რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მსჯავრდებული მასწავლებლის ადვოკატი, ჯაბა კოჭლამაზაშვილი აცხადებს, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა.
ადვოკატის განმარტებით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, ვინაიდან მას მე-6 კლასელმა შვილმა უთხრა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“.
თავად მსჯავრდებული სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ წაყენებული ბრალით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და საკუთარი განცხადების საფუძველზე სკოლა დატოვა.
„მოვიდა მშობელი პრეტენზიით, ბავშვი ტირისო, სკოლაში წამოსვლა არ უნდაო. გავგიჟდი, დამრიგებელიც იქ იყო და სასწავლო ნაწილიც. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობთ, რას მაბრალებთ, ამ ხნის კაცი ვარ, 51 წლის კაცი ვარ, ამდენი ბავშვი გავზარდე, ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მომხდარა-მეთქი. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, მე იქ ელემენტარულად აღარ დამედგომებოდა. წავალ, „გრუშჩიკად“ ვიმუშავებ, სკოლაში მე ვეღარ გავჩერდები-მეთქი, სკოლის დირექტორს ვუთხარი“, - აცხადებს მასწავლებელი ჩვენებაში.
ქართლოს სამარგულიანი დანაშაულს არ აღიარებს.
„რანაირად ვთქვა? მქონდეს დანაშაული, პრობლემა არ არის. გინდა ხატზე დავიფიცებ, თუ გინდა, სიცრუის დეტექტორზე შემამოწმეთ, რაც გინდათ, ის მიქენით, მაგრამ თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, - აცხადებს სამარგულიანი.
თავის მხრივ, ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაა.
განაგრძეთ კითხვა