საჰარ ტაბარი 2017 წელს უჩვეულო გარეგნობის წყალობით გახდა ცნობილი. ინტერნეტში მას ანჯელინა ჯოლის "ზომბი ვერსია" დაარქვეს - ფერმკრთალი სახე, ჩაცვენილი თვალები და ლოყები, არაბუნებრივად აწეული ცხვირი და უზარმაზარი ტუჩები მისი დამახასიათებელი ნიშნებია და ამ გზით გოგონა ანჯელინა ჯოლის იმიტაციას ცდილობდა.
ამბობდნენ, რომ საჰარ ტაბარმა 50 პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა და ეს შედეგიც ზღვარგადასული პროცედურების წყალობით მიიღო. თუმცა, თავად განაცხადა, რომ ფოტოები სხვადასხვა პროგრამით დაამუშავა და ყველა მოატყუა. რეალურად კი მხოლოდ რინოპლასტიკას, ლიპოსაქციას მიმართა, უამრავჯერ გაიკეთა ფილერი და ტუჩები გაიდიდა.
"ის ფოტოები, რომლებსაც ჩემს სოციალურ ქსელში ხედავთ, კომპიუტერული ეფექტების შედეგია. ამის შემდეგ ინტერნეტში პოპულარობა ხომ იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე მსახიობობა?" - აღიარა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
თუმცა ხუმრობა და ფოტოებით გატაცება ირანელ გოგონას ძვირად დაუჯდა. 2019 წელს დააპატიმრეს და სოციალურ ქსელში მისი ანგარიშები წაშალეს. 21 წლის ბლოგერს ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, ძალადობის წაქეზებაში, ქონების მითვისებაში, ეროვნული ჩაცმულობის კოდექსის დარღვევაში, შემოსავლის მიუღებელი გზებით გამომუშავებაში და ახალგაზრდების კორუფციის წახალისებაში დასდეს ბრალი.
იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჰარს თავად ირანის მოქალაქეებმა უჩივლეს. ვულგარული ფოტოების გამოქვეყნებისა და თანხის გამომუშავების მიუღებელი წესის გამო თავდაპირველად მას სამი თვიდან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა საჰარი ტელევიზიით გამოვიდა და ირანის მოქალაქეებს საჯარო ბოდიში მოუხადა. ყველამ ჩათვალა, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა საჯარო ბოდიშმა ვერაფერი უშველა - მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სინამდვილეში საჰარის სახელით ცნობილი ირანის მკვიდრი ფატიმე ჰიშვანდია, რომელიც გაასამართლეს ახალგაზრდების კორუფციისა და ისლამური რესპუბლიკის მიმართ უპატივცემულობის გამოვლენაში.
ასე გამოიყურებოდა სინამდვილეში გოგონა
გოგონამ დახმარებისთვის ანჯელინა ჯოლისაც კი მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
კორონავირუსის პერიოდში საჰარი ვირუსით დაავადდა და მისი ადვოკატების თქმით, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო. თუმცა, მოსამართლეს არც ეს გარემოება გაუთვალისწინებია და 2020 წლის დეკემბერში 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ციხეში მან ჟურნალისტებს ინტერვიუც მისცა, სადაც განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ძალიან ნანობს და დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, მსგავს ფოტოებს სოციალურ ქსელში აღარ განათავსებდა.