დეკემბერში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი იქნება - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:
"დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ცალკეულ დღეებში ტემპერატურამ დეკემბრის თვეში შესაძლოა 17-20 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც თვის საშუალო ტემპერატურა კლიმატურ ნომრასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალია და ცალკეულ დღეებში შეიძლება 16 გრადუსამდე მოიმატოს. ღამის საათებში, შესაძლოა უარყოფითი ტემპერატურაც დაფიქსირდეს. დეკემბრის პირველი კვირა ცივი და ნალექიანი იქნება. ზოგადად კი, ნალექების რაოდენობა თვის განმავლობაში კლიმატურ ნორმასთან შედარებით ნაკლებია ნავარაუდევი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ.
მისივე განმარტებით, ნალექიანი და ცივი ამინდი უახლოესი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება. თბილისში მიმდინარე დღეებში ნისლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კი +6, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, ხოლო დასავლეთ საქართველოში 3 დეკემბრის ჩათვლით ძლიერი ქარი იქროლებს და 3 დეკემბერს ტემპერატურა +9, +14 გრადუსამდე იქნება.
თამარ იაკობაშვილი