ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი
შალვა ამონაშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისა და მასწავლებლებისადმი
მიმართვას აქვეყნებს, სადაც აღზრდის მნიშვნელობასა და ამ პროცესში მასწავლებლებისა და მშობლების როლზე საუბრობს:
- ბავშვი სულ კონტროლშია. რომელი სული გაუძლებს მუდმივ კონტროლში ცხოვრებას? თქვენ შეგიძლიათ, მუდმივ კონტროლში იყოთ?! რა ქნას ბავშვმა, როცა მოთმინება, ნებისყოფა, ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, როგორ მოითმონოს ყველაფერი? მთელი ეს კონტროლი მის ბუნებას აჯანყებს. ჩვენ კიდევ მას ვაბრალით და ვამბობთ: "შეხედე, როგორი მოუთმენელია? როგორი დაუჯერებელია? როგორ არ უნდა, რომ ჩვენს ნებას დაემორჩილოს?" ამავე დროს, ჩვენი უხეში მეთოდებით თავად გამოვიწვიეთ მსგავსი ქცევა. სწავლების პროცესი მონოლოგიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე განუწყვეტლივ დგას და ბავშვს რაღაცას უხსნის. მართალია, გამოიძახებს ხოლმე, გაკვეთილსაც გამოიკითხავს, მაგრამ თუ რაიმე ცოდნა უნდა გადასცეს, ამ ცოდნას ახსნით გადასცემს. ახსნას კი მოსმენა სჭირდება. მასწავლებელი ხშირად ამბობს ფრაზას "ყურადღებით მომისმინეთ", ხოლო, თუ ვინმე არ უსმენს, სხვაგან იყურება, გაუწყრება, ეტყვის: "რაზე ფიქრობ, როგორ არ გრცხვენია?" და სხვა ამგვარი. მაშ, ეს მასწავლებლის გაუთავებელი მონოლოგია. დიალოგია, როცა ბავშვებისაგან მეც ვიგებ რაღაც ახალს და ისინიც. არ იფიქროთ, რომ თუ გაკვეთილზე 20 შეკითხვას დასვამთ და ბავშვებიც გიპასუხებენ, ამით დიალოგი გამართეთ. ეს გამოკითხვა, კონტროლია. გამოვთვალე, რამდენ დავალებასა და კითხვას აძლევს მასწავლებელი დაწყებით კლასებში მოსწავლეებს. იცით რა გამოვიდა? თითოეულ გაკვეთილზე, ჩვეულებრივი, შტამპური გაკვეთილების პირობებში, დაახლოებით, 30-40 კითხვასა და დავალებას აძლევს. სულ ეკითხება, დგას და ამბობს "აბა, ვინ მეტყვის? კიდევ ვინ იცის?" წინასწარ იცის, რა პასუხებიც უნდა მიიღოს. ახალს კი არ დაეძებს. როგორი ბავშვები გამოგვივა? რომლებსაც თავში ცოდნას ვუდებთ, მერე თავის ქალას ავუხსნით, ჩავხედავთ და შევამოწმებთ, ეს ცოდნა აწყვია თუ არა შიგნით. თუ არ აწყვია ვბრაზობთ, თუ აწყვია, გვიხარია. მაგრამ, რადგანაც ბავშვში იმაზე ნაკლები ცოდნაა, ვიდრე მივეცით, ამიტომ სულ გაბრაზებულები ვართ მათზე. ვეუბნებით: "სად გქონდა ყურები? რას ისმენდი?" და ასე შემდეგ.
საშუალო სკოლაში მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვის აღზრდაზე ხელი დაიბანეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღზრდისკენ არ მოუწოდებენ - მოუწოდებენ, კიდეც ეუბნებიან, როგორები უნდა იყვნენ, როგორ უნდა მოიქცნენ და ასე შემდეგ. მაგრამ, სწავლებით აღზრდა უნდა შეცვალონ. სწავლება ცოდნას გვაძლევს, აღზრდა ჩვევასა და უნარს, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებებს, გემოვნებებს გვიყალიბებს. ამრიგად, სწავლების წესით აღზრდა არ მიიღება. აღზრდა აღზრდის წესით მიიღება. ამიტომ, ხელი დავიბანეთ აღზრდაზე და ამ აღზრდის შესახებ ცოდნას ვაძლევთ. ერთმა დიდმა მეცნიერმა თქვა: "თუ თანამედროვე ბავშვს თანამედროვე ცოდნას აძლევ და არ აძლევ აღზრდას, ეს იგივეა, რომ მას ხელში ხანჯალი ან ხმალი ჩაუდო." თუ ბავშვს თანამედროვე ქიმიისა და ფიზიკის ცოდნა აქვს და არ აქვს აღზრდა, პასუხისმგებლობის გრძნობა, ადამიანთა სიყვარული, ადგება და ცუდ რამეს ჩაიდენს. ამერიკაში ერთმა ბავშვმა წყალსაცავი მოწამლა და სახლებში ხალხი დაიხოცა იმიტომ, რომ ონკანიდან მოწამლული წყალი წამოუვიდათ. რატომ გააკეთა ეს? - იმიტომ, რომ ბავშვს ცოდნა ჰქონდა, მაგრამ აღზრდა არა. მასწავლებელმა კარგი ცოდნა მისცა, მაგრამ არც კი დაფიქრებულა, ეთქვა, რომ ეს ცოდნა საზიანოდ არ გამოეყენებინა. როცა მასწავლებელი ავტორიტარია და ბავშვი არ ემორჩილება, გაბრაზებული, მუქარიანი თვალებით შეხედავს. თუ კეთილად გაუღიმებ, ეს აღზრდის ღიმილია. თუ დაცინვით გაუღიმებ, ეს დაშლის ღიმილი იქნება. თქვენ თვითონ როგორ იქცევით, ჩემო ძვირფასებო, პირველი კლასიდან დაწყებული უფროს კლასამდე? ღიმილით შედიხართ კლასში თუ გაბრაზებული სახით? შეგიძლიათ, დაინდოთ ბავშვი, რომელმაც საშინაო დავალება არ მოიტანა, ან ვერ გაიგო? დაინდობთ, თუ დასჯით? ერთმა მშობელმა მითხრა, როგორ ეუბნება მასწავლებელი მთელ კლასს, რომ მათგან ადამიანები არ გამოვა. მართალი გითხრათ, მე ამ მასწავლებელს კლასიდან გამოვიყვანდი და ვეტყოდი: "წადი, ან კურსები გაიარე, ან შენი თავი აღზარდე, რომ შენ თვითონ გახდე ადამიანი და ეგ სიტყვები არ წამოგცდეს." როგორ უნდა ამოგივიდეს პირიდან, რომელიმე ბავშვს უთხრა, რომ მისგან ადამიანი არ გამოვა?!