ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევები გაიზარდა და ბავშვებიც სხვადასხვა სიმპტომით ხშირად ხვდებიან კლინიკაში. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს
მაია ჩხაიძეს ვკითხეთ, როგორია მათ კლინიკაში მიმართვიანობა და ძირითადად, რა ჩივილები აღენიშნებათ პაციენტებს:
"დღეში გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, დაახლოებით, 40-50 პაციენტი მიმართავს, მათ შორის, შორის ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციებით და ღებინებითა და დიეარეით გამოწვეული გართულებებით. რაიმე ახალი კლინიკური მიმდინარეობა არ გვაქვს. გრიპის სეზონი იწყება და შესაბამისად, გაზრდილი სტატისტიკაც ჩვეულებრივია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი, 6 თვის ასაკიდან ზემოთ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 4 კვირაა საჭირო, რომ ორგანიზმში იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს. ამიტომ, ჯობს, ჩვენი შვილები სეზონური გრიპისთვის მოვამზადოთ. ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. მომართვიანობა გაზრდილია იმიტომაც, რომ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. კლინიკაში ყველა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტი შემოდის, მათ შორის, ახალშობილები. ბრონქიოლოტებით, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსით მოგვმართავენ, არის კრუპის, პარაგრიპის შემთხვევებიც. ძირითადად, კლინიკაში გადმოყვანის საფუძველი უმართავი ცხელება ხდება, როდესაც მშობლებს ბინის პირობებში ტემპერატურის მართვა უჭირთ. ასევე, გამოხატულია შეუპოვარი ღებინება და დიარეა. როცა სამედიცინო ნიღაბს აქტიურად ვიყენებდით, მაშინ შემთხვევები შედარებით ნაკლები იყო, რადგანაც ის რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან საკმაოდ ეფექტურად გვიცავს." - ამბობს ის.
მაია ჩხაიძე ასევე განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა გადაიყვანოთ ბავშვი კლინიკაში:
"პირველივე ცხელების ეპიზოდის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში ნუ წამოვიყვანთ. თქვენს პედიატრს დაუკავშირდით და კლინიკური ნიშნების მიხედვით, ის მიიღებს გადაწყვეტილებას. მაგრამ, თუ ბავშვს შეუპოვარი ღებინება აქვს, რა ასაკისაც არ უნდა იყოს, კლინიკაში გადაყვანა აუცილებლად სჭირდება. ასევე, თუ გამოხატულია სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია საავადმყოფოს მიმართოთ. გარდა ამისა, თუ ბავშვი წლამდე ასაკისაა, განსაკუთრებით კი 6 თვემდე ასაკის და მას მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, მისი კლინიკაში მოთავსება უცილებელია."
მაია ჩხაიძის თქმით, პაციენტებს სპეციალურ სწრაფ ტესტს უტარებენ და მათ კლინიკაში აღნიშნული ტესტის მიხედვით, გრიპის შემთხვევებით პაციენტები ჯერ არ მოხვედრილან:
"გრიპის შემთხვევებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აღრიცხავს, ჩვენთან სწრაფი ტესტით ახლა გრიპის ვირუსით არც ერთი პაციენტი არ წევს." - ამბობს მაია ჩხაიძე.
თამარ იაკობაშვილი