ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი აღნიშნავს, რომ მათ ირგვლივ თითქმის ყველას სხვადასხვა რესპირაციული ინფექცია აქვს, აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი თუ სხვა სიმპტომები. ზოგიერთი ფიქრობს, ხომ არ ცირკულირებს ქვეყანაში კორონავირუსის რაიმე ახალი შტამი, რაც შემთხვევების ასეთ ზრდას იწვევს. შეკითხვებით ინფექციონისტ
ალექსანდრე გოგინავას მივმართეთ:
"წელს რესპირაციული ინფექციების მატება თბილ პერიოდში, ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისშიც აღინიშნა, რაც მოსალოდნელიც იყო. წინა ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვის პირობებში გვიწევდა ცხოვრება, სხვადასხვა რეკომენდაციას ვიცავდით და ეს როგორც კორონავირუსის, ასევე სხვა რესპირაციული ინფექციების პრევენციას წარმოადგენდა. რეგულაციები უკვე მოიხსნა და რესპირაციული ინფექციების მატება ბუნებრივი მოვლენაა. ვიცით, რომ მათ მსგავსი სიმპტომები ხასიათებთ. ეს შეიძლება იყოს ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურული რეაქცია და სხვა. ასეთივე სიმპტომები აქვს კორონავირუსსაც. ამიტომაც, კლინიკური ნიშნებით დიფერენცირება, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე, ძალიან რთულია. ახლა ქვეყანაში ფიქსირდება როგორც კორონავირუსის შემთხვევები, თუმცა არა ახალი ან რაღაც განსხვავებული, არამედ ომიკრონის სხვადასხვა შტამი და ასევე სხვა რესპირაციული ინფექციები. ნოემბრის მეორე ნახევრიდან, დეკემბერში გრიპის შემთხვევების ზრდაცაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ პრევენციულ ღონისძიებებს მივმართოთ. პრევენციაში გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოიაზრება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი რისკ ჯგუფებშია. ასევე, გამოვიყენოთ პირბადე, როდესაც სიმპტომები გვაქვს და ხალხმრავალ შეკრებებს თავს ვერ ვარიდებთ. მშობლებს განსაკუთრებით მინდა მივმართო - თუ ბავშვს რესპირაციული ინფექციის სიმპტომები აქვს, აღენიშნება ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, ტემპერატურული რეაქცია, ნუ გაუშვებთ სკოლასა და ბაღში. რადგანაც, ისინი შესაძლოა, ვირუსის გამავრცელებლები გახდნენ. შემოდგომის მეორე ნახევრიდან, ზამთარში გრიპის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია. ასევე, არ არის გამორიცხული, თავად კოვიდის შემთხვევებმაც მოიმატოს. თუმცა, ჯერჯერობით რაიმე ახალ შტამზე საუბარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცირკულირებს, არ არის." - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.
მისივე განმარტებით, გაზრდილი მაჩვენებელი შესაძლოა, ადამიანების იმუნური სისტემის დაქვეითებასაც უკავშირდებოდეს:
"ზოგადად, ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ, იმუნიტეტი ყალიბდება. ვიცით, რომ 2-3 წლის განმავლობაში მოსახლეობის დიდ ნაწილს სხვა რესპირაციული ინფექცია, პრაქტიკულად, არ გადაუტანია, რადგანაც არსებობდა რეგულაციები, ძირითადად კორონავირუსი ცირკულირებდა და ასე შემდეგ. შესაბამისად, სხვა ვირუსების საწინააღმდეგო იმუნიტეტი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში არ არის. აქედან გამომდინარე, რისკი, რომ ჩვენი პოპულაციის მიმღებლობა აღნიშნული ვირუსების მიმართ უფრო მაღალია. ესეცაა ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამოც ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში რესპირაციული ინფექციების ბევრი შემთხვევა გვქონდა. ასევე, მოსალოდნელია, რომ ზამთარში გრიპის უფრო მეტი შემთხვევა გვექნება." - ამბობს ინფექციონისტი.
ალექსანდრე გოგინავა პაციენტთა კლინიკაში მიმართვიანობასაც აჯამებს:
"მომართვიანობა როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონალურ სექტორში გაზრდილია, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ახლა რაიმე ტიპის საფრთხეს არ ქმნის, რადგან პაციენტები ადეკვატურ მომსახურებას იღებენ. სამომავლოდ, როგორც აღვნიშნე, შესაძლოა, მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რაც გრიპის ვირუსის გააქტიურებასთან იქნება დაკავშირებული." - ამბობს ის.
იქედან გამომდინარე, რომ სკოლებსა და ბაღებში ძალიან ბევრი ბავშვი ვირუსის გამო ვერ დადის და ზოგიერთი სკოლის ცნობით, ფაქტობრივად, კლასში 2-3 მოსწავლეა, ინფექციონისტს ვკითხეთ, ხომ არ იქნება ასეთ შემთხვევაში კლასები ონლაინ სწავლაზე გადავიდნენ:
"ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპის გაზრდილი შემთხვევები წინა წლებშიც იყო და ონლაინ სწავლებას არ საჭიროებდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ონლაინ სწავლების არჩევა არ გვჭრდება. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ და ხელი შევუწყოთ იმას, რომ დაავადება არ გავრცელდეს. როგორც აღვნიშნე, თუ ბავშვს სიმპტომები აქვს, ნუ გაუშვებთ სკოლასა და ბაღში. მიდგომა უნდა შეიცვალოს. თუ გავაკონტროლებთ და სიმპტომებიან ბავშვებს საჯარო შეკრების ადგილებში არ გავუშვებთ, ეს ეპიდსიტუაციის დასტაბილურებას ხელს შეუწყობს და სკოლებშიც სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება." - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

დავუკავშირდით ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს
მაია ჩხაიძესაც და ვკითხეთ, როგორია მათთან მიმართვიანობის სტატისტიკა:
"დღეში, საშუალოდ, გადაუდებელი დახმარების ცენტრს 50-55 პაციენტი მიმართავს. რეანიმაციაში გრიპისა და გრიპის მაგვარი სიმპტომებით პაციენტები არ გვყავს. უკვე გართულებული შემთხვევების დროს ვათავსებთ, როგორებიცაა სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია და სხვადასხვა ნოზოლიგია. მომართვიანობა გაზრდილია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, განსაკუთრებით 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში. კიდევ უფრო მეტია წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში, რომლებსაც ბრონქიოლიტის დიაგნოზი აქვთ. მას შემდეგ, რაც სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა, მომართვიანობაც გაიზარდა. ახალი და განსაკუთრებული არაფერია, სეზონური ვირუსები, რომლებიც ადრე ცირკულირებდა, ახლაც იგივეა. მაგალითად: რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ადენოვირუსი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსიც უკვე გამოჩნდება. რასაკვირველია, კორონვირუსული ინფექცია ისევ არსებობს. ყველა რესპირატორულ ინფექციას ერთნაირი სიმპტომები აქვს, ამიტომაც გარჩევა, ტესტის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა, ეს არ ქმნის იმის წინაპირობას, რომ სკოლები ონლაინსწავლებაზე გადავიდნენ. გრიპის სეზონი იწყება, ყველას შეუძლია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ჩაიტარონ. 6 თვის ასაკიდანაა აცრა შესაძლებელი და პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ონლაინ სწავლება გამოსავალი ნამდვილად არ არის." - ამბობს მაია ჩხაიძე.
თამარ იაკობაშვილი