"ვითომ მივლინებაში წასული ქმარი თავის ყოფილ ცოლ-შვილთან, კურორტზე აღმოვაჩინე... მეუბნება, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და უნდა შევეგუო ასეთ მოგზაურობებს" - მშობლები
"40 წლის დამოუკიდებელი ქალი ვარ, მყავს 20 წლის შვილი, მეუღლეს წლებია, რაც გავშორდი. ყველანაირად უზრუნველვყოფ საკუთარ თავს. მაქვს სტაბილური შემოსავალი, არ მაკლია ჩაცმა-დახურვა, მეგობრებთან ერთად მოგზაურობა, თაყვანისმცემლები და ყურადღება მათგან. მოკლედ, ყველაფერი მაქვს, რაც შეიძლება ქალმა ინატროს. ცოტა ხნის წინ, ჩემს ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაახლოებით 1 წლის წინ შევიცვალე სამსახური. მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ დიდ კომპანიაში. პირველივე დღეებში შევნიშნე, რომ უფროსი ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა, ეს არც გარშემომყოფებისათვის დარჩა შეუმჩნეველი. ამ თემაზე მეხუმრებოდნენ კიდეც თანამშრომლები: „ჩვენს უფროს ასე მალე თავბრუ როგორ დაახვიეო“. მეც ვატყობდი ჩემს თავს, რომ არც მე ვიყავი მის მიმართ გულგრილი და გარკვეული სიმპათიები გამაჩნდა. ერთადერთი რაც მაფერხებდა ის იყო, რომ ჩემზე ასაკით უმცროსთან არ მინდოდა ურთიერთობის წამოწყება, თუმცა ბედს მივენდე და ყველაფერი თავისით წარიმართა. მალევე თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და პირველი ოფიციალური პაემანიც შედგა. ჩემს ასაკში ახლა შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს ეს ყველაფერი, ალბათ იფიქრებთ, რომ პატარა გოგოსავით ავმჩატდი, მაგრამ ჩემს გულსა და გონებაზე კონტროლი დავკარგე. მის შესახებ ვიცოდი, რომ ჰყავდა ცოლი, რომელსაც გაშორებული იყო და ჰყავდათ საერთო შვილები. მათზე თვიდანვე მომიყვა, არაფერი დაფარული არ გვქონია ურთიერთობაში. ყველაფერი იდიალურად აეწყო. ასე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, მალევე თვითნ შემომთავაზა, რომ ჩემს ოჯახის წევრებთან შეხვედრა მოგვეწყო. უნდოდა ჩემი შვილისა და მშობლების გაცნობა. ეს ყველაფერი ისე მიხაროდა თვი პატარა გოგო მეგონა, პირველად რომ შეუყვარდება და თავში პეპლები უფარფატებს. ყველაფერი იდიალურად აეწყო. მალევე გადავედით ერთად საცხოვრებლად. გავიცანი მისი შვილები, მან ჩემი. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ერთმანეთის გარეშე უკვე ნაბიჯსაც კი აღარ ვდგამდით, სამსახურშიც თავისთავად ერთად ვიყავით. დავგემეთ შვებულება, ერთად ვაპირებდით დასვენებას, თუმცა ცოტახნით ადრე მითხრა, რომ სამსახურიდან მივლინებაში უნდა წასულიყო და მარტო რომ არ დავრჩენილიყავი გოგოებთან ერთად დამეგეგმა დასვენება. ძალიან მეწყინა, რა თქმა უნდა, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად წასვლა მერჩივნა, მაგრამ რადგან თავს ზემოთ ძალა არ იყო, დავთანხმდი. გამიფუჭდა ხასიათი, მაგრამ არ შევიმჩნიე, არ მიყვარს სცენები და ოჯახური დრამები, რაც გამოვიარე ადრეულ ასაკში, ისიც საკმარისი იყო ჩემთვის. გამგზავრებამდე გადაკვრით მითხრა, რომ შეიძლებოდა ბავშვებიც თან წაეყვანა, რატომღაც ძალიან მომხვდა გულზე და არ მესიამოვნა, მაგრამ თავი შევიკავე. მამაა, დიდ დროს ვერ ატარებს ბავშვებთან ერთად, მათ შორის რა უფლებით უნდა ჩავდგე-თქო, ჩემს თვს შემოვუძახე, ანალოგიურ სიტუაციაში შესაძლოა მე სხვაგვარად მოვქცეულიყავი, მგრამ მაინც არაფერი ვაგრძნობინე. თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, გაემგზავრა ჩემი მეორე ნახევარი თავის შვილებთან ერთად, გაცილება არ მიყვარსო და აეროპორტში გაყოლაც ტექნიკურად გადამაფიქრებინა. ჩასვლის შემდეგ რაღაც მშრალად მეკონტაქტებოდა: „ჩავედით მოვწეყვეთ“. ხანდახან იკარგებოდა ხოლმე საათობით და შემდეგ გვიან მიბრუნებდა პასუხს, მაგრამ ამაზეც, რა თქმა უნდა, თვალი დავხუჭე. შინაგანი ხმა არ მაძლევდა მოსვენებას და ეჭვის ჭია მღრნიდა. თავად სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის. ამიტომ მისი ყოფილის გვერდის დათვალიერება გადავწყვიტე. ქალები, ხომ იცით, ასეთ დროს ყოველთვის ვგრძნობთ სიტუაციას... გადავედი და თვალთ დამიბნელდა. არანაირი მივლინება და საქმიანი ვიზიტი! ოჯახური ფოტოებით აჭრელებული იყო მისი ყოფილის პროფილი...ბედნიერი დღეების ამსახველი ფოტოები - დედა, მამა და შვილები. ჩემს იმწუთიერ ყოფას ვერ აგიღწერთ, სრული ისტერიკა დამემართა. არავისთან გამოჩენა აღარ მინდოდა, ჩემს ასაკში რქების დადგმას უკვე ძალია მტკივნეულად აღვიქვამ. ამხელა ქალი ისევ გამასულელეს. მრცხვენოდა ჩემს თანამშრომლებთან და მეგობრებთან გამოჩენაც. მიუხედავად ჩემი თავისუფლებისა და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებისა, აღმოჩნდა, რომ მაინც ძალიან მადარდებს „რას იტყვის ხალხი“. ცოტა რომ დავწყნარდი, დავურეკე, მითხრა, რომ ასახსნელი არაფერია და უნდა ვენდო, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, მათი შვილების გამო მოუწევთ ხოლმე მსგავსი „მოგზაურობები“ და მე ამას უნდა შევეგუო, რომ ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა და სცენების მოწყობ არაა საჭირო. თურმე იმიტომ არ მითხრა სიმართლე, რომ წინასწარ იცოდა ამაზე ჩემი რეაქცია. თუ აქამდე მეგონა, რომ ძლიერი ვიყავი და დამოუკიდებლად შემეძლო მემართა ჩემი ცხოვრება, ახლა ყველაფერი ყირაზე დამიდგა. მის გარეშე მგონია, რომ არაფერს აზრი არ ექნება, არადა ამ დიდ ტყუილსაც ვერაფრით ვერ დავივიწყებ. შეეძლო ეთქვა და არ მოვეტყუებინე, ყველაფერს სხვაგვარად იქნებოდა. მთელი ტრაგედია ისაა, რომ ძალიან მიყვარს და დამოკიდებული გავხდი მასზე. ვიცი, რომ პატიება და ნდობის აღდგენა ძალიან გამიჭირდება. არც ის მინდა, სასაცილოდ გამოვჩნდე, პატარა გოგო ხომ აღარ ვარ, შეყვარებულობანას თამაში ისევ წამოვიყო. მირჩიეთ როგორ მოვიქცე, ასე მგონია, ჩემს გარშემო სამყარო ჩამოიშალა.“ ანანო, 40 წლის