალი, მაღალი, ლამაზი, მახინჯი, ხეიბარი... ასეთ რამეებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას... ჩემი სიყვარული ყოველთვის სულიდან იწყება, სიღრმიდან და მას არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ სიახლოვესთან, არც გარეგნობასთან. მე ყველაფრის პატიება შემიძლია, ყველაფრის მოთმენა და დათმობა. არ ვიცი, ამას რატომ გეუბნები... უბრალოდ, მინდა იცოდე როგორი ვარ...
მე მტვერი ვარ, რომელიც არ ჩანს და რომელსაც ყოველდღიურად ისუნთქავს ადამიანი, რომელიც არავის ვნებს, მაგრამ აუცილებელია არსებობისთვის - ჩუმი, უპრეტენზიო, ის მხოლოდ მაშინ შეგიძლია შეამჩნიო, როცა ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი ზოლად გაწვება ოთახში. სწორედ ასეთი მტვერი ვარ მეც...
ან იქნებ, იმიტომ გადაწყვიტე გაქრობა, რომ შენ თვითონ მძიმდები ჩემთან ასეთი ურთიერთობით... თვითონ ვერ უძლებ ამას... იქნებ ჩემი გამოჩენით საფრთხე შევუქმენი შენს მშვიდ ცხოვრებას? არაფერს მეუბნები, მაგრამ ყველაფერს ვგრძნობ. იმასაც, რასაც მეუბნები და იმასაც, რასაც არ მეუბნები... ვერაფერი გამომეპარება, რადგან სიყვარული ის ერთადერთია, რაც ძირისძირამდე მაქვს ათვისებული. ამაში ვერავინ შემედრება. გახსოვს, გითხარი, ყველაფერში საშუალო ვარ-მეთქი... ასეა, ოღონდ ამაში არა. ამაში პროფესიონალი ვარ. რომ არსებობდეს სიყვარულის მასწავლებლის პროფესია, მსოფლიოში ნომერ პირველი მასწავლებელი ვიქნებოდი. და სწორედ ამაში არ გამიმართლა არც ერთხელ...
ვერ ვხვდები, რატომ აისხი ჯავშანი... რატომ გაურბი სათქმელს... რატომ უნდა ვეძებო შენი თბილი სიტყვები ქვეტექსტებში?
მაპატიე, თუკი ფიქრში ჩაგისახლდი... უკითხავად, თავხედურად, უტიფრად... არ არის ჩემი ბრალი... იქ ისეთი სითბო დამხვდა, სიტკბო, ისეთი სინათლე... აღარ მინდა გამოსვლა...
როგორ მინდა ერთხელ გნახო... თუნდაც ერთი წუთით... თვალებში ჩაგხედო მხოლოდ... თუნდაც წლების მერე... ოღონდ ვიცოდე, ვინ არის ის მამაკაცი, რომელმაც ჩემი სულის ამოფურცვლა შეძლო... რომელმაც ცოტა ხნით მაინც სრულფასოვან ქალად მაგრძნობინა თავი... როგორ მინდა, რომ იცოდე...
მორჩა, დავამთავრე... სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა... ახლა ჯერი შენზეა - როგორც გულმა გიკარნახოს, ისე მოიქეცი..."
ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა...
***
ეს, ალბათ, ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. ერთიმეორის მიყოლებით წაეწყო უსიამოვნებები.
დილით ავდექი თუ არა, მაშინვე ინტერნეტი ჩავრთე, რომ მენახა, დათომ რა მოიმოქმედა. ჩემი შიში გამართლდა. ის გამქრალიყო ვირტუალური სივრციდან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ვიგრძენი. ძალიან, ძალიან ცუდად გავხდი. რაღაც მარწუხივით მიჭერდა გულზე, სუნთქვა გამიძნელდა, მთელი სხეული დამიბუჟდა. არ უნდა დამეძალებინა მისთვის, გაემხილა თავისი ვინაობა. ხომ მითხრა, გავქრებიო, ხომ ვიცოდი, რომ ამას გააკეთებდა.
კვლავ ლოგინში შევწექი და საბანი მჭიდროდ შემოვიხვიე. ვერაფრით ჩავთბი, ისე მციოდა, კანკალს ვერ ვიკავებდი. მერე... მერე ვიტირე. მარტო ვიყავი და ამიტომაც თავის შეკავება არ მიცდია. ვზლუქუნებდი და ვზლუქუნებდი. წამითაც არ მიფიქრია იმაზე, მიღირდა კი ეს იდუმალებით მოცული ურთიერთობა ცრემლებად? ვის მივტიროდი? რატომ მქონდა იმედი, რომ ამ ნაცნობობიდან რამე გამოვიდოდა? ასე სულელურად როგორ შემიყვარდა? სხვებს ვასწავლიდი ჭკუას და თვითონ როგორ გავები მახეში? გული მიგრძნობდა, რომ ის აუცილებლად გამოჩნდებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, რამდენი ხანი დასჭირდებოდა ამას. ის ვერ მოითმენდა, ვერ გაძლებდა უჩემოდ, რადგან ჩვენი ურთიერთობა სიყალბეზე არ იყო დამყარებული. ყველაფერი, რაც ჩვენ შორის ხდებოდა, ყველაზე გულწრფელი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კეთილი ზღაპარი იყო, ყოველგვარ აგრესიას, ბოროტებას, შურსა და ღვარძლს მოკლებული. ასეთი დასასრული არ შეიძლებოდა ჰქონოდა ჩვენს ნაცნობობას.
როდის-როდის დავმშვიდდი. რაღაც მომენტში ჩამეძინა კიდეც. მეძინა, მაგრამ არც მეძინა. ვბორგავდი, ვშფოთავდი, ნახევრად ცხადად ვხედავდი კოშმარულ სიზმრებს, თითქოს რაღაც მახრჩობდა, მანადგურებდა და თავს ვერ ვშველოდი.
ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. ლიზიკო მირეკავდა. როგორ მივივიწყე ბავშვი, დათოს გაქრობამ ჩემთვის კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დამავიწყა.
- ცოცხალი ხარ? - ლიზას რატომღაც, უცნაური ხმა ჰქონდა, ნამტირალევი მომეჩვენა.
- ჰო, მოვდივარ უკვე. ბასა ხომ კარგადაა?
- ბასა კარგადაა, მაგრამ სხვა ცუდი ამბავი მაქვს.
- რა მოხდა? - კიდევ ერთხელ შემეკუმშა გული.
- შენმა ქმარმა დარეკა, სასა გარდაიცვალა. - ტირილნარევი ხმით მაუწყა მამიდამ.
- რას ამბობ! ახლავე წამოვალ!
ფართხაფურთხით ჩავიცვი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ჩაცმულობისთვის ყურადღება არ დამითმია. დათოს გაუჩინარების შემდეგ ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. არც მაკიაჟი გამხსენებია, არც ვარცხნილობა, სასწრაფოდ ამოვიცვი ჯინსის შარვალი, წითელი სვიტერი და გავვარდი.
გზად ფიქრიას დავურეკე, ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე, სათნოების სახლში გამოსულიყო და ბასასთვის მიეხედა, სანამ ჩვენ გოჩასთან გავიდოდით.
- სიკვდილის წინ თურმე სულ ჩემს სახელს გაიძახოდა, - ცრემლად იღვრებოდა ლიზიკო, - ამ საზიზღრებმა კი ერთხელ არ დამირეკეს, ერთხელ! მივიდოდი, იქნება და რა ჰქონდა სათქმელი იმ საცოდავს! ჩემი ბრალია, უნდა წამომეყვანა უკან, მე უნდა მიმეხედა!
- გაჩუმდი, მამიდა! აქ რომ გარდაცვლილიყო, იმათი ყბიდან ვერ ამოხვიდოდი, ყველაფერი ჩვენ დაგვბრალდებოდა.
ლიზა გაჩუმდა. იცოდა, რომ მართალს ვეუბნებოდი, მაგრამ სინდისის ქენჯნას გრძნობდა, რომ ვერაფრით დაეხმარა მისთვის ძვირფას ადამიანს.
ცოტა ხანს დაველოდეთ, სანამ ფიქრია გამოვიდოდა. ბასუსას წავეთამაშე. ისე საყვარლად ჭყლოპინებდა, გული გამითბა. თინიკოსთანაც შეგვეძლო მისი დატოვება, დამლაგებელთან, მაგრამ ლიზამ არ ისურვა, ფიქრიას დაველოდოთო.
ისიც მალე მოვიდა. ჩემს მეგობარს არ გამოპარვია ჩემი ჩაშავებული, შესივებული და ნამტირალევი თვალები. იმასაც მიხვდა, რომ ეს მხოლოდ სასას გარდაცვალებით არ იყო გამოწვეული.
- მოხდა რამე? - მიჩურჩულა, როცა ლიზიკო ოთახიდან გავიდა.
- მერე მოგიყვები, სახლში რომ წავალთ.
- უძინარს ჰგავხარ.
- ჰო, ასეა... - ნაღვლიანად გავიღიმე და მამიდას შევხედე, რომელმაც სწორედ მაშინ შემოიყვანა ბავშვი ოთახში და ფიქრიას კალთაში ჩაუსვა.
გაგრძელება