ბოლო პერიოდში უამრავ ადამიანს რესპირაციული ვირუსებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. ხშირად ამბობენ, რომ აქვთ მაღალი ტემპერატურა და ხველა. როგორია საქართველოში ამ მიმართულებით სტატისტიკა და რა შემთხვევაში რთულდება დაავადება, ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას დავუკავშირდით:
"შემოდგომის პერიოდში რესპირაციული ინფექციები აქტიურდებიან და შემთხვევების მატებაც ფიქსირდება. რაც შეეხება სიმპტომებს, ძირითადად აღენიშნებათ ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაბალი ტემპერატურა. მოცემული სიმპტომები თითქმის ყველა პოპულაციაშია გამოხატული, მაგრამ, ძირითადი ნაწილი მაინც ბავშვებსა და მოზარდებზე მოდის. მათი მიმდინარეობა, როგორც წესი, მძიმე არ არის. დაახლოებით, 3-დან 5 დღემდე გრძელდება, შემდეგ უკვე სიმპტომები ლადგება და 7-10 დღეში ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელებულია. შესაძლოა სეზონური ინფექციები პნევმონიით, მწვავე ბრონქიტით, სინუსიტით იშვიათად გართულდეს და ამის გამო ექიმთან ვიზიტი, გარკვეული სპეციფიკური მკურნალობის ჩატარება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში არ ხდება და გართულებები ძირითადად ასაკოვან, ან იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ. ან კიდევ მცირე ასაკის ბავშვებში ვლიდება. გრიპი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და საყურედღებო რესპირაციულ ინფექციად ითვლება, თუმცა ჯერჯერობით შემთხვევების ზრდა არ ფიქსირდება. დიდი ალბათობით, შემთხვევები ნოემბრის მეორე ნახევრიდან და ზამთრის პერიოდში იქნება. როგორც ვიცით, არებობს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის პირელი სამი კვირა ვაქცინაციისათვის შესანიშნავი პერიოდია. ეს განსაკუთრებით ეხება რისკის ჯგუფებს, ქრინიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, ორსულებს და მათ, ვისაც იმუნოდეფიციტი აქვთ, რათა მომზადებულები შევხვდეთ. დანარჩენ რესპირაციულ სეზონურ ინფექციებს, როგორც წესი, მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს. როგორც აღვნიშნე, მათ ზემო სასუნთქი გზების დაზიანება ახასიათებთ, როგორიცაა ყელის ტკივილი, ხველა, სურდო და 3-5 დღის შემდეგ დაავადება ლაგდება." - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.
ინფექციონისტის განმარტებით, ამ ეტაპზე რაიმე განსხვავებული, ახალი ტიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს:
"ეს არის სეზონური ვირუსები, რომლებიც ყოველ წელს ცირკულირებენ. გარკვეულ შემთხვევაში 2-3-დღიანი ცხელებით მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ რაიმე ახალი, განსხვავებული ვირუსი, რომელსაც თავისი სპეციფიკა და მიმდინარეობა აქვს, ამ ეტაპზე არ გვაქვს. ეს ვირუსები ყოველწლიურად გვხვდება, თუმცა წელს შესაძლოა, უფრო მეტი იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, წინა წლებში კოვიდის გამო დისტანციას ვიცავდით, ვატარებდით პირბადეს და ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ კოვიდისგან, არამედ სხვა რესპირაციული ინფექციებისგანაც გვიცავდა. იცით, რომ ახლა ეს რეგულაციები მოხსნილია, აქედან გამომდინარე, ვირუსული ინფექციების უფრო მეტი შემთხვევა გვხვდება, თუმცა თუ კორონავირუსამდე პერიოდს შევადარებთ, სტატისტიკა დაახლოებით ერთნაირია. მიმართვიანობა იზრდება კლინიკებში როგორც სტაციონარებში, ასევე ამბულატორიებში, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის და არც ჰოსპიტლების და არც პირველადი ჯანდაცვის რგოლის გადატვირთვას არ იწვევს." - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
ის ასევე რეკომნდაციას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა სეზონური ვირუსი აქვთ:
"პირველ რიგში, თუ ბავშვს ან ზრდასრულ ადამიანს ვირუსული ინფექციის ნიშნები აღენიშნება, ხალხმრავალ ადგილებს თავი აარიდონ. თუ მაინც უწევთ ასეთ ადგილებში მისვლა, პირბადე გამოიყენონ. დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუ მცირეწლოვან ბავშვს ან ასაკოვან ადამიანს 3 დღეზე მეტხანს აქვს მაღალი ცხელება, შეტევითი ხველა, ასეთ დროს დროულად უნდა მიმართონ ექიმს, რათა გართულებები თავიდან ავირიდოთ. სხვა მხრივ, როგორც წესი, სეზონური ვირუსები ადამიანებს ბინაზე ადვილად გადააქვთ." - აღნიშნავს ალექსანდრე გოგინავა.
"რაც შეეხება კორონავირუსს, ამ ეტაპზე ზრდა არ აღინიშნება. რა თქმა უნდა, შემთხვევები არის, თუმცა ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობისაა. უფრო მეტ ყურადღებას ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები საჭიროებენ. ამ პოპულაციისთვის ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ეპიდსიტუაციის მკვეთრი გაუარესება არ აღინიშნება." თამარ იაკობაშვილი