ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოება შეძრულია ერთმანეთის მიყოლებით გავრცელებული ამბებით. მხოლოდ გუშინ, ერთდროულად რამდენიმე ფაქტი გახმაურდა მოზარდ გოგონებზე ძალადობის, ოჯახის წევრების, ნათესავების თუ "ახლობლების" მხრიდან, და დღის ბოლოს 12 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა.... მართლაც ძნელი გასააზრებელია ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მწვავედ დგება საკითხი, რომ ბავშვებს და მშობლებს არ აქვთ სათანადო ცოდნა და უნარები, რაც შემთხვევების რაღაც ნაწილს მაინც აგვაცილებდა თავიდან. მომხდარ ფაქტს და ზოგადად შექმნილ მდგომარეობას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში, მათ შორის იყვნენ ფსიქოლოგები, მწერლები, ჟურნალისტები... ჩვენ მხოლოდ რამდენიმე გამოხმაურებას შემოგთავაზებთ:სალომე ბენიძე:"12 წლის მოზარდი 16 წლის მოზარდისგანაა ორსულად - თუ მკითხავთ, როგორ გამოიყურება ტრაგედია, გეტყვით, რომ სწორედ ასე.მოზარდები უნდა ფლობდნენ ასაკზე მორგებულ, სანდო ინფორმაციას საკუთარი ორგანიზმის, ჯანმრთელობის, ცვლილებების, სექსუალობის - დიახ, ამ სიტყვაში არაფერია საშიში და უცნაური - შესახებ. ეს მათ ძალადობისგანაც იცავს და გაუაზრებელი ქმედებებისგანაც. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ის საზოგადოება ვართ, რომელიც სრულიად გაურკვეველი არგუმენტებით ამართლებს სექსუალურ დანაშაულს და ურჩევნია, ზნეობის სახელით გამოვიდეს ყველაზე დიდი უზნეობების დასაცავად.კატარი და ყატარი კი არა, რეალურ პრობლემებზე და გამოწვევებზე ვკონცენტრირდეთ, თორემ მართლა აღარ ვიკითხებით".მაია ცირამუა:"კვლევები აჩვენებს, რომ უმეტესობა იმ მამაკაცებს შორის, ვინც ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, ადრე თვითონ იყო ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომაა მნიშვნელოვანი პრევენციაზე ზრუნვა. შემთხვევების დროული გამოვლენა. ბავშვის მოსმენა. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა, სადაც ყველა პროფესიონალმა იცის ამ ტიპის დანაშაულის სპეციფიკა და რაც მთავარია, უმნიშვნელოვანესია სარეაბილიტაციო სერვისები. პრევენციისათვის საუკეთესო გზა სექსუალური განათლებაა. ბავშვთან ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს საუბარი და მუშაობა პირადი სივრცის დაცვის გზებზე და რაც ყველაზე მთავარია, მშობლებსა და ბავშვებს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს გახსნილი, რომ ბავშვმა შეძლოს ნებისმიერ “მარცხზე”, ცუდ გამოცდილებაზე მშობელთან ინფორმაციის მიტანა.14 წლის ბავშვი, თავის თავში ძალას რომ იპოვის და მამას გაუმხელს განცდილ ტრავმაზე და მერე ის ბავშვს უმოწყალოდ სცემს, ეს უკვე ძალიან სიმპტომურია, კატასტროფაა. იმედი მაქვს ეს მშობელი პასუხს აგებს კანონის წინაშე".ნინო არაზაშვილი:"12 წლის მოზარდი ბავშვს რომ გააჩენს, ყველამ უნდა გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი განათლება დაინერგოს სკოლებში. მოზარდების წინაშე დანაშაულს ჩადის ყველა, ვინც ამ პროცესს აფერხებს.ჩემს გადაცემაში თვე არ გადის სექსუალური განათლების შესახებ გადაცემა 1-2ჯერ მაინც რომ არ მოვამზადო. მაგრამ ეს არაა საკმარისი. ამიტომ რამდენიმე დღეა ვცდილობ მოვიზიდო მხარდაჭერა, რომ ყოველკვირეული რუბრიკა ჩავუშვა და დავარქვა თავის სახელი - "სექსუალური განათლება".თუ განათლების სამინისტრო სხვადასხვა ასაკზე მორგებული ცოდნის გაზიარებას ამუხრუჭებს, მით უფრო უნდა ავიღო ეს პასუხისმგებელობა, როგორც მედიის წარმომადგენელმა. ჩემი საავტორო გადაცემა სწორედ ის პლათფორმაა, სწორედ ის სივრცეა, სადაც ამ თემებზე რეგულარულად უნდა ვსაუბრობდეთ მოზარდებისთვის (და მათი მშობლებისთვისაც) ცნობიერების ამაღლების კუთხით.რომ მოზარდები უკეთ იცნობდნენ თავის სხეულს, ასაკობრივ მახასიათებლებს და გააზრებულად მოქმედებდნენ.რა დააშავეს ამ 12 და 16 წლის მოზარდებმა, რომლებსაც არავინ ასწავლა, რის წინაშე აღმოჩნდებოდა ერთიც და მეორეც?ასეთი წამყრუებელი ერი, ჩვენ რომ ვართ, მეორე არ არსებობს. არ გვინდა სექსუალური განათლება რაც მთავარია და 12 წლის ბავშვები რომ ორსულდებიან და აჩენენ, ეს ეტყობა კარგია, არ ვიცი. მთავარია სექსუალური განათლება არ ახსენო".თამთა ჯანაძე:"14 წლის გოგომ მამას უთხრა, რომ გააუპატიურეს და რა ქნა მამამ? ადგა და ისე სცემა, ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. ჯერ რამხელა ტანჯვად დაუჯდებოდა მამასთან მისვლა და ამის თქმა და მაინც გაბედა, მივიდა ადამიანთან, ვინც ყველაზე დიდ მცველად ეგულებოდა, ამ კაცის მსგავსმა კიდევ საკუთარი თავი კი არ დაადანაშაულა, რომ შვილი ვერ დაიცვა, ან მოძალადესთან კი არ გავარდა სამაგიეროს გადასახდელად, რაც ყველა ნორმალური მშობლის ინსტინქტი იქნებოდა, ადგა და ბავშვი სცემა. ხო, კიდევ ვიღაც სულჩამპალი დეიდები ფბ-ზე ენას ილესავენ და ბავშვს ადანაშაულებენ, მათი აზრით, 14 წლის გოგო სულ იმაზე ოცნებობს, რომ ვიღაც შუახნის პედოფილმა გააუპატიუროს. ამის მერე გვიკვირს, რატომ ვერ იღებენ ხმას ძალადობის მსხვერპლები. იქეთ 8 წლის გოგო გახდა ბიძისგან ძალადობის მსხვერპლი და აქაც მამა როგორ იქცევა? - ოჯახის არარსებულ ღირსებას იცავს, ძმას ესარჩლება და დედას ტყუილში ადანაშაულებს. სახლი უნდოდა თურმე და ამიტომ მოიგონა ეგ ამბავი. არადა ბავშვი სისხლდენით კლინიკაში იყო გადაყვანილი და ძლივს გადაარჩინეს ექიმებმაო, თვითმხილველი წერდა.ეს ამბები საკმარისი არ აღმოჩნდა დღევანდელი დღისთვის და კიდევ ერთი უბედურება - 12 წლის გოგომ 16 წლის ბიჭისგან შვილი გააჩინა. "დეიდების" ნაწილი აქაც ბავშვს ადანაშაულებს, ნაწილი ძაან "კეთილია" და 12 წლის დედას ღირსეული შვილის გაზრდას უსურვებს. ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ და ერი ერთი კვირაა ჯერ იმას არკვევდა "ყატარი" იყო სწორი ფორმა, თუ "კატარი" და ახლა იმას იძიებს ხვიჩა კვარაცხელიამ სამეგრელოში ყველა მეზობელს ჩამოართვა ხელი და მოიკითხა გულმხურვალედ, თუ უკვე "აუვარდა თავში". ვაი, მართლა ჩვენს პატრონს!"ლელა ზურებიანი:"იცით, სინამდვილეში რა არის სქესობრივი განათლება და რის სწავლებას გულისხმობს? არა, სექსის სწავლებას არ ნიშნავს! სინამდვილეში იმ სახელმძღვანელოებში, რაც მე პირდად წამიკითხავს და იმ გაკვეთილებზე, რომლებიც ვერა და ვერ შეიტანეს სკოლებამდე, ასწავლიან:1. რა არის გარდატეხის ასაკი, რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში, რა ცვლილებებია სხეულზე და რა ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს თან. როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას მოზარდი.2. რას ნიშნავს ძალადობა, რა არის ცუდი შეხება და როდის და როგორ უნდა ატეხო განგაში. როგორ უნდა მოიქცე, თუ გრძნობ, რომ ვიღაც ცუდად გეხება, ცუდად გეპყრობა, როგორ უნდა დაიცვა თავი, ვის უნდა უთხრა, როგორ უნდა აიცილო თავიდან სექსუალური და სხვა ტიპის ძალადობა. 3. რას ნიშნავს ნარკოტიკები, მარიხუანა და რა ზიანი მოაქვს მათ.4. რას ნიშნავს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ორსულობა, ნაადრევი აბორტი, ნაადრევი ქორწინება და როგორ უნდა დაიცვა თავი ამ ყველაფრისგან...5. როგორ უნდა დაიცვა თავი ჩაგვრისგან, ბულინგისგან, კიბერბულინგისგან.....და კიდევ ბევრ მსგავს, ამ დროისთვის, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ და საჭირო რამეებს. არა? არ ვასწავლოთ ისევ? კაი... ვიყოთ ასე და ვუყუროთ, როგორ ძალადობენ ფარულად გოგონებზე თუ ბიჭებზე ოჯახის წევრები, "ახლობლები" თუ უცხო ადამიანები, როგორ ვერ ამბობენ და ვერ იცავენ თავს (და სხვათა შორის, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია სწორედ იმ "ლაღ" და "ბედნიერ" კომუნისტურ თაობაში, რომელსაც თითქოს ყველაფერი ჰქონდა, ყველაფერი იცოდა და რომელიც ახლა სულ უკიჟინებს ახალ თაობას, რომ ასე თუ ისე მოქცევა არ შეიძლება), როგორ ნადგურდება და სრულიად იცვლება მათი ცხოვრება, მათი მომავალი, როგორ მომრავლდნენ პედოფილები და როგორ აჩენს ბავშვს 12 წლის გოგონა!"