უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:
"ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება. ტემპერატურა დაიკლებს. მიმდინარე დღეებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, სადაც 25 გრადუსამდე იყო. თუმცა, ახლა მკვეთრად დაიკლებს და 27 ნოემბერს დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და სანაპირო რაიონებში 9-14 გრადუსის ფარგლებში იქნება. მაღალ მთაში, სავარაუდოდ, მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში კი 10-16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. კვირას თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 14-16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 28 ნოემბრიდან გამოიდარებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და ტემპერატურა 13-18 გრადუსის ფარგლებში იქნება. ჯერჯერობით, ტემპერატურის ძალიან დაკლებასა და აციებას არ ველოდებით." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.