როგორ ვკვებოთ 1 წელს გადაცილებული ბავშვი, რომელიც უკვე აღარაა ახალშობილი და ჯერ არც დიდია ახალშობილების კვებასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, დედის რძეს ვერ შეცვლის ვერც ერთი რძის შემცვლელი ნარევი. თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, საჭიროა შეირჩეს ადაპტირებული, ხარისხიანი და გემრიელი ნარევი. შემდეგ იწყება დამატებითი კვება - აქაც ყველაფერი გარკვეულია: არსებობს წესები, რჩევები, რეკომენდაციები. როგორ ვკვებოთ 1 წელს გადაცილებული ბავშვი, რომელიც უკვე აღარაა ახალშობილი და ჯერ არც დიდია? ბავშვის ჯანსაღი კვებისთვის გთავაზობთ შემდეგ წესებს:
რეჟიმი
რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც საბავშვო ბაღშია. თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ საკვების მიღება ხდებოდეს ერთსა და იმავე დროს. მაგალითად, კვებებს შორის შუალედი უნდა იყოს 3-4 საათი.
დამოუკიდებლობა
ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ დროს პატარებს კრიზისული პერიოდი აქვთ. მიეცით ნება ჭამოს საკუთარი ხელით. რა თქმა უნდა, მას ცოტა უსუფთაოდ გამოუვა, მაგრამ სამაგიეროდ გაუჩნდება ინტერესი ახალი საქმიანობისა, ეს კი გაუძლიერებს მადას.
გემოს პრიორიტეტები
გაითვალისწინეთ ბავშვის არჩევანი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაზეც თითით მიგანიშნებთ, ყველაფერი აჭამოთ. მაგრამ თუ ბავშვი კატეგორიულ უარს ამბობს ბროკოლიზე, არ ღირს დაძალება. შეგიძლიათ ბროკოლი შეცვალოთ ყვავილოვანი კომბოსტოთი ან ყაბაყით.
მარილი და შაქარი
მარილი რაციონში უნდა იყოს მცირე რაოდენობით, იგივე ეხება ტკბილს. მინიმალური რაოდენობით იხმარეთ შაქარი. თაფლი გამოიყენეთ ფაფებისა და კომპოტების დასატკბობად. ხოლო თუ პატარაობიდანვე მიაჩვევთ, უშაქროდ მიირთვას კომპოტი და ფაფები, ძალიან კარგი იქნება.
მომზადების მეთოდიკა
დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების სწორად მომზადებას. ხორცი, თევზი და ბოსტნეული უმჯობესია მოხარშოთ ან მოამზადოთ ორთქლში. შეიძინეთ შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტი. მოერიდეთ ნახევარფაბრიკატებს. საკვები მოამზადეთ უსაფრთხო და ჯანსაღ ჭურჭელში.
გემოს მრავალფეროვნება
დაეხმარეთ პატარას შეისწავლოს ახალი პროდუქტების გემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გემოვნების რეცეპტორები ასტიმულირებს ნერვული სისტემის განვითარებას.
სიყვარული არა პირველი შეხედვიდან
დააგემოვნეთ პატარასთან ერთად ახალი პროდუქტები შემდეგი წესით- თანდათან და ხშირად. თანდათან - ნიშნავს დაიწყოთ მცირე ულუფებით და დაამთავროთ სრულყოფილი პორციით.
ლოიალურობა და დემოკრატიულობა
ნუ დააძალებთ ბავშვს საჭმელს. თუ პატარა თავს აბრუნებს და ჯიუტობს - პატივი ეცით მის არჩევანს. დაიჯერეთ - შემდეგ ჯერზე კარგად მიირთმევს და თქვენც მშვიდად იქნებით. მაგრამ თუ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო, საჭიროა მიმართოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგს და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა.
ტელევიზორი, თამაშები და სხვადასხვა გასართობი
ბევრი თანამედროვე დედიკო კვების დროს ბავშვს ართობს წიგნებით, მულტფილმებით, სათამაშოებით. ასეთი გართობებით ბავშვის კვება ითვლება არასრულფასოვნად, ბავშვს ჩამოუყალიბდება მავნე ჩვევა, რომელიც დიდობაშიც გაჰყვება და უფრო რთული იქნება მისგან გადაჩვევა.
რაოდენობა
ყურადღება მიაქციეთ საკვების რაოდენობას. არ დაუდოთ თეფშზე ბევრი საკვები. ჯობს მოითხოვოს დამატება, ვიდრე დატოვოს საჭმელი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
ასევე იხილეთ: როგორ ჭურჭელში უნდა ჭამოს ბავშვმა და რამდენი პური უნდა მიიღოს დღეში