პედიატრი, თსსუ პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როცა ბავშვს შეტევითი ხველა აქვს და რა საშუალებების გამოყენება შეუძლია სახლის პირობებში:
- გავრცელებული ვირუსული ინფექციისთვის შეტევითი ხველაა დამახასიათებელი. გასათვალისწინებელია ხველის ხასიათი - როგორია ის, არის მშრალი თუ სველი, ბავშვს რა სიხშირით და დღის რა მონაკვეთში ახველებს. ექიმთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლები ხშირად პედიატრს და რჩევას ეკითხებიან, რა მედიკამენტი უნდა მისცენ, თუმცა, ამის თქმა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია. აუცილებლად უნდა გავსინჯოთ ბავშვი და ვნახოთ ხველასთან ერთად, სხვა რა სიმპტომებია გამოხატული, ფილტვებს მოვუსმინოთ და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, რა მედიკამენტები გამოვიყენოთ. ზოგადად ვიტყვი, რომ 4 წლამდე ასაკის ბავშვებში ხველის საწინააღმდეგო ან ამოსახველებელი საშუალებებით არ ვართ განებივრებულები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სიროფია და რომ ვიკითხოთ, ბევრსაც შემოგვთავაზებენ, თუმცა ამერიკის პედიატრიის აკადემია გვეუბნება, რომ ხველის საწინააღმდეგო სიროფების გამოყენებას ადრეულ ასაკში, განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში მოვერიდოთ იმიტომ, რომ ამან შეიძლება, პირიქით, ხველა გააუარესოს. მშობელს ხველის საწინააღმდეგო საშუალების თვითნებურად გამოყენებას არ ვურჩევ და ექიმთან ვიზიტი საჭიროა. ის, რაც სახლში შეიძლება გავაკეთოთ, ესაა თბილი სითხეების მიწოდება. ასევე, თაფლიანი წყალი, რომელსაც თუ მტკიცებითი მედიცინის კუთხით შევხედავთ, ხველას შველის და პაციენტის მდგომარეობას ამსუბუქებს. ინჰალაციაც შეიძლება ბინაზე, პაციენტის უნახავად გამოვიყენოთ. შემდგომ უკვე, როდესაც პაციენტს ვნახავთ, იმის მიხედვით, თუ რასთან გვაქვს საქმე, შეიძლება როგორც საინჰალაციო მედიკამენტი ჩაერთოს, ასევე შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში ამოსახველებელი ან კიდევ ხველის დამთრგუნველი საშუალება გამოვიყენოთ.