2020 წლის სტატისტიკით, მსოფლიოში ყველაზე მეტად სარძევე ჯირკვლის, ფილტვისა და მსხვილი ნაწლავის კიბო ფიქსირდება. საქართველოში, ქალებში ყველაზე აქტუალურია სარძევე ჯირკვლის, ფარისებრი ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, საშვილოსნოს ტანის და საშვილოსნოს ყელის კიბო, მამაკაცებში კი ფილტვის კიბო პირველ ადგილზეა, რის შემდეგაც ასევე ხშირად ფიქსირდება წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის, მსხვილი ნაწლავის და ხორხის კიბო.ცხადია, მსგავსი სტატისტიკა ძალიან მძიმე მოსასმენია 21 საუკუნეშიც კი, როდესაც ავთვისებიანი სიმსივნეები კვალავაც მედიკოსების თავსატეხად რჩება, რადგან ჯერ კიდევ არ შექმნილა უნიკალური პრეპარატი, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებებს ისევე მოერევა, როგორც თუნდაც მარტივი გრიპის ვირუსს.
მიუხედავად ამისა, უიმედობის საფუძველი არ გვაქვს, რადგან თანამედროვე მედიცინა, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის საშუალებას და მყისიერად ეფექტური მკურნალობის დაწყების საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მიღწევების შედეგად ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად იზრდება და ადამიანები რწმუნდებიან, რომ კიბოს დიაგნოზი ყოველთვის სასიკვდილო განაჩენი არ არის.საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგი უფასოა და სახელმწიფო მოქალაქეებს გადარჩენის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. მთავარია არ დაგვეზაროს, სპეციალისტების მიერ მითითებულ დროში ჩავიტაროთ კვლევა და ექიმი მხოლოდ მაშინ არ გაგვახსენდეს, როდესაც უკვე გვიანია.ონკოლოგების განმარტებით, სკრინინგი დაავადებასთან ბრძოლაში დროის მოგების შანსს იძლევა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა და გავრცელების შეზღუდვა. პროგრამის კომპონენტებია კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. ამ შემთხვევაში ყურადღებას შევაჩერებთ საშვილოსნოს ყელის სკრინინგზე, რომელიც 25- დან 60 წლამდე ასაკის ქალებში გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპ-ნაცხის აღებას და მასალის ციტოლოგიურ კვლევას (PAP–ტესტი) ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;ასევე უფასოა პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად ჩასატარებელი კოლპოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება და ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი რეკომენდირებულია 3 წელიწადში ერთხელ.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასევე შესაძლებელია რეკომენდირებულზე უფრო ადრე სკრინინგული კვლევების ჩატარება, თუ პაციენტს ისეთი პათოლოგია გამოუვლინდა, რომელიც შესაძლოა, შემდგომში ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების მიზეზი გახდეს და ექიმის გადაწყვეტილებით დინამიკაში დაკვირვებას საჭიროებს.
მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ონკოგინეკოლოგიაში დინა ქურდიანი:
– საბედნიეროდ, საქართველოში, სწორედ პრევენციული სტრატეგიის აღსრულებით, ანუ სკრინინგული პროგრამებით შესაძლებელია კიბოს შემთხვევების 50-30%-ის თავიდან აცილება. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 2008 წლიდან მუშაობს და მთელ ქვეყანას მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ჩვევად გაუჩნდეთ ჯანმრთელობის კონტროლი და მით უფრო, თუ უფასო სკრინინგის ასაკობრივ ჯგუფში შედიან, არ დაიზარონ დროული გამოკვლევები, რომ არსებობის შემთხვევაში დაავადება ადრეულ ეტაპზე დაფიქსირდეს. საწყის სტადიაზე პაციენტს გამოჯანმრთელების 100%-იანი შანსი აქვს, თუმცა დაგვიანების შემთხვევაში მკურნალობაც რთულდება და გამოჯანმრთელების შანსიც საგრძნობლად მცირდება.რა სარგებლობა მოაქვს სკრინინგს, ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ფინეთი შეიძლება ჩაითვალოს, სადაც სკრინინგი 1960-იან წლებში დამკვიდრდა და დროული კვლევის წყალობით შემცირდა ონკოდაავადებებით სიკვდილიანობა.
საქართველოში სკრინინგ-პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, მაგრამ მოსახლეობა ნაკლებად მიმართავს პრევენციული კვლევის ამ მეთოდს. არადა, საშვილოსნოს კიბო სრულად პრევენცირებადი დაავადებაა. არსებობს პირველადი და მეორადი პრევენცია. პირველადი პრევენცია პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციას, მეორადი კი, PAP- ტესტსა და სკრინინგის პროგრამას გულისხმობს.პ.ს. 2020 წლის 17 ნოემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით, ამოქმედდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის დაჩქარების გლობალური სტრატეგია, რითაც მსოფლიოს ქვეყნებმა კიბოს აღმოფხვრის ვალდებულება აიღეს. საქართველოც ამ ქვეყნებს შორის არის და იზიარებს პოზიციას, რომ ქალები არ უნდა იღუპებოდნენ საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია. ამისათვის კი მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, ან მისი გამომწვევი მიზეზების პრევენცია, პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, რომელიც იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა გოგონებისთვის 10-დან - 18 წლამდე. ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში.
P.S.S. სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: 116001 ან 1505; ან ეწვიეთ ფეისბუქზე გვერდს "კიბოს სკრინინგი - Cancer Screening"