პროფესიით პედაგოგ ხათუნა პავლიაშვილს მანქანის მართვა ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ერთხელაც გადაწყვიტა, სუსტი სქესის მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული მითი დაემსხვრია და თბილისის საქალაქო კომპანიაში ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე განაცხადი შეიტანა. ჯერ 8-მეტრიანი ავტობუსი ჩააბარეს, მერე გადამზადება გაიარა და 12-მეტრიანი ავტობუსის მართვას დაეუფლა. მისი დილა 5 საათზე იწყება, ოჯახის წევრებზე ზრუნავს, თავს იწესრიგებს და შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს ემსახურება:
- მიხარია, რომ პირველ რიგში ჩემს თავს დავუმტკიცე - თუ გულით გინდა რაღაცას მიაღწიო, ბარიერები არ არსებობს. სწორად თუ მიუდგები, საქმეში სუსტი და ძლიერი სქესი არ არსებობს... 43 წლის ვარ. დიდი ხანია, მძღოლი ვარ, ყოველთვის მიყვარდა მანქანის მართვა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მძღოლობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც გამომეცადა. ავტობუსში კონდუქტორად ვმუშაობდი. შემდეგ გავიგე, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მძღოლი ქალების გადამზადება იწყებოდა. "ბე კატეგორიის" მართვის მოწმობისთვის შესაბამისი სწავლება გავიარეთ. მოვემზადეთ, გავიარეთ ეს კატეგორია, ავტობუსის ტარება გვასწავლეს და შემდეგ შევიტანეთ განაცხადი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ჩემთან ერთად სხვა ქალებიც იყვნენ.
- საზოგადოების დამოკიდებულება როგორია, როდესაც ასეთ დიდ ავტობუსს ქალი მძღოლი მართავს?
- მამაკაცები ძირითადად იღიმიან, ზოგი ცერა თითით მანიშნებს, რა მაგარი ხარო!.. გოგონები და ქალები კი გაოცებული შემოგვყურებენ. სხვათა შორის, მამაკაცები საჭესთანაც უფრო თავაზიანები არიან. საერთოდ, საზოგადოებისგან, მგზავრებისგანაც დადებითი მუხტი მოდის, უხარიათ და მოსწონთ.
- თუმცა, ალბათ არიან გამონაკლისებიც...
- დიდი ხანია, ავტობუსს ვატარებ. საერთოდაც, მანქანის მართვის საკმაოდ დიდი სტაჟი და გამოცდილება მაქვს, არც ქალი მძღოლებია საქართველოში უკვე იშვიათობა, მაგრამ ამხელა ავტობუსს ქალი რომ მართავს, მაინც უკვირთ. გვერდით რომ მომყვებიან, შუქნიშანზე შუშას ჩამოსწევენ და ამომძახებენ, - არ გიჭირთ ტარებაო?.. მთელ ქალაქში 12-მეტრიან ავტობუსებს სულ ოცამდე ქალი ვმართავთ. თითქმის ყველას მიმართ ერთნაირი დამოკიდებულებაა - უკვირთ და ჩვენს გამხნევებას ცდილობენ. თუმცა გამონაკლისებიც არიან: ზოგი მკვახედ მოგვაძახებს, ქალების გარდა ვერავინ ნახესო?!. თავიდან გული მწყდებოდა, ახლა კი ღიმილით ვხვდები ასეთ პრეტენზიულ ადამიანებს.
ერთი მუდმივი მგზავრი მყავს, 84 წლის ქალბატონი. ერთ-ერთ კერძო სკოლაში მუსიკას ასწავლის. სულ ვამბობ, ღმერთმა ყველა დააბეროს, მაგრამ მე რომ დავბერდები, ასეთი მოხუცი მინდა ვიყო, დღემდე შენარჩუნებული აქვს სილამაზე, პეწი, შინაგანი კულტურა და, რაც მთავარია, ისეთი თბილია, რა ხასიათზე უნდა ვიყო, რომ მისმა დანახვამ არ გამახაროს?!
- ოჯახი როგორ შეეგუა თქვენს სამსახურს?
- ჩემი მეუღლეც ავტობუსის მძღოლია, კოლეგები ვართ. ადრე უფრო ხშირად ძალიან ბევრ რჩევას მაძლევდა - ფრთხილად და დაკვირვებით ატარეო... როდესაც ავტობუსის სალონში, ღილაკებში ან სხვა რამეში ვერ გავერკვეოდი, ვურეკავდი, ეს რაღაც რატომ ანთია-მეთქი?.. ახლა აღარ მჭირდება. თავად ისევ 8-მეტრიანი ავტობუსის მძღოლია და ვეხუმრები, გაჯობე-მეთქი.
განაგრძეთ კითხვა