შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში, ტესტირებით შეფასდება. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისივე თქმით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი. მშობლებს გაუჩნდათ შეკითხვა, მოცემული ტესტირება მოახდენს თუ არა გავლენას მოსწავლის წლიურ ან სემესტრულ ნიშანზე. ინფორმაციის გადასამოწმებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით. "ეს არის სადიაგნოსტიკო ტესტირება, რომელიც გავლენას აბსოლუტურად არ ახდენს სასკოლო ნიშნებსა და შეფასებებზე. ტესტირება ტარდება იმის გამო, რომ მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, რა ნაწილში აქვს კიდევ უფრო მეტი სამუშაო და რა უნდა გამოასწორონ. ბავშვის შედეგი მხოლოდ დამრიგებელსა და მშობელს ეცოდინება. სამინისტროს კი ეცნობება, ზოგადად, სკოლა სწავლების რა დონეზეა, რომ შემდგომში რაღაცები გაუმჯობესდეს. პროექტი ახლა ინერგება და დეტალურ ინფორმაციას სხვადასხვა სკოლაში განხორციელებასთან დაკავშირებით, გავავრცელებთ." - განგვიცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული ინფორმაციის თანახმად, დახურულ დავალებებს კომპიუტერი, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები გაასწორებენ.
თამარ იაკობაშვილი