2003 წელს სასამართლომ ავსტრალიელი ქალი კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო, სხვადასხვა დროს, თავისი ოთხი შვილის მკვლელობაში. მსხვერპლთაგან ყველაზე უფროსი ორი წლისაც არ იყო.
ფოლბიგს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ახლახან ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და სასჯელი გადაიხედოს.
Ambebi.ge აღნიშნულ თემაზე სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიას გაგაცნობთ.
1999 წლის მარტის თბილ დღეს, ლანჩის დროს, კეტლინ ფოლბიგი ოთახში გავიდა, რათა 18 თვის მძინარე ქალიშვილისთვის, ლორასთვის დაეხედა. ბავშვი ფერმკრთალი იყო და არ რეაგირებდა. ფოლბიგი ამ დროს სინგლტონში, ავსტრალიაში საკუთარ სახლში მარტო იყო. ქალმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ამავე დროს ის ცდილობდა ბავშვისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენას. ”ჩემი ბავშვი არ სუნთქავს”, - ეუბნებოდა სასწრაფოს ოპერატორს და ევედრებოდა, რომ ეჩქარათ.
ოპერატორთან საუბრისას ფოლბიგმა თქვა, რომ ამ შემთხვევამდე სამი შვილი უკვე გარდაიცვალა ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომით (SIDS). ეს ტერმინი გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების მიზეზის აღსანიშნად, როდესაც ექიმები ვერ ადგენენ სიკვდილის მიზეზს. ყველაზე ხშირად SIDS-ის სინდრომით ერთ წლამდე ასაკის ბავშვები იღუპებიან. მაგალითად, შეერთებულ შტატებში, SIDS-ი ერთი თვიდან ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მთავარი მიზეზია.
როდესაც სასწრაფო მივიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილის სხეულზე დაზიანებები ვერ აღმოაჩინეს, გაკვეთისას ბავშვის სხეულში არ აღმოჩნდა უცხო ნივთიერებების კვალი. მოხსენებაში ექიმმა აღნიშნა, რომ ბავშვს გულში ანთებითი პროცესის ნიშნები ჰქონდა, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო ვირუსით, თუმცა გოგონას სიკვდილის მიზეზი ეს არ ყოფილა.
მედიცინის ექსპერტის თქმით, არასწორი იყო SIDS-ით ერთ ოჯახში ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების ახსნა. მან არ გამორიცხა, რომ ბავშვები მკვლელობის მსხვერპლნი გახდნენ.
ამ ამბიდან ოთხი წლის შემდეგ, სასამართლომ კეტლინ ფოლბიგი დამნაშავედ ცნო ოთხი შვილის - კალების, პატრიკის, სარას და ლორას მკვლელობაში. არც ერთ შემთხვევაში გამომძიებლებს არ აღმოუჩენიათ ძალადობის ნიშნები. პროკურორმა აღნიშნა, რომ "ბავშვები გარე ჩარევის გარეშე ვერ დაიღუპებოდნენ."
ჩვილ ბავშვთა მკვლელობის საქმემ ფოლბიგი გადააქცია ავსტრალიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელ ქალად.
თუმცა 2018 წელს მეცნიერთა ჯგუფმა დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება და აღმოჩნდა, რომ სიკვდილის ოთხი შემთხვევიდან მინიმუმ ორი შეიძლებოდა დაკავშირებული ყოფილიყო მუტაციასთან, რომლის მატარებელი, როგორც გაირკვა, თავად ფოლბიგი და მისი ორი ქალიშველი იყვნენ, თუმცა ვაჟებში ის არ აღმოჩნდა.
ნოემბერში მკვლევრები კომისიას წარუდგენენ ახალ არგუმენტებს, რომელთა საფუძველზეც ფოლბიგი შეიძლება გაათავისუფლონ თითქმის 20-წლიანი პატიმრობიდან.
2021 წლის მარტში 90-ზე მეტმა მეცნიერმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც მოითხოვდა ქალის უდანაშაულოდ ცნობას ახლად აღმოჩენილი ფაქტების საფუძველზე. სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერის, ჯეისონ ჩინის თქმით, ფოლბიგის საქმემ შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ურთიერთობა მეცნიერებასა და სასამართლო სისტემას შორის.
რატომ ვერ დაარწმუნა SIDS-მა, როგორც სიკვდილის მიზეზმა ექიმები ან მსაჯულები? - ფოლბიგის ოთხი ბავშვი 10 წლის განმავლობაში გარდაიცვალა. პირველი ვაჟი სიკვდილის დროს მხოლოდ 19 დღის იყო, პატრიკი და სარა რვა და 10 თვის. ლორას გარდაცვალებიდან მალევე, ბავშვების დედა გახდა მთავარი ეჭვმიტანილი და მოგვიანებით დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.
2000-იანი წლების დასაწყისში SIDS-ი, ხშირ შემთხვევაში, გარდაცვალების არადამაჯერებელ მიზეზად მიიჩნეოდა. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას ერთ ოჯახში რამდენიმე ბავშვის გარდაცვალებას უკავშირებდნენ. ამ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო ბრიტანელი პედიატრის როი მედოუს კვლევამ, რომელმაც შეისწავლა ბავშვზე ძალადობის შემთხვევები და თქვა: "ერთი ბავშვის სიკვდილი ტრაგედიაა, ორი ეჭვის მიზეზი, სამის მკვლელობა, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება“.
ფოლბიგის სასამართლო პროცესზე, ზოგიერთმა ექსპერტმა დაივიწყა უდანაშაულობის პრეზუმფცია, ისინი ამბობდნენ, რომ SIDS-ის ოთხი შემთხვევა ერთ ოჯახში, დაუჯერებელი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ირიბი მტკიცებულება ფოლბიგის დანაშაულზე მიუთითებდა. პროკურორმა წარმოადგინა ქალის დღიური, სადაც იგი სინანულით წერდა საკუთარი დედობრივი ნაკლოვანებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კეტლინს პირდაპირ არასოდეს უთქვამს თავის ჩანაწერებში, რომ მან ჩაიდინა მინიმუმ ერთი მკვლელობა.
განაგრძეთ კითხვა